25 წელია საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის პრობლემის გადაჭრას ცდილობენ. მხარეები საკითხს პერიოდულად განიხილავენ, მაგრამ რეალურად ქვეყნებს შორის მკაფიო გამყოფი ხაზი არ არსებობს და რიგ ადგილებზე საზღვარი ძველი ღობეებისა და ხეებისგან შედგება, რაც ადგილობრივებს აბნევს, მათ კერძო საკუთრებასა და სიცოცხლეს კი საფრთხეს უქმნის.
აზერბაიჯანი საზღვარს შეიარაღებული ჯარისკაცებისა და მცირე ზომის სამხედრო ბაზის დახმარებით აქტიურად იცავს. ქართული საგუშაგო, რამდენიმე მესაზღვრით, სოფელ ერისიმედიდან სამ კილომეტრში მდებარეობს.
სოფელი ერისიმედი სიღნაღიდან 50 კილომეტრითაა დაშორებული. აქ 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. ზოგიერთი ოჯახი აქ 1989 წელს აჭარიდან ჩამოსახლდა. სხვები ეთნიკური ჩეჩნები არიან, რომლებმაც პანკისის ხეობაში სასაზღვრო სოფლები დატოვეს და უკეთესი მიწისა და უსაფრთხო გარემოს საძიებლად ერისიმედში ჩამოვიდნენ.
საზღვართან განსაკუთრებით ახლოს მცხოვრებ ქართული სოფლების მოსახლეობას ახლა სჯერა, რომ ისინი უკვე აზერბაიჯანულ მიწაზე ცხოვრობენ.
ერისიმედსა და აზერბაიჯანულ სოფელ ითილალას ერთმანეთისგან 10 მეტრის სიგანის მდინარე ალაზანი ყოფს. სხვა ნაწილში კი სოფლებს შორის საზღვარი პირობითია და სასაზღვრო ხაზი მკაცრად დადგენილი არაა. ადგილობრივებს მდინარეში შესული ძროხის უკან მობრუნებაც კი არ შეუძლიათ, რადგან ამ დროს შეიძლება მესაზღვრეებმა ესროლონ. ერისიმედში ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში 500-მდე ძროხა დაკარგეს. საზღვარზე გადასული ძროხას ემსხვერპლა 15 წლის აჰმედ იბრაგიმ გაურგაშვილი, რომელიც 2010 წელს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთისას მოკლეს.
ამბის თვითმხილველი ემზარ სურმანიძე ამბობს, რომ გაურგაშვილი ძროხას დაედევნა და ღობეზე გადაძვრა თუ არა, თავში ესროლეს.
“ბევრი სისხლი დაკარგა,” – ამბობს სურმანიძე. “ხალხი შეშას აგროვებდა. მასთან მისვლა ვერავინ შეძლო, სოფელში გამოიქცნენ და ყვიროდნენ, რომ ბიჭს ესროლეს. გვესმოდა, რომ წყალს ითხოვდა. ღობიდან 5 მეტრის მოშორებით იწვა და ვერავინ ეხმარებოდა.”
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური სხვა ამბავს ჰყვება. ამბობენ, რომ სამი ქართველი გადავიდა საზღვარზე და მესაზღვრეებმა მათ შეჩერება უბრძანეს. სიარული გააგრძელეს და სასაზღვრო სამსახური აღიარებს, რომ ერთ-ერთს ესროლეს და მოკლეს.
გაურგაშვილის ოჯახმა სოფელი ბიჭის გარდაცვალებიდან მალევე დატოვა და პანკისის ხეობაში დაბრუნდა. დედა ამბობს, რომ არავის არ უთქვამს იმ პირის ვინაობა, ვინც მისი შვილი მოკლა.
“მათ ჩემი უდანაშაულო შვილი მოკლეს,” – ამბობს ასმათ გაურგაშვილი. “მაგრამ არავინ დაუკავებიათ და ციხეშიც არავინ ჩაუსვამთ.”
“საგამოძიებო ანგარიში მაჩვენეს, რომ ჩემი შვილი საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს და არა აზერბაიჯანის. ეს არ არის დანაშაული? ჩვენმა მთავრობამ რატომ არაფერი მოიმოქმედა?”
76 წლის თალიკო მახარაძე ერისიმედის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე ცხოვრობს. ამბობს, რომ საზღვრის პრობლემის გამო, ხალხი სოფელს ტოვებს. მახარაძე აღნიშნავს, რომ თვითონ მიწა დაირეგისტრირა, მაგრამ მის მოპირდაპირედ მცხოვრებმა მეზობლებმა ეს ვერ შეძლეს.
“აქ ხალხი ამბობს, რომ საქართველო მათი კარის წინ სრულდება,” – გვეუბნება მახარაძე.
საზღვრის შესახებ მკაფიო წარმოდგენა არც აზერბაიჯანულ მხარეს აქვთ. “არავინ იცის, სად არის საზღვარი,” – ამბობს აზერბაიჯანული სოფლის, ითითალას მცხოვრები, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადაც მესაზღვრეები დგანან, საზღვარიც იქ მდებარეობს”.
თუ მესაზღვრემ ვინმე საზღვრის გადაკვეთისას დააკავა, მას რამდენიმე საათით აჩერებენ და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. პირობითად დადგენილ საზღვარს ადგილობრივები დოკუმენტების გარეშე ვერ უახლოვდებიან. მახარაძე ამბობს, რომ ერისიმედში მცხოვრები 80 ოჯახიდან მხოლოდ ხუთს აქვს ასეთი საბუთი.
“ადრე მქონდა დოკუმენტები, მაგრამ 2015 წელს ქართველმა მესაზღვრეებმა დამიჭირეს, სანამ შეშას ვაგროვებდი და ახლა ნებართვას ვეღარ ვიღებ,” – ამბობს მახარაძე. “ადგილობრივ ბანკში ნოტარიუსთან მივდივართ და დიდხანს გვიწევს ლოდინი, შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ დოკუმენტები უბრალოდ არ არის.”
მახარაძე ამბობს, რომ რვა ძროხა დაკარგა მას შემდეგ, რაც ღობესთან (საზღვართან) მიახლოება აუკრძალეს.
სოფელ ითითალაში ინგილოები ცხოვრობენ. იქ ქართველებთან შედარებით, უფრო მეტს აქვს საზღვართან მისაახლოებლად საჭირო დოკუმენტები. ითითალას მკვიდრებს განცხადება შეაქვთ რეგიონულ მუნიციპალიტეტში, რომელიც მათ ნებართვის მისაღებად აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აგზავნის.
სეიფულა ბალაევი ქართველმა მესაზღვრეებმა მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოში გადასული ძროხის უკან მობრუნებას ცდილობდა. “მქონდა ნებართვის დოკუმენტები, რომ ძროხები საზღვართან ახლოს წამეყვანა,” – ამბობს ბალაევი. “სამი მათგანი საქართველოს მხარეს გადავიდა და მხოლოდ ორი დაბრუნდა. შევეცადე, რომ მესამე დამებრუნებინა, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა მიბრძანეს, რომ გავჩერებულიყავი და დამაკავეს. შემდეგ კი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ნებართვის დოკუმენტები ჩამომართვეს”.
მეზობლები ამბობენ, რომ ბალაევმა ახალი ნებართვა მას შემდეგ აიღო, რაც ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ძროხის დაბრუნებისას მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
ითითალას კიდევ ერთი მკვიდრი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) დაიჭირეს იმიტომ, რომ დადგენილზე ხუთი წუთით ადრე მიუახლოვდა საზღვარს: “ერთა კაცმა დამიძახა, რომ დავხმარებოდი დამტვრეული ტოტების დალაგებაში. სამწუხაროდ, 7:55 საათი იყო. რეგულაციების მიხედვით, თუ საზღვართან მისვლის უფლება გაქვს, ეს მხოლოდ დილის 8 საათიდან საღამოს 8-მდეა ნებადართული. დამიჭირეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა და 250 მანათით დამაჯარიმეს. ახლა თანხას ვერ ვიხდი, აკრძალული მაქვს ქვეყნის დატოვება და რუსეთში წასვლა, რომ ცოტა ფული გამოვიმუშავო”.
80 წლის რამაზან რაშიდოვი სოფელ ითითალაში დაიბადა. მისი მიწა საზღვართან მდებარეობს. “როდესაც ჩემს მიწაზე მივდივარ, ნებართვის დოკუმენტებს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ვაჩვენებ. მაგრამ საზღვართან ძალიან ახლოს თუ მიხვალ მაინც დაგიჭერენ”.
საზღვრის მკაფიოდ არარსებობა მოსაზღვრე სოფლებში მობინადრეებთ გაურკვევლობას უქმნის და მათ კერძო ქონებასაც ზიანს აყენებს.
ერისიმედის მკვიდრი, ემილიონ კბორვაშვილი ამბობს, რომ სამი ძროხა დაკარგა და არ იცის ისინი ვინ წაიყვანა. “აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა?” – კითხულობს. “სად შეგვიძლია ვიჩივლოთ? ზოგჯერ გვიბრუნებენ ძროხებს, ზოგჯერ – არა.”
სოფელ ითითალას გამგებელი გერმან ბალაევი პირველ ორ ჩამოსვლაზე მტრულად შეგვხვდა. “ჩვენი სოფელი წელიწადში ხუთ-ექვს ძროხას კარგავს,” – ამბობს ის. “მაგრამ მოპარვა წარმოუდგენელია, რადგან შემდეგ მათ არავინ იყიდის. თუ მათი (ქართველების) ძროხები ჩვენს მხარეს გადმოვიდნენ, მესაზღვრეები ყოველთვის უკან აბრუნებენ. თუ დაიკარგნენ, ალბათ, მგლები დაესხნენ თავს. ორი-სამი დღის წინ ჩვენს სოფელში ძროხა გამოჩნდა. ქართული მხარე ამბობს, რომ მათ არ ეკუთვნით და ჩვენი ხალხიც იმავეს ამტკიცებს. არ ვიცით ვინ არის მისი პატრონი.”
ერისიმედის გამგებელი იოსებ ცეცხლაძე აღიარებს, რომ სოფლის მცხოვრებთ არ შეუძლიათ საკუთარ ძროხებს საზღვართან ახლოს გაჰყვნენ. “თუ ქართველი მესაზღვრე დაინახავს ძროხას, ზოგჯერ ურეკავს ვინმეს სოფელში, რომ წაიყვანოს. ზოგჯერ ორივე მხარის მესაზღვრეები ერთვებიან ამ ამბავში,” – ამბობს ცეცხლაძე.
ეროვნულ დონეზე თუ შევხედავთ ამ ამბავს, ამ ორი სოფლის გასაჭირი უფრო მასშტაბური დისკუსიის ნაწილია. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო გაურკვევლობა მხოლოდ ერისიმედსა და ითითალას კი არა, მე-6 საუკუნის სამონასტრო კომპლექსს – დავით გარეჯსა და მის მიმდებარე მიწასაც ეხება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰიჩმათ ჰაჟიევი ამბობს, რომ ორივე მხარე იზრუნებს ხალხის პრობლემების მოგვარებაზე. “აზერბაიჯანი და საქართველო მეზობლები და მეგობრები არიან,” – აცხადებს ის. “ასეთი საკითხები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს. პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს”.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ “აი ფაქტის” წერილებს არ უპასუხა.
მეზობელი ქვეყნების მთავრობები საზღვრის დადგენას უკვე წლებია ცდილობენ. საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები, ხალაფ ხალაფოვი (აზერბაიჯანი) და დავით დონდუა (საქართველო) ბოლოს ერთმანეთს 2017 წლის აპრილში შეხვდნენ.
ერისიმედის მკვიდრი, ემზარ სურმანიძე, რომ იქ მათ სხვა საქართველო აქვთ, აზერსაქართველო. “უნდა განსაზღვრონ საზღვარი. არ გვინდა მუდმივად ტყვიების მოლოდინში ვიცხოვროთ”.