fbpx
signal 2025 01 10 153226

როგორ გაძლიერდა გიორგი ტალახაძის ბიზნესი “ქართული ოცნების” წყალობით? 

ავტორი: შორენა ლაღაძე 

რა სარგებელი გექნება, თუ მმართველი პარტიის დამფინანსებელი და ამავდროულად, დეპუტატის ნათესავი ხარ? ერთ კარგად დაცდილ პრაქტიკას გაგანდობთ – შეგიძლია დააფუძნო კომპანია, რომელიც კარგა ხანს პასიურად იქნება, მერე კი, როცა შენი ნათესავი ხელისუფლებაში მოვა, ტენდერებში უფრო “გაგიმართლებს”. ამის მაგალითია ბიზნესმენი გიორგი ტალახაძე, რომელიც ხარაგაულის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატ ვახტანგ ტალახაძის ძმისშვილია. 

გიორგი ტალახაძე 2017 წლიდან ფლობს 2015 წელს შექმნილ შპს “გგ”-ს. მან კომპანიის წილები უსასყიდლოდ მიიღო მერი ტალახაძისგან, რომელიც მისი ახლობელი ჩანს – თბილისში, დიდ დიღომში, ერთი მისამართი აქვთ. აქ არის კომპანიის ოფიციალური რეგისტრაციის ადგილიც. 

“გგ” დაფუძნებიდან ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში იშვიათად ჩნდებოდა. 2019-2020 წლებში მხოლოდ სამი ხელშეკრულება გააფორმა მცხეთის მერიასთან და ჯამში 786,000 ლარი მიიღო. 

2021 წლიდან კი გამოჩნდა ხარაგაულის მერიის ტენდერებში. 2017 წლიდან სწორედ ხარაგაულის საკრებულოს წევრია ბიძამისი, ვახტანგ ტალახაძე. 

2022 წლიდან ხარაგაულში გიორგი ტალახაძის კომპანიის ტენდერები მომრავლდა და გამსხვილდა. ანუ, ზუსტად იმ დროიდან, როცა ბიძამისი ხარაგაულის საკრებულოში წიფა-მოლითის გაერთიანებული თემის დეპუტატი გახდა. 

2022-2024 წლებში “გგ”-მ ხარაგაულის მერიასთან 6 მილიონი ლარის 20 ხელშეკრულება გააფორმა. 

სოფელ ლახუნდარაში დაგებული გზა
სოფელ ლახუნდარაში დაგებული გზა

ამ თანხით კომპანიამ ხარაგაულის 19 სოფელში შიდა გზები დააგო. მათ შორის, ბიძამისის სადეპუტატო თემში. ესენია, მაგალითად, წიფა, ნებოძირი, ჩრდილი, დეისი… 

ვიპოვეთ საინტერესო ტენდენცია, რომ “გგ” თავიდან გზებს, ძირითადად, ხარაგაულში აგებდა, სხვა მუნიციპალიტეტებში კი გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადავიდა. 

2022-2024 წლებში გიორგი ტალახაძის კომპანიამ დმანისის, სამტრედიისა და აბაშის მერიების 6 ტენდერი მოიგო, ჯამში 1,6 მილიონი ლარის ღირებულების.

ვიპოვეთ “გგ”-ს პრივილეგირებულობაზე მიმანიშნებელი ერთი საეჭვო შემთხვევა. ამ კომპანიის პირველ მოგებულ ტენდერში, რომლითაც 217,000 ლარად სოფელ ნუნისის გზა უნდა შეეკეთებინა, მეორე მონაწილეც იყო. ორივეს იდენტური ფასი ჰქონდა შეთავაზებული, თუმცა ხარაგაულის მერიამ არჩევანი ტალახაძის კომპანიაზე შეაჩერა – მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ და მის მოსაწესრიგებლად 2-დღიანი ლოდინი დასჭირდათ. შპს “გგ”-ს შეცდომით ჰქონდა შევსებული ხარჯთაღრიცხვა, წარმოდგენილი არ ჰქონდა მშენებლობის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი; არასრულყოფილი იყო პერსონალის და თავად კომპანიის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტებიც. 

ვახტანგ ტალახაძე საკრებულოში
ვახტანგ ტალახაძე საკრებულოში

ხარვეზის გამოსწორების შემდეგ “გგ”-ს ხელშეკრულება გაუფორმეს. ეს იმ ფონზე, როცა მის კონკურენტ “ინფრაკონს” ეს პრობლემები არ ჰქონია, არც უფრო ძვირს აფასებდა და ხარაგაულის მერიას შეეძლო პირდაპირ მასთან დაეჭირა საქმე. 

ბუნებრივია, დავურეკეთ ამ სტატიის ორივე გმირს – ბიძასაც და ძმისშვილსაც. დეპუტატმა ვახტანგ ტალახაძემ “დაბნეულობით” გვითხრა, არ ვიცი, ვის გულისხმობთო:

“ჩემი ნათესავი? მასეთი არ ვიცი მე, ვინ არი… ხუთი არი აქა სოფელში გიორგი ტალახაძე და რომელია რა ვიცი…”

დავუკონკრეტეთ, რომ ვგულისხმობდით, შპს “გგ”-ს მფლობელს, რომელიც ხარაგაულის ტენდერებში იმარჯვებს. ეს რომ ვუხსენეთ, ტონი შეიცვალა და გაბრაზებით გვითხრა:

“აპ, აპ, აპ, აპ, საიდან? აქ არავის არ ვიკარებ მე, არც ნათესავს, არც შინაურს და არც გარეულს… სადაც გინდა, ვაგებ პასუხსო“

სამაგიეროდ, ბიძამისი მშვენივრად გაიხსენა გიორგი ტალახაძემ და რომ ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდება მისი ბიზნესის წარმატება დეპუტატის გავლენებს, გვიპასუხა:

“თქვენ რა გგონიათ, რა გავლენა უნდა ჰქონებოდა ბიძაჩემს? საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ რეკავ, ‘ვაბშე’ მაგრამ ვერანაირი გავლენა ვერ ექნება, საიდან უნდა ჰქონდეს გავლენა? სოფლის დეპუტატია, რა მნიშვნელობა აქვს მაგას? ტენდერში რას იზამს, ფასს შეცვლის, მომაგებინებს, თუ რას იზამს?”

ვინ არის გიორგი ტალახაძე? ის წარმოშობით ხარაგაულის სოფელ ნებოძირიდანაა. ამჟამად თბილისში ცხოვრობს და 7 კომპანიას ფლობს. 2016 წელს ტალახაძემ “ქართულ ოცნებას”11,000 ლარი შესწირა. 

2010-2012 წლებში ის რაჭის “ფეოდალისგოჩა ენუქიძის ორი კომპანიის დირექტორი იყო. ესენია “ენუქიძე” და “იბერ 777”. ისინი ახლა აღარ არსებობს, წარსულში კი ნავთობპროდუქტების ვაჭრობაში იყო ჩართული. 

შეგახსენებთ, ენუქიძე ახლანდელ, არალეგიტიმურ პარლამენტში “ქართული ოცნების” დელეგატია მესტიის, ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებიდან. ის მილიონერ დეპუტატთა სიაშიც შედის. 

ხარაგაულის მერია
ხარაგაულის მერიის შენობა

ხარაგაულის მერიის ტენდერებში ადგილობრივ მთავრობასთან ახლობლობა რომ ჭრის, ეს ჩვენი მკითხველისთვის ახალი ამბავი არ არის. მსგავს ამბებს ადრეც გიყვებოდით.

მაგალითად, 2016-2021 წლებში ხარაგაულის მერიის ა(ა)იპ-ებისგან ასე “ქართულ-ჯიგრულ პონტში” მიიღო 48,000 ლარის გამარტივებული შესყიდვა ზურაბ ლურსმანაშვილმა. ის ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ძმაა. 

ნეპოტიზმის თუ კორუფციის ასეთ მაგალითებს ხშირად ვაწყდებით იმერეთის პატარა, ღარიბ მუნიციპალიტეტებში. ზოგან, ერთი შეხედვით, პატარა ტენდერებთან და მცირე თანხებთან გვაქვს საქმე. თუმცა, თუ რეგიონის მთლიან სურათს შევხედავთ, ხელისუფლების ნათესავ-მეგობრები მნიშვნელოვან სარგებელს ნახულობენ – თქვენი და ჩვენი გადახდილი ბიუჯეტის ხარჯზე.

მასალის გამოყენების პირობები 

მასალაში გამოყენებული წყაროები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გარუსების წინააღმდეგ აქციები
cover-pirveli tve

გარუსების წინააღმდეგ აქციები

თბილისსა და რეგიონებში ქვეყნის გარუსების საწინააღმდეგო აქციები ერთი თვის წინ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share