მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე
გამომძიებელ ჟურნალისტებს დიდი წვლილი მიუძღვით კორპორაციების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში. მათ გამოუძიებიათ შრომითი ძალადობის, გარემოსდაცვითი დარღვევების, კორპორატიული დაუსჯელობისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების არაერთი შემთხვევა კომპანიებისა და მათი მფლობელების სიღრმისეული კვლევის საშუალებით.
თუმცა, კორპორაციების შესახებ არსებულ ოფიციალურ (სამთავრობო) დოკუმენტაციაში მხოლოდ აისბერგის წვერი ჩანს და ნამდვილ მფლობელთა ვინაობა, შეიძლება, დაფარული იყოს. რეალური, „ბენეფიციარი“ მესაკუთრის შენიღბვის მიზნით იქმნება ე.წ. ფასადური კომპანიები.
საბედნიეროდ, არსებობს კომპანიების, მათი რეალური მფლობელების, ამ მფლობელების საქმიანობისა და სხვა ინფორმაციის კვლევის არაერთი საშუალება, რაც მოიცავს შემდეგს:
- უფასო მონაცემთა ბაზები;
- ფასიანი (გამოწერის სისტემის მქონე) მონაცემთა ბაზები;
- ოფიციალური დოკუმენტაცია;
- კორპორაციების ვებგვერდები;
- სასამართლოს საოქმო ჩანაწერები;
- ძიება ინტერნეტის საშუალებით;
- სოციალური მედია.
გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) ეს რესურსი აღწერს კომპანიებთან დაკავშირებული ინფორმაციის ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებს.
უფასო საერთაშორისო წყაროები
რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაცია, ინფორმაციის სხვა წყაროებთან ერთად, აგროვებს იმ დოკუმენტებს (ანგარიშებს), რომელთა წარდგენაც ოფიციალურად ევალება კომპანიას (სამთავრობო დაწესებულებაში).
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საუკეთესო ვარიანტი:
OpenCorporates წარმოადგენს საჯარო (ღია) მონაცემთა წყაროს, რომელიც მოიცავს 220 მილიონზე მეტ კომპანიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. აქ შეიძლება ნახოთ კომპანიის კომერციულ პირად (კორპორაციად) გაფორმების თარიღი, მისი სარეგისტრაციო მისამართი, დირექტორებისა და მფლობელების სახელები და კომპანიათაშორისი კავშირებიც კი.
მედიის მიერ OpenCorporates-ის გამოყენებასთან დაკავშირებული სიახლეებითა და მაგალითებით დაინტერესების შემთხვევაში, თვალი ადევნეთ ამ ბლოგს. ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებსა და სხვა საზოგადოებრივ ბენეფიციარებს შეუძლიათ, განაცხადის საფუძველზე ითხოვონ საჯარო სარგებლობისთვის განკუთვნილი API პაროლით სარგებლობა.
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტით (OCCRP) დაფინანსებული Investigative Dashboard აერთიანებს მსოფლიოს მონაცემთა ბაზებიდან აღებულ მილიონობით აქტუალურ მონაცემს, რომელთაგან ბევრი უკავშირდება კორპორაციებს.
დოკუმენტების ძიება შეგიძლიათ დაიწყოთ მათი Aleph-პლატფორმის საშუალებით (გაფართოებული ძიების ვარიანტების გამოსატანად დააჭირეთ Search-ს). აქვე ნახავთ 38 ქვეყნის კომპანიათა რეესტრების გზამკვლევს, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემთა ბაზების უფრო ვრცელი, 226 მილიონი საჯარო დოკუმენტის მომცველი კატალოგის მხოლოდ ერთი ნაწილია.
ყველა მონაცემთა ბაზა, მათ შორის, გაჟონილი მასალა, საჯაროდ არ იძებნება. თუმცა, დარეგისტრირებულმა ჟურნალისტმა შეიძლება მოიპოვოს წვდომა. ჟურნალისტებს, ასევე, შეუძლიათ, მოითხოვონ უფასო წვდომა კვლევითი მხარდაჭერის სახით, რაც მოიცავს OCCRP-ის მიერ შესყიდული კომერციული მონაცემთა ბაზებით სარგებლობას.
ასევე შეგიძლიათ, გაეცნოთ GIJN-ის სტატიას, “შვიდი რჩევა მონაცემთა ბაზებით სარგებლობის შესახებ.” სასარგებლოა GitHub-ის მომხმარებლის სახელმძღვანელო ძიებასთან დაკავშირებული რჩევებისა თუ სხვა დეტალების მისაღებად.
ICIJ-ის Offshore Leaks (გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის გაჟონილ ოფშორულ მონაცემთა ბაზა) წარმოადგენს კორპორატიული მონაცემების ბაზას, რომელიც ეყრდნობა 810,000-ზე მეტ ოფშორულ კომპანიასა და ფონდთან დაკავშირებულ გაჟონილ დოკუმენტებს.
ამ მონაცემთა ბაზებში ძიება შესაძლებელია ოფშორულ კერძო თუ კომერციულ პირებთან დაკავშირებული სახელების, კომპანიებისა და მისამართების საშუალებით, ასევე, ქვეყნებისა თუ იურისდიქციის მიხედვით. სასარგებლო რესურსია ICIJ-ის არქივი, რომელიც აერთიანებს პანამის დოკუმენტებთან და, შედარებით ახალ პანდორას ქაღალდებთან დაკავშირებულ სიუჟეტებს. ასევე, იხილეთ ICIJ-ის ინსტრუქციების გვერდი და მათი მრავალნაწილიანი ვიდეოსერიალი Offshore Leaks-ის მონაცემთა ბაზაში უფრო ეფექტიანი ძიების მეთოდების შესახებ.
Panjiva მომხმარებლისთვის მოსახერხებელი საიმპორტო/საექსპორტო მონაცემთა ბაზაა, რომელიც მოიცავს 8 მილიონი კომპანიის შესახებ ინფორმაციასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მილიარდზე მეტ ჩანაწერს.
შენიშვნა: ბრენდმა შეიძლება, უარი განაცხადოს გასაჯაროებაზე. Panjiva აერთიანებს აშშ-სთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ ამერიკასა და სხვებთან დაკავშირებულ მონაცემებს. შეიძლება, კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, წვდომის უფლება მიენიჭოს რამდენიმე შერჩეულ ჟურნალისტს. თუ ჟურნალისტი ხართ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ pressinquiries.mi@spglobal.com-ს დამატებითი ინფორმაციისათვის.
ბიზნესისა და ადამიანის უფლებების რესურსცენტრი (Business & Human Rights Resource Centre) აერთიანებს სხვადასხვა წყაროდან, მაგალითად, ახალი ამბების სიუჟეტებიდან, სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებისა და კომპანიების დეკლარაციებიდან მოპოვებულ ახალ ამბებსა და ბრალდებებს, რომლებიც უკავშირდება 20,000-ზე მეტი კომპანიის ზემოქმედებას ადამიანის უფლებებზე. მათ შორისაა ტანსაცმლისა და ქსოვილის 275-ზე მეტი ბრენდი, წიაღისეულის მომპოვებელი 142 კომპანია, 35 დასახელების სასტუმრო და 81 ტექნოლოგიური ფირმა.
Open Ownership Register (ღია საკუთრების რეესტრი) მოიცავს ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაციას და ყოველთვიურად ახლდება უკრაინიდან, გაერთიანებული სამეფოდან, დანიიდან და სლოვაკეთიდან მიღებული მონაცემებით.
რეესტრს აწარმოებს არასამთავრობო ორგანიზაცია Open Ownership, რომელიც მუშაობს კორპორატიული საკუთრების (მფლობელის) საჯაროობის ხარისხის გაუმჯობესებაზე (დეკლარაციების გამჭვირვალობის ზრდაზე). ჯგუფს განთავსებული აქვს რუკა, რომელზეც აისახება ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულება (Commitment), განახორციელონ ბენეფიციარი მესაკუთრის გამჭვირვალობის პროგრამები (რეფორმები), ასევე, ჩანს უშუალოდ განმახორციელებელი (Implementation) სახელმწიფოების ჩამონათვალიც.
ასევე, იხილეთ აღწერილობითი გზამკვლევი. ქვეყნების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას ხანდახან ახლავს სახელმწიფო მონაცემთა ბაზების ბმულები, როგორიცაა, მაგალითად, ნიგერიის წიაღისეულის მომპოვებელი ინდუსტრიის გამჭვირვალობის ინიციატივის აუდიტორული ანგარიშების რეესტრის ბმული.
ფასიანი წყაროები
არსებობს კორპორაციებთან დაკავშირებული მონაცემების არაერთი კომერციული ბაზა და უმეტესობა მომხმარებელს ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს მხოლოდ გამოწერის (ფასიანი მომსახურებით სარგებლობის) შემთხვევაში სთავაზობს.
თავისუფალი წვდომა შესაძლებელია საჯარო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების საშუალებით, თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, როგორც წესი, კომერციული მონაცემთა ბაზებით სარგებლობისთვის ხარჯის გაღება ღირს. ამასთან, შეიძლება, ზოგიერთმა კომპანიამ ჟურნალისტებს უფრო დაბალი ტარიფები შესთავაზოს.
ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონაცემთა ბაზაა D&B Hoovers. მისი უფასო ვებგვერდი გთავაზობთ როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ათასობით კომპანიის მოკლე აღწერილობას. უფრო დეტალური აღწერილობა ხელმისაწვდომია ფასიანი მომსახურება Nexis-ის გამოწერის საშუალებით.
სხვა მსხვილი კომერციული წყაროებია: Bureau van Dijk-ის Orbis, Bloomberg, Crunchbase, PrivCo (აშშ-ის კერძო კომპანიების საქმიანობის ამსახველი წყარო), Thomson Reuters, LexisNexis და DueDil.
ცალკეული ქვეყნების საიტები, ასევე, ღირებული რესურსია; მაგალითად, YouControl, რომელიც აერთიანებს 180 სხვადასხვა წყაროდან მოგროვებულ ჩანაწერებს 4 მილიონი უკრაინული კომპანიის შესახებ.
Google Finance გვთავაზობს კომპანიის წილების ფასებისა და დივიდენდების სასარგებლო მიმოხილვას, უახლეს ინფორმაციას კომპანიასთან დაკავშირებული ახალი ამბების (სტატიების) შესახებ, გვაწვდის, ასევე, კვარტალურ და წლიურ საშემოსავლო ანგარიშებს.
AnnualReports.com წარმოადგენს კიდევ ერთ სასარგებლო რესურსს, რომლის საშუალებითაც შეიძლება ვებგვერდის სერვერზე მიმალულ ანგარიშებს მიაკვლიოთ.
Sayari ამერიკული კვლევითი კომპანიაა, რომელმაც 2018 წელს გამოუშვა მრავალკომპონენტიანი, „უფრო მეტი განვითარებადი, განვითარებამდელი და ოფშორული ბაზრის“ მომცველი მონაცემთა ბაზა.
Sayari ფასიანი მომსახურებაა (თვეში $1,000) ღირს, თუმცა, შეგიძლიათ 30-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით სარგებლობაც და, ამასთან, კომპანია დაინტერესებულია ჟურნალისტებთან თანამშრომლობით.
ფასიანი მომწოდებლების სია საკმაოდ ვრცელია. ხელმისაწვდომი რესურსების გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უნივერსიტეტების ბიზნესსკოლების ბიბლიოთეკების გვერდების დათვალიერება.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლას რესურსების უზარმაზარი კოლექცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საცავები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, შეიძლება ონლაინ კატალოგიც გამოგადგეთ, როგორც სავარაუდო რესურსების სარეკომენდაციო ჩამონათვალი.
სახელმწიფო ბაზები
მთავრობების უმეტესობა კომპანიების რეგისტრაციას ითხოვს, თუმცა სუსტი რეგულაციები ნიშნავს, რომ კომპანიებს შეუძლიათ მინიმალური და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარმოდგენა.
ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული რეესტრების ჩამონათვალი:
- გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელს, კომპანიათა პალატას (Companies House) აქვს საზღვარგარეთ არსებული რეესტრების ჩამონათვალი.
- კომერციული რეესტრი (Commercial-Register) შვეიცარიელი მკვლევარების მიერ შემუშავებული რეესტრების ჩამონათვალი.
- რეესტრებისა და ხელმისაწვდომი რესურსების აღწერილობის მომცველი კიდევ ერთი სასარგებლო ჩამონათვალის ავტორია კარენ ბლეიკმანი (Karen Blakeman), კონსულტანტი და RBA Information Service-ის (გაერთიანებული სამეფო) ხელმძღვანელი.
- OpenCorporates-ს აქვს [კომპანიების] ჩამონათვალი და ანიჭებს მათ „ღიაობის ინდექსს.”
- Investigative Dashboard-ზე იხილავთ 38 ქვეყნის რეესტრების ბმულებს.
- ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO), მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლების საერთაშორისო ორგანოს, ვებგვერდზე ნახავთ ფასიანი ქაღალდების კომისიათა ჩამონათვალს ქვეყნების მიხედვით.
- ინგლისისა და უელსის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტის (Institute of Chartered Accountants) „მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიების რეგისტრაციის საინფორმაციო ცნობარი [1] “ აღწერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორპორაციების რეგისტრაციის ბაზისურ პრინციპებს.
რამდენიმე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან დაკავშირებული რესურსების ბმულები
შეერთებული შტატები
Securities and Exchange Commission (ფასიანი ქაღალდებისა და ვალუტის კომისია) კორპორაციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ინახავს EDGAR სისტემაში (ელექტრონულ მონაცემთა შეგროვების, ანალიზისა და გამოთხოვის სისტემა).
ეს ონლაინსისტემა გამოიყენება ყველა ღია სააქციო საზოგადოების მიერ კვარტალური და ყოველწლიური ანგარიშისა და ფინანსური ანგარიშგების შესავსებად. ნებისმიერმა არაამერიკულმა კომპანიამ, რომელიც შესულია აშშ-ის საფონდო ბირჟის ჩამონათვალში, მათ შორის, ჩინურმა, რუსულმა თუ ევროკავშირის კომპანიებმა უნდა შეიტანოს შესაბამისი დოკუმენტაცია ამ სისტემაში და წარადგინოს ანგარიში გლობალური აქტივობების შესახებ;
სწორედ ამიტომ, EDGAR ძირითადი წყაროა ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კორპორაციების შესახებ კონტექსტუალურ ინფორმაციას ეძებენ.
აშშ ამჟამად ბევრ კორპორაციასა და სხვა კომპანიას სთხოვს, წარმოადგინონ ინფორმაცია (BOI) ბენეფიციარი მფლობელების – იმ პირების შესახებ, რომლებიც რეალურად ფლობენ და აკონტროლებენ კომპანიას, თუმცა, არასაჯარო მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია მხოლოდ მარეგულირებლებისა და კანონის აღმასრულებელი ორგანოებისათვის.
აშშ-ში კომპანია იურიდიულად (ოფიციალურად) რეგისტრირდება კორპორაციად შტატის მიხედვით, როგორც წესი, შტატის მდივნის მიერ. საგადასახადო შეღავათებისა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი კანონების გამო, დელავერის შტატში რეგისტრირებულია ბევრი კომპანია, შესაბამისად, კარგი იქნება დელავერის კორპორაციების განყოფილებით დაწყება.
თუმცა, ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება და სავსებით შესაძლებელია, რომ ნომინალურ დირექტორად მითითებული იყოს კომპანიის ფორმირების აგენტი. (იხ. საერთაშორისო გამჭვირვალობის აღწერილობა). ასევე, იხილეთ იმ შტატის ოფიციალური ჩანაწერები (არქივი), სადაც კომპანიას სათაო ოფისი აქვს.
შტატის მდივნების ეროვნულ ასოციაციას (NASS) შეუძლია დაგაკავშიროთ აშშ-ის ყველა სახელმწიფო საიტთან (იხ. “ონლაინ ბიზნესმომსახურება”, რომელიც, შტატის არჩევის შემდეგ, გამოჩნდება ბოლოში წვრილი ასოებით).
აქ მოცემულია ისეთი ბმულები, როგორებიცაა კალიფორნიის bizfile Online და ნიუ-იორკის კორპორაციებისა და კომერციული პირების მონაცემთა ბაზა. როგორც წესი, იპოვით ბიზნესად რეგისტრირების თარიღებს, სარეგისტრაციო მისამართს, დირექტორებისა და აღმასრულებლების სახელებს.
აშშ-ის შტატებში კორპორატიული ინფორმაციის სხვა წყაროების ამსახველი მონაცემთა ბაზები აქვს, ასევე, LLC University-სა და Coordinated Legal Tech-ს.
აქ შეგიძლიათ, იხილოთ აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორების ჩამონათვალი.
კორპორატიული კვლევის პროექტის ფარგლებში შემუშავებული Violation Tracker (დარღვევების დეტექტორი) წარმოადგენს კორპორატიული გადაცდომების საძიებო სისტემას და მოიცავს საბანკო საქმიანობას, მომხმარებლის დაცვას, ყალბ ანგარიშფაქტურებს (საგადასახადო დოკუმენტაციას), გარემოსთან, ხელფასთან, სამუშაო დროსა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებულ უსამართლო პრაქტიკას, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, დასაქმებისას დისკრიმინაციას, ფასის ფიქსირებას, ქრთამის აღებას და სხვა შემთხვევებს, რომლებიც აღძრულია 40-ზე მეტი ფედერალური მარეგულირებელი უწყების მიერ იუსტიციის დეპარტამენტის ყველა განყოფილებაში 2000 წლიდან მოყოლებული.
გაერთიანებული სამეფო
კომპანიების პალატის (Companies House) მომსახურება უფასოა და აქ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია სხვადასხვა კომპანიის შესახებ, რაც მოიცავს შემდეგს:
- რეგისტრაციის მისამართი და კორპორაციად გაფორმების თარიღი
- მოქმედი და ყოფილი მოხელეები (აღმასრულებლები);
- დოკუმენტების ასლები (სურათები);
- ინფორმაცია იპოთეკით დატვირთვის შესახებ;
- კომპანიის ძველი სახელები;
- ინფორმაცია გადახდისუუნარობის შესახებ.
კანადა
SEDAR (ელექტრონული დოკუმენტების ანალიზისა და გამოთხოვის სისტემა) ბიზნესდოკუმენტაციის აღრიცხვის კანადური საიტია, რომელმაც 1997 წლის იანვარში დაიწყო ფუნქციონირება.
საფრანგეთი
Infogreffe უზრუნველყოფს უფასო წვდომას კომპანიებთან დაკავშირებულ ძირითად (საბაზისო) ინფორმაციაზე (ფრანგულ ენაზე).
გერმანია
გერმანიის კომპანიების რეესტრი მრავალენოვანი წყაროა და ძიება უფასოა, თუმცა, ზოგიერთ დოკუმენტზე წვდომა ფასიანია.
ჩინეთი და ჰონგ-კონგი
ჩინეთის საწარმოთა საკრედიტო ინფორმაციის საჯაროობის ეროვნული სისტემის საიტი შეგიძლიათ, იხილოთ აქ (ჩინურად).
ჰონგ-კონგში კომპანიების რეესტრში ასახული ინფორმაციის გაერთიანებულ სისტემაში კიბერძიების ცენტრი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
სხვა წყაროები
კორპორატიული ვებგვერდებისა და სოციალური მედიის ონლაინძიებისას უამრავი მონაცემი ამოტივტივდება.
აქვე რამდენიმე აქტუალური რჩევა პროფესიონალი მკვლევრებისგან:
- მოძებნეთ კომპანიის მაღალი თანამდებობების პირები და დირექტორები. სცადეთ GIJN-ის 2017 წლის კონფერენციაზე წარდგენილ მოხსენებაში („ყოფილი თანამშრომლების ძიება“) მითითებული მეთოდები.
- ძიებისას გამოიყენეთ LinkedIn. სცადეთ გაფართოებული ძიების მეთოდი, რომელშიც, მაგალითად, მენიუ მომხმარებელს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების არჩევის (გამიჯვნის) საშუალებას აძლევს. (იხ. ჰენკ ვან ესის (Henk van Ess) LinkedIn-ში სოციალურ ძიებასთან დაკავშირებული. დაათვალიერეთ კომპანიებისა და სამრეწველო ჯგუფების გვერდები. Glassdoor-ს შეუძლია, მოგაწოდოთ დეტალები თანამშრომელთა გამოცდილებისა და საშუალო ხელფასების თაობაზე.
- როცა მედიაანგარიშებს ეძებთ, მიაქციეთ ყურადღება დარგობრივ და ბიზნესპრესას. მათი პოვნა შეგიძლიათ Ulrichsweb-ის საშუალებით.
- მოძებნეთ კომპანიის მისამართი და ტელეფონის ნომერი. შემდეგ, დამატებითი ინფორმაციისთვის, შეამოწმეთ რუკები და ქუჩის ხედების გამოსახულებები.
- აშშ-ში, იხილეთ CitizenAudit, Propublica-ს Nonprofit Explorer და Guidestar. გაერთიანებულ სამეფოში შეგიძლიათ, იხილოთ 360Giving, CharityBase და მთავრობის საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი.
- დაუკავშირდით არასამთავრობოებს, როგორებიცაა გარემოს დაბინძურებისა და ადამიანით ვაჭრობის პრობლემებით დაინტერესებული ჯგუფები და გამოიკვლიეთ, რა ინფორმაციას ფლობენ.
- ასევე, შეგიძლიათ მოიძიოთ, რა ინფორმაციას ფლობენ სავაჭრო ასოციაციები ამ კონტექსტში კომპანიის საქმიანობის შესახებ.
ოფიციალური წყაროების დამატებითი ჩამონათვალი
როგორც წესი, სამთავრობო და კომერციულ სექტორებს შორის გადაკვეთის თითოეული წერტილი წარმოქმნის საჯარო დოკუმენტს.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე დაწესებულება, სადაც, ასევე, შეგიძლიათ, კომპანიისა და მთავრობის უწყებების ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის მოძიება.
- მიწის საკუთრება – სახელები და აღწერილობები;
- მიწის ათვისება – შენობა, ზონირება და სპეციალური ნებართვები;
- გარემოსთან დაკავშირებული რეგულაციები – ნარჩენების ჩადინებასთან დაკავშირებული ნებართვები, ანგარიშები გამონაბოლქვის შესახებ და აღსრულების ღონისძიებები;
- შრომის რეგულაცია – პროფესიული ლიცენზია და შრომითი დავები;
- სასამართლოს საოქმო ჩანაწერები – [კომპანიის] მიერ ან მის წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო დავები;
- ფინანსური რეგულაცია – შევსებული დოკუმენტაცია ან შევსების მოთხოვნა;
- ინტელექტუალური საკუთრება – პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების რეგისტრაცია;
- მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტები – ტენდერები და ტენდერის მოგების (გრანტის გაცემის) დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სამთავრობო სუბსიდიები – დარიცხვის დამადასტურებელი ამონაწერები;
- პოლიტიკური დონაცია – საჯარო მოხელეებისთვის გაღებული შემოწირულობები;
- ლობისტის რეგისტრაცია – გავლენის გამამჟღავნებელი დეკლარაციები
კომპანიის საქმიანობის სექტორის გათვალისწინებამ შეიძლება მასთან დაკავშირებულ აქტუალურ ინფორმაციამდე მიგიყვანოთ.
მაგალითად, Open Oil-ს აქვს ნავთობის, გაზისა და წიაღისეულის კომპანიების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური მარეგულირებლის მოთხოვნით შევსებული, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტების ორმილიონიანი ბაზა.
სასამართლო სხდომების ჩანაწერები ფასდაუდებელი რესურსია. PACER, მაგალითად, ფლობს აშშ-ის ფედერალური სასამართლო სისტემის, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და საოლქო სასამართლოების, აშშ-ის ვალაუვალობის სასამართლოს ელექტრონულ არქივებს.
გაითვალისწინეთ, რომელი კანონები და რეგულაციები ზემოქმედებს ბიზნესზე და როგორი დოკუმენტაციაა საჭირო. ამგვარი დეტალები მკვეთრად სხვადასხვაგვარი იქნება ადგილისა და ბიზნესის ტიპის მიხედვით, თუმცა, შეიძლება მნიშვნელოვან მინიშნებებს მოიცავდეს.
ზოგიერთი ოფიციალური ქმედება ან ასეთი ქმედების მოთხოვნა შეიძლება აისახოს მთავრობის საჯარო პუბლიკაციებში. ევროპის ქვეყნების შემთხვევაში იხილეთ: ოფიციალური სამთავრობო მაცნეების ევროპული ფორუმი (European Forum of Official Gazettes), სადაც ნახავთ თითოეული ქვეყნის მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებულ ინფორმაციას; ასევე, ევროპულ სამთავრობო მაცნეებზე (გამოცემებზე) წვდომისათვის მოსახერხებელი საიტია OpenGazettes.
სახელმძღვანელო ინსტრუქციები ჟურნალისტებისთვის
ონლაინსივრცეში კორპორაციების კვლევასა და კომპანიის ფინანსების შესწავლის გზებთან დაკავშირებით დიდი ოდენობით მასალა იძებნება.
ქვემოთ ჩამოთვლილია ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ინსტრუქციები:
- სასარგებლო წყაროა, ასევე, კორპორაციების კვლევის პროექტის დირექტორის ფილიპ მატერას (Philip Mattera) Dirt Diggers Digest Guide to Strategic Corporate Research Dirt Diggers Digest-ის კორპორაციების სტრატეგიული კვლევის სახელმძღვანელო. ბოლოს იგი 2019 წელს განახლდა, თუმცა არაჩვეულებრივად ამომწურავი რესურსია.
- GIJN-ის ვიდეოკოლექცია, ასევე, მოიცავს დევიდ ქეი ჯონსტონის (David Cay Johnston), პულიცერის პრემიის ლაურეატის ვიდეოჩანაწერს, რომელიც კომპანიის ფინანსების შესახებ რეპორტაჟის მომზადებას ეხება; ასევე, Finance Uncovered-თან თანამშრომლობით მომზადებულ webinar-ს აფრიკელი ჟურნალისტებისათვის, რომლებიც კომპანიის ფინანსებს იძიებენ.
- როგორ მივსდიოთ ფულის კვალს: რჩევები საზღვარგარეთ გამოძიებისათვის წარმოადგენს GIJN-ის კითხვებისა და პასუხების სესიას OCCRP-ის რედაქტორ მირანდა პატრუჩიჩთან (Miranda Patrucic), რომელიც ასე იწყება:
GIJN: კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის მოპოვების შემთხვევაში, რა იქნებოდა თქვენი უპირველესი ნაბიჯი?
მირანდა პატრუჩიჩი: ჩემს თავს სამ შეკითხვას ვუსვამ:
- რა წერია ბალანსის უწყისში და როგორ არის მოპოვებული?
- საიდან მოდის ფული?
- და რა წერია „შენიშვნების“ გრაფაში?
- გადახედეთ „კორპორატიული ანგარიშების შესწავლას“, რომელიც წარმოადგენს ნაწყვეტს ბრიტანული კვლევითი ჯგუფის, Corporate Watch-ის, მიერ 2017 წელს გამოცემული წიგნიდან „კომპანიების გამოძიება: დამოუკიდებლად მუშაობის სახელმძღვანელო“.
- რაჯ ბაიროლიას (Raj Bairoliya) „კომპანიის ანგარიშებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის“ „განკუთვნილია დამწყებებისთვის“ და ხელმისაწვდომია გაერთიანებული სამეფოს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრში (Centre for Investigative Journalism). ასევე, იხილეთ ჟურნალისტიკის ბრიტანელი პროფესორის, პოლ ბრედშოუს (Paul Bradshaw) ორი სვეტი: „მონაცემების ანალიზის საფუძველზე შექმნილი სიუჟეტის დამუშავების რვათვალსაზრისიანი მიდგომა“ და „კომპანიების ანგარიშებში ამბების აღმოჩენის 9 გზა“.
- ნიკ მათიასონის (Nick Mathiason) „ფულის კვალზე“, რომელიც GIJC19-ზე გაერთიანებულ სამეფოში Finance Uncovered-ის დამფუძნებელმა წარადგინა.
- „ფულის კვალში: კორუფციის კვლევის ციფრული გზამკვლევი“ წარმოადგენს ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ უფასო სახელმძღვანელოს.
- დევიდ ტრილინგის (David Trilling) სტატია, „ბალანსის უწყისის პოვნა და შესწავლა (წაკითხვა): ბუღალტერიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის“
- “ვინ მართავს კომპანიას?“ არის კორპორატიული მმართველობის გაშუქების სახელმძღვანელო, რომელიც მოამზადა მსოფლიო ბანკის გლობალური კორპორატიული მმართველობის ფორუმმა და ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრმა. 2012 წელს შექმნილი ეს სახელმძღვანელო მრავალფეროვან ანგარიშს წარმოადგენს, რომელიც ბევრ რჩევას, მაგალითსა და რესურსს მოიცავს.
- გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ცენტრის (ICIJ) სტატია, „რა არის საგადასახადო სავანე? ოფშორული ფინანსების განმარტება“ წარმოადგენს ფიქციური კომპანიებისა და საგადასახადო სავანეების ბაზისურ აღწერილობას.
- 2019 წლის გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონფერენციისთვის (GIJC19) მომზადდა ჩინეთზე, ინდოეთზე, ფილიპინებზე, ჰონგ-კონგზე, მაკაუსა და სხვა ქვეყნებზე ორიენტირებული საინფორმაციო წყაროების შესანიშნავი კრებული. მისი ავტორები არიან: კაროლ ილაგანი (Karol Ilagan), ფილიპინების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრი; რიტუ სარინი (Ritu Sarin), Indian Express; კარენ ჟანგი (Karen Zhang), South China Morning Post; პატრიკ ბოელერი (Patrick Boehler), შვედეთის სამაუწყებლო კორპორაცია; და სელინა ჩენგი (Selina Cheng), HK01.
GIJN-ის დამატებითი რესურსები:
- GIJN-ის კორუფციასთან დაკავშირებული რესურსების გვერდი
- GIJN-ის ბიზნესსა და ვაჭრობასთან დაკავშირებული რესურსების გვერდი
- GIJN-ის ვებინარი – როგორ გამოვიძიოთ კომპანიის ფინანსები
- GIJN-ის ვებინარი – როგორ გამოვიძიოთ მილიარდდოლარიანი კორპორატიული თაღლითობა
- როგორ მოახერხეს: მონაცემების შეგროვება 5 მილიონზე მეტი გერმანული კომპანიის შესახებ
- GIJN-ის რესურსგვერდი: წიაღისეულის მომპოვებელი მრეწველობა
- GIJN-ის რესურსგვერდი: მიწოდების ჯაჭვები
- GIJN-ის ინფორმაციის თავისუფლების რესურსცენტრი
საქართველოში დაფუძნებული კომპანიების ბაზები
ქვეთავი მომზადებულია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” მიერ
საქართველოში მოქმედი სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ბიზნესის რეესტრის ბაზაშია თავმოყრილი. აქ შეგიძლიათ იპოვოთ მონაცემები როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს), ისე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპ) შესახებ.
როგორ მოვძებნოთ ინფორმაცია ბიზნესის რეესტრში?
საძიებო სისტემა სულ რამდენიმე ველისგან შედგება. აქ თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ კომპანიის ძირითადი მონაცემები (მფლობელი, რეგისრაციის თარიღი, დირექტორი, მისამართი და ა.შ.), მისი საარქივო დოკუმენტები ან შევსებული განცხადებები.
სუბიექტის მოძებნა შესაძლებელია როგორც მისი უნიკალური ნომრით ანუ საიდენტიფიკაციო კოდით, ისე სახელით. თუ რომელიმე ადამიანის ბიზნეს-საქმიანობას იკვლევთ, მაშინ “მონაწილეებით ძებნის” ველში უნდა ჩაწეროთ ამ პიროვნების სახელი და გვარი და ამგვარად იპოვით კომპანიების დასახელებებსაც.
კომპანიის გვერდზე გადასვლისას დაგხვდებათ მისი ისტორია და ძირითადი მონაცემები ქვედა სურათზე მოცემულ ფორმატში. საქაღალდეებში მოცემულია ინფორმაცია ქრონოლოგიურად და ასახავს ამ კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილებების თანმიმდევრობას.
ქვემოდან პირველი საქაღალდე, როგორც წესი, მოიცავს ინფორმაციას კომპანიის თავდაპირველი რეგისტრაციის შესახებ და კომპანიის საფუძვლიანად შესწავლისას მისი გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ორგანიზაციის მფლობელის შესახებ ინფორმაცია, შპს-ს შემთხვევაში, ამონაწერში დაგხვდებათ, ააიპ-ს შემთხვევაში კი უნდა მოძებნოთ წესდება, რომელშიც მოცემულია დამფუძნებელთა ვინაობა. წესდების ნახვა შპს-ს შემთხვევაშიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგცემთ ორგანიზაციის შესახებ.
აქაა თავმოყრილი დეტალები ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, მართვის ფორმასა თუ ლიკვიდაციის წესზე. წესდება, როგორც წესი, დასკანერებული დოკუმენტია, რომელიც djvu ფორმატში ინახება რეესტრში და ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ მისი განთავსების ადგილს.
დოკუმენტის გადმოწერამდე თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობაში დააყენეთ djvu წამკითხველი ან რეესტრიდან გადმოწერილი djvu დოკუმენტი გადაიყვანეთ pdf ფორმატში.
საქართველოში მოქმედი კომპანიების სხვა ონლაინ საძიებო სისტემები ბიზნესის რეესტრის მონაცემებს ეფუძნება, თუმცა, ზოგიერთს დამატებითი ფუნქციებიც აქვს. მაგალითად, www.bia.ge მომხმარებელს სთავაზობს ისეთ ინფორმაციას, რომელიც რეესტრში არ დაგხვდებათ, მაგალითად ინფორმაცია კომპანიის მენეჯმენტის შესახებ ან თანამშრომელთა რაოდენობა, ან ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციაზე წვდომა ფასიანია და დეტალებისთვის bia.ge-ს გუნდს უნდა დაუკავშირდეთ.
ბიზნესის რეესტრის ბაზაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შექმნა საძიებო სისტემა www.companyinfo.ge, რომელშიც მარტივად დაინახავთ კორპორაციებს შორის კავშირებს და კვეთის წერტილებს. ვებ-გვერდზე ინფორმაციის ძიება შესაძლებელია როგორც კომპანიის დეტალებით, ისე მისი მესაკუთრის ან დირექტორის მონაცემებით.
ბიზნესის რეესტრის ბაზაზე მუშაობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა “ბიზნესის რეგისტრი,” რომელშიც შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ კომპანიის მონაცემები. ამავე გვერდზე “რეპორტების” კატეგორიაში დაგხვდებათ საქსტატის მიერ კომპანიების შესახებ მომზადებული ანგარიშები და “გრაფიკების” ველში ვიზუალურად იხილავთ ამ სტატისტიკას.