fbpx
ავტობანის გამო ხარაგაული გზის გარეშე დარჩა

როგორ დატოვა ავტობანმა ხარაგაულის სოფლები გზის გარეშე?

ავტორი: თამუნა ქიმაძე

ხუნევი ხარაგაულში, ახალი ავტობანის ძირში მდებარე სოფელია. ადრე, ქუთაისიდან თბილისში რომ ჩასულიყავით, აქ უნდა გაგევლოთ. თუმცა, ორი წლის წინ მაგისტრალი რომ გაჭრეს, სოფელი იზოლირებული დარჩა. ხუნევის მოსახლეობას ავტობანზე ასასვლელად არც საფეხმავლო გზა დაუტოვეს, არც სამანქანო.

იქ, სადაც ძველი გზა ავტობანს უნდა უერთდებოდეს, ბეტონის ფილებია ჩალაგებული. შედეგად, ადგილობრივები ხუნევიდან თბილისში ან ქუთაისში რომ წავიდნენ, დაახლოებით, 10 კილომეტრით ზედმეტი უნდა იარონ – ჩავიდნენ მეზობელ სოფელ ვერტყვიჭალაში და იქიდან გააგრძელონ სვლა. 

29 ნოემბერს ხუნევში ჩავედით და სოფლის ცენტრში ჩვენთან შესახვედრად თავმოყრილ 50-ზე მეტ ადგილობრივს მოვუსმინეთ. ამ სტატიით მოკლედ მოგიყვებით, რა თავისტკივილი გაუჩინეს მათ ბოლო ორი წელია და რას აპირებს პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი მთავრობა. 

რატომ დაუგრძელეს გზა ათასზე მეტ ადამიანს? 

ხუნევში ჩვენც ქუთაისიდან წავედით. გზად არსად შეგვხვედრია ბანერი, რომელიც სოფლის მიმართულებას მიგვასწავლიდა. ორიენტაციისთვის მოვიშველიეთ google-ის რუკა, თუმცა მოძრაობის წესების დარღვევის გარეშე სოფლამდე ვერ ჩავედით. ვიცოდით, რომ ვერტყვიჭალა უნდა გაგვევლო, თუმცა ამ სოფლის გადასახვევიც მოწყობილია იქ, სადაც წესით, მოხვევა არ შეიძლება. 

ადგილობრივებს ეს ამბავი რომ მოვუყევით, სულაც არ გაკვირვებიათ. როგორც გვითხრეს, უცხო მძღოლები ხშირად იბნევიან და ავტობანიდან ჩასასვლელ-ამოსასვლელს ვეღარ პოულობენ. 

ხარაგაული გზის გარეშე

ხუნევის სკოლასთან შეკრებილმა მოსახლეობამ გვითხრა, ჩვენს დღეშია მეზობელი სოფელი გედსამანიაცო. როგორც მოგვიყვნენ, თავიდან იცოდნენ, რომ ავტობანზე ასვლას შეძლებდნენ, მაგრამ მშენებლობის დასრულების შემდეგ სხვა რეალობა დახვდათ – გზა დაიკეტა. 

ჩვენი გამოცდილებით, სოფლის მაცხოვრებლებს ღიად საუბარი უჭირთ. ხშირად გვთხოვენ, ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოთო. ხუნევში კი მსგავსი არაფერი უთქვამთ. 50-მდე ადამიანმა თავისი წუხილი გულწრფელად გაგვიზიარა. 

“ერთხელ მომიწია ხარაგაულში წასვლა და ორი საათი ვიარეთ, მთელი უბისის და ღორეშის სოფლები მოვიარეთ… ; “ეს იყო ცენტრალური გზა. მოსაცდელიც იყო, წვიმაში და თოვაში ელოდებოდა ‘მარშუტკას’ ადამიანი. ახლა, სად უნდა დადგეს? ჯერ ეს ერთი, ვერ ადიხარ და მერე – ბოვშიანი ქალი ავა? დადგება? ვერ ავა. აქ არც ქუთაისი ჩამოივლის, არც – თბილისი. უნდა წაყვე ზესტაფონამდე რაღაცას და ზესტაფონიდან წავა მერე თბილისში”, – გვიყვებიან სოფელში. 

“არაფერს განსაკუთრებულს და კოშკების აგებას არ ვითხოვთ. ელემენტარულად, გზა დაგვიტოვონ ისეთი, რომ გავიდეს მოსახლეობა. ზესტაფონზე რომ არ ვურტყათ ‘კრუგი’ ”,- ამბობს მამუკა ლომიძე. 

ხუნევის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა
ხუნევის ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა

ადგილობრივები იმაზეც წუხან, რომ უგზობა სოფელს ახალგაზრდებისგან დაცლის და საჭირო აღარ იქნება სკოლა, რომელშიც ისედაც 28 მოსწავლეღაა დარჩენილი. 

ცალკე პრობლემა აქვთ ხანდაზმულებს, რადგან პენსიის ასაღებად სოფელ ხევის იუსტიციის სახლში უწევთ სიარული. წესით, ხევი ხუნევიდან შორს არ არის. როცა გზა იყო, ფეხით ნახევარ საათშიცმიდიოდნენ. ახლა კი დილით წასულები, შუადღემდე ვეღარ ბრუნდებიან უკან. 

“პენსიის ასაღებად 5-წუთიანი საქმე რომ გაქვს, უნდა გაყვე მუნიციპალიტეტის ‘მარშუტკას’, თუ არი… ჩახვიდე უბისაში, მერე ახვიდე ხევში და დაელოდო. 10-მდე ხო არ იღება და ეს ‘მარშუტკა’ კი მობრუნდება და წავა. მერე, სამის ნახევარზე ამოვა. 5-წუთიანი პენსიისთვის 4 საათამდე ვერ მოხვალ სახლში. როცა ავტობანი არ იყო, ყველაზე დიდი,ნახევარი საათი დაგჭირვებოდა ამ საქმისთვის. ფეხითაც ბევრჯერ ახვიდოდი და ახლა ხევს საერთოდ მოვწყდით”, – გვეუბნება ზაირა გელაშვილი.

სოფელ ხუნევში გამავალი ავტობანი
სოფელ ხუნევში გამავალი ავტობანი

“აქედან რომ დამჭირდეს, უნდა გავიარო ვერტყვიჭალა და მერე ავიდე ხევში… ფეხითაც რომ გინდოდეს, ბილიკი არსად არის, ისე გადაკეტეს გზა”, – გვითხრა მარინა ლომიძემ. მან ისიც გაიხსენა, რომ სექტემბერში 242 ადგილობრივის ხელმოწერა და განცხადება გზების დეპარტამენტში შეიტანა. დაპირებაც მიიღეს, პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებთო, მაგრამ რეაგირება თვეების შემდეგაც არავის ჰქონია:

“არანაირი პასუხი არ მოვიდა. მერე პირადად რომ მივედი, განცხადებაც ვერ იპოვეს, ეძებეს და 2-3 საათის მერე გვითხრეს, 2 კვირაში იქნება პასუხიო. ეს ორი კვირაც გავიდა და რამოდენი ორი კვირაც…განცხადება რომ მიმქონდა, თბილისში რომ მივდიოდი, იმ გვირაბს იქით, ფეხით არის კლდეზე ასასვლელი, ავედი და რო გადავხტი იქ იმხელა ორმო იყო, ამოტრიალდა თავსახური, კიღამ ჩევიჩეჩხე შიგნით. თბილისი კიარა, სასწრაფოც ვერ მომისწრებდა.” 

რას პასუხობს ხუნევის გასაჭირს ხარაგაულის მერია? 

სოფელში ყოფნისას, მოსახლეობის თანდასწრებით დავურეკეთ ხუნევში ხარაგაულის მერის წარმომადგენელ დავით ლომიძეს. ვთხოვეთ, მოსულიყო და ხალხს შეხვედროდა.

“სოფლის პრობლემები ვიცი კარგად, მაგრამ სოფელში არ ვიმყოფები ახლა. გასული ვარ სოფლიდან.ვერ გეტყვით ზუსტ დროს [როდის დავბრუნდები]. საჭესთან ვარ, დრო არ მაქვს”, – ამ მიზეზით გაგვისტუმრა და ტელეფონი გაგვითიშა. 

ნათქვამია, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. ლომიძესაც ასე დაემართა. ადგილობრივებისგან გავიგეთ, რომ არც მანქანა ჰყავს და არც მართვის მოწმობა აქვს. 

ბუნებრივია, ამ საკითხს ასე ვერ დავტოვებდით და ამბავი ხარაგაულის მერიაშიც მოვიკითხეთ. დავურეკეთ პირდაპირ ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელ ბესარიონ ჭიპაშვილს. იმის ნიშნად, რომ ისევ იმავე აზრზე არიან, გამოგვიგზავნა “ჩემი ხარაგაულის” რედაქციასთან 2024 წლის ნოემბრის მიმოწერა. 

აქედან ვიგებთ, რომ 2023 წელს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ინტერვიუში გასცემდა დაპირებას, რომ ხუნევისა და გედსამანიის მოსახლეობისთვის რიკოთის ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსავლელი მოეწყობოდა. გეგმის მიხედვით, ახალი გზა მდინარე ძირულას კალაპოტის გაყოლებით, სოფელ ნადაბურის გადასახვევთან, წრიულამდე უნდა დაეგოთ. 

ავტომაგისტრალი სოფელ ხუნევთან
ავტომაგისტრალი სოფელ ხუნევთან

“ჩემი ხარაგაული” ხარაგაულის მერიას 2024 წლის 29 ნოემბერს ეკითხებოდა, რა ხდებოდა ამ დაპირებაზე. იქედან კი შემოუთვალეს: 

“… აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერია თანამშრომლობს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ვინაიდან პრობლემის მოგვარების მიზნით კონკრეტული ღონისძიებების გატარება უშუალოდ არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარ უფლებამოსილებას. ჩვენ უყურადღებოდ არ ვტოვებთ არსებულ აქტუალურ საკითხს და ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა დაკმაყოფილდეს მათი თხოვნა”.

ბესარიონ ჭიპაშვილმა დეპარტამენტის უარის მიზეზი ასე აგვიხსნა: “იქ ისეთი სიტუაცია ყოფილა, რომელ გზასაც ითხოვენ, მართლაც მიმდებარეა ამ ავტობანის, მაგრამ ახლოშია გვირაბთან. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საგზაო დეპარტამენტს უარი უთქვამთ ამ გზასთან დაკავშირებით”. 

ფაქტია, მოსახლეობას პრობლემა აქვს და შველას ითხოვს, ხსნა კი არსად ჩანს. მერია პასუხისმგებლობას ირიდებს და ხელს სააავტომობილო გზების დეპარტამენტისკენ იშვერს, რადგან ამ ავტობანს ისინი აშენებდნენ. თუმცა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისი მოსახლეობის ინტერესები დაეცვა და ამ გზის საკითხი ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზე გაეთვალისწინებინა.

არაერთი სტატია დაგვიწერია იმაზე, თუ როგორ არ უსმენს ადგილობრივი ხელისუფლება თავის ხალხს. ეს თემაც არ არის გამონაკლისი. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რა იქნება ხარაგაულის მერიის საპასუხო ნაბიჯები მომავალში, მით უფრო, რომ კარგად იციან, რამხელა დისკომფორტს უქმნის ახალი ავტობანი ხუნეველებს. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
არასრულყოფილად ნაკვლევი ჰიდროგეოლოგია რიკოთის მაგისტრალზე- შეჯამება
lafi rikotze - 2024

არასრულყოფილად ნაკვლევი ჰიდროგეოლოგია რიკოთის მაგისტრალზე- შეჯამება

მოკლედ, რატომ არის რიკოთის ავტომაგისტრალი სახიფათო

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share