ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდი” თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ეროლ ავგორენმა 2015 წელს ააშენა. მის მიერ დაფუძნებული კომპანია, “მერსიმ ტურიზმი” ფლობდა “ლეოგრანდსაც” და ფლობს დღევანდელ “ველმონდს.” 2017 წლის ნოემბერში ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გაჩნდა. სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო 11 ადამიანი დაიღუპა.
ეროლ ავგორენის წინააღმდეგ თურქეთის პროკურატურა 2017 წელს 736-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ავგორენის გვარი თურქეთში გახმაურებული “მერსინის კორუფციის საქმეში” ფიგურირებდა. ავგორენს მერსინის მერთან, მაჯით ოზკანთან ერთად ბრალად ედებოდა სახელმწიფო ტენდერების გაყალბება, ქრთამის მიცემა, დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბება და მასში მონაწილეობა. გამოძიება 2015 წლის მარტში დაიწყო. 35 დაკავებულს შორის იყო მერსინის მერის შვილი, ძმები, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები და ბიზნესმენები. თურქული მედიის ცნობით, ეროლ ავგორენმა და მისმა შვილმა, თოლგამ საქართველოში გამოქცევა მოასწრეს და ამით პატიმრობას გადაურჩნენ.
“მერსინის კორუფციის საქმის” გამოძიება 2017 წლამდე გაგრძელდა. ბრალდებულებს შორის იყო ავგორენიც. გაზეთ “საბაჰის” ჟურნალისტის ცნობით, მერსინის მერი, მაჯით ოზკანი, თავის თანამზრახველ ავგორენთან ერთად გაიქცა. ისინი თურქეთში მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, როდესაც სასწაულებრივად, ბრალდებულების მოთხოვნის გარეშე, გაუქმდა მათ წინააღმდეგ მოქმედი დაკავების ორდერები. ჟურნალისტის თქმით, სწორედ ეს ამტკიცებს გავრცელებულ აზრს, რომ საქმის მოსაგვარებლად და პატიმრობის ასაცილებლად ორივემ ბევრი ფული გადაიხადა.
როგორც ჩანს, ავგორენს თურქული სქემების ცოდნა საქართველოშიც კარგად გამოადგა. ხანძრის შემდეგ ავგორენმა მთავრობასთან საერთო ენის პოვნა კვლავ მოახერხა. ამაზე მეტყველებს 2020 წელს გაფორმებული სამი ხელშეკრულება, რომელიც “მერსინ ტურიზმს” პირდაპირი წესით, კონკურსის გარეშე გაუფორმეს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა კომპანიას 2.7 მილიონი ლარი გადაუხადა კოვიდინფიცირებულების განსათავსებლად.
ავგორენმა საქართველოში ბიზნესი 2011 წელს, წინა მთავრობის პირობებში დაიწყო. პირველად შპს “მერსინ ტურიზმი” დააფუძნა. 3 დღეში ბათუმის მერიამ კომპანიას ქალაქის ცენტრში, 4 მილიონის ღირებულების 5,196 კვ.მ. მიწა (შენობა-ნაგებობებით) 1 ლარად გადასცა. კომპანიას ამ ტერიტორიაზე 2016 წლამდე 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა.
ავგორენის ბიზნესმა მთავრობის ცვლილებას ფეხი აუწყო. 2015 წელს აჭარის ეკონომიკის სამინისტრო სიამაყით საუბრობდა იმ 35-მილიონიან ინვესტიციაზე, რომელიც სასტუმრო “ლეოგრანდის” მშენებლობაში იხარჯებოდა და მშენებლობის პროცესსაც ათვალიერებდნენ ხოლმე.
საბოლოოდ, ხუთვარსკვლავიანი “ლეოგრანდი,” რომელიც 27 ათას კვ.მ.-ზეა გაშენებული და 182 ნომერი აქვს, 2015 წელს გაიხსნა. მაშინ მას ქალაქში ყველაზე დიდი კაზინო ჰქონდა.
“ლეოგრანდის” ხანძრის შემდეგ მაშინდელმა ბათუმის ვიცემერმა, თენგიზ პეტრიძემ განაცხადა, რომ სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის რამდენჯერმე უკვე იყო დაჯარიმებული. მისივე განმარტებით, სასტუმროს არ გააჩნდა საევაკუაციო გეგმა და ცეცხლმაქრების საკმარისი რაოდენობა. “ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მესაკუთრეს, ამ ობიექტის მფლობელს, ეკისრება. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს ტექნიკური საშუალებები იმისთვის, რომ ხალხი მაქსიმალურად იყოს დაცული,” – ამბობდა თენგიზ პეტრიძე მაშინ.
2015 წელს, როცა “ლეოგრანდი” გაიხსნა, არსებული კანონმდებლობა არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და არც მენაშენეს არ ავალდებულებდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებას. არადა, “ლეოგრანდის” გახსნამდე, თითქმის, 1 თვით ადრე ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” სახანძრო უსაფრთხოების სისტემის არარსებობის გამო 3 ბავშვი გარდაიცვალა და მთავრობა ირწმუნებოდა, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები გამკაცრდებოდა.
5 ვარსკვლავიან “ლეოგრანდს” დაცული არც ის მინიმალური სტანდარტი ჰქონდა, რომელსაც 2014 წლის 41-ე დადგენილება ითხოვდა. სასტუმროს ეს სტანდარტი რომ დაეცვა, უნდა ჰქონოდა ლიფტი, რომელსაც ჰაერი დამოუკიდებელი არხით მიეწოდებოდა. ამ ლიფტით ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს შშმ პირები და მოხუცებულები ისარგებლებდნენ და მას რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა შეძლებოდა ხანძრის დროსაც მომსახურება. ყველაზე მეტი გარდაცვლილი, 8 ადამიანი, სწორედ ლიფტში გაგუდული იპოვეს.
ხანძრის დროს სასტუმრო „ლეოგრანდში“ მყოფი კახა მიქიაშვილი, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში იხსენებს, რომ იმ საღამოს, როდესაც დაკვამლიანება დაიწყო, მე-7 სართულზე იყო და ღია აივანზე გავიდა. რამდენიმე წუთში კი ისეთი სუნი და კვამლი დადგა, რომ შენობაში შემობრუნება შეუძლებელი გახდა. აივნიდან ხედავდა, როგორ უჭირდა ხალხს სუნთქვა და ოთახებიდან თეთრი ზეწრების ფრიალით როგორ ითხოვდნენ შველას.
ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ სასტუმროს ორი მენეჯერი დააკავა. სასამართლომ საწყობზე პასუხისმგებელ პირს 2 წლით, ტექნიკურ მენეჯერს კი 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სასტუმრო სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა და ის აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით. ასევე, არ იყო კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაცია. ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა ადვილად აალებადი ნივთიერებები და არ არსებობდა ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გავრცელებას შეაჩერებდა. ყველაფერმა ამან კი 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გამოიწვია ხანძრის გაჩენა და CO-თი მწვავე ინტოქსიკაცია, რომელსაც საქართველოს ათი და ირანის ერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. აჭარის მთავრობამ გარდაცვლილების ოჯახებს 10,000 ლარი გადასცა.
გამოძიების დასრულების შემდეგ, საგანგებო სიტუაციების სამსახური ითხოვდა, რომ სასტუმრო არ გახსნილიყო. როგორ და რის ფასად არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ 2018 წლის 17 მაისს ის მაინც გაიხსნა, ოღონდ ახალი სახელით. ხელახლა ამუშავებულ და გარემონტებულ სასტუმროს სახანძრო ნორმების დაცვა და კვამლსაწინააღმდეგო სისტემის გამართვა ისევ დაავიწყდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სასამართლოს მიმართა და მისი დახმარებით სასტუმრო 2018 წლის 17 აგვისტოს დაილუქა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ტიპის სახანძრო უსაფრთხოების პირობებში, მცირე ზომის ხანძრის დროსაც კი სტუმრებს გადარჩენის მინიმალური შანსი აქვთ.
2018 წლის აგვისტოში დალუქული სასტუმრო 2018 წლის 10 სექტემბერს ნაწილობრივ გაიხსნა. იმის დაზუსტებას, შეასრულა თუ არა სამინისტრომ სააგენტოს რეკომენდაციები, ისევ ვცდილობთ. თავიდან ბათუმის მერიას ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა შესაბამისი დოკუმენტები. მათი თანხმობის შემდეგ, 12 ივნისს დავწერეთ წერილი და ოფიციალური ფორმით მოვითხოვეთ ინფორმაცია. 21 ივნისს ბათუმის მერიამ წერილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარის მთავარ სამმართველოში გადააგზავნა.
14 დღის გასვლის შემდეგ დავუკავშირდით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და წერილზე პასუხი მოვითხოვეთ. იქაც რამდენიმე სამსახურთან გადამისამართების შემდეგ გვითხრეს, რომ წერილი მზად არის, თუმცა ის ჯერ უნდა დაადასტურონ და განისაზღვროს, რა დოკუმენტები შეიძლება გამოგვეგზავნოს და რა არა. დაგვპირდნენ, რომ კვირის ბოლომდე იქნებოდა. იმის შემდეგ კიდევ ერთი კვირა გავიდა და ინფორმაცია არ მიგვიღია. შეგახსენებთ, რომ მთავრობა ვალდებულია საჯარო ინფორმაცია 10 სამუშაო დღეში გასცეს.
ავგორენი საქართველოსა და თურქეთის ორმაგი მოქალაქეა. ამჟამად ის ორი კომპანიის მეწილე და ორის დირექტორია. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად ტურიზმსა და სასტუმრო მომსახურებებს უკავშირდება.
ჩვენ შევეცადეთ ეროლ ავგორენთან ინტერვიუს ჩაწერას. დავუკავშირდით მის ადვოკატს, რომელმაც გვითხრა, რომ კლიენტის თურქეთში საქმიანობაზე არაფერი იცოდა და მხოლოდ “ლეოგრანდთან” დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენდა მის ინტერესებს. შემდეგ მასთან დაკავშირება სასტუმროს მენეჯერს ვთხოვეთ. გვითხრეს, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა არც ავგორენი და არც მისი ოჯახის წევრები. მივაწოდეთ ყველა კითხვა, რაც გვქონდა. მივწერეთ სოციალურ ქსელშიც, თუმცა პასუხი ვერცერთი მხრიდან მივიღეთ.
ამჟამად “მერსინ ტურიზმის” ოფიციალური მფლობელები ავგორენის ვაჟი, თოლგა და თურქეთის XX და XXIII მოწვევის პარლამენტის წევრი, მეთინ არიფოგლუ არიან. დირექტორი მათთან ერთად ეროლ ავგორენიცაა.