ავტორი: ანა ჭეიშვილი და ნინო ბაქრაძე
1846 წელს გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის გადასახურად თუნუქის ოსტატი ივანე კრასოვი მოიწვიეს ქალაქ ლინევიიდან, რადგან მთელს ქუთაისის უეზდში არ იპოვებოდა დამხურავი თუნუქისა,” – ამონარიდი მერაბ კეზევაძის წიგნიდან “გელათის მონასტერი ეგზარქოსობის დროს.”
ლურჯი ტენტი გელათის სახურავზე აჩვენებს, რომ 1846 წლის მსგავსად, ამ ძეგლის სწორად გადამხურავი ქვეყანაში ისევ არ გვყავს. დღეს კი იმასაც ვერ მივხვდით, რომ ოსტატი საზღვარგარეთიდან მაინც მოგვეწვია.
ოსტატის მოწვევაზე პასუხისმგებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რესურსს თავდაცვაზე ხარჯავს. გაზაფხულზე, როდესაც ლურჯი ტენტით გადახურულმა გელათმა ხალხში ბრაზი გამოიწვია, სააგენტომ პიარკამპანია დაიწყო. დღემდე ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ ყველაფერი უხარისხო კრამიტის ბრალია.
ჟურნალისტური გამოძიების ამ ნაწილში ჩვენ მოგიყვებით სწორედ ამ კრამიტისა და მისი დაგების ტექნოლოგიის შესახებ. თქვენც ნახავთ, რა და ვისი ბრალი იყო.
ჩვენი გამოძიების პირველ სერიაში განვიხილეთ გადახურვის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის ის ნაწილი, რომელიც არც იუნესკოსთან იყო შეთანხმებული და არც რომელიმე საერთაშორისო, გამოცდილ საექსპერტო ორგანიზაციასთან. მეტიც, საპროექტო დოკუმენტაციაში საერთოდ არ იყო დეტალურად განხილული გელათის მკლავების გადახურვა. სწორედ დასავლეთის მკლავის განახლებული სახურავი გახდა ყველაზე პრობლემური და ტენტიც მას დააფარეს. პირველ ნაწილს ამ ბმულზე ნახავთ.
ახლა კი მეორე ნაწილს მივყვეთ.
კრამიტის ხარისხი და მისი დაგების ტექნოლოგია
მეთორმეტე საუკუნეში, როდესაც დავით აღმაშენებელმა გელათის მთავარი ტაძარი ააშენა, მას მოჭიქული, ხასხასა მწვანე ფერის კრამიტი დაახურა. ეს გელათის ტერიტორიაზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა.
1650-ანი წლებიდან გელათი ჯერ გადახურული იყო სპილენძით, შემდეგ კი თუნუქით. ბოლოს სახურავი 1976 წელს განახლდა და კვლავ თუნუქის საბურველით დაიფარა. 2008 წელს შექმნილ კონსერვაციის გეგმაში ვკითხულობთ, რომ მეცნიერებმა გელათში მხატვრობისა და ფრესკების მდგომარეობა საგანგაშოდ მიიჩნიეს და სახურავიდან წყლის ჩამოსვლის კვალზეც მიუთითეს.
გელათში მცირე მასშტაბისა და ეტაპობრივი საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლიდან დაიწყო. მაშინ ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” გადახურა წმ. ნიკოლოზის სახელობის სამრეკლო და წმ. გიორგის ეკლესიის გუმბათი. 2014 წელს კი აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით გელათის მთავარი ტაძრის სახურავის და ფასადის განახლება დაიწყო.
ამჟამად სამუშაოების შესრულება ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” დაევალა. მათ გელათის გუმბათი უნდა გადაეხურათ კახა ტრაპაიძის ორგანიზაციის, ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობის” მიერ 2014 წლის იანვარში მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით. სამუშაოებს აშშ-ს საელჩო აფინანსებდა.
“ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა,” პროექტის მიხედვით კრამიტით გადახურა გუმბათი და გაამაგრა ყელი. გადასახურად აირჩიეს დავითისდროინდელის მსგავსი, ხელით დაწნეხილი, ხალასი მწვანე ფერის მოჭიქული კრამიტი.
2015 წელს გელათზე მიმდინარე სამუშაოები “იკომოსისა” და მსოფლიო ბანკის მისიამ შეამოწმა. მათი შეფასებით, კიდევ ერთი გამაგრებითი სამუშაოები იყო საჭირო. ამის შემდეგ დაიწყო მკლავების გადახურვა. ჩვენ საპროექტო დოკუმენტაციაში ვერ ვიპოვეთ შესაბამისი სამუშაოების აღწერა და ტექნიკური დეტალები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი მასალა არ არსებობს. სააგენტოსაც ვთხოვეთ, მოეწოდებინათ საპროექტო დოკუმენტაციის ის ვარიანტი, სადაც მკლავების გადახურვა დეტალურად იქნებოდა აღწერილი, მაგრამ მათგან პასუხი რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგაც ვერ მივიღეთ.
გელათის გუმბათის სახურავის განახლებისას კრამიტი დაამაგრეს ხის ფიცრებზე. მკლავებზე კი კრამიტის დაგების მეთოდოლოგია შეიცვალა და გადახურვა კირ-დუღაბზე მოეწყო. ანუ, ჯერ დაასხეს კირის ფენა და ზედ დააწებეს კრამიტი.
იგივე ტექნოლოგიით დააგეს კრამიტი ეკვდერებზე, 2018-2019 წლებში, სამუშაოების მეორე ეტაპზე.
იტალიელი იპოლიტო მასარი ძველი ნაგებობების წყლისა და ნესტისგან დაცვის სპეციალისტია. ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” მას რეკომენდაციისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც გელათი ტენტით გადაიხურა. მასარის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოგზავნილ სამუშაო დოკუმენტში წერია:
“კრამიტის დაწყობა უშუალოდ კირის ხსნარზე ან ხის ფიცარზე, კონკრეტულად გელათის შემთხვევაში, შესაძლოა, არ იყოს მიზანშეწონილი სხვადასხვა მიზეზით:
- შეუძლებელია მოხდეს სახურავის საჭირო დონეზე გადმოშვერა ფასადების და ჩარჩოების პროფილის შესაბამისად;
- კრამიტზე და საიზოლაციო ფენაზე დაგროვილი წყლის პირდაპირი ჩამოდინება;
- პროგრესული გაჟღენთვა, რომელიც გამოწვეულია კრამიტის საფუძვლად გამოყენებული კირის შრეში ჩარჩენილი წყლის აორთქლების შეუძლებლობით.
აღნიშნული დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილი იქნება კრამიტი მოთავსდეს გარდიგარდმო ხის ფიცრებზე, რომლებსაც იჭერს სხვა გრძივი ხის ფიცრები, ქვის გადახურვის ანალოგიურად.”
საპროექტო დოკუმენტაციის ავტორი ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობაა. ორგანიზაციის დირექტორი, კახა ტრაპაიძე გვეუბნება, რომ კრამიტის კირ-დუღაბზე მოწყობა ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მნიშვნელოვანი დეტალია და ოდითგან ასე იყო. “ვერავის ვერ დავეთანხმები კირ-დუღაბთან დაკავშირებით. მცხეთის ჯვარია კირ-დუღაბზე, ოშკი, იშხანია და მათ პრობლემა არ გააჩნიათ. ძეგლთა დიდი ნაწილი ასეა გადახურული და არ აქვთ პრობლემა,“ – გვეუბნება კახა ტრაპაიძე.
ტრაპაიძე გვიმტკიცებს, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში მხოლოდ კირ-დუღაბზე მოწყობის ტექნოლოგიაა განხილული და სხვა ვერსია არც არასდროს ჰქონიათ. არადა, გუმბათის ნაწილში კრამიტი ხეზე დალაგდა. მკლავების ნაწილი კი პროექტში საერთოდ არაა განხილული.
ახლა მოუწევთ კირ-დუღაბის ტექნოლოგიის გადახედვა. 2020 წლის ოქტომბერში სააგენტომ გამოაქვეყნა გელათზე დაკვირვების ანგარიში. გასული წლის გაზაფხულსა და ზაფხულზე სპეციალისტთა მისია რამდენჯერმე ეწვია ძეგლს არსებული სიტუაციის შესაფასებლად და სააგენტოსთვის რჩევების მისაცემად. ამ ანგარიშში, რეკომენდაციების ველში ასეთი ჩანაწერია: “დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, თეთრი კერამიკისგან დამზადებული კრამიტის სრულად შეცვლა, სასურველია წითელი კერამიკით დამზადებული კრამიტებით, რომელიც უკვე გამოცდილია და გამოყენებულია ტაძრის ზედა ნაწილებზე; პირველ რიგში აუცილებელია, ახალი, შესაცვლელი კრამიტის ლაბორატორიული შემოწმება და საექსპერტო დასკვნის მიღება მის გამძლეობასა და კირ-დუღაბის ხსნარზე მისი მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.”
ანუ, გამოდის, რომ პროექტით გათვალისწინებული კრამიტის ტიპიც და მისი კირ-დუღაბზე მოწყობის ტექნოლოგიაც კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი. ოღონდ მას შემდეგ, როცა ურემი გადაბრუნდა.
დასავლეთის მკლავში, სადაც გელათის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საერთოდ არ არსებობდა და კრამიტიც კირ-დუღაბზე მოეწყო, ყველაზე რთული ვითარება შეიქმნა. წყალმა დინება იქ 2016 წელს დაიწყო. ამას გვიდასტურებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დირექტორი, მაკა დვალიშვილი. იმ დროს მედიაც ავრცელებდა ამ ინფორმაციას. სოციალურ ქსელშიც იპოვით იმდროინდელ ვიდეო და ფოტომასალას, სადაც წყლის ჩასვლა ნათლად ჩანს.
სოციალურ ქსელში ფართო განხილვის საგანი გელათის მდგომარეობა 2020 წლის გაზაფხულზე გახდა. პრობლემა კვლავ მთავარ ტაძარში წყლის დინება და მხატვრობის ბათქაშის ცვენა იყო.
რას აკეთებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს? ბოლოს სააგენტოს ინსპექტორები გელათს 2019 წლის დეკემბერში ეწვივნენ და მაშინაც კი არ გამოუთქვამთ პრეტენზია გადახურვის ხარვეზებზე. არადა, სააგენტოს მიერ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მისიების ანგარიშში წერია, რომ ინტერიერსა და ფასადებზე დაზიანების აქტიური დეგრადაცია 2017 წლის შემდგომ დაიწყო, მაშინ, როდესაც ეტაპობრივად გამოიცვალა სახურავი და დაიფარა მოჭიქული კრამიტით. სააგენტოს სამუშაოების მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე, არათუ საჯარო განცხადებებში, არამედ თავის შიდა სამუშაო დოკუმენტებშიც კი არ უთქვამს მსგავსი რამ.
ახლა კი სააგენტო გელათის მთელს ამ ისტორიაში დამნაშავედ შემსრულებელ კომპანიას, ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს მიიჩნევს” და ამბობს, რომ ყველაფერი დიდწილად იმის ბრალია, რომ მათ თვითნებურად შეცვალეს კრამიტის ტიპი და ამაზე არც სააგენტოს და არც ფონდს ინფორმაცია არ ჰქონია.
კომპანიის დირექტორი, მაკა დვალიშვილი კი გვეუბნება, რომ სამუშაოების შესრულების პროცესში ნამდვილად შეფერხდნენ, რადგან კრამიტის პირვანდელმა მომწოდებელმა სამუშაოს შემჭიდროვებულ ვადებში შესრულებაზე უარი თქვა. ამიტომ, მოუწიათ კრამიტის მომწოდებლის შეცვლა, რასაც კრამიტის ტიპის ცვლილებაც მოჰყვა. ხელით დაწნეხილი კრამიტის ნაცვლად ჩამოსხმული გამოიყენეს.
ახალი კრამიტის რამდენიმე ნიმუში 2018 წლის აპრილში შესამოწმებლად წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიას გაუგზავნეს. ეს ლაბორატორია ცენტრ “დელტას” დაქვემდებარებაშია და სამშენებლო მასალის ხარისხსს 70 წელია ამოწმებს. მათ შედგენილ დასკვნაში წერია, რომ “ყინვაგამძლეობის პროცესში, გაყინვა-გალღობის ყოველი ციკლის შემდეგ, დეტალური დათვალიერების შედეგად, კრამიტებზე რაიმე ტიპის დარღვევა არ დაფიქსირებულა.”
ექსპერტიზა 51-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტმა, გიორგი ბალიაშვილმა ჩაატარა. ბალიაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ექსპერტიზის წესი ასეთია, რომ საექსპერტო კომისიამ უნდა დალუქოს სამშენებლოდ გამოსაყენებელი მთელი პარტია, შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩიოს ნიმუშები, ისინი შეამოწმოს და ამაზე დაყრდნობით გაიცეს ექსპერტიზის დასკვნა.
გელათის შემთხვევაში კი საქმე ასე იყო: შპს “პრიმუმს” დაუკვეთეს კრამიტის ნიმუშის დამზადება. ეს ნიმუში წაიღეს ექსპერტიზაზე. დადებითი დასკვნის შემდეგ შპს “პრიმუმს” დაუკვეთეს უკვე მთელი პარტიის წარმოება, რომლის ხარისხიც გამოყენებამდე ექსპერტიზას აღარ შეუმოწმებია. ანუ პირველადი ნიმუშების შემდეგ, “პრიმუმმა” რა დაამზადა, შეესაბამებოდა თუ არა სტანადარტს, ეს აღარავის შეუმოწმებია.
შემსრულებელი კომპანიის, ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” დირექტორი, მაკა დვალიშვილი გვეუბნება, რომ მათთვის არც არავის უთხოვია მთელი პარტიის შემოწმება და არც იცოდნენ, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო. როდესაც ბექა ბარამიძეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელს ვკითხეთ, რატომ არ მოითხოვა სააგენტომ მთელი პარტიის ექსპერტიზა, გვითხრა, ჩვენ მაშინვე არ გაგვიგია კრამიტის შეცვლის ამბავი, 2020 წლის გაზაფხულზე პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ და ვერც მოვითხოვდითო.
აქ ბარამიძე ტყუის და სააგენტოს პოზიციის დაცვას ცდილობს, რომლის ერთადერთი მოვალეობა ამ პროცესში ის იყო, რომ ძეგლის განახლებისთვის თვალ-ყური ფხიზლად ედევნებინა.
საპროექტო დოკუმენტაციის თანაავტორი, კახა ტრაპაიძე განახლების სამუშაოებში ჩართული იყო და გელათშიც ხშირად იმყოფებოდა. ამას გვიდასტურებს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელი, გია ხურცილავაც. ტრაპაიძის თქმით, ის კრამიტის ტიპის შეცვლის წინააღმდეგი იყო და ამის შესახებ ყველას მიმართა. “მე ვამბობდი, რომ უნდა გამოეყენებინათ ხელით დაწნეხილი კრამიტი, რადგან ეს გამოცდილია და იმუშავა. შეიძლება, კრამიტი დაამზადო რამდენიმე ცალი და იყოს კარგი, მაგრამ წარმოებაში როცა ამას უშვებ, ის ვერ იქნება კარგი.” ტრაპაიძის თქმით, მან ეს აზრი ყველა შეხვედრაზე დააფიქსირა, სადაც ამ საკითხს განიხილავდნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტი ერთია, 2020 წლის მარტში მთელმა ქვეყანამ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კრამიტი ალაგ-ალაგ დამტვრეული იყო, აქერცლილი და დეფორმირებული. სააგენტომაც ჩვენთან ერთად “გაიგო,” რომ კრამიტის ტიპი შეცვლილი იყო და ხარისხი გამოუსადეგარი. არადა, მანამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამუშაოებს ამოწმებდა და მიიჩნევდა, რომ გელათზე სამუშაოები მათთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიდიოდა. საზოგადოების ახმაურებისთანავე სააგენტო თავდაცვით პოზიციაში ჩადგა და ყველაფრის შემსრულებელი კომპანიისთვის გადაბრალება დაიწყო. ამის შემდეგ შეამოწმა გამოყენებული კრამიტის ხარისხი სამხარაულის ექსპერტიზამ და მას “გარემოებისთვის შეუსაბამო” უწოდა.
“თვითონ კრამიტის ჩამოსხმის ტექნოლოგიამ არ გაამართლა. ორმაგი მონიტორინგი ტარდებოდა, მუნციპალური ფონდი ამონიტორინგებდა ყოველდღიურად. ეტაპობრივად სააგენტოც. პრობლემა იმაშიც იყო, რომ მცირე დრო იყო გამოყოფილი ეკვდერების გადასახურად. ხელით დაწნეხილი კრამიტი ვერ ესწრებოდა. ჯერ იყო რვა თვე, შემდეგ გადაიდო ერთ წლამდე, ამიტომ შეიცვალა ტექნოლოგია და ჩამოისხა კრამიტი. მერე აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიამ არ იმუშავა,” – გვიხსნის მაკა დვალიშვილი.
სააგენტოს პოზიცია, რომ გელათში წყლის ჩასვლა დიდწილად კრამიტის უხარისხობითაა გამოწვეული, არგუმენტებით ვერაა გამყარებული. მათ შორის, სააგენტოს ანგარიშებში ვხვდებით განსხვავებულ მოსაზრებებს. 2020 წლის მარტში, მედიაში ატეხილი განგაშის შემდეგ, სააგენტომ დარგის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერა გელათი. ანგარიშში ტაძარში წყლის ჩასვლის ძირითად მიზეზად კრამიტი არაა დასახელებული. დოკუმენტში საუბარია სხვა პრობლემებზეც, რომელმაც თავი ახლა იჩინა. მაგალითად ეს: “ტაძრის ზოგიერთ მონაკვეთზე პრობლემურია წყლის ინფილტრაცია, რისი მიზეზიც გადახურვასა და კედლების შეერთების ადგილას არასათანადოდ შესრულებული შევსებები უნდა იყოს. ვიზუალური დაკვირვებით გამოვლინდა, რომ აღნიშნული შევსებები დაბზარულია.”
სწორედ ამ ჩადინებისთვის ხელშესაშლელად, გადახურვის ქვეშ უნდა მოწყობილიყო ჰიდროსაიზოლაციო ფენები და წყლის საწრეტი სისტემა. დიდი არეულობა სწორედ აქაა. გამოძიების შემდეგ ნაწილში მოგიყვებით, რა იმალება გელათის სახურავზე დალაგებული ხასხასა, მწვანე კრამიტების ქვეშ.