იმერეთში 4-წლიანი მუშაობისას, რა აღარ გაგვიშუქებია – გზების, ხიდების, სანიაღვრე არხების თუ სკვერების მოუწესრიგებლობა, სკოლების და ბაღების ნგრევა, სასმელი წყლის და ბუნებრივი აირის არარსებობა. ადგილობრივი მთავრობებისგან კი ამ პრობლემების საპასუხოდ გვესმოდა: “ფული არ გვაქვს”.
მოქალაქეები თავიანთ გასაჭირზე მერიებს ხან პირისპირ შეხვედრებზე უყვებიან, ხან წერილობითი განცხადებებით თუ სოციალური ქსელებით. თუმცა, ხშირად, არაფერი ჭრის.
“ვითხოვთ და ყურს არავინ გვიგდებს, არც არაფერს გვეუბნებიან, არც სპორტული მოედანი გაგვიკეთეს, არც ფანჩატური, არც გარე განათება. ერთი ნაგვის ურნა დაგვიდგეს სოფლის ბოლოს. მეორე რომ მოვითხოვეთ – მაგდენი სად არისო?”, – წერდა საჩხერის ერთ-ერთი მკვიდრი საჩხერის მერიის ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის აპრილში.
“ყოველთვის ფასადური რაღაცები კეთდება და ნამდვილი პრობლემა მოუგვარებელია სულ. ორი ადამიანი ელემენტარულ წყალს ითხოვს ხარაგაულში, სადაც წყალს მიაქვს ყველაფერი”, – წერდა მოქალაქე სოფია კობახიძე ხარაგაულის მერიის ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის იანვარში.
ჩვენი დაკვირვებით, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სულ ასეთ ელემენტარულ სიკეთეებს ითხოვენ. ბიუჯეტი კი ხშირად ამ საბაზისო საჭიროებებსაც არ ჰყოფნის.
მერიებში ამბობენ, განა არ ვიცით, რა პრობლემების წინაშეც ვართ, უბრალოდ, მოსაგვარებლად საკმარისი სახსრები არ გვაქვსო. დაახლოებით, ამ პრინციპით იმართლებენ თავს: “საბანი სადამდეც გაგწვდება, იქამდე დაიხურეო.”
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი რჩებათ. იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე ტენდენციაა – იმაზე ნაკლებს ხარჯავენ, ვიდრე წლის დასაწყისში დააპირეს.

მონაცემები შეგროვებულია საკანონმდებლო მაცნედან, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებიდან და მათ მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი საჯარო ინფორმაციებიდან.
იმერეთის მუნიციპალიტეტების მოუგვარებელი პრობლემები
რისი გაკეთება შეეძლოთ ადგილობრივ მთავრობებს ამ ფულით? აი, რამდენიმე მაგალითი:
ხარაგაულის სოფელ ზვარეში, ჭენჭეხას უბანში, სასმელ წყალს და საუბნო გზას ჯერ კიდევ ორი წლის წინ ითხოვდნენ. ქვაღორღით მოფენილი გზის მოპირკეთებას როდის აპირებთ-თქო, რომ ვიკითხეთ, მერის წარმომადგენელმა ბესო დალალიშვილმა გვითხრა, 2023 წლის პროექტში ჩავსვამთო. პირობა არ შესრულდა. როგორც ჩანს, 2022-2023 წლებში მორჩენილი 4,7 მილიონი ლარის მიუხედავად, ხარაგაულის ბიუჯეტში ზვარეს გზისთვის ფული არ გამოინახა.

ამ გზის დასაგებად ფინანსები მხოლოდ 2024 წლის მაისში გამოყვეს – ჯამში 707 000 ლარად უნდა დაიგოს გზა ჭენჭეხას უბანშიც და სოფელ ჩრდილშიც. დაგეგმილია, რომ სამუშაოები 2025 წლის შემოდგომამდე უნდა მორჩეს. საუბნო გზის რეაბილიტაცია/მშენებლობა კი დაავალეს შპს გგ-ს. ეს კომპანია ბიზნესმენ გიორგი ტალახაძეს ეკუთვნის, რომელიც ხარაგაულის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატ ვახტანგ ტალახაძის ძმისშვილია.
2022 წლის ბოლოს საუბნო გზის მოწესრიგებას ითხოვდნენ წყალტუბოს სოფელ გეგუთშიც. ადგილობრივმა, 75 წლის ლამარა ბოდოკიამ გვითხრა, ბოლოს აქაურობა 40 წლის წინ მოხრეშესო. ე.წ ხაჟალიების უბნის ეს გზა დღემდე არ დაუგიათ.
წელს ვანი-სალომინაოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზის მოწესრიგებასაც ითხოვდნენ, რომელიც ქვა-ღორღითაა დაფარული. “რომ გაწვიმდება, ვიხრჩობით, ტალახი დგება… რა დასჭირდება ამას? 20 მანქანა ხრეში”, – გვეუბნებოდა სოფლის ერთ-ერთი მოსახლე ვინაობის გამხელის გარეშე. ამ ამბავზე იანვარში სტატიაც მოვამზადეთ და სოფელში მერის წარმომადგენელს რომ ვკითხეთ, რას უპირებთ სალომინაოს გზას-თქო, გვითხრა, რაღაცა ფული უნდა გამოიძებნოსო…

ფინანსების სიმწირით ახსნეს დიდთოვლობის გამო გაუწმენდავი გზები ტყიბულის მერიაშიც. 2024 წლის დეკემბერში სოფელი მუხურა გარე სამყაროს მოწყდა. იქაურობას რომ ვესტუმრეთ, ადგილობრივებმა ზამთრის ყოფა ასე აღგვიწერეს: დიდთოვლობისას, ძირითადად, სახლში ვართ, უახლოესი ბაზარი 9 კილომეტრში, ქალაქ ტყიბულშია, რადგან გადაადგილება გვიჭირს, ვცდილობთ, ყველაფერი წინასწარ მოვიმარაგოთო. წინსწრებით ყიდულობენ წამალსაც, რადგან უგზოობის გამო სოფლის ერთადერთი აფთიაქიც იკეტება – თანამშრომლები ტყიბულიდან ვერ ამოდიან. რას უპირებენ მუხურას მოსახლეობას, როდემდე უნდა შეაგუონ თოვლის გამო იზოლირებაში ყოფნას, ვკითხეთ გიორგი ცქიფურიშვილს. ის ტყიბულის მერიის ა(ა)იპ კომუნალური გაერთიანების დირექტორია. თოვლით დაფარული გზების გაწმენდა სწორედ მისი სამსახურის მოვალეობაა. გვითხრა, პრობლემა რომ არის, მეც ვიცი, მაგრამ თუ მერია ფულს არ მომცემს და არ დამავალებს, ვერაფერს ვიზამო. აქედან ორ თვეში, თებერვლის სტიქიის დროს, მუხურას გზა ისევ ჩაიკეტა.
იგივე მიზეზი, ანუ უფულობა დაასახელეს ტყიბულის მერიაში სოფელ გურნას უწყლობის შემთხვევაშიც. მოსახლეობა აქ სასმელ წყალს ჯერ კიდევ 2020 წელს ითხოვდა, 2023 წელს კი მერის წარმომადგენელმა გიორგი ჩივაძემ თავი ასე იმართლა: წყლის შეყვანა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამას ვერ გაწვდებაო. გურნელები უწყლობას 2024 წლის ბოლოსაც უჩიოდნენ. ტენდერი ისევ არ გამოცხადებულა.


[ასე ეზიდებიან გურნაში წყალს, ფოტო: 2024 წლის 14 დეკემბერი, წყარო: ქუთაისიპოსტი]
იგივე სიტუაციაა ჭიათურაშიც. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ შარშან სოფელ ბერეთისას პრობლემა გავაშუქეთ. ადგილობრივი 500 ოჯახი მერიას ხიდის მოწყობას სთხოვდა. მერის წარმომადგენელმა გელა ტაბატაძემ კი თქვა: “ხიდები ცოტა ძვირფასოვანი რაღაცა არის, ეგ ბატონმა გივიმ [ქალაქის მერი] უნდა გადაწყვიტოსო”.
აი, ამდენი გასაკეთებელი საქმის ფონზე, ბოლო სამი წლის განმავლობაშ, იმერეთის მუნიციპალიტეტებს ყოველწლიური ბიუჯეტებიდან 103 მილიონი ლარი მორჩათ.
“ბიუჯეტში ნაშთის მორჩენა ახალი პრაქტიკა არ არის. ეს ყოველთვის იყო და მრავალგვარი მიზეზი აქვს. ზოგჯერ, ნაშთი შეიძლება დატოვოს წლის ბოლოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებულმა ტრანსფერებმა… ან, შესაძლოა ტენდერები გამოცხადდა წლის ბოლოს და თანხა ვერ ამოიწურა. ხაზი უნდა გავუსვა, რომ არ არსებობს ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი. ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად დაგეგმილი და მიმართული… არაფრით არ შეიძლება იყოს განუსაზღვრელი და უმიზნო… ჩვენ რა ვქნათ, დამოკიდებული ვართ ცენტრალურ ბიუჯეტზეო – ეს არგუმენტი მიუღებელია. მასე, ნებისმიერ პრობლემაზე შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას თქვას, რომ მას არ აქვს საშუალება და აბსოლუტურად მიტოვებული რჩება ის პრობლემა, რაც მოსახლეობას რეალურად აწუხებს”, -გვიხსნის თვითმმართველობის ექსპერტი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ხელმძღვანელი ლევან ხინთიბაძე.
როგორ იგეგმება ბიუჯეტი?
საქართველოში სამი ტიპის ბიუჯეტი გვაქვს: მუნიციპალური, ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების. ყველა მათგანს თავისი მიზანი და დანიშნულება აქვს. ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები ადგილობრივი, ანუ მუნიციპალური ბიუჯეტით უნდა გვარდებოდეს. წესით, ბიუჯეტის გაწერამდე, ხელისუფლებამ უნდა შეისწავლოს და მოაგროვოს ლოკალური საჭიროებები, ესაუბროს მოქალაქეებს, გაითვალისწინოს მათი პრიორიტეტები და ისე დაგეგმოს, თუ რომელ წელს რას მოახმარს ხალხის ფულს – ქალაქსა თუ სოფელში. ხალხს პრობლემებზე ღიად საუბარი შეუძლია ბიუჯეტის საჯარო განხილვებზე, საკრებულოს ღია სხდომებზე, მერებთან, დეპუტატებთან თუ “გამგებლებთან” პირისპირ შეხვედრებზე.

მუნიციპალიტეტები ბიუჯეტს ყოველი წლის ბოლოს ადგენენ და საკრებულოს სხდომაზე ამტკიცებენ. ბიუჯეტის დოკუმენტი მოიცავს: რამდენი იქნება იმ წელს მოსალოდნელი შემოსავალი და გასაწევი ხარჯი, ასევე, რა სფეროები იქნება დასაფინანსებელი და რამდენით. თუ წლის ბოლოს ნაშთი რჩება, ესეიგი, შემოსავალი უფრო მეტი იყო, ვიდრე ხარჯი. ან, თანხები პროექტებზე ზუსტად ვერ გადაანაწილეს.
გვინდოდა იმერეთის მუნიციპალიტეტებისგან გაგვეგო, რამ შეუშალათ ხელი, რომ ყოველწლიურად დარჩენილი ათიათასობით ლარით ქალაქების თუ სოფლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაეჭრათ, ან რატომ ვერ გაწერეს ბიუჯეტის დოკუმენტი ზედმიწევნით, ისე, რომ მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად მოეცვათ.
ზარზე მხოლოდ ვანის მერიაში გვიპასუხეს. საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა ივანე მამფორიამ გვითხრა:
‘’[ნაშთი რჩება,როცა], მაგალითად, სამუშაოები სრულდება ცენტრალური ბიუჯეტიდან და პროექტის მთლიან ღირებულებას გვაძლევენ, მეორე წლის თანხასაც. მაგალითად, მილიონის სამუშაოს როცა ასრულებ, წელს არის შესასრულებელი 500 ათასი ლარის და მომავალ წელს 500 ათასი ლარის, ამას ათვისება იმ წელს ხომ არ გვექნება? და გადადის მომავალ წელში. საკუთარი შემოსავლებიდან უმნიშვნელო ნაშთი გვრჩება, იმიტომ რომ 31 დეკემბერს მისაღები შემოსავლები შემოდის, მაგალითად, პირველ იანვარს და ამას წინასწარ ვერ დახარჯავ, მაგრამ ეს უმნიშვნელო რაოდენობისაა, მაინც”.
ფაქტია, რომ სხვადასხვა მიზეზით, იმერეთის მუნიციპალიტეტებს ყოველწლიურად მილიონობით ლარი რჩებათ ასათვისებელი. ფაქტია, ხშირად ეს თანხები არ იხარჯება იმ პრობლემებზე, რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს – გზა, წყალი, ხიდი, განათება, ან თუნდაც ნაგვის ურნა. როგორც ჩანს, პრობლემა არა მხოლოდ ფინანსების სიმცირეში, არამედ ბიუჯეტის არაეფექტურ დაგეგმვასა და პრიორიტეტების უგულებელყოფაშია.