fbpx

“შინაურობაში” გადახურული გელათი

NEW DECEMBER 02 5

გელათის თავზე ლურჯი ტენტის აფრიალებიდან დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ ეს მათი ბრალი სულაც არაა. სააგენტო მთელი მონდომებით ცდილობს, გელათის “თავგადასავლის” ცუდ გმირად მხოლოდ ის კომპანია წარმოაჩინოს, რომელმაც სახურავი განაახლა. 

არადა, შეიძლება, აღმოჩნდეს რომ დამნაშავე სინამდვილეში დაზარალებულია და დაზარალებული – დამნაშავე. ჯამი და შედეგი მაინც ერთი დარჩება: ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ ისტორიაში გელათის ტაძარია – დავით აღმაშენებლის საქართველოს სიმბოლო.  

ჩვენი გამოძიებების სერიიდან შეიტყობთ, რას აკეთებდა სააგენტო გელათის რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე, როგორი “მონდომებითა” და “პროფესიონალიზმით” აკვირდებოდა სამუშაოებს და როგორ ეწირება ამ უწყების ინტერესთა კონფლიქტს გელათის უძველესი მხატვრობა. 

2020 წლის გაზაფხულზე სოციალურ ქსელში გელათის დამტვრეული კრამიტის ფოტოები გამოჩნდა. საზოგადოების ახმაურებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც გამოაფხიზლა და მათი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა. ამ გამოძიების დიდი ნაწილი სწორედ გელათის ამბავში სააგენტოს როლს ეძღვნება. 

და მაინც, რატომ ვერ ივარგა გელათის სახურავმა და რატომ ზიანდება უძველესი მხატვრობა? ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს და მათ ჩვენი გამოძიების სერიებში განვიხილავთ: 

  • საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზები;
  • კრამიტის ხარისხი და მისი დაგების ტექნოლოგია; 
  • წყლის საწრეტი მილებისა და ჰიდროიზოლაციის როლი;
  • წმინდა გიორგის ეკლესიის თავგადასავალი;
  • სააგენტოში არსებული სისტემური ხარვეზები, რომელიც გელათზეც აისახა.

ვიწყებთ იმ ნაწილიდან, რომელიც რეაბილიტაციის პროცესის საფუძველია და დიდწილად განსაზღვრავს სამუშაოების წარმატებას. საპროექტო დოკუმენტაციას ვგულისხმობთ, რომლის მიხედვითაც უნდა განახლებულიყო გელათის სახურავი.  

საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზი

2008 წელს გელათის საკონსერვაციო გეგმა მომზადდა. ამ დოკუმენტში განხილულია გელათის იმდროინდელი ფიზიკური მდგომარეობა, ისტორიულ-კულტურული წარსული, გეოგრაფიული მდებარეობა და ა.შ. მოკლედ ყველაფერი, გარდა სარეაბილიტაციოდ საჭირო ტექნიკური მახასიათებლებისა. დოკუმენტი ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” მოამზადა, რომლის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა. ეს სახელი და გვარი დაიმახსოვრეთ, ამ სტატიაში კიდევ ბევრჯერ გავიმეორებთ. 

გელათის მთავარი ტაძარი, რომელიც ღვთისმშობლის შობის სახელობისაა დავით აღმაშენებლის სიცოცხლეშია აშენებული. 2008 წელს შექმნილ გეგმაში ამ ტაძრის რეაბილიტაციაზე საუბარი არ ყოფილა. ამ ნაგებობის გადახურვისა და ქვის ფასადების განახლებაზე ფიქრი 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ნაწილად წარიმართა. 

სამუშაოების პირველი ეტაპი 

პირველი ეტაპი – 2014 წელს დაიწყო გუმბათის გადახურვა; 2015-2018 წლებში გადაიხურა ტაძრის მკლავები. სამუშაოები აშშ-ს საელჩომ დააფინანსა და ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” ჩაატარა.    

როგორც წესი, რეაბილიტაციის პროცესის დასაწყებად საჭიროა შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა ნაბიჯი, გამოსაყენებელი მასალები და მოცულობები. მშენებლები და  არქიტექტორები ადგილზე სწორედ ამ დოკუმენტებით ხელმძღვანელობენ.

ჩვენ ერთი თვეა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით ვითხოვთ იმ საპროექტო დოკუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც გადაიხურა გელათი. მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. სანაცვლოდ, ეს მასალები სხვადასხვა წყაროებისგან მოვიპოვეთ.

2014 წლის იანვარში ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” “გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი” შექმნა. ამ დოკუმენტებით განსაზღვრული იყო, როგორ უნდა გადახურულიყო გუმბათი, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ტაძრის მკლავების გადახურვის ტექნიკურ მახასიათებლებზე.  

კახა ტრაპაიძე, პროექტის თანაავტორი გვეუბნება, რომ დოკუმენტაციაში ყველა დეტალია მოცემული, მათ შორის მკლავების გადახურვის შესახებაც და რომ სააგენტოდან გამოვითხოვოთ ეს მასალები.  

საპროექტო დოკუმენტაცია სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფმა საბჭომ 2014 წლის იანვარში დაამტკიცა. “საერთაშორისო იკომოსთან” და იუნესკოსთან მაშინ შეთანხმდა გუმბათის სახურავის შეცვლისა და ყელის გამაგრების პროექტი.  

ამ ეტაპზე გუმბათი, წყლის ჩადინების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე უპრობლემო ნაწილია.

სამაგიეროდ ბევრი პრობლემა გამოუჩნდა ტაძრის მკლავებს, განსაკუთრებით კი დასავლეთ მკლავს, რომელიც წინასწარ  განსაზღვრული გეგმისა და საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე გადაიხურა. ტაძრის ამ ნაწილში წყლის ჩასვლის ამსახველი ვიდეოები მედიაში 2016 წელსაც ვრცელდებოდა. 

პროექტში მკლავების გადახურვის ამსახველი ტექნიკური დოკუმენტაცია რომ ვერ ვიპოვეთ, მზია ჯანჯალიას დავუკავშირდით. ის ხელოვნების ისტორიკოსი და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. ჯანჯალია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ფერწერის სექციის წევრიცაა. გელათის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის პროცესს პირველივე დღეებიდან აკვირდება. მანაც გვითხრა, რომ პროექტში მკლავების გადახურვის დეტალები გათვალისწინებული არ იყო და მანაც ვერ იპოვა.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ბექა ბარამიძეს ვკითხეთ, რატომ არ იყო 2014 წლის პროექტში ეს მასალა? “თქვენ რა გინდათ თქვათ, რომ საელჩომ პროექტის გარეშე დააფინანსა გადახურვა?” კითხვა დაგვიბრუნა ბარამიძემ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ დეტალის გარკვევაში დაგვხმარებოდა და ჩვენთვის ეჩვენებინა პროექტი, სადაც მკლავების გადახურვის სქემაა მოცემული. ბარამიძისგან მას შემდეგ არაფერი გვსმენია, არც პროექტი მიგვიღია.

შესაბამისად, გვაქვს კითხვები: რატომ მისცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შემსრულებელ კომპანიას უფლება ძეგლის მკლავები წინასწარ დამტკიცებული პროექტის გარეშე გადაეხურათ? და თუ მართლა არსებობს საპროექტო დოკუმენტაციის ის ნაწილი, სადაც მკლავების გადახურვაზეა საუბარი, მაშინ რატომ არ გვაწვდის სააგენტო მათ?

სამუშაოების მეორე ეტაპი  

სამუშაოების მეორე ეტაპი 2018 წელს დაიწყო. ამჟამად პროექტის დამფინანსებელი მსოფლიო ბანკი იყო. მათგან მიღებულ თანხას კი მუნიციპალური განვითარების ფონდი განკარგავდა. სამუშაოები ამ ეტაპზე ითვალისწინებდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეკვდერების გადახურვას, ცოკოლისა და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციას. 

ეს ეტაპი ახალი საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე წარიმართა. ავტორი კვლავ ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობაა.” ორგანიზაციის  დირექტორი ამ დროსაც კახა ტრაპაიძეა.  

ამ დოკუმენტში შესასრულებელი სამუშაოები მეტი სიზუსტითაა აღწერილი, ვიდრე 2014 წლის პროექტში. თუმცა, შედეგი ისევ ის დადგა, რაც პირველ ეტაპზე მკლავების გადახურვისას. აქამდე თუ მხოლოდ მკლავებში ჩადიოდა წყალი, ახლა ეკვდერებზეც გაჩნდა სახურავის დაზიანების კერები. დატეხილი კრამიტისა თუ დასველებული მხატვრობის ვიზუალური მასალა ამ გაზაფხულსა და ზაფხულზე მრავლად ვიხილეთ. 

გელათი 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია და ვიფიქრეთ, რომ მისი სახურავის რეაბილიტაციაც მსოფლიო მნიშვნელობის ამბავი უნდა ყოფილიყო. ამიტომ სააგენტოს გამუდმებით ვეკითხებოდით, გაიარა თუ არა სახურავების რეაბილიტაციის პირველი და მეორე ფაზების საპროექტო დოკუმენტაციამ იუნესკოს ან ავტორიტეტული უცხოური ორგანიზაციების ხელში. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ბექა ბარამიძე გამუდმებით გვიგზავნიდა ბმულებს, სადაც განთავსებულია მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომების ოქმები. ჩვენს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტს კი, რომელიც აჩვენებს რა სახის დასკვნები გასცა იუნესკომ კონკრეტულად გელათის სახურავის სარეაბილიტაციო დოკუმენტების ტექნიკურ მხარეზე, დღემდე ველით. 

მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, საინტერესო ჩანაწერს იმ დოკუმენტშიც ვიპოვით, რასაც სააგენტო უცხოელი სპეციალისტების  ჩართულობის მტკიცებულებად წარმოაჩენს. 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომისიის სხდომა კრაკოვში, პოლონეთში გაიმართა. ამ სხდომაზე კომიტეტი ყველა ძეგლის მდგომარეობას მიმოიხილავს ხოლმე. გელათთან  მიმართებით კი ასეთი ჩანაწერია: სახელმწიფო სტრუქტურებს ურჩევენ, რომ კონსერვაცია-აღდგენის ნებისმიერი ტიპის სამუშაოს დოკუმენტირების ნათელი სისტემა განავითარონ. 

„იკომოს საქართველო“ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტია, რომელიც თვალს ადევნებს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

“იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, როგორიცაა გელათი, არ ჰქონდა “იკომოსის” საერთაშორისო დასკვნა. ასეთი დასკვნა არსებობს მხოლოდ გუმბათის ყელზე, მაგრამ არა იმ ნაწილზე, სადაც პრობლემები შეიქმნა. ეს დასკვნები რომ გვქონოდა, საერთაშორისო გამოცდილება რომ გაგვეზიარებინა, იქნებ თავიდან აგვეცილებინა ეს მძიმე ფაქტები, რაც გელათში მოხდა. “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” წარსულში თანამშრომლობდა “იკომოსის” საერთაშორისო  ექსპერტებთან და საინტერესოა, ახლა რატომ არ მოხდა ეს?!” – გვეუბნება მანანა თევზაძე, “იკომოს საქართველოს” წარმომადგენელი. 

მზია ჯანჯალია თვეებია, სააგენტოსგან ითხოვს მასალებს, რომელიც აჩვენებს, რომ გადახურვების საპროექტო დოკუმენტაციამ იუნესკოს, იკომოსის ან რომელიმე უცხოელი ექსპერტის ხელში გაიარა და შეფასება მიიღო. სააგენტო არც მის მოთხოვნას პასუხობს შესაბამისი დოკუმენტაციით. 

“წესით და რიგით, მსოფლიო მემკვიდრეობის სამოქმედო დოკუმენტაცია არსებობს. იმის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფომ. იქ არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფომ იუნესკოს უნდა შეუთნახმოს ნებისმიერი პროექტი თუ რა არის განსაზღვრული და რა კეთდება ძეგლზე. იუნესკოს აქვს თავისი “სახელმძღვანელო პრინციპები”. გაიდლაინები. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სადამსჯელო არაა. სახელმწიფოა ვალდებული, თავად დაიცვას თავისი ძეგლები და იუნესკოს შეუძლია  გვითხრას, მე ვერ დავიცავ თქვენს ძეგლებსო,”  გვიხსნის მანანა თევზაძე, “იკომოს საქართველოს” წარმომადგენელი.  

ჩვენ იუნესკოს საქმეთა ეროვნული (ქართული) კომისიის გენერალურ მდივანს, ქეთევან კანდელაკსაც ვესაუბრეთ. მისგან გვაინტერესებდა ამ ყბადაღებული დოკუმენტაციის ამბავი. კანდელაკმაც სააგენტოსთან გადაგვამისამართა და გვითხრა, რომ ჩვენს წერილებზე პასუხს დავლოდებოდით. წერილების პასუხებს კი დიდი ხანია ველით. როგორც ჩანს, სააგენტო ამ ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებას არც აპირებს. 

ამ კითხვისნიშნებიანი საპროექტო დოკუმენტაციით დაიწყო გელათის რეაბილიტაცია და ჩატარდა ის სამუშაოები, რასაც  ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ბრალდება. 

კრამიტის ხარისხი და მისი დაგების ტექნოლოგია

1846 წელს გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის გადასახურად თუნუქის ოსტატი ივანე კრასოვი მოიწვიეს ქალაქ ლინევიიდან, რადგან მთელს ქუთაისის უეზდში არ იპოვებოდა დამხურავი თუნუქისა,” – ამონარიდი მერაბ კეზევაძის წიგნიდან “გელათის მონასტერი ეგზარქოსობის დროს.” 

ლურჯი ტენტი გელათის სახურავზე აჩვენებს, რომ 1846 წლის მსგავსად, ამ ძეგლის სწორად გადამხურავი ქვეყანაში ისევ არ გვყავს. დღეს კი იმასაც ვერ მივხვდით, რომ ოსტატი საზღვარგარეთიდან მაინც მოგვეწვია.

მეთორმეტე საუკუნეში, როდესაც დავით აღმაშენებელმა გელათის მთავარი  ტაძარი ააშენა, მას მოჭიქული, ხასხასა მწვანე ფერის კრამიტი დაახურა. ეს გელათის ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა. 

1650-ანი წლებიდან გელათი ჯერ გადახურული იყო სპილენძით, შემდეგ კი თუნუქით. ბოლოს სახურავი 1976 წელს განახლდა და კვლავ თუნუქის საბურველით დაიფარა. 2008 წელს შექმნილ კონსერვაციის გეგმაში ვკითხულობთ, რომ მეცნიერებმა გელათში მხატვრობისა და ფრესკების მდგომარეობა საგანგაშოდ მიიჩნიეს და სახურავიდან წყლის ჩამოსვლის კვალზეც მიუთითეს.  

გელათში მცირე მასშტაბისა და ეტაპობრივი საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლიდან დაიწყო. მაშინ ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” გადახურა წმ. ნიკოლოზის სახელობის სამრეკლო და  წმ. გიორგის ეკლესიის გუმბათი. 2014 წელს კი აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით გელათის მთავარი ტაძრის სახურავის და ფასადის განახლება დაიწყო. 

ამჟამად სამუშაოების შესრულება ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” დაევალა. მათ გელათის გუმბათი უნდა გადაეხურათ კახა ტრაპაიძის ორგანიზაციის, ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობის” მიერ 2014 წლის იანვარში მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით. სამუშაოებს აშშ-ს საელჩო აფინანსებდა.

“ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა,” პროექტის მიხედვით კრამიტით გადახურა გუმბათი და გაამაგრა ყელი. გადასახურად აირჩიეს დავითისდროინდელის მსგავსი, ხელით დაწნეხილი, ხალასი მწვანე ფერის მოჭიქული კრამიტი.

2015 წელს გელათზე მიმდინარე სამუშაოები “იკომოსისა” და მსოფლიო ბანკის მისიამ შეამოწმა. მათი შეფასებით, კიდევ ერთი გამაგრებითი სამუშაოები იყო საჭირო. ამის შემდეგ დაიწყო მკლავების გადახურვა. ჩვენ საპროექტო დოკუმენტაციაში ვერ ვიპოვეთ შესაბამისი  სამუშაოების აღწერა და ტექნიკური დეტალები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი მასალა არ არსებობს. სააგენტოსაც ვთხოვეთ, მოეწოდებინათ საპროექტო დოკუმენტაციის ის ვარიანტი, სადაც მკლავების გადახურვა დეტალურად იქნებოდა აღწერილი, მაგრამ მათგან პასუხი რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგაც ვერ მივიღეთ. 

გელათის გუმბათის სახურავის განახლებისას კრამიტი დაამაგრეს ხის ფიცრებზე. მკლავებზე კი კრამიტის დაგების მეთოდოლოგია შეიცვალა და გადახურვა კირ-დუღაბზე მოეწყო. ანუ, ჯერ დაასხეს კირის ფენა და ზედ დააწებეს კრამიტი. 

იგივე ტექნოლოგიით დააგეს კრამიტი ეკვდერებზე, 2018-2019 წლებში, სამუშაოების მეორე ეტაპზე. 

იტალიელი იპოლიტო მასარი ძველი ნაგებობების წყლისა და ნესტისგან დაცვის სპეციალისტია. ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” მას რეკომენდაციისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გელათი ტენტით გადაიხურა. მასარის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოგზავნილ სამუშაო დოკუმენტში წერია: 

“კრამიტის დაწყობა უშუალოდ კირის ხსნარზე ან ხის ფიცარზე, კონკრეტულად გელათის შემთხვევაში, შესაძლოა, არ იყოს მიზანშეწონილი სხვადასხვა მიზეზით:

  • შეუძლებელია მოხდეს სახურავის საჭირო დონეზე გადმოშვერა ფასადების და ჩარჩოების პროფილის შესაბამისად;
  • კრამიტზე და საიზოლაციო ფენაზე დაგროვილი წყლის პირდაპირი ჩამოდინება;
  • პროგრესული გაჟღენთვა, რომელიც გამოწვეულია კრამიტის საფუძვლად გამოყენებული კირის შრეში ჩარჩენილი წყლის აორთქლების შეუძლებლობით.

აღნიშნული დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილი იქნება კრამიტი მოთავსდეს გარდიგარდმო ხის ფიცრებზე, რომლებსაც იჭერს სხვა გრძივი ხის ფიცრები, ქვის გადახურვის ანალოგიურად.” 

საპროექტო დოკუმენტაციის ავტორი ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობაა. ორგანიზაციის  დირექტორი, კახა ტრაპაიძე გვეუბნება, რომ კრამიტის კირ-დუღაბზე მოწყობა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მნიშვნელოვანი დეტალია და ოდითგან ასე იყო. “ვერავის ვერ დავეთანხმები კირ-დუღაბთან დაკავშირებით. მცხეთის ჯვარია კირ-დუღაბზე, ოშკი, იშხანია და მათ პრობლემა არ გააჩნიათ. ძეგლთა დიდი ნაწილი ასეა გადახურული და  არ აქვთ პრობლემა,“ – გვეუბნება კახა ტრაპაიძე.

ტრაპაიძე გვიმტკიცებს, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში მხოლოდ კირ-დუღაბზე მოწყობის ტექნოლოგიაა განხილული და სხვა ვერსია არც არასდროს ჰქონიათ. არადა, გუმბათის ნაწილში კრამიტი ხეზე დალაგდა. მკლავების ნაწილი კი პროექტში საერთოდ არაა განხილული.

ახლა მოუწევთ კირ-დუღაბის ტექნოლოგიის გადახედვა. 2020 წლის ოქტომბერში სააგენტომ გამოაქვეყნა გელათზე დაკვირვების ანგარიში. გასული წლის გაზაფხულსა და ზაფხულზე სპეციალისტთა მისია რამდენჯერმე ეწვია ძეგლს არსებული სიტუაციის შესაფასებლად და სააგენტოსთვის რჩევების მისაცემად. ამ ანგარიშში, რეკომენდაციების ველში ასეთი ჩანაწერია: “დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, თეთრი კერამიკისგან დამზადებული კრამიტის სრულად შეცვლა, სასურველია წითელი კერამიკით დამზადებული კრამიტებით, რომელიც უკვე გამოცდილია და გამოყენებულია ტაძრის ზედა ნაწილებზე; პირველ რიგში აუცილებელია, ახალი, შესაცვლელი კრამიტის ლაბორატორიული შემოწმება და საექსპერტო დასკვნის მიღება მის გამძლეობასა და კირ-დუღაბის ხსნარზე მისი მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.” 

ანუ, გამოდის, რომ პროექტით გათვალისწინებული კრამიტის ტიპიც და მისი კირ-დუღაბზე მოწყობის ტექნოლოგიაც კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი. ოღონდ მას შემდეგ, როცა ურემი გადაბრუნდა.

დასავლეთის მკლავში, სადაც რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საერთოდ არ არსებობდა და კრამიტიც კირ-დუღაბზე მოეწყო, ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა. წყალმა დინება იქ 2016 წელს დაიწყო. ამას გვიდასტურებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი, მაკა დვალიშვილი. იმ დროს მედიაც ავრცელებდა ამ ინფორმაციას. სოციალურ ქსელშიც იპოვით იმდროინდელ ვიდეო და ფოტომასალას, სადაც წყლის ჩასვლა ნათლად ჩანს.

სოციალურ ქსელში ფართო განხილვის საგანი გელათის მდგომარეობა 2020 წლის გაზაფხულზე გახდა. პრობლემა კვლავ მთავარ ტაძარში წყლის დინება და მხატვრობის ბათქაშის ცვენა იყო. 

რას აკეთებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს? ბოლოს სააგენტოს ინსპექტორები გელათს 2019 წლის დეკემბერში ეწვივნენ და მაშინაც კი არ გამოუთქვამთ პრეტენზია გადახურვის ხარვეზებზე. არადა, სააგენტოს მიერ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მისიების ანგარიშში წერია, რომ ინტერიერსა და ფასადებზე დაზიანების აქტიური დეგრადაცია 2017 წლის შემდგომ დაიწყო, მაშინ, როდესაც ეტაპობრივად გამოიცვალა სახურავი და დაიფარა მოჭიქული კრამიტით. სააგენტოს სამუშაოების მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე, არათუ საჯარო განცხადებებში, არამედ თავის შიდა სამუშაო დოკუმენტებშიც კი არ უთქვამს მსგავსი რამ. 

ახლა კი სააგენტო გელათის მთელს ამ ისტორიაში დამნაშავედ შემსრულებელ კომპანიას, ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს მიიჩნევს” და ამბობს, რომ ყველაფერი დიდწილად იმის ბრალია, რომ მათ თვითნებურად შეცვალეს კრამიტის ტიპი და ამაზე არც სააგენტოს და არც ფონდს ინფორმაცია არ ჰქონია. 

კომპანიის დირექტორი, მაკა დვალიშვილი კი გვეუბნება, რომ სამუშაოების შესრულების პროცესში ნამდვილად შეფერხდნენ, რადგან კრამიტის პირვანდელმა მომწოდებელმა სამუშაოს შემჭიდროვებულ ვადებში შესრულებაზე უარი თქვა. ამიტომ, მოუწიათ კრამიტის მომწოდებლის შეცვლა, რასაც კრამიტის ტიპის ცვლილებაც მოჰყვა. ხელით დაწნეხილი კრამიტის ნაცვლად ჩამოსხმული გამოიყენეს. 

ახალი კრამიტის რამდენიმე ნიმუში 2018 წლის აპრილში შესამოწმებლად წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიას გაუგზავნეს. ეს ლაბორატორია ცენტრ “დელტას” დაქვემდებარებაშია და სამშენებლო მასალის ხარისხსს 70 წელია ამოწმებს. მათ შედგენილ დასკვნაში წერია, რომ “ყინვაგამძლეობის პროცესში, გაყინვა-გალღობის ყოველი ციკლის შემდეგ, დეტალური დათვალიერების შედეგად, კრამიტებზე რაიმე ტიპის დარღვევა არ დაფიქსირებულა.” 

ექსპერტიზა 51-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა, გიორგი ბალიაშვილმა ჩაატარა. ბალიაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ექსპერტიზის წესი ასეთია, რომ საექსპერტო კომისიამ უნდა დალუქოს სამშენებლოდ გამოსაყენებელი მთელი პარტია, შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩიოს ნიმუშები, ისინი შეამოწმოს და ამაზე დაყრდნობით გაიცეს ექსპერტიზის დასკვნა. 

გელათის შემთხვევაში კი საქმე ასე იყო: შპს “პრიმუმს” დაუკვეთეს კრამიტის ნიმუშის დამზადება. ეს ნიმუში წაიღეს ექსპერტიზაზე. დადებითი დასკვნის შემდეგ შპს “პრიმუმს” დაუკვეთეს უკვე მთელი პარტიის წარმოება, რომლის ხარისხიც გამოყენებამდე ექსპერტიზას აღარ შეუმოწმებია. ანუ პირველადი ნიმუშების შემდეგ, “პრიმუმმა” რა დაამზადა, შეესაბამებოდა თუ არა სტანადარტს, ეს აღარავის შეუმოწმებია.

შემსრულებელი კომპანიის, ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” დირექტორი, მაკა დვალიშვილი გვეუბნება, რომ მათთვის არც არავის უთხოვია მთელი პარტიის შემოწმება და არც იცოდნენ, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. როდესაც ბექა ბარამიძეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელს ვკითხეთ, რატომ არ მოითხოვა სააგენტომ მთელი პარტიის ექსპერტიზა, გვითხრა, ჩვენ მაშინვე არ გაგვიგია კრამიტის შეცვლის ამბავი, 2020 წლის გაზაფხულზე პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ და ვერც მოვითხოვდითო. 

აქ ბარამიძე ტყუის და სააგენტოს პოზიციის დაცვას ცდილობს, რომლის ერთადერთი მოვალეობა ამ პროცესში ის იყო, რომ ძეგლის განახლებისთვის თვალ-ყური ფხიზლად ედევნებინა. 

საპროექტო დოკუმენტაციის  თანაავტორი, კახა ტრაპაიძე განახლების სამუშაოებში  ჩართული იყო და გელათშიც ხშირად იმყოფებოდა. ამას გვიდასტურებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი, გია ხურცილავაც.  ტრაპაიძის თქმით, ის კრამიტის ტიპის შეცვლის წინააღმდეგი იყო და ამის შესახებ ყველას მიმართა. “მე ვამბობდი,  რომ უნდა გამოეყენებინათ ხელით დაწნეხილი კრამიტი, რადგან ეს გამოცდილია და იმუშავა. შეიძლება, კრამიტი დაამზადო რამდენიმე ცალი და იყოს კარგი, მაგრამ წარმოებაში როცა ამას უშვებ, ის ვერ იქნება კარგი.” ტრაპაიძის თქმით, მან ეს აზრი ყველა შეხვედრაზე დააფიქსირა, სადაც ამ საკითხს განიხილავდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, 2020 წლის მარტში მთელმა ქვეყანამ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კრამიტი ალაგ-ალაგ დამტვრეული იყო, აქერცლილი და დეფორმირებული. სააგენტომაც ჩვენთან ერთად “გაიგო,” რომ კრამიტის ტიპი შეცვლილი იყო და ხარისხი გამოუსადეგარი. არადა, მანამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამუშაოებს ამოწმებდა და მიიჩნევდა, რომ გელათზე სამუშაოები მათთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიდიოდა. საზოგადოების ახმაურებისთანავე სააგენტო თავდაცვით პოზიციაში ჩადგა და ყველაფრის შემსრულებელი კომპანიისთვის გადაბრალება დაიწყო. ამის შემდეგ შეამოწმა გამოყენებული კრამიტის ხარისხი სამხარაულის ექსპერტიზამ და მას “გარემოებისთვის შეუსაბამო” უწოდა. 

“თვითონ კრამიტის ჩამოსხმის ტექნოლოგიამ არ გაამართლა. ორმაგი მონიტორინგი ტარდებოდა, მუნციპალური ფონდი ამონიტორინგებდა ყოველდღიურად. ეტაპობრივად სააგენტოც. პრობლემა იმაშიც იყო, რომ მცირე დრო იყო გამოყოფილი ეკვდერების გადასახურად. ხელით დაწნეხილი კრამიტი ვერ ესწრებოდა. ჯერ იყო რვა თვე, შემდეგ  გადაიდო ერთ წლამდე, ამიტომ შეიცვალა ტექნოლოგია და ჩამოისხა კრამიტი. მერე აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიამ არ იმუშავა,” – გვიხსნის მაკა დვალიშვილი. 

სააგენტოს პოზიცია, რომ გელათში წყლის ჩასვლა დიდწილად კრამიტის უხარისხობითაა გამოწვეული, არგუმენტებით ვერაა გამყარებული. მათ შორის, სააგენტოს ანგარიშებში ვხვდებით განსხვავებულ მოსაზრებებს. 2020 წლის მარტში, მედიაში ატეხილი განგაშის შემდეგ, სააგენტომ დარგის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა გელათი. ანგარიშში ტაძარში წყლის ჩასვლის ძირითად მიზეზად კრამიტი არაა დასახელებული. დოკუმენტში საუბარია სხვა პრობლემებზეც, რომელმაც თავი ახლა იჩინა. მაგალითად ეს: “ტაძრის ზოგიერთ მონაკვეთზე პრობლემურია წყლის ინფილტრაცია, რისი მიზეზიც გადახურვასა და კედლების შეერთების ადგილას არასათანადოდ შესრულებული შევსებები უნდა იყოს. ვიზუალური დაკვირვებით გამოვლინდა, რომ აღნიშნული შევსებები დაბზარულია.” 

სწორედ ამ ჩადინებისთვის ხელშესაშლელად, გადახურვის ქვეშ უნდა მოწყობილიყო ჰიდროსაიზოლაციო ფენები და წყლის საწრეტი სისტემა. დიდი არეულობა სწორედ აქაა.

წყლის საწრეტი მილების როლი გადახურვაში 

2014 წელს, როცა “საქართველოს მემკვიდრეობამ” გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი განაახლა, ამოიღო საწრეტი მილების ნაწილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, კახა ტრაპაიძე გვეუბნება, რომ ბევრი მსჯელობის შემდეგ შეთანხმდა სააგენტო, რომ მილები ტაძრის იერსახეს ამახინჯებდა.  

ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის გადახურვისას შემსრულებელ კომპანიას საწრეტი მილები არ გაუკეთებია, რადგან ამას პროექტი არ ითვალისწინებდა. 

2020 წლის გაზაფხულსა და ზაფხულზე, მას შემდეგ, რაც გელათის გასაჭირი საქვეყნოდ გახდა ცნობილი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები არაერთხელ ეწვივნენ გელათს. პირველი ასეთი ვიზიტი 2020 წლის მარტში იყო. ამდროინდელ ანგარიშში წერია, რომ “ახლად მოწყობილი კრამიტები უმეტეს შემთხვევაში კარნიზებიდან არასათანადოდაა გადმოწეული, რაც ხელს უწყობს წყლის კედელზე ჩამოდინებას.” ამავე ანგარიშში სექციის წევრები წერდნენ, რომ “სასურველია გაჩნდეს ჟოლობები, რაც დაეხმარება წყალს მიმართულების მიღებაში, შესაბამისად, ზედმეტი წყალი არიდებულ იქნება კედლებიდან.” 

2020 წლის მარტის ანგარიშში თავმოყრილია ფოტოები, რომელიც აჩვენებს გელათის ფასადის დაზიანებებს. არადა, ფასადი ახალი განახლებულია და ამგვარი დაზიანებები, წესით, არ უნდა ჰქონდეს. თავად სააგენტოს წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ ფასადის ტენიანობა ინტერიერსა და მხატვრობაზე მოქმედებს.   

qTzqonnZingEssceCv5Pphy4VoGlKZeccdumjmLP0We0YWDCHXesDlV0bfuU tslnJhpQqVRUt4WPgh3jJi2 Wpr2t1W7y2KFh5BQq8lYNV18N7uUVjBhi gAyLs2UhUVNXLpOUJ

მარტის შემდეგ სააგენტოს წარმომადგენლები გელათს აპრილში, ივნისსა და აგვისტოში კვლავ ეწვივნენ. ოქტომბერში სააგენტომ ამ  მისიების შეჯამებული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ ფასადის ქვის სისველე ავტომატურად აისახება ინტერიერზე და აზიანებს მხატვრობას. 

ანგარიშში მოცემულია სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი სექციის წევრების მოსაზრებები: “ფასადის ზედაპირების ნალექებიდან დასაცავად, ჩემი აზრით, გამოსავალი იქნებოდა წყალსაწრეტების (ჟოლობების) მონტაჟი წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით.”

საპროექტო დოკუმენტაციის თანაავტორი, კახა ტრაპაიძე ახლა ფიქრობს, რომ საწრეტი მილების პროექტიდან ამოღება არ იყო მართებული: “კორექტივი შევა და ვუბრუნდებით ძველ პროექტს და საწრეტ მილებს. ისე მოვიფიქრებთ, რომ ის ვიზუალურადაც იყოს დახვეწილი.”

ჯერ უცნობია, როდის განახლდება საპროექტო დოკუმენტაცია და მასში აისახება საწრეტი მილების მოწყობის ტექნიკაც. 2014 წელს, როდესაც პროექტიდან ამოიღეს წყლის გადამყვანი სისტემა, მაშინ არც პროექტის ავტორებს და არც სააგენტოს უფიქრია იმაზე, თუ რა გზა უნდა მიეცათ წყლისთვის, რომ ის კედლებზე არ ჩამოსულიყო და ფასადი არ დაეზიანებინა. ამის საჭიროება მხოლოდ მაშინ დაინახეს, როცა ურემი გადაბრუნდა. 

წყლის კედლებზე ჩამოდინებისგან თავის ასარიდებლად 2018 წელს შედგენილ პროექტში რამდენიმე სიტყვით წყლის საწვეთურების მოწყობაზეა საუბარი. “კარნიზების გასწვრივ მოეწყობა მოჭიქული კერამიკული “ფარდები.” “ფარდასა” და კრამიტს შორის სპილენძის ფურცლის წყლის საწვეთურის მოწყობა ორკომპონენტიანი წებოთი და ლითონის სამაგრით (თუნუქი სიგანით 12 სმ).” 

2020  წლის ოქტომბერში  სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ამგვარი ჩანაწერია: “თუმცა, ადგილზე დათვალიერებისას ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში საცრემლე მოწყობილია ბრტყელი კრამიტის პირის შიგნით, ხოლო ზოგ ადგილას საერთოდ არაა მოწყობილი.” 

tgXqPyhCdZi2 ASSpjQhyRCxVfyBy1zfWP1RQyQH4L4BoLooIpPLW0NQd7fCzQeVrZJoZnU6MYhpa6n 7MwaQ
ფოტო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები გელათში მიმდინარე სამუშაოებს პერიოდულად ამოწმებდნენ. პროცესს მუდმივად აკვირდებოდა პროექტის თანაავტორი, კახა ტრაპაიძე და მისი გუნდის წევრები. არც ერთს, არც სააგენტოს მონიტორინგის მისიებს და არც ტრაპაიძის გუნდს ეს დარღვევები მუშაობის პროცესში არ შეუმჩნევიათ და მათ გამოსწორებაზე არ უზრუნიათ. 

ჰიდროიზოლაციის საკითხი  

გელათის ინტერიერში წყლის ჩასვლა რომ მხოლოდ კრამიტის ბრალი არაა, ამას პროექტის ავტორი, სექციის წევრები და ახლა უკვე სააგენტოც ამბობს. ფაქტია, რომ კრამიტი დაიმტვრა, დაზიანდა და წყალი გაუშვა. ამას დაემატა ისიც, რომ კრამიტების კედლებთან შეერთების ადგილები სათანადოდ არ იყო ამოვსებული და წყალმა აქედანაც ჩაჟონა. 

“გუმბათის ყელის მიდამოებში, დასავლეთი ფასადის მხრიდან აფრებს შორის, ვერტიკალურ კედელსა და კამარის კალთებთან შეერთების ადგილებში ბზარებია, საიდანაც, სავარაუდოდ, იჟონებოდა წყალი ან გამდნარი თოვლი,” – წერია 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მისიების ანგარიშში. 

2014 წლის პროექტში, რომლითაც გუმბათი გადაიხურა, არაფერი წერია მკლავების გადახურვაზე და არც კედლებისა და სახურავის ფერდების შეერთების ადგილების წყლის ჩადინებისგან დაცვის ტექნოლოგიაზე. 

არადა, ეს შეერთების ადგილები არის ყველაზე საფრთხილო, რადგან ნალექის დროს მათში წყალი ყველაზე მარტივად ჩაედინება. პროექტის ხარვეზებზე და სააგენტოს გელათისადმი დამოკიდებულებაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს ის ფაქტი, რომ არც პროექტის ავტორთა ჯგუფს და არც სააგენტოს ან მის კომისიებს ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია. 

ამ შეერთების ადგილების სწორად ამოვსებაზე რომ ბევრი არ ჰქონდათ ნაფიქრი, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიც მოწმობს. 2020 წლის მარტში სააგენტოს სამუშაო ჯგუფი გელათს ეწვია და არსებული მდგომარეობა შეისწავლა. ამ მისიის ანგარიშში ასეთი რეკომენდაციაა გაცემული: “კედლისა და გადახურვის შეპირაპირების ადგილას ტონირებული თუნუქის წყლის გადამყვანების მოწყობა, რათა არიდებულ იქნეს წყლის ინფილტრაციის პრობლემა. ამ მიზნით საჭიროა შესაბამისი პროექტის შემუშავება.”

არადა, სააგენტოსა და ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობის” წარმომადგენლები გელათში მიმდინარე სამუშაოებს წლების მანძილზე აკვირდებოდნენ. რატომ ვერ შეამჩნიეს სამუშაოების ამგვარი ხარვეზები? – მთავარი კითხვა სწორედ ესაა.   

სააგენტო ყოველთვის თავს არიდებს გელათში გამოყენებულ ჰიდროსაიზოლაციო მასალაზე საუბარს. მაქსიმალურად ცდილობს, რომ სახურავის მთელი პრობლემა კრამიტსა და ბზარებს დაბრალდეს. არადა, ჰიდროიზოლაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც ტაძრის ინტერიერი წყლისგან უნდა დაეცვა.  

2014 წელს მომზადებულ სარეაბილიტაციო პროექტში, რომელიც გუმბათის გადახურვას აღწერდა, ნათქვამია, რომ “კრამიტის ქვეშ აუცილებელია წყალგაუმტარი საიზოლაციო ფენის მოწყობა, რომელზეც კრამიტი დამონტაჟდება საგანგებო კონსტრუქციის მეშვეობით.” სხვა, უფრო სიღრმისეული და დეტალური აღწერა იმაზე, თუ რა მასალა უნდა შეეტანათ სახურავის ქვეშ ან რა ოდენობით, პროექტში მოცემული არაა.

2020 წლის მარტში სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გუმბათზე, მკლავებზე, ნართექსსა და  აფრებზე ჰიდროიზოლაციის სხვადასხვა მეთოდით გამოყენებული. განსხვავებულია შეტანილი მასალის ოდენობაც. 

მაგალითად, გუმბათის შეფიცვრაზე მოეწყო ფურცლოვანი ჰიდროსაიზოლაციო ფენა (ბიკროსტი). გუმბათის ნახევარსფეროს გარე გარსსა და ხის კოჭებს შორის სიცარიელეა, რაც ჰაერის იზოლაციის შრეს ქმნის. 

გუმბათისგან განსხვავებით, ცარიელი სივრცეები ამოივსო ტაძრის გადახურვის ყველა ნაწილში, აფრებზე, მკლავებზე, ნართექსზე და ეკვდერებზეც. აქ არ არის დატოვებული ჰაერის შრე, რომელიც იზოლაციას ბუნებრივად შექმნიდა, როგორც ეს გუმბათის შემთხვევაში მოხდა.

გუმბათის ქვედა ნაწილში, რომელსაც აფრები ეწოდება, სიცარიელე შევსებულია პემზის ქვის ფენით. შემდეგ მოწყობილია კირის 10-12 სმ სისქის ფენა. ამ გადახურვაზე იზოლაცია საერთოდ არაა გამოყენებული. 

მკლავების სახურავის ქვეშაც დიდი არეულობაა. ერთ მხარეს პემზაა შემავსებლად გამოყენებული, მეორე ნაწილში ქაფ-ბეტონი. ამ ფენის ზემოთ მოთავსებულია კირის ფენა (არმატურის გარეშე), შემდეგ თხევადი იზოლაციის ფენა. შემდეგ ისევ არმირებული კირის ფენა და ბოლოს ისევ თხევადი იზოლაციის ფენა. 

ამ სტილში მოეწყო ეკვდერების საიზოლაციო ფენაც. სახურავქვეშა სიცარიელეები კვლავ პემზისა და კირ-დუღაბის ხსნარით შეივსო.

“სავარაუდებელია, რომ ფასადების ზედა მონაკვეთების დანესტიანება/დასველება უკავშირდება კრამიტების დაზიანებას და ჰიდროსაიზოლაციო ფენა ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული გადახურვიდან წყლის ინფილტრაციის პრევენციას. შედეგად, კედლის სტრუქტურაში ხვდება წყალი, თუმცა ჰიდროსაიზოლაციო ფენის არსებობის გამო ვერ ხდება მისი აორთქლება და გამოსასვლელს პოულობს კედლის ზედაპირზე,” – წერია სააგენტოს ანგარიშში. 

sKvyg0MpytZ3Rm1AQoLgG6GA5D13YvuaDubSUTkFFpF rT8OQob1bLd7YL338munzwcrIk60OPHUG74 DYKUnXlpIrHl2t2FIWCaLzdt08Ti6MD6B2uR7JYkej9LjZiUdGr Lst
ფოტო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან

სააგენტოს დასკვნითვე გამოდის, რომ ჰიდროიზოლაცია იწვევს ინტერიერის დანესტიანებას. ჰიდროიზოლაცია ისეა გაკეთებული, რომ მხატვრობის წყლისგან დაცვის ნაცვლად, პირიქით, მის დაზიანებას უწყობს ხელს. პროექტში არც ეს რისკი იყო დეტალურად გაანალიზებული და გათვლილი. 

ცნობილ იტალიელ ექსპერტს, ძველი ნაგებობების წყლისა და ნესტისგან დაცვის სპეციალისტს, იპოლიტო მასარის “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” 2020 წლის ზაფხულზე, მას შემდეგ მიმართა, რაც გელათზე ლურჯი ტენტის გადაფარებამ საზოგადოება აღაშფოთა. 2020 წლის სექტემბერში მასარიმ კომპანიას სამუშაო დოკუმენტი გამოუგზავნა, სადაც განხილულია გელათზე ჩატარებული სამუშაოები. 

“კრამიტის დაწყობა უშუალოდ კირის ხსნარზე ან ხის ფიცარზე, კონკრეტულად გელათის შემთხვევაში, შესაძლოა არ იყო მიზანშეწონილი სხვადასხვა მიზეზით:

  • შეუძლებელია მოხდეს სახურავის საჭირო დონეზე გადმოშვერა ფასადების და ჩარჩოების პროფილის შესაბამისად;
  • კრამიტზე და საიზოლაციო ფენაზე დაგროვილი წყლის პირდაპირი ჩამოდინება;
  • პროგრესული გაჟღენთვა, რომელიც გამოწვეულია კრამიტის საფუძვლად გამოყენებული კირის შრეში ჩარჩენილი წყლის აორთქლების შეუძლებლობით.

აღნიშნული დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილი იქნება კრამიტი მოთავსდეს გარდიგარდმო ხის ფიცრებზე, რომლებსაც იჭერს სხვა გრძივი ხის ფიცრები, ქვის გადახურვის ანალოგიურად,” – წერია მასარის გამოგზავნილ დოკუმენტში.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მთლიანი გადახურვის საპროექტო დოკუმენტაციას უცხოელი ექსპერტების ხელში რომ გაევლო, იქნებ უკეთესი შედეგიც გვქონოდა დღეს: არც ლურჯი ტენტი დაგვჭირვებოდა და არც უძველესი მხატვრობა დაზიანებულიყო. როგორც ჩვენი წინა სერიიდან იცით, მიუხედავად იმისა, რომ გელათი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის, მისი გადახურვის საპროექტო დოკუმენტაციას არც საერთაშორისო იკომოსის და არც იუნესკოს ხელში არ გაუვლია.  

მხატვრობა და ინტერიერი მხოლოდ გელათის მთავარ ტაძარში არ ზიანდება. იგივე პრობლემები აქვს კომპლექსში შემავალ წმინდა გიორგის ტაძარსაც.

წმინდა გიორგის ეკლესიაში სამუშაოები ამ თანმიმდევრობით მიმდინარეობდა: 

2010 წელი – ეკლესიაში კედლის მხატვრობის კონსერვაცია იმ მიზნით ჩატარდა, რომ სახურავის დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მხატვრობა არ დაეზიანებინა;

2012 წელი – ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” ეკლესიის გუმბათის თუნუქის სახურავი მოჭიქული, მწვანე, თიხის კრამიტით შეცვალა;  

2017 წელი – გადახურეს წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველი და მკლავების ნაწილი მწვანე კრამიტით; 

2018 წელი – შპს “იკორთა 2007”-მა ეკლესიის მკლავების დარჩენილი ნაწილის მწვანე კრამიტით გადახურვა დაიწყო. 

ნიკა ვაჩეიშვილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სწორედ მაშინ ხელმძღვანელობდა, როცა წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათის სახურავის შეცვლა დაიწყეს. ამ დროს გელათის კომპლექსში შემავალ ყველა შენობას თუნუქის სახურავი ჰქონდა. წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათზე კი ის კრამიტი გამოიყენეს, რომელიც ისტორიულად ქართულ ტაძრებს ფარავდა. 

პირველ ეტაპზე მხოლოდ გუმბათი გადახურეს და ამ სამუშაოს ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობა” ასრულებდა. სწორედ ამ ორგანიზაციას ეკუთვნის გელათის კომპლექსის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია. მათ შორის მთავარი ტაძრის გადახურვის პროექტი, რომლის ხარვეზების აღიარება სააგენტოს ახლა ირიბად მაინც უწევს. 

მთავარი ტაძრის მსგავსად, წმინდა გიორგის ეკლესიის შემთხვევაშიც საპროექტო დოკუმენტაცია არ და ვერ უზრუნველჰყოფდა სამუშაოების წარმატებულად შესრულებას. რადგან, რიგ შემთხვევებში, საპროექტო დოკუმენტაცია უბრალოდ არ არსებობდა. მაგალითად, აი, ეს შემთხვევაც გამოდგება.  

2012-2013 წლებში “საქართველოს მემკვიდრეობამ” წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათი კრამიტით გადახურა. ქვედა ნაწილებზე, ე.წ. მკლავებზე კი ძველი, თუნუქის სახურავი დარჩა. 2016 წელს გადაღებულ ფოტოში ჩანს, რომ საკურთხევლი და მის მიმდებარედ არსებული მკლავების ნაწილი კრამიტით არაა დახურული. 

2018 წელს ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” მოამზადა წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია. აქ ჩასმულია ფოტო, რომელიც გვიჩვენებს, რომ საკურთხეველი და მკლავების ნაწილი კრამიტითაა დაფარული. 

sJm0yExte nlaluFBbKQj6OLch8Atfa13GZ7eD458Re186mrPH5rxsKWMPTqpEiBRo4C5kw0XvcUMQ5TEu eY9KlB83e3zSuwhOof5bv4dw0yeKd8QAwX56JGrvF65wtp7aOGLT1
2018 წლის ფოტო 

საპროექტო  დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ გუმბათი, საკურთხეველი და მკლავების ნაწილი 2012 წელს გადაიხურა. ეს, როგორც ფოტოები მოწმობს, ფაქტობრივი შეცდომაა. 

კახა ტრაპაიძე, ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობის” ხელმძღვანელია. ეს ორგანიზაცია ამზადებდა გელათის კომპლექსის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციას და წმინდა გიორგის ეკლესიის გუმბათიც გადახურა. ტრაპაიძემ გვითხრა, რომ არ ახსოვს, 2012 წელსვე, გუმბათთან ერთად გადაიხურა თუ არა საკურთხეველი და მკლავების ნაწილი. ამიტომ, სჯობს, 2018 წელს მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციას ენდოთო. 

რატომ გასცა სააგენტომ ნებართვა, რომ შესაბამისი პროექტისა და სათანადო დაგეგმვის გარეშე გადახურულიყო წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხეველი და მკლავების ნაწილი? ან რა უძღოდა წინ ამ სამუშაოებს? სააგენტომ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. 

მეორე ეტაპზე, როდესაც წმინდა გიორგის ეკლესიის მთლიანი გადახურვა დადგა დღის წესრიგში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, შპს “იკორთა 2007”-მა მიიღო. ეს ის კომპანიაა, რომელიც გელათის მთავარი ტაძრის სახურავს 2014 წლიდან აკეთებდა. 

არადა, შპს “იკორთა 2007” სააგენტოსთან 2007 წლიდან თანამშრომლობს და ათეულობით ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი აქვს შესრულებული. ნიკა ვაჩეიშვილს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს ვკითხეთ, რატომ და როგორ მიაბარა სააგენტომ მსოფლიო მნიშვნელობის გელათი ამ კომპანიას. 

მისი თქმით, სააგენტომ კახა ტრაპაიძეს მაშინ მისცა უფლება, თავად შეერჩია სამუშაოების შემსრულებელი და “იკორთა 2007” ასე აღმოჩნდა გელათში. მას შემდეგ ტრაპაიძე და “იკორთა” გელათში ერთად საქმიანობენ. 

საინტერესოა, რატომ აირჩია წმინდა გიორგის ეკლესიის სახურავის შესაკეთებლად სააგენტომ 2018 წელს ისევ “იკორთა-2007,” მაშინ როცა ამ კომპანიის მიერ გადახურულ მთავარ ტაძარს ამ დროს უკვე ჰქონდა პრობლემები. 2016 წელს გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში წყალი ჩადიოდა. ამას მედიაც აქტიურად აშუქებდა და სააგენტოსაც უნდა სცოდნოდა, რადგან მათი ინსპექტორები და პროექტის საავტორო გუნდი გელათში მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებოდნენ. 

პასუხი ამ კითხვაზე სააგენტოსგან ისევ ვერ მივიღეთ. 

ამ ვითარებაში დაიწყო “იკორთა-2007”-მა წმინდა გიორგის ეკლესიის შეკეთება,  რომლისთვისაც ჩვენ ბიუჯეტიდან 200,000 ლარი გადავიხადეთ. პროექტში წმინდა გიორგის ეკლესიის შეკეთებაზე მხოლოდ ეს ჩანაწერია: “გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის წინა ეტაპზე დაწყებული წმინდა გიორგის ეკლესიის მოჭიქული კრამიტით გადახურვის სამუშაოების დასრულება, რაც ითვალისწინებს გადახურვის დარჩენილ ფართობზე ამორტიზირებული თუნუქის საბურველის მოხსნას, ბურულქვეშა ხის კონსტრუქციის დაშლა-გატანას, დაზიანებული ლავგარდანის აღდგენა-რესტავრაციას, ბურულქვეშა სივრცეების შევსებას მსუბუქი შემავსებლით და ახლად დამზადებული მოჭიქული კრამიტის საბურველის მოწყობას. “

სხვა, უფრო დეტალური განმარტება იმაზე, თუ ეს სამუშაოები როგორ უნდა ჩატარდეს, რა მეთოდოლოგიით, არსად გვხვდება. 

საპროექტო დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი, თუ როგორ უნდა ამოივსოს კედლის ბზარები და სახურავის კედელთან შეერთების ადგილები, ან როგორ უნდა დალაგდეს კრამიტი სახურავზე, ან რა მასალითა და მეთოდოლოგიით უნდა მოეწყოს სახურავის ქვეშ ჰიდროსაიზოლაციო ფენა, რომელიც წყალს უძველეს მხატვრობამდე არ ჩაუშვებს. 

ახლა კი რა რეალობაა წმინდა გიორგის ეკლესიაში? 

კრამიტებს შორის ამოვსებული ნაპრალებიდან შემავსებელი ალაგ-ალაგ ამოცვენილია; კრამიტი დამაგრებულია დაჟანგული სამსჭვალებით, არადა, უჟანგავი უნდა გამოეყენებინათ; კედლებთან გადახურვის შეერთების ადგილები შევსებულია კირით, რომელიც ალაგ-ალაგ დაბზარულია და როგორც ჩანს, ინტერიერში წყალს უშვებს. 

ეკლესიის ინტერიერში კი მხატვრობა ნესტიანდება და თანდათან დაბლა ცვივა კიდეც. 2020 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე სააგენტოს ჯგუფი გელათში მდგომარეობის შესაფასებლად ჩადიოდა. იმდროინდელ  ანგარიშში წერია, რომ 2017-2018 წლების მდგომარეობასთან შედარებით, წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობა გაუარესებული იყო ექვს ადგილას. Სააგენტოს წარმომადგენლებმა მხატვრობის ეს მდგომარეობა ე.წ. Ხარაჩოს გარეშე, ქვემოდან შეამჩნიეს. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მხატვრობას კონსერვაცია 2010 წელს სწორედ იმიტომ ჩაუტარდა, რომ სახურავის შეცვლისას კიდევ უფრო არ დაზიანებულიყო. 

ym5pne DoVhCM20MF loQMT2pMeIFYPJmdCH AddwvgH1bO NXFjjypN7q0F6HDp155ya8CVbCeRRCjhfsnTMbxMlcA3wPl3OzEOyoK

მთავარი  ტაძრის მსგავსად, წყალსაწრეტი სისტემა არც წმინდა გიორგის ეკლესიაზეა მოწყობილი. შესაბამისად, ნალექის დროს წყალი პირდაპირ კედლებზე ჩამოედინება. სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ამ საკითხზე ზედაპირულადაა საუბარი. 

ეთო ედიშერაშვილი გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომელია. ის და მისი კოლეგები წლებია, გელათის საგას თვალს ადევნებენ და იბრძვიან, რომ პროცესი მეტად გამჭვირვალე და სამართლიანი გახდეს. ედიშერაშვილი  გვიყვება, რა პრობლემების წინაშეა დღეს წმინდა გიორგის ეკლესია და მის კედლებზე აქამდე შემორჩენილი XVI საუკუნის ფრესკები.

“ჩვენი ვიზიტებისას ივლისსა და სექტემბერში წმინდა გიორგის ეკლესიის ინტერიერში თითქმის იგივე ტიპის დაზიანებები აღინიშნებოდა კედლის მხატვრობაზე, რაც ღვთისმშობლის შობის ტაძარში. სურათის ასეთი მსგავსება მით უფრო გასაკვირი იყო, რომ ვიცოდით, წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობის კონსერვაცია გადახურვების რეაბილიტაციის დაწყებისას შესრულდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო:  გამუქებული ნესტის ლაქები და ნესტის სუნი ეკლესიაში; მხატვრობის ბიოლოგიური დაზიანებები და მხატვრობის მცირე ნაწილაკების ცვენა,” – აღგვიწერს ნანახს ედიშერაშვილი. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ცოცხალი თავით არ აღიარებს, რომ წმინდა გიორგის სახურავსაც ის პრობლემები აქვს, რაც მთავარ ტაძარს. მათი აზრით, კედელზე ჩამოსული წყალი ასველებდა საძირკველს, რაც ნესტის სახით კედლის ინტერიერში გამოდიოდა, მაგრამ საძირკვლიდან გამოსული ნესტი როგორ აზიანებს კედლის თავში, ჭერთან არსებულ მხატვრობას, გაუგებარია. Მათივე ანგარიშში მოცემული დაზიანებული ადგილები ეკლესიის ძირიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზეა, სახურავთან ახლოს. 

თუმცა, სააგენტო აღიარებდა ეკლესიაში არსებულ არასახარბიელო კლიმატურ პირობებს, რომელიც მხატვრობას საფრთხეს უქმნის. კლიმატური პირობები აშკარად 2017-2018 წლებში შეიცვალა, რის შემდეგაც დაიწყო მხატვრობის დაზიანების პროცესი. თავის ანგარიშშიც სააგენტოს ჯგუფი წერს, რომ ამ პერიოდის შემდეგ გაუარესდა მხატვრობის მდგომარეობა ექვს ადგილზე.  

აქ ერთი საკითხია საგულისხმო: ბოლო დრომდე სააგენტო მთავარი, ღვთისმშობლის შობის ტაძრის გადახურვის პრობლემას მთლიანად კრამიტის ხარისხსს აბრალებდა. ამბობდნენ, რომ სამუშაოების შემსრულებელმა კრამიტის ხარისხი მათთან შეუთანხმებლად შეცვალა და ხელით დაწნეხილი კერამიკული კრამიტის ნაცვლად ჩამოსხმული გამოიყენა. წმინდა გიორგის ეკლესიის გადახურვაზე კი ხელით დაწნეხილი კრამიტია გამოყენებული, მაგრამ პრობლემები მაინც არსებობს. გამოდის, რომ კრამიტი არაა გადამწყვეტი. 

თუ სააგენტო წმინდა გიორგის გადახურვის პრობლემას აღიარებს, გამოდის, რომ კრამიტის არგუმენტი ხელიდან ეცლებათ. მაშ, რაშია საქმე თუ არა კრამიტში? 

როგორც წინა ნაწილში მოგიყევით, მთავარ ტაძარზეც კრამიტი დალაგებულია კირ-დუღაბის ხსნარზე და მის ქვეშ იზოლაცია დაუგეგმავად არის გაკეთებული. წმინდა გიორგის ეკლესიაშიც ეს ნაწილია პრობლემური. 

აქაც კირ-დუღაბი გამოიყენეს კრამიტის დასამაგრებლად და სახურავის ქვეშ სიცარიელეც 30 მ3 კირ-დუღაბით შეავსეს. 

ცნობილ იტალიელ ექსპერტს, ძველი ნაგებობების წყლისა და ნესტისგან დაცვის სპეციალისტს, იპოლიტო მასარის “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” 2020 წლის ზაფხულზე, მას შემდეგ მიმართა, რაც გელათის მთავარ ტაძარზე ლურჯი ტენტის გადაფარებამ საზოგადოება აღაშფოთა. 2020 წლის სექტემბერში მასარიმ კომპანიას გამოუგზავნა სამუშაო დოკუმენტი, სადაც განხილულია გელათზე ჩატარებული სამუშაოები. 

“კრამიტის დაწყობა უშუალოდ კირის ხსნარზე ან ხის ფიცარზე, კონკრეტულად გელათის შემთხვევაში, შესაძლოა არ იყო მიზანშეწონილი სხვადასხვა მიზეზით:

  • შეუძლებელია მოხდეს სახურავის საჭირო დონეზე გადმოშვერა ფასადების და ჩარჩოების პროფილის შესაბამისად;
  • კრამიტზე და საიზოლაციო ფენაზე დაგროვილი წყლის პირდაპირი ჩამოდინება;
  • პროგრესული გაჟღენთვა, რომელიც გამოწვეულია კრამიტის საფუძვლად გამოყენებული კირის შრეში ჩარჩენილი წყლის აორთქლების შეუძლებლობით.

აღნიშნული დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილი იქნება კრამიტი მოთავსდეს გარდიგარდმო ხის ფიცრებზე, რომლებსაც იჭერს სხვა გრძივი ხის ფიცრები, ქვის გადახურვის ანალოგიურად,” – წერია მასარის გამოგზავნილ დოკუმენტში.

წმინდა გიორგის ეკლესიაზე შპს “იკორთა 2007“-ის მიერ შესრულებული სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოთხმა თანამშრომელმა 2018 წლის 24 დეკემბერს ჩაიბარა. დოკუმენტში წერია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ. 

HqExABcJw01jaIQhk9dkil1 bL08 cLFSyzmnkOHFUdEUtSXouIwVpRF8HsbsC9LXDuK7 VjCG80QB1ID54km pdbL626Y338of31uTVInB dnFDKcmo6TFRP3os1znH3q6RQ987

მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ და ვერ ექნებათ, რადგან ისინი ერთი სისტემის ნაწილი არიან.

სააგენტოს სისტემა 

სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2008 წელს შეიქმნა. ამჟამად ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 

სააგენტოს დებულებით განსაზღვრულია მისი ძირითადი ფუნქციები:

  • კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, პოპულარიზაცია (მათ შორის უცხოეთში) და მოვლა-პატრონობა (მათ შორის უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით); 
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა, ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებისა და დოკუმენტაციის შემუშავება;
  • ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება; 
  • სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება; 
  • საგანმანათლებლო საქმიანობა კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი და დარღვევათა გამოვლენა. 

2015 და 2019 წლებში სააგენტოს დებულებაში გარკვეული მუხლები შეიცვალა, მაგრამ ძირითად ფუნქციებსა და საქმიანობის მიმართულებებს ეს ცვლილება არ შეეხო. ამჟამადაც, ბოლო დებულების მიხედვით, სააგენტოს კვლავ აქვს უფლება, ერთდროულად იყოს დამკვეთიც, სამუშაოს შემსრულებელიც და შემდეგ შემმოწმებელიც. 

“ეს საბჭოთა სისტემაა. მაშინ იყო ყველაფერი ერთი სტრუქტურის, ძეგლთა დაცვის სამმართველოს ხელში – ადმინისტრირებაც, კვლევაც და წარმოებაც. 2000-ანი წლებიდან იმედისმომცემი პროცესები დაიწყო, მას მერე, რაც ადმინისტრაციული ფუნქციის გამოცალკევების ტენდენცია გამოიკვეთა. შემდეგ შეიქმნა ეს სააგენტო, რომელიც ისევ საბჭოთა ძეგლთა დაცვას დაემსგავსა, ოღონდ უკონტექსტო და ქაოტური ფუნქციებით. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ის ამ ფორმით ეფექტური ვერ იქნებოდა. არსებითია, რომ სააგენტოს მკაფიოდ გამოხატული ადმინისტრაციული ფუნქცია ჰქონდეს. ძალიან უხეშად: მას უნდა ჰქონდეს ფონდის ფუნქცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში კონკურსებს წარმართავს და პროექტებს აფინანსებს, შემდეგ კი სამუშაოების ხარისხს და თანხის ხარჯვას აკონტროლებს. შესაძლოა, დარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების ვალდებულებაც ჰქონდეს. დანარჩენი ფუნქციები სხვაგან უნდა იყოს, ნაწილი სხვა ინსტიტუციებში, ნაწილი საკონკურსოდ. ახლა ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებთან, პოპულარიზაციასთან, სამეცნიერო კადრების და სახელმძღვანელოების მომზადებასთან  და კიდევ უამრავ სხვა ამოცანასთან, სააგენტოს მთავარი ვალდებულება – ძეგლთა დაცვა, სულ ჩაიკარგა. დებულებაში ჩამოთვლილი ფუნქციები რომ ჩვენში ძეგლთა დაცვითი საქმიანობის ხარისხზე არ ასახულა, ამას გელათის შემთხვევაც გვიჩვენებს. არც რამე რგოლია გარეთ, სააგენტო რომ დააბალანსოს და მისი პროფესიული გადაწყვეტილებები გადაამოწმოს,” – გვიზიარებს თავის მოსაზრებას მზია ჯანჯალია, რომელიც  ხელოვნების ისტორიკოსი და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია. ჯანჯალია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ფერწერის სექციის წევრიცაა. გელათის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის პროცესს პირველივე დღეებიდან აკვირდება და ინტერესთა კონფლიქტს ნათლად ხედავს. 

გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ამ ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე: “ჩანაწერი დაკონკრეტებული არ არის. გამორიცხულია, რომ სააგენტომ თავად აწარმოოს ასეთი სამუშაოები. მე გიხსნით, რა იგულისხმება განხორციელებაში. ამაში კანონი გულისხმობს ფინანსური რესურსის გამოყოფას და შემდეგ მის კონტროლს.”

ანთიძის პოზიციას ზურგს ვერ უმაგრებს სააგენტოს აქტივობა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ჩვენ ვიპოვეთ სააგენტოს თანამშრომლების მიერ შექმნილი სხვილოს ციხის, შატილის, უფლისციხის, უჯარმისა და სხვა ძეგლების რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტები. თავიანთ ფეისბუქის გვერდზეც გვაუწყებენ, რომ სააგენტოს თანამშრომლები თავად ქმნიან პროექტებს. თუმცა, ამავდროულად, ზოგიერთი პროექტის შესაქმნელად ტენდერს აცხადებენ და დამოუკიდებელ კომპანიას ანდობენ ამ საქმეს. 

მას შემდეგ, რაც სააგენტოს თანამშრომლები პროექტს შექმნიან, სააგენტო აცხადებს ტენდერს ძეგლის რეაბილიტაციის მიზნით. გამარჯვებული კომპანია ძეგლს აახლებს სააგენტოს მიერ მიწოდებული პროექტის შესაბამისად. შემდეგ კი შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებენ და იბარებენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებმაც საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადეს.მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დოკუმენტებში შედარებით მარტივად ვიპოვეთ, რომ სამთავროს არქეოლოგიური ველის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი სააგენტოს თანამშრომელმა გ. კობეშავიძემ შეასრულა და შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტსაც მოაწერა ხელი. უფლისციხის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია  გიორგი სოსანიძემ მოამზადა და მიღება-ჩაბარებასაც მოაწერა ხელი. გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის დოკუმენტაცია გიორგი სოსანიძემ და გ. ჯვარიძემ მოამზადეს და მიღება-ჩაბარების ოქმზე, სააგენტოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, მათი ხელმოწერებიცაა. 

სულხან სალაძე იურისტი და კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის მკვლევარია. Ბოლო წლებში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია) ხელმძღვანელობდა. Მისი აზრით, ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის პირდაპირი ფორმა არ გვაქვს, თუმცა ეთიკური დილემა მაინც დგას: “როცა მე ვქმნი პროექტს და მერე მევე ვამოწმებ ამ პროექტის მიხედვით ჩატარებულ სამუშაოს, ჩნდება ასეთი საფრთხე, რომ თუ დავალება სწორად არ იყო მიცემული და პროექტი იყო ხარვეზიანი, შემმოწმებელი სამუშაოებს წუნს ვერ უპოვის. უბრალოდ, არაფერს იტყვის.”

გელათის ამბავიც მსგავსი სცენარით წარიმართა. სააგენტოსთან დაახლოებულ პირთა მიერ მომზადებულ პროექტს ბევრი წუნი აღმოაჩნდა. ამას სააგენტოც კი აღიარებს, ოღონდ ირიბად. პროექტის ხარვეზებზე ჩვენ გამოძიების პირველ ნაწილში ვრცლად გიყვებოდით. თუმცა, პროექტის თანაავტორთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა. 

გელათის რეაბილიტაციის პროექტი შექმნა, ერთი შეხედვით, სააგენტოსგან დამოუკიდებელმა კომპანიამ, ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ.” თუ ამ ორგანიზაციის საქმიანობას ჩავუღრმავდებით და დოკუმენტებსაც ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ კომპანიასთან სააგენტოში დასაქმებულები აქტიურად თანამშრომლობენ. 

მაგალითად, 2014 წელს მომზადებული გელათის რეაბილიტაციის პროექტის თანაავტორები იყვნენ გიორგი გაგოშიძე, გიგლა ჭანუყვაძე და გიორგი სოსანიძე. გაგოშიძე ახლა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსია. სოსანიძე სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის უფროსია. ჭანუყვაძე იმ დროს ნებართვების და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის მთავარი კოორდინატორი იყო. 

2017 წელს მოწამეთის რეაბილიტაციის პროექტიც ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” შექმნა. ამ პროექტში მონაწილეობს სააგენტოს სამი თანამშრომელი, გიორგი სოსანიძე, გიგლა ჭანუყვაძე და გიორგი გაგოშიძე. 

სააგენტოს დებულება არაფერს ამბობს თანამშრომელთა შორის ინტერესთა კონფლიქტზე. სისტემა ამას დასაშვებად მიიჩნევს. 

ამ შემთხვევებში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს ვერც ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს დირექტორი. მისი თქმით, ამ ადამიანებს არ აქვთ საჯარო მოხელის სტატუსი და მათზე არ ვრცელდება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. გარდა ამისა, ანთიძის თქმით, სააგენტოს თანამშრომლებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება აქვთ. 

სულხან სალაძე კი თვლის, რომ კანონი, შესაძლოა, ამ საქმიანობას დასაშვებად მიიჩნევს, მაგრამ ეს პროფესიულ ეთიკას ეწინააღმდეგება: “ერთი მხრივ, ეს ხალხი ამ საქმეს აკეთებდეს სააგენტოს თანამშრომლის სტატუსით და მეორე მხრივ, რომელიმე კომპანიის სახელით, არის გაქანებული ინტერესთა კონფლიქტი. საჯარო მოხელეობაზე არ გადის აქ ზღვარი, წმინდად ეთიკური კუთხითაც რომ შეხედო, იმის ალბათობა, რომ ვიღაცამ თეთრზე თქვას შავიაო და შავზე თქვას, თეთრიაო, ყოველთვის მეტია ასეთ შემთხვევებში. ერთადერთი ორგანო, რომელიც  ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზეა პასუხისმგებელი, არის სააგენტო და ეს ხალხი მას თანამშრომლებად ერიცხება. გელათის ამბავში რაც უფრო სიღრმეში მივდივართ, მით მეტად ვხედავთ სისტემის პრობლემებს.” 

ამას ისიც ერთვის, რომ ამ დარგის სპეციალისტები ცოტაა ქვეყანაში და ინტერესთა კონფლიქტი, შესაძლოა, თვითნებურად წარმოიშვას, თუკი ამას სისტემა ვერ დაარეგულირებს. გელათის დაზიანებები კი მოწმობს, რომ ამას სისტემა ვერ არეგულირებს. 

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის რეაბილიტაციის დროს, გელათის შემთხვევაშიც, საპროექტო დოკუმენტაციას სააგენტო განიხილავს და ამტკიცებს. ამ პროცესში, სხვადასხვა მიმართულების განსახილველად ჩართულია საბჭოები, რომელიც შედგება როგორც სააგენტოს თანამშრომლებისგან, ისე დამოუკიდებელი ექსპერტებისგან. 

მაგალითად, გელათის საპროექტო დოკუმენტაცია 2014 წელს დაამტკიცა “წინარექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექციამ,” რომელშიც სააგენტოს 6 თანამშრომელი და 4 დამოუკიდებელი, მოწვეული სპეცილისტი მონაწილეობდა. 

სააგენტოს თანამშრომელთა შორის, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ და აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდათ, იყო გიორგი გაგოშიძეც. მას, ამ შემთხვევაში, პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, რადგან პროექტის მომზადებაშიც მონაწილეობდა.  

“სისტემა სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე იყვნენ ჩართულნი. ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, როგორც პროექტირებაში, ისე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგში. ამასთან როგორც საბჭოებისა და სექციების წევრები, ისინი პროექტების განხილვასა და დამტკიცებაშიც მონაწილეობენ. ცხადია, საბჭოებში სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც სააგენტოს ინტერესს წარმოადგენს. რა მნიშვნელობა აქვს ასეთი საბჭოების მუშაობას, თუ რეალურად კონტროლის მექანიზმია მოშლილი?“ – საგულისხმო კითხვას სვამს მაკა ბულია, ჩუბინაშვილის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ფერწერის სექციის წევრიცაა. 

ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს დირექტორი კი ვერც იმაში ხედავს ინტერესთა კონფლიქტს, რომ პროექტის ერთ-ერთი ავტორი სექციის სხდომაზე მსჯელობდეს პროექტის ავკარგიანობაზე: “თუ მას აქვს არგუმენტაცია, საბჭოს უზიარებს ინფორმაციას, რა კვლევა ჩაატარა და როგორ და მერე საბჭოც დაეთანხმება, ეს რატომაა ცუდი? აქ რა არის ინტერესთა კონფლიქტი? ინტერესთა კონფლიქტი მაშინ იქნებოდა, თუ ეს ადამიანები მონაწილეობენ ისეთი პროექტის შემქნაში, რომელიც დაფინანსებულია სააგენტოს მიერ.” 

სააგენტოს პროექტების განხორციელებაში ფონდი “ქართუ” ყოველწლიურად ეხმარება. ფონდი აფინანსებს ძეგლების რეაბილიტაციის პროცესსაც და მათი განახლებისთვის საჭირო პროექტების მომზადებასაც. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც სააგენტოს ეთქმის, რადგან ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე ნებართვა მათ უნდა გასცენ. ამ პროცესში ჩართულია სექციებიც, რომელიც სააგენტოს რამდენიმე აქვს, მაგალითად არქიტექტურის მიმართულებით, სტრატეგიული საკითხების დარგში და ა.შ. სექციის წევრების მიერ პროექტის შეფასება და რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ხასიათის და სააგენტოს ან სამუშაოს შემსრულებელს/ავტორს შეუძლია არც გაითვალისწინოს.

სარეაბილიტაციო დოკუმენტაციის დამტკიცების შემდეგ იწყება სამუშაოების პროცესი. გელათის შემთხვევაში, სექციის რეკომენდაცია იყო, რომ სამუშაოებისთვის პროექტის საავტორო ჯგუფს მუდმივი მეთვალყურეობა გაეწია. 

ვინ შედიოდა საავტორო ჯგუფში, ანუ ვის უნდა ედევნებინა თვალყური გელათის რეაბილიტაციისთვის? – საავტორო ჯგუფად იწოდება კომპანია, რომელმაც ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია შექმნა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა. 

გამოძიების პირველ ნაწილში გთხოვეთ, რომ კახა ტრაპაიძის სახელი და გვარი დაგემახსოვრებინათ. ახლა ვრცლად მოგიყვებით ადამიანზე, რომელიც გელათის ამბავში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობდა და დღემდე თამაშობს. 

კახა ტრაპაიძე შევარდნაძის დროს კულტურის სამინისტროში მუშაობდა. 2000-ანი წლების დასაწყისიდან არის სამხატვრო აკადემიის კანცლერი. 2002-2004 წლებში იყო ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამინისტროდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე თვე, ეროვნულ მუზეუმში მუშაობდა.

ტრაპაიძემ 1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 2013 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიის დოქტორანტურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის განხრით.

2007 წელს მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობა,” რომლის მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ჩატარდა გელათზე სამუშაოები. 

ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობა” სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. მათ 2011 წლიდან დღემდე სააგენტოსგან 35 სახელმწიფო შესყიდვა აქვთ მიღებული, ჯამში, 8.7 მილიონი ლარის ღირებულების. 

ტრაპაიძე ასევე არის ა(ა)იპ “ბაგინეთი+”-ის გამგეობის წევრი. ორგანიზაცია 2009 წელსაა დაფუძნებული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან 353 ათას ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული. 

იანვარში “ბაგინეთი+”-ს დაევალა გელათის დროებითი გადახურვის მოწყობაზე თვალყურის დევნება. სამუშაოების შესრულება კი ისევ “იკორთასა” და “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” ვალდებულებაა. 

ანუ, ასე გამოდის, რომ ტრაპაიძე, რომელიც ამ დრომდე 8 წელი აკვირდებოდა გელათში მიმდინარე სამუშაოებს, არ იცვლება. ახლა სამუშაოებს მეთყვალყურეობას ისევ მისი კომპანია გაუწევს. 

კახა ტრაპაიძის სახელი გელათს 2008 წლიდან დაუკავშირდა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალი შექმნილი იყო. მას ნიკა ვაჩეიშვილი ხელმძღვანელობდა. 

ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ტრაპაიძე მან მოიწვია გელათის პროექტზე სამუშაოდ, რადგან ენდობოდა მისი, როგორც სამხატვრო აკადემიის თანამშრომლის კვალიფიკაციას. 2008 წელს ტრაპაიძის ორგანიზაციის ავტორობით მომზადდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც დეტალურად აღწერდა ძეგლის იმჟამინდელ მდგომარეობას და მასზე აუცილებლად ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხას. 

გელათში ტრაპაიძე მარტო არ მისულა. ნიკა ვაჩეიშვილის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სააგენტომ კახა ტრაპაიძეს მაშინ მისცა უფლება, თავად შეერჩია სამუშაოების შემსრულებელი და “იკორთა 2007” ასე აღმოჩნდა გელათში. მას შემდეგ ტრაპაიძე და “იკორთა” გელათში ერთად საქმიანობენ. 

სწორედ “იკორთა-2007” ასრულებდა სამუშაოებს გელათის მთავარ ტაძარზე. მუშებიც, ინჟინრებიც, მშენებელ-კონსტრუქტორებიც ამ კომპანიის მიერ იყო დაქირავებული.

თუმცა, “იკორთა” სამუშაოებზე ოფიციალურად პასუხისმგებელი სააგენტოს წინაშე არაა. ეს კომპანია ამ სამუშაოს შესასრულებლად ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” დაიქირავა. 

2014 წლიდან სწორედ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრია” სამუშაოების ოფიციალური შემსრულებელი და კონტრაქტორი. ამ კომპანიამ მიიღო სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ნებართვები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან და დაფინანსება სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინსტიტუტისგან. 

ცენტრის დირექტორი, მაკა დვალიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შპს “იკორთა-2007” მათაც კახა ტრაპაიძის რეკომენდაციით დაიქირავეს. 

თუმცა, ახლა სააგენტო ცდილობს, რომ საკუთარ თავთან ერთად ტრაპაიძეც გადაარჩინოს, რადგან ხელი ხელს ჰბანს. 2014 წლის 12 დეკემბერს ტრაპაიძე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის თავმჯდომარე იყო. სწორედ ამ სხდომაზე სექციის წევრების უმრავლესობა, მათ შორის ტრაპაიძე, თანახმა იყვნენ, რომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღარ ჰქონოდა.

ახლა სააგენტოს პოზიცია ისაა, რომ კონტრაქტორმა გელათზე სამუშაო ხარვეზებით შეასრულა და საპროექტო დოკუმენტაციას და მონიტორინგის სისტემას პრობლემა არ ჰქონდა. სააგენტო რომ ტრაპაიძის მუშაობით კმაყოფილია, ისიც მოწმობს, რომ გელათის დროებითი გადახურვის სამუშაოების კონტროლი კვლავ მას მიანდეს. 

ტრაპაიძეს და სააგენტოს საქმიანი კავშირების გარდა კიდევ ერთი რამ აერთიანებთ. თამარ მელივა სააგენტოში იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტია. ის კახა ტრაპაიძის რძალია (შვილის ცოლი). თავად ტრაპაიძემ გვითხრა, რომ ეს ფაქტი მისთვის ინტერესთა კონფლიქტს არ ნიშნავს. 

2014-2018 წლებში მელივა გელათის პროექტზეც მუშაობდა. “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” სააგენტოს 2018 წლის დეკემბერში მოხსენებითი ანგარიში გაუგზავნა, სადაც წერია, რომ პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაზე მელივაც მუშაობდა. 

გელათზე მიმდინარე სამუშაოები ტრაპაიძის მეთვალყურეობის გარდა, სააგენტოსაც უნდა ეკონტროლებინა. შემსრულებელი კომპანიისგან ვიცით, რომ ძეგლს დროგამოშვებით სტუმრობდა სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფი. 

სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე გვეუბნება, რომ ინსპექტორებმა გელათის ჩრდილოეთ მკლავზე წყლის ჩასვლის ფაქტი 2016 წელსაც დააფიქსირეს და მაშინ გაფრთხილება მიეცა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, რომ ეს დაზიანებები აღმოფხვრილიყო. მიუხედავად ამისა, 2018 წელს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” კვლავ მისცეს ახალი ნებართვა უკვე ეკვდერების გადასახურად. ანთიძე ამას იმით ხსნის, რომ ეს კომპანია გამოცდილი, ავტორიტეტულია და ხარვეზის დაფიქსირება არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიას სამუშაოების ჩატარების უფლება უნდა შეუჩერდეს. 

“სააგენტო გელათში წყლის ჩასვლას ხარვეზს უწოდებს. ამაზე მეტი უტიფრობა რა გინდათ? წყლის ჩასვლით შეუქცევადი პროცესი რომ დაიწყო და ფერწერის დაზიანება სადამდე მივა რომ არ ვიცით, ეს არის თურმე ხარვეზი და მორჩა,” – ამბობს სულხან სალაძე.  

სააგენტოსგან ნოემბრიდან ვითხოვთ მათი გელათზე ინსპექტირების ოქმებს. გასულ კვირაში თავად ნიკოლოზ ანთიძე დაგვპირდა, რომ დოკუმენტებს მოგვაწვდიდნენ. მათგან დღემდე არ მიგვიღია შესაბამისი მასალა. ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს, რა წერია ოქმებში, რომელიც 2014-2018 წლებში შედგა. აღნიშნულია თუ არა ის დაზიანებები, რომელიც თვალსაჩინო ჯერ კიდევ 2016 წელს იყო. ან რატომ ვერ შეამჩნია სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფმა 2017 წელს ინტერიერსა და ფასადებზე დაზიანებების გააქტიურება? ამ დაზიანებებზე წერია სააგენტოს მიერ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მისიების ანგარიშში. დოკუმენტში განხილულია სააგენტოს მიერ მოწვეულ სპეცილისტთა მიერ გელათის დათვალიერების შედეგები და სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი პრობლემები. 

“ინსპექტირებას თუ აკეთებდნენ, ძეგლს აკვირდებოდნენ და მაინც ეს შედეგი მივიღეთ, ეს ნიშნავს რომ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებასთან და გულგრილობასთან გვაქვს საქმე. მე “საია”-ში ყოფნის დროსაც მივმართე პროკურატურას, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაეწყოთ. გელათის შემთხვევაში სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რაცაა ძეგლის დაზიანება და გულგრილობა. მათ კი საქმე ფინანსურ პოლიციას გადასცეს. თუ ფინანსურო პოლიციამ იქ იპოვის თანხის გაფლანგვის ან მისაკუთრების ფაქტს, ეს სხვა ამბავია. გელათის დაზიანება კი ცალკე უნდა იყოს გამოძიებული და ამ შემთხვევაში დადგება სააგენტოს პასუხისმგებლობა, ეს კი არ აწყობთ ახლა. ამ სისტემის ნაწილია ისიც, რომ არასდროს ხდება ძეგლების დაზიანების გამოძიება. არადა, ამ ბოლო დროს ამ ქვეყანაში იმდენი ძეგლი დაზიანდა, რამდენიც გნებავთ,” გვეუბნება სულხან სალაძე. 

სააგენტოს ეფექტიან საქმიანობაზე პასუხისმგებელი მისი გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძეა. მისი საქმიანობა ეფექტიანი რომ ვერ იქნებოდა, ამაზე საყდრისის ამბავიც მეტყველებდა. დირექტორის პოსტზე ანთიძე საყდრისის მოვლენებამდე დაინიშნა და მალევე საყდრისს ძეგლის სტატუსიც მოეხსნა. ამ გადაწყვეტილებით კომპანია rmg-ის კი მისი აფეთქების საშუალება მიეცა.  

ნიკოლოზ ანთიძე სააგენტოს თანამშრომელი იყო 2009 წლიდან. 1996 წელს დაამთავრა ჯავახიშვილის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, 2000 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიუხედავად იურიდიული განათლებისა, ანთიძე სააგენტოსა და მისი თანამშრომლების საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. ამიტომაც გადახურეს “შინაურობაში.”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
“სანთლით საძებარი” მთავრობა
tylapivake 2

“სანთლით საძებარი” მთავრობა

ზესტაფონში სოფელია ტყლაპივაკე, სადაც 800 ოჯახი ცხოვრობს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share