fbpx
აიღებენ ქუთაისში კიკვიძის ძეგლს

როდის აიღებენ ქუთაისში წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლს?

ქუთაისის ძველ უბანში, “ზასტავაზე”, 60-იანი წლებიდან დგას ვასილ კიკვიძის ძეგლი. ის საბჭოთა რევოლუციის გმირი და წითელი არმიის მეთაური იყო. “თავისუფლების ქარტიის” მიხედვით, საქართველოში კომუნისტური სიმბოლიკა, საკულტო ნაგებობები და ძეგლები უნდა აღმოიფხვრას. თუმცა, ქუთაისის მთავრობა “დიდი ბოლშევიკის” მონუმენტს დღემდე ვერ ელევა. მოქალაქეებმა მისი დემონტაჟი არაერთხელ მოითხოვეს, მაგრამ უშედეგოდ.

შარშან ზაფხულში ქუთაისის მერმა თქვა, “მისი ადგილი აქ არ არისო” და სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად კიკვიძის ძეგლის აღებაც დააანონსა. ისიც დაამატა, განვიხილავთ ვერსიას, რომ ეროვნული მოძრაობის მონუმენტით ჩანაცვლდესო. აქედან ერთი წლის თავზე კი არაფერი შეცვლილა. წითელარმიელი და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი კიკვიძე ისევ ისე ამაყად დგას მისსავე სახელობის სკვერში.

გადავწყვიტეთ, აგვესახა, რა განწყობა აქვთ ქუთაისელებს კიკვიძის ძეგლის მიმართ, ემხრობიან მის აღებას თუ პირიქით, არანაირ დისკომფორტს უქმნით და მშვენივრად თანაცხოვრობენ. მოვუყარეთ თავი მოქალაქეების, აქტივისტების, ადგილობრივი მთავრობის, ისტორიკოსების პოზიციას და ძირითად მიგნებებს ამ სტატიაში გიყვებით.

რატომ უნდა აიღონ ვასილ კიკვიძის ძეგლი?

კიკვიძის-ძეგლი-წარწერით-ჩამომიღეთ
კიკვიძის ძეგლი წარწერით “ჩამომიღეთ.”
ფოტო გადაღებულია 2013 წლის თებერვალში

“ჩამომიღეთ” – ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლს აქტივისტებმა ეს წარწერაც მიაკრეს, მოაწყვეს საპროტესტო აქციები, მიმართეს მერიას და სუს-ს. საპასუხოდ, ესმით, რომ ძეგლის დემონტაჟი იგეგმება და მოქალაქეებიც მოლოდინის რეჟიმში არიან.

კიკვიძის მონუმენტის დემონტაჟს წლებია ითხოვს ქუთაისელი აქტივისტი აკაკი საღინაძე. 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განცხადებით მიმართა და ძეგლის აღება სთხოვა. მათგან კი პასუხი რამდენიმე თვის დაგვიანებით მიიღო. მისწერეს, რომ ამ საკითხს საბჭოზე განიხილავდნენ, მოიწვევდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსს, რომელიც კიკვიძის შესახებ ფაქტებს დადასტურებული წყაროებით მოუყვებოდათ. აკაკი საღინაძემ შეაწუხა ქუთაისის მერიაც, საიდანაც უთხრეს, კიკვიძის სკვერის რეაბილიტაციაზე ტენდერს გამოვაცხადებთ და ამ ძეგლსაც ავიღებთო.

“სუს-ის სპეციალური საბჭოა ამაზე პასუხისმგებელი, ქუთაისში წერილი რომ შევიტანე, დაიბნენ, არ იცოდნენ რა შუაში იყვნენ, მერე ჩახედეს კანონმდებლობაში და ნახეს, რომ მათი გადასაწყვეტი იყო. შემდეგ მერიის ფეისბუქ გვერდზე მოაწყვეს ვიქტორინა, ავიღოთ თუ არა ეს ძეგლი და ვისი დავდგათო… იშველიებდნენ, ხალხი წინააღმდეგიაო. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხალხმა კარგად არ იცის ამ ადამიანის ბიოგრაფია და ეს ძეგლი შეუყვარდათ იმიტომ, ეს ადგილი უყვართ-თქო… ქუთაისელი იყო ადამიანი და ამიტომ ძეგლი უნდათ გედგეს, არასწორია, თუკი ის არ იყო კარგი ადამიანი,”- გვიყვება აკაკი საღინაძე.

“თავისულების ქარტიაში” წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უნდა არსებობდეს კომისია, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად შეაგროვებს ინფორმაციას კომუნისტური, ტოტალიტარული და ან/და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკის, წარწერების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების შესახებ. შემდეგ კი მათი აღმოფხვრის მიზნით უფლებამოსილ პირს მიმართავს.

ლაშა ბერეკაშვილი ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარეა და ქუთაისში უცხოელ ტურისტებს ხშირად მასპინძლობს. ცენტრალურ უბანში წითელარმიელი კიკვიძის ძეგლი არც მას მოსწონს და ფიქრობს, რომ დემონტაჟის დაგვიანება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

კიკვიძის ძეგლთან
პიონერი მოსწავლეები ვასილ კიკვიძის ძეგლთან. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

“ეს ძეგლი საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოა, კონკრეტულად, ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის. ასე თვალსაჩინო ადგილას, უკონტექსტოდ არ უნდა იყოს დადგმული. შეურაცხჰყოფს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის იდეას, ასევე, ჩვენი მეგობარი ხალხის, უკრაინის ეროვნულ ინტერესს. ის მონაწილეობას იღებდა უკრაინელების ეთნიკურ წმენდაში. მგონია, რომ თავისუფალ საქართველოში ასეთი პიროვნების ძეგლის ადგილი არ არის,” – გვეუბნება ლაშა ბერეკაშვილი, ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე.

ბერეკაშვილის აზრს იზიარებს მათე ჩაფიჩაძეც, ქუთაისის დემოკრატიის სკოლის დირექტორი. ეს სკოლა ქუთაისში 2012 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება.

“ისტორიულად ცნობილია, რომ ეს ადამიანი იბრძოდა საბჭოთა იმპერიალისტური პოლიტიკის ფარგლებში და მისი მიზანი იყო იმპერიის საზღვრების გაფართოება. ახლა როცა ისტორიის საფუძვლებს ვსწავლობთ, აღმოვაჩენთ, რომ თურმე ვისაც გმირებად გვისახავდნენ, ანტიგმირები იყვნენ. მათ ძალიან დიდი “დამსახურება” აქვთ იმაში, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობები იკარგებოდა, მათ შორის უკრაინაშიც და აღარაფერს ვამბობ საქართველოზე და მათი ძეგლები დამოუკიდებელ სახელმწიფოში არ უნდა იყოს,”- გვითხრა მათე ჩაფიჩაძემ.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი გვიყვება, რომ ვასილ კიკვიძე დამოუკიდებელი უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა. ის იყო იმ წითელი არმიის წარმომადგენელი, რომელსაც სურდა უკრაინის “გათავისუფლება” ინტერვენტებისგან [დამპყრობელი, აგრესორი] და კონტრრევოლუციური რადასგან.

“ის არაფრით განსხვავდება საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის და საოკუპაციო რეჟიმის სხვა წარმომადგენლებისაგან… უკრაინაში მიჩნეულია თავისუფალი უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ისტორიულ ფიგურად. ყველანაირად ანომალიაა იმ ადამიანის ძეგლი, რომელმაც კარგი არაფერი გააკეთა და ემსახურებოდა საბჭოთა რუსულ იმპერიას. მას არ დასცალდა, რომ საქართველოს მიმართულებითაც გაეგრძელებინა საქმიანობა. არის ცნობილი, რომ გამოთქვამდა სურვილს, ახლა აქ რომ გავიმარჯვებთ, ჩემს სამშობლოში უნდა გავაგრძელოო”.

აქცია კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით edited
საპროტესტო აქცია ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით, 2019 წლის ივნისი. ფოტო:megatv

ისტორიკოს ხვადაგიანის თქმით, თუ კიკვიძის ძეგლი ახლანდელ ადგილას დარჩება, ეს რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ:

“პირდაპირ ვერ ვიტყვით, რომ ძეგლი რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რადგან ის საბჭოური მემკვიდრეობაა, ასე ვთქვათ, ნაშთი. თუმცა, თუ არანაირი ზომები არ იქნება მიღებული მის აღმოსაფხვრელად, პირიქით, საბჭოური ნაშთები ინსტრუმენტალიზებული ხდება, ახალ-ახალი პატარა ძეგლები ჩნდება და სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის თანამედროვე საინფორმაციო ომის ნაწილი.”

რას ფიქრობენ ქუთაისელები კიკვიძის ძეგლზე?

ერთი კვირის წინ კიკვიძის სახელობის სკვერში მივედით, რომ ძეგლის მიმართ მოქალაქეების განწყობა გაგვეგო და ათზე მეტ გამვლელს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას წითელი არმიის მეთაურის მონუმენტი არ აღიზიანებს, პირიქით, ამ ადგილისთვის დამახასიათებელი ჰგონიათ და მის დემონტაჟს “ისტორიის წაშლად” აღიქვამენ.

“რატომ უნდა აიღონ, მაგი მთელი ცხოვრებაა აქ დგას, მეომარი იყო, იომა. გმირია, გმირი, მარა კომუნისტების დროს იყო. რას ჰქვია აიღონ, გვეამაყება ჩვენ ეს აქ,”- გვითხრა სკვერში ჩამომჯდარმა ქუთაისელმა, რომელსაც მის გვერდით მსხდომი ორი მეგობარიც დაეთანხმა.

“რატომ უნდა აიღონ? რაც თავი მახსოვს, სულ აქაა. კიკვიძე ძველი რევოლუციონერი არ იყო? რა ვიცი, ახლა, მასე რომ გავყვეთ, ყველა მტერი იყო დღევანდელი გადასახედიდან და მაშინ მთელი ისტორია უნდა წავშალოთ… ყველა ქვეყნის დამაქცევარი ყოფილა…”- გვითხრა ადგილობრივმა ინგა შეყლაშვილმა.

ბაღი ქუთაისში
კიკვიძის სახელობის სკვერი ქუთაისში. ფოტო: binebi.info

“არ უნდა აიღონ, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, ეს ჩვენი ეროვნული ხალხია, ისეა თუ ასეა, მაინც ღირსება უნდა გქონდეს და პატივი სცე. კიკვიძე იყო მეომარი კაცი და პატრიოტი ქვეყნის, იყო პოლიტიკოსი,”- გვეუბნება ქუთაისელი ტუხა ჯანხოთელი.

საზოგადოების ეს დამოკიდებულება წითელარმიელ კიკვიძეზე, აჩვენებს, თუ როგორ “ზრუნავს” მთავრობა ამ ადამიანების ინფორმირებაზე და საბჭოთა წარსულისგან თავის დაღწევაზე. ხალხის ნაწილს ანტიგმირები ისევ გმირები ჰგონია, მისტირიან კომუნისტურ წარსულს და რევოლუციონერი თანაქალაქელი ეამაყებათ.

თუ გსურთ, რომ “აი,ფაქტმა” გააგრძელოს მსგავს თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

რა პოზიცია აქვს საკრებულოს და მერიას ?

ქუთაისის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოვიკითხეთ, რას უპირებენ საბჭოთა რევოლუციონერის მონუმენტს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხა. ირაკლი შენგელია ძეგლის დემონტაჟის მომხრეა. ფიქრობს, რომ კიკვიძის ძეგლის აღება და პარკისთვის სახელის გადარქმევა აუცილებელია. მანაც გაიმეორა ის, რასაც ქუთაისის მერია გასულ წელს გვპირდებოდა, მონუმენტს პარკის რეაბილიტაციასთან ერთად ავიღებთო.

“ვასილ კიკვიძის ძეგლი კანონის მიღების შემდეგ არ განთავსებულა ქალაქში. ეს ძეგლი არის საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლო და გადმონაშთი. მიმაჩნია, რომ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში ვასილ კიკვიძის ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება ქარტიის პრინციპებს და შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების მისწრაფებას გაემიჯნოს საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოებს, ყველა იმ სისასტიკეს და მავნებლობას, რაც საბჭოთა რეჟიმმა ქართულ სახელმწიფოებრიობას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ჩვენს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას მიაყენა”.

ძეგლი ეროვნული ბიბლიოთეკა

მიუხედავად ამ სულისკვეთებისა, საკრებულოს თავმჯდომარე ვერ გვეუბნება ზუსტ დროს, როდის მოხდება ძეგლის დემონტაჟი.

 “მოგეხსენებათ, რომ პარკის ინფრასტრუქტურა საჭიროებს ძირეულ განახლებას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ამ წლის ბიუჯეტში აღნიშნული სამუშაოებისთვის თანხების ალოკაცია ვერ მოხერხდა,”- ამბობს ირაკლი შენგელია.

ვადებზე მკაფიო პასუხი არც ქუთაისის მერიას აქვს. მხოლოდ ის გაგვიმეორეს, ძეგლს სკვერის განახლებასთან ერთად ავიღებთ და მას რომელიმე ეროვნული გმირის ძეგლით ჩავანაცვლებთ, რაზეც კონკურსი გამოცხადდებაო.

საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმაც დაგვიდასტურა, რომ ძეგლის აღება დღის წესრიგში არაერთხელ იყო, დეპუტატებმა საკითხი განიხილეს და თავმჯდომარისგან დაპირებაც მიიღეს.

“…წინა მოწვევის საკრებულოზეც გვქონდა საუბარი. რაც მთავარია, არსებობს საკრებულოს თავმჯდომარის დაპირება, რომ უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი სკვერის რეაბილიტაციასთან ერთად და საზოგადოებასთან შეთანხმებით, კიკვიძის ძეგლის ნაცვლად ახლის გაკეთება, ისეთის, როგორიც ქუთაისს შეეფერება,” – გვითხრა გიგა შუშანიამ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ქუთაისის საკრებულოს წევრმა.

რაც შეეხება ქუთაისის მერიას, კი გვპირდებიან, სკვერის განახლებას კიკვიძის ძეგლის აღებაც მოჰყვებაო, მაგრამ ვერ გვპასუხობენ, როდის მოხდება ეს. რეაბილიტაციის და დემონტაჟის სამუშაოებისთვის სახელმწიფო შესყიდვა ჯერ არ გამოუცხადებიათ. ამასობაში კი ქუთაისელებს საბჭოთა იმპერიის ერთგული მსახურის ძეგლთან უწევთ სეირნობა.

შენიშვნა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოვიკითხეთ, რა ნაბიჯებს დგამენ, საბჭოთა სიმბოლიკის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ვასილ კიკვიძის ძეგლის წინააღმდეგ, რადგან მათ ამას კანონი ავალდებულებთ. კითხვები წერილობით 22 აგვისტოს გაგვაგზავნინეს და 6 სექტემბერს გვიპასუხეს.

სუს-ის თქმით, კიკვიძის ძეგლის დემონტაჟზე განცხადება 2021 წლის 25 თებერვალს მიიღეს, ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ისტორიული მასალები გამოითხოვეს, რომელსაც კომისიის მომდევნო სხდომაზე განიხილავენ. ამ პასუხითაც ჩანს მათი ოპერატიულად მუშაობის ხარისხი, საკითხს ორი წლის დაგვიანებით რომ მიუბრუნდნენ.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი,ფაქტმა" გააგრძელოს მსგავს თემებზე მუშაობა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
მაფიოზური მთავრობებისა და კლეპტოკრატიების გამოძიება – ჟურნალისტის სახელმძღვანელო
მთავრობები კლეპტოკრატიების გამოძიება

მაფიოზური მთავრობებისა და კლეპტოკრატიების გამოძიება – ჟურნალისტის სახელმძღვანელო

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე ეს სტატია, რომელიც განიხილავს კრიმინალურ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share