გელათის თავზე ლურჯი ტენტის აფრიალებიდან დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვარწმუნებს, რომ ეს მათი ბრალი სულაც არაა. სააგენტო მთელი მონდომებით ცდილობს, გელათის თავგადასავლის “ცუდ გმირად” წარმოაჩინოს მხოლოდ ის კომპანია, რომელმაც სახურავი განაახლა.
თუმცა, სააგენტოს ჰქონდა ბერკეტი და საშუალება, მკაცრად ეკონტროლებინა კომპანიის მიერ ძეგლის განახლების პროცესი და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეაქცია ჰქონოდა.
სააგენტოს წარმომადგენლები თავად ამბობდნენ, რომ მათ გელათის გასაჭირი საზოგადოებასთან ერთად შეიტყვეს. 2020 წლის გაზაფხულზე სოციალურ ქსელში გელათის დამტვრეული კრამიტის ფოტოები გამოჩნდა. საზოგადოების ახმაურებამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც გამოაფხიზლა და მათი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
რატომ ვერ აკონტროლებდა სააგენტო ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებს? უზრუნველყოფდა კი არსებული სისტემა სათანადო მეთვალყურეობას? ამ კითხვებზე უნდა გიპასუხოთ ამ სტატიაში, რომელიც ჩვენი გამოძიების ბოლო ნაწილია.
სააგენტოს სისტემა
სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო 2008 წელს შეიქმნა. ამჟამად ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
სააგენტოს დებულებით განსაზღვრულია მისი ძირითადი ფუნქციები:
- კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, პოპულარიზაცია (მათ შორის უცხოეთში) და მოვლა-პატრონობა (მათ შორის უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით);
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტების მეთოდოლოგიური ექსპერტიზა, ძეგლების დაცვისა და კონსერვაციის პროგრამებისა და დოკუმენტაციის შემუშავება;
- ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება;
- სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება;
- საგანმანათლებლო საქმიანობა კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით;
- კომპეტენციის ფარგლებში ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი და დარღვევათა გამოვლენა.
2015 და 2019 წლებში სააგენტოს დებულებაში გარკვეული მუხლები შეიცვალა, მაგრამ ძირითად ფუნქციებსა და საქმიანობის მიმართულებებს ეს ცვლილება არ შეეხო. ამჟამადაც, ბოლო დებულების მიხედვით, სააგენტოს კვლავ აქვს უფლება, ერთდროულად იყოს დამკვეთიც, სამუშაოს შემსრულებელიც და შემდეგ შემმოწმებელიც.
“ეს საბჭოთა სისტემაა. მაშინ იყო ყველაფერი ერთი სტრუქტურის, ძეგლთა დაცვის სამმართველოს ხელში – ადმინისტრირებაც, კვლევაც და წარმოებაც. 2000-ანი წლებიდან იმედისმომცემი პროცესები დაიწყო, მას მერე, რაც ადმინისტრაციული ფუნქციის გამოცალკევების ტენდენცია გამოიკვეთა. შემდეგ შეიქმნა ეს სააგენტო, რომელიც ისევ საბჭოთა ძეგლთა დაცვას დაემსგავსა, ოღონდ უკონტექსტო და ქაოტური ფუნქციებით. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ის ამ ფორმით ეფექტური ვერ იქნებოდა.
არსებითია, რომ სააგენტოს მკაფიოდ გამოხატული ადმინისტრაციული ფუნქცია ჰქონდეს. ძალიან უხეშად: მას უნდა ჰქონდეს ფონდის ფუნქცია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში კონკურსებს წარმართავს და პროექტებს აფინანსებს, შემდეგ კი სამუშაოების ხარისხს და თანხის ხარჯვას აკონტროლებს. შესაძლოა, დარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების ვალდებულებაც ჰქონდეს. დანარჩენი ფუნქციები სხვაგან უნდა იყოს, ნაწილი სხვა ინსტიტუციებში, ნაწილი საკონკურსოდ.
ახლა ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებთან, პოპულარიზაციასთან, სამეცნიერო კადრების და სახელმძღვანელოების მომზადებასთან და კიდევ უამრავ სხვა ამოცანასთან, სააგენტოს მთავარი ვალდებულება – ძეგლთა დაცვა, სულ ჩაიკარგა. დებულებაში ჩამოთვლილი ფუნქციები რომ ჩვენში ძეგლთა დაცვითი საქმიანობის ხარისხზე არ ასახულა, ამას გელათის შემთხვევაც გვიჩვენებს.
არც რამე რგოლია გარეთ, სააგენტო რომ დააბალანსოს და მისი პროფესიული გადაწყვეტილებები გადაამოწმოს,” – გვიზიარებს თავის მოსაზრებას მზია ჯანჯალია, რომელიც ხელოვნების ისტორიკოსი და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია.
ჯანჯალია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ფერწერის სექციის წევრიცაა. გელათის კონსერვაციისა და რეაბილიტაციის პროცესს პირველივე დღეებიდან აკვირდება და ინტერესთა კონფლიქტს ნათლად ხედავს.
გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ამ ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე: “ჩანაწერი დაკონკრეტებული არ არის. გამორიცხულია, რომ სააგენტომ თავად აწარმოოს ასეთი სამუშაოები. მე გიხსნით, რა იგულისხმება განხორციელებაში. ამაში კანონი გულისხმობს ფინანსური რესურსის გამოყოფას და შემდეგ მის კონტროლს.”
ანთიძის პოზიციას ზურგს ვერ უმაგრებს სააგენტოს აქტივობა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ჩვენ ვიპოვეთ სააგენტოს თანამშრომლების მიერ შექმნილი სხვილოს ციხის, შატილის, უფლისციხის, უჯარმისა და სხვა ძეგლების რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტები. თავიანთ ფეისბუქის გვერდზეც გვაუწყებენ, რომ სააგენტოს თანამშრომლები თავად ქმნიან პროექტებს. თუმცა, ამავდროულად, ზოგიერთი პროექტის შესაქმნელად ტენდერს აცხადებენ და დამოუკიდებელ კომპანიას ანდობენ ამ საქმეს.
მას შემდეგ, რაც სააგენტოს თანამშრომლები პროექტს შექმნიან, სააგენტო აცხადებს ტენდერს ძეგლის რეაბილიტაციის მიზნით. გამარჯვებული კომპანია ძეგლს აახლებს სააგენტოს მიერ მიწოდებული პროექტის შესაბამისად. შემდეგ კი შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებენ და იბარებენ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებმაც საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადეს.მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დოკუმენტებში შედარებით მარტივად ვიპოვეთ, რომ სამთავროს არქეოლოგიური ველის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი სააგენტოს თანამშრომელმა გ. კობეშავიძემ შეასრულა და შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტსაც მოაწერა ხელი. უფლისციხის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაცია გიორგი სოსანიძემ მოამზადა და მიღება-ჩაბარებასაც მოაწერა ხელი. გორის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპის დოკუმენტაცია გიორგი სოსანიძემ და გ. ჯვარიძემ მოამზადეს და მიღება-ჩაბარების ოქმზე, სააგენტოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, მათი ხელმოწერებიცაა.
სულხან სალაძე იურისტი და კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის მკვლევარია. Ბოლო წლებში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია) ხელმძღვანელობდა. Მისი აზრით, ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის პირდაპირი ფორმა არ გვაქვს, თუმცა ეთიკური დილემა მაინც დგას: “როცა მე ვქმნი პროექტს და მერე მევე ვამოწმებ ამ პროექტის მიხედვით ჩატარებულ სამუშაოს, ჩნდება ასეთი საფრთხე, რომ თუ დავალება სწორად არ იყო მიცემული და პროექტი იყო ხარვეზიანი, შემმოწმებელი სამუშაოებს წუნს ვერ უპოვის. უბრალოდ, არაფერს იტყვის.”
გელათის ამბავიც მსგავსი სცენარით წარიმართა. სააგენტოსთან დაახლოებულ პირთა მიერ მომზადებულ პროექტს ბევრი წუნი აღმოაჩნდა. ამას სააგენტოც კი აღიარებს, ოღონდ ირიბად. პროექტის ხარვეზებზე ჩვენ გამოძიების პირველ ნაწილში ვრცლად გიყვებოდით. თუმცა, პროექტის თანაავტორთა პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა.
გელათის რეაბილიტაციის პროექტი შექმნა, ერთი შეხედვით, სააგენტოსგან დამოუკიდებელმა კომპანიამ, ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ.” თუ ამ ორგანიზაციის საქმიანობას ჩავუღრმავდებით და დოკუმენტებსაც ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ კომპანიასთან სააგენტოში დასაქმებულები აქტიურად თანამშრომლობენ.
მაგალითად, 2014 წელს მომზადებული გელათის რეაბილიტაციის პროექტის თანაავტორები იყვნენ გიორგი გაგოშიძე, გიგლა ჭანუყვაძე და გიორგი სოსანიძე. გაგოშიძე ახლა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსია. სოსანიძე სააგენტოს ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის უფროსია. ჭანუყვაძე იმ დროს ნებართვების და მიმდინარე პროექტების კოორდინაციის სამსახურის მთავარი კოორდინატორი იყო.
2017 წელს მოწამეთის რეაბილიტაციის პროექტიც ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობამ” შექმნა. ამ პროექტში მონაწილეობს სააგენტოს სამი თანამშრომელი, გიორგი სოსანიძე, გიგლა ჭანუყვაძე და გიორგი გაგოშიძე.
სააგენტოს დებულება არაფერს ამბობს თანამშრომელთა შორის ინტერესთა კონფლიქტზე. სისტემა ამას დასაშვებად მიიჩნევს.
ამ შემთხვევებში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს ვერც ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს დირექტორი. მისი თქმით, ამ ადამიანებს არ აქვთ საჯარო მოხელის სტატუსი და მათზე არ ვრცელდება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. გარდა ამისა, ანთიძის თქმით, სააგენტოს თანამშრომლებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება აქვთ.
სულხან სალაძე კი თვლის, რომ კანონი, შესაძლოა, ამ საქმიანობას დასაშვებად მიიჩნევს, მაგრამ ეს პროფესიულ ეთიკას ეწინააღმდეგება: “ერთი მხრივ, ეს ხალხი ამ საქმეს აკეთებდეს სააგენტოს თანამშრომლის სტატუსით და მეორე მხრივ, რომელიმე კომპანიის სახელით, არის გაქანებული ინტერესთა კონფლიქტი. საჯარო მოხელეობაზე არ გადის აქ ზღვარი, წმინდად ეთიკური კუთხითაც რომ შეხედო, იმის ალბათობა, რომ ვიღაცამ თეთრზე თქვას შავიაო და შავზე თქვას, თეთრიაო, ყოველთვის მეტია ასეთ შემთხვევებში. ერთადერთი ორგანო, რომელიც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზეა პასუხისმგებელი, არის სააგენტო და ეს ხალხი მას თანამშრომლებად ერიცხება. გელათის ამბავში რაც უფრო სიღრმეში მივდივართ, მით მეტად ვხედავთ სისტემის პრობლემებს.”
ამას ისიც ერთვის, რომ ამ დარგის სპეციალისტები ცოტაა ქვეყანაში და ინტერესთა კონფლიქტი, შესაძლოა, თვითნებურად წარმოიშვას, თუკი ამას სისტემა ვერ დაარეგულირებს. გელათის დაზიანებები კი მოწმობს, რომ ამას სისტემა ვერ არეგულირებს.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის რეაბილიტაციის დროს, გელათის შემთხვევაშიც, საპროექტო დოკუმენტაციას სააგენტო განიხილავს და ამტკიცებს. ამ პროცესში, სხვადასხვა მიმართულების განსახილველად ჩართულია საბჭოები, რომელიც შედგება როგორც სააგენტოს თანამშრომლებისგან, ისე დამოუკიდებელი ექსპერტებისგან.
მაგალითად, გელათის საპროექტო დოკუმენტაცია 2014 წელს დაამტკიცა “წინარექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექციამ,” რომელშიც სააგენტოს 6 თანამშრომელი და 4 დამოუკიდებელი, მოწვეული სპეცილისტი მონაწილეობდა.
სააგენტოს თანამშრომელთა შორის, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ და აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდათ, იყო გიორგი გაგოშიძეც. მას, ამ შემთხვევაში, პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა, რადგან პროექტის მომზადებაშიც მონაწილეობდა.
“სისტემა სააგენტოს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, სამუშაო პროცესის ყველა ეტაპზე იყვნენ ჩართულნი. ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობენ, როგორც პროექტირებაში, ისე შესრულებული სამუშაოების მონიტორინგში. ამასთან როგორც საბჭოებისა და სექციების წევრები, ისინი პროექტების განხილვასა და დამტკიცებაშიც მონაწილეობენ. ცხადია, საბჭოებში სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც სააგენტოს ინტერესს წარმოადგენს. რა მნიშვნელობა აქვს ასეთი საბჭოების მუშაობას, თუ რეალურად კონტროლის მექანიზმია მოშლილი?“ – საგულისხმო კითხვას სვამს მაკა ბულია, ჩუბინაშვილის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი ფერწერის სექციის წევრიცაა.
ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს დირექტორი კი ვერც იმაში ხედავს ინტერესთა კონფლიქტს, რომ პროექტის ერთ-ერთი ავტორი სექციის სხდომაზე მსჯელობდეს პროექტის ავკარგიანობაზე: “თუ მას აქვს არგუმენტაცია, საბჭოს უზიარებს ინფორმაციას, რა კვლევა ჩაატარა და როგორ და მერე საბჭოც დაეთანხმება, ეს რატომაა ცუდი? აქ რა არის ინტერესთა კონფლიქტი? ინტერესთა კონფლიქტი მაშინ იქნებოდა, თუ ეს ადამიანები მონაწილეობენ ისეთი პროექტის შემქნაში, რომელიც დაფინანსებულია სააგენტოს მიერ.”
სააგენტოს პროექტების განხორციელებაში ფონდი “ქართუ” ყოველწლიურად ეხმარება. ფონდი აფინანსებს ძეგლების რეაბილიტაციის პროცესსაც და მათი განახლებისთვის საჭირო პროექტების მომზადებასაც. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც სააგენტოს ეთქმის, რადგან ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე ნებართვა მათ უნდა გასცენ. ამ პროცესში ჩართულია სექციებიც, რომელიც სააგენტოს რამდენიმე აქვს, მაგალითად არქიტექტურის მიმართულებით, სტრატეგიული საკითხების დარგში და ა.შ. სექციის წევრების მიერ პროექტის შეფასება და რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ხასიათის და სააგენტოს ან სამუშაოს შემსრულებელს/ავტორს შეუძლია არც გაითვალისწინოს.
სარეაბილიტაციო დოკუმენტაციის დამტკიცების შემდეგ იწყება სამუშაოების პროცესი. გელათის შემთხვევაში, სექციის რეკომენდაცია იყო, რომ სამუშაოებისთვის პროექტის საავტორო ჯგუფს მუდმივი მეთვალყურეობა გაეწია.
ვინ შედიოდა საავტორო ჯგუფში, ანუ ვის უნდა ედევნებინა თვალყური გელათის რეაბილიტაციისთვის? – საავტორო ჯგუფად იწოდება კომპანია, რომელმაც ძეგლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია შექმნა. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა.
გამოძიების პირველ ნაწილში გთხოვეთ, რომ კახა ტრაპაიძის სახელი და გვარი დაგემახსოვრებინათ. ახლა ვრცლად მოგიყვებით ადამიანზე, რომელიც გელათის ამბავში ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობდა და დღემდე თამაშობს.
კახა ტრაპაიძე შევარდნაძის დროს კულტურის სამინისტროში მუშაობდა. 2000-ანი წლების დასაწყისიდან არის სამხატვრო აკადემიის კანცლერი. 2002-2004 წლებში იყო ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამინისტროდან წასვლის შემდეგ, რამდენიმე თვე, ეროვნულ მუზეუმში მუშაობდა.
ტრაპაიძემ 1986 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 2013 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიის დოქტორანტურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კონსერვაციის განხრით.
2007 წელს მან და მისმა კოლეგებმა შექმნეს ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობა,” რომლის მიერ შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით ჩატარდა გელათზე სამუშაოები.
ა(ა)იპ “საქართველოს მემკვიდრეობა” სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობს. მათ 2011 წლიდან დღემდე სააგენტოსგან 35 სახელმწიფო შესყიდვა აქვთ მიღებული, ჯამში, 8.7 მილიონი ლარის ღირებულების.
ტრაპაიძე ასევე არის ა(ა)იპ “ბაგინეთი+”-ის გამგეობის წევრი. ორგანიზაცია 2009 წელსაა დაფუძნებული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან 353 ათას ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვა აქვს მიღებული.
იანვარში “ბაგინეთი+”-ს დაევალა გელათის დროებითი გადახურვის მოწყობაზე თვალყურის დევნება. სამუშაოების შესრულება კი ისევ “იკორთასა” და “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” ვალდებულებაა.
ანუ, ასე გამოდის, რომ ტრაპაიძე, რომელიც ამ დრომდე 8 წელი აკვირდებოდა გელათში მიმდინარე სამუშაოებს, არ იცვლება. ახლა სამუშაოებს მეთყვალყურეობას ისევ მისი კომპანია გაუწევს.
კახა ტრაპაიძის სახელი გელათს 2008 წლიდან დაუკავშირდა. მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალი შექმნილი იყო. მას ნიკა ვაჩეიშვილი ხელმძღვანელობდა.
ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ტრაპაიძე მან მოიწვია გელათის პროექტზე სამუშაოდ, რადგან ენდობოდა მისი, როგორც სამხატვრო აკადემიის თანამშრომლის კვალიფიკაციას. 2008 წელს ტრაპაიძის ორგანიზაციის ავტორობით მომზადდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც დეტალურად აღწერდა ძეგლის იმჟამინდელ მდგომარეობას და მასზე აუცილებლად ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხას.
გელათში ტრაპაიძე მარტო არ მისულა. ნიკა ვაჩეიშვილის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, სააგენტომ კახა ტრაპაიძეს მაშინ მისცა უფლება, თავად შეერჩია სამუშაოების შემსრულებელი და “იკორთა 2007” ასე აღმოჩნდა გელათში. მას შემდეგ ტრაპაიძე და “იკორთა” გელათში ერთად საქმიანობენ.
სწორედ “იკორთა-2007” ასრულებდა სამუშაოებს გელათის მთავარ ტაძარზე. მუშებიც, ინჟინრებიც, მშენებელ-კონსტრუქტორებიც ამ კომპანიის მიერ იყო დაქირავებული.
თუმცა, “იკორთა” სამუშაოებზე ოფიციალურად პასუხისმგებელი სააგენტოს წინაშე არაა. ეს კომპანია ამ სამუშაოს შესასრულებლად ა(ა)იპ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” დაიქირავა.
2014 წლიდან სწორედ “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრია” სამუშაოების ოფიციალური შემსრულებელი და კონტრაქტორი. ამ კომპანიამ მიიღო სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ნებართვები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან და დაფინანსება სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინსტიტუტისგან.
ცენტრის დირექტორი, მაკა დვალიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შპს “იკორთა-2007” მათაც კახა ტრაპაიძის რეკომენდაციით დაიქირავეს.
თუმცა, ახლა სააგენტო ცდილობს, რომ საკუთარ თავთან ერთად ტრაპაიძეც გადაარჩინოს, რადგან ხელი ხელს ჰბანს. 2014 წლის 12 დეკემბერს ტრაპაიძე სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სტრატეგიული საკითხების სექციის თავმჯდომარე იყო. სწორედ ამ სხდომაზე სექციის წევრების უმრავლესობა, მათ შორის ტრაპაიძე, თანახმა იყვნენ, რომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღარ ჰქონოდა.
ახლა სააგენტოს პოზიცია ისაა, რომ კონტრაქტორმა გელათზე სამუშაო ხარვეზებით შეასრულა და საპროექტო დოკუმენტაციას და მონიტორინგის სისტემას პრობლემა არ ჰქონდა. სააგენტო რომ ტრაპაიძის მუშაობით კმაყოფილია, ისიც მოწმობს, რომ გელათის დროებითი გადახურვის სამუშაოების კონტროლი კვლავ მას მიანდეს.
ტრაპაიძეს და სააგენტოს საქმიანი კავშირების გარდა კიდევ ერთი რამ აერთიანებთ. თამარ მელივა სააგენტოში იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტია. ის კახა ტრაპაიძის რძალია (შვილის ცოლი). თავად ტრაპაიძემ გვითხრა, რომ ეს ფაქტი მისთვის ინტერესთა კონფლიქტს არ ნიშნავს.
2014-2018 წლებში მელივა გელათის პროექტზეც მუშაობდა. “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა” სააგენტოს 2018 წლის დეკემბერში მოხსენებითი ანგარიში გაუგზავნა, სადაც წერია, რომ პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაზე მელივაც მუშაობდა.
გელათზე მიმდინარე სამუშაოები ტრაპაიძის მეთვალყურეობის გარდა, სააგენტოსაც უნდა ეკონტროლებინა. შემსრულებელი კომპანიისგან ვიცით, რომ ძეგლს დროგამოშვებით სტუმრობდა სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფი.
სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე გვეუბნება, რომ ინსპექტორებმა გელათის ჩრდილოეთ მკლავზე წყლის ჩასვლის ფაქტი 2016 წელსაც დააფიქსირეს და მაშინ გაფრთხილება მიეცა სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას, რომ ეს დაზიანებები აღმოფხვრილიყო. მიუხედავად ამისა, 2018 წელს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” კვლავ მისცეს ახალი ნებართვა უკვე ეკვდერების გადასახურად. ანთიძე ამას იმით ხსნის, რომ ეს კომპანია გამოცდილი, ავტორიტეტულია და ხარვეზის დაფიქსირება არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიას სამუშაოების ჩატარების უფლება უნდა შეუჩერდეს.
“სააგენტო გელათში წყლის ჩასვლას ხარვეზს უწოდებს. ამაზე მეტი უტიფრობა რა გინდათ? წყლის ჩასვლით შეუქცევადი პროცესი რომ დაიწყო და ფერწერის დაზიანება სადამდე მივა რომ არ ვიცით, ეს არის თურმე ხარვეზი და მორჩა,” – ამბობს სულხან სალაძე.
სააგენტოსგან ნოემბრიდან ვითხოვთ მათი გელათზე ინსპექტირების ოქმებს. გასულ კვირაში თავად ნიკოლოზ ანთიძე დაგვპირდა, რომ დოკუმენტებს მოგვაწვდიდნენ. მათგან დღემდე არ მიგვიღია შესაბამისი მასალა. ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს, რა წერია ოქმებში, რომელიც 2014-2018 წლებში შედგა. აღნიშნულია თუ არა ის დაზიანებები, რომელიც თვალსაჩინო ჯერ კიდევ 2016 წელს იყო. ან რატომ ვერ შეამჩნია სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფმა 2017 წელს ინტერიერსა და ფასადებზე დაზიანებების გააქტიურება? ამ დაზიანებებზე წერია სააგენტოს მიერ 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ მისიების ანგარიშში. დოკუმენტში განხილულია სააგენტოს მიერ მოწვეულ სპეცილისტთა მიერ გელათის დათვალიერების შედეგები და სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი პრობლემები.
“ინსპექტირებას თუ აკეთებდნენ, ძეგლს აკვირდებოდნენ და მაინც ეს შედეგი მივიღეთ, ეს ნიშნავს რომ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებასთან და გულგრილობასთან გვაქვს საქმე. მე “საია”-ში ყოფნის დროსაც მივმართე პროკურატურას, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაეწყოთ. გელათის შემთხვევაში სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული, რაცაა ძეგლის დაზიანება და გულგრილობა. მათ კი საქმე ფინანსურ პოლიციას გადასცეს. თუ ფინანსურო პოლიციამ იქ იპოვის თანხის გაფლანგვის ან მისაკუთრების ფაქტს, ეს სხვა ამბავია. გელათის დაზიანება კი ცალკე უნდა იყოს გამოძიებული და ამ შემთხვევაში დადგება სააგენტოს პასუხისმგებლობა, ეს კი არ აწყობთ ახლა. ამ სისტემის ნაწილია ისიც, რომ არასდროს ხდება ძეგლების დაზიანების გამოძიება. არადა, ამ ბოლო დროს ამ ქვეყანაში იმდენი ძეგლი დაზიანდა, რამდენიც გნებავთ,” გვეუბნება სულხან სალაძე.
სააგენტოს ეფექტიან საქმიანობაზე პასუხისმგებელი მისი გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძეა. მისი საქმიანობა ეფექტიანი რომ ვერ იქნებოდა, ამაზე საყდრისის ამბავიც მეტყველებდა. დირექტორის პოსტზე ანთიძე საყდრისის მოვლენებამდე დაინიშნა და მალევე საყდრისს ძეგლის სტატუსიც მოეხსნა. ამ გადაწყვეტილებით კომპანია rmg-ის კი მისი აფეთქების საშუალება მიეცა.
ნიკოლოზ ანთიძე სააგენტოს თანამშრომელი იყო 2009 წლიდან. 1996 წელს დაამთავრა ჯავახიშვილის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, 2000 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მიუხედავად იურიდიული განათლებისა, ანთიძე სააგენტოსა და მისი თანამშრომლების საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს. ამიტომაც გადახურეს “შინაურობაში.”
ჩვენ მოვრჩით. ახლა თქვენ დაიწყეთ.