ავტორი: თამუნა ქიმაძე
“აი, ფაქტის” მკითხველის საყურადღებოდ: ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, აუცილებლად მიგვაჩნია კვლავ მოგიყვეთ, როგორ ფლანგავდა და ფლანგავს “ქართული ოცნების” მთავრობა ბიუჯეტის ფულს, ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ვერ პასუხობს ხალხის ინტერესს. თუ ამ პრობლემებს ყურადღების მიღმა დავტოვებთ, “ქართულ ოცნებას” კომფორტს შევუქმნით. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს და ვაშუქებთ კორუფციის, ნეპოტიზმის, ბიუჯეტის არაეფექტიანი და არამიზნობრივი ხარჯვის მაგალითებს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის ამბავს მეოთხე წელია ვიკვლევ და ძეგლის მონახულებაც ბევრჯერ მომიწია. გელათში სტუმრობისას, ჩემი ყურადღება მიიქცია იქვე მდგარმა ერთსართულიანმა შენობამ, რომელიც ერთი შეხედვით კეთილმოწყობილი, შემინული და შეღებილია, თუმცა წლებია დაკეტილია და ფუნქცია არ აქვს. იქვე რომ მოვიკითხე, მითხრეს, ეს გელათის ვიზიტორთა ცენტრია, მაგრამ ჯერ არ გახსნილაო.
ცენტრი, რომელიც 2020 წელს აშენდა და რისთვისაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებიდან 1.2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა,ჯერ ერთ ტურისტსაც არ გამასპინძლებია.
ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, რატომ არის შენობა მეოთხე წელი დაკეტილი და გაიხსნება თუ არა ოდესმე.
რისთვის გვჭირდება გელათის ვიზიტორთა ცენტრი?
ვიზიტორთა ცენტრი, როგორც წესი, კულტურულ თუ ისტორიულ სანახაობებთანაა მოწყობილი. ტურისტს შეუძლია უფასოდ აიღოს რუკა, საინფორმაციო ბუკლეტი, დაუსვას შეკითხვები ადგილზე მყოფ კონსულტანტს და უკეთ გაეცნოს მისთვის საინტერესო ადგილს. გარდა ამისა, ტურისტს საშუალება აქვს დროებით მოისვენოს და სველი წერტილითაც ისარგებლოს. ბუნებრივია, ასეთ სივრცეს იმსახურებს გელათიც, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს იზიდავს.
ვიზიტორთა ცენტრის გახსნას ითხოვდა იუნესკოს ერთობლივი საკონსულტაციო მისიაც, ჯერ კიდევ 2022 წლის ზამთარში, როცა გელათის რეაბილიტაციის შესაფასებლად ჩამოვიდნენ და უფუნქციოდ მდგარი შენობაც შენიშნეს.
“გელათის სამონასტრო კომპლექსი მნიშვნელოვანი ტურისტული ღირშესანიშნაობა და სულიერი ცენტრია, რომელიც ყოველწლიურად 200 000-მდე ტურისტს იზიდავს. მომავალში ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რაც გავლენას მოახდენს ტურისტული ნაკადების მართვაზე. საჭიროა ტურისტული მომსახურების დონის გაზრდა და ძეგლისა და მისი ვიზიტორებისთვის უსაფრთხოებისა და უვნებლობის უზრუნველყოფა. ვიზიტორთა ნაკადის მართვა საკუთრების საერთო მართვის მნიშვნელოვანი ასპექტია. ამ მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო ცენტრის ამოქმედება, რაც მოითხოვს მისი ოპერატიული გამოყენების გეგმის შემუშავებას (მისი აშენების დღიდან ცენტრი დღემდე უმოქმედოა)”, – ვკითხულობთ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS/ICCROM -ის საკონსულტაციო მისიის 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის დასკვნაში.
“გიდი ყველა ტურისტს არ ჰყავს, ისინი თვითონაც დადიან. ამიტომ, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო ვიზიტორთა ცენტრი, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. პირველ რიგში, საპირფარეშოა საჭირო… ამ მხრივ, ყველგან კოშმარული მდგომარეობაა, დაცულ ტერიტორიებს თუ არ ჩავთვლით,” – გვითხრა გიდმა ეკატერინე თაბაგარმა, რომელსაც გელათში დამთვალიერებლები ხშირად აჰყავს.
“ელემენტარულად, ტურისტებს ადგილობრივი ისტორია აინტერესებთ, სამახსოვრო ბარათი, სუვენირი, ან ქუთაისის რუკა სჭირდებათ, რომელსაც ვერსაც იყიდი, თუ ქალაქში არ წახვედი ბაზრობაზე… ამ ცენტრს თუ მოაწყობენ, შესაბამისად მოეწყობა საპირფარეშოც, რომელიც გელათში არის, მაგრამ დაკეტილია. ამის გამო, გვიწევდა თერჯოლაში გაჩერება, ამ ხალხის იქ შეშვება და 20 წუთი ლოდინი. გარდა ამისა, როცა ტურისტები ხედავენ, რომ იქ რაღაც დაწესებულებაა, მიდიან ახლოს და მერე ჩვენ გვეკითხებიან -უი, დაკეტილია? როდის გაიხსნება? და ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხები. ადგილზეც ვერავისთან მოიკითხავ, იმიტომ რომ არავინაა პასუხისმეგებლი პირი, მესანთლის და გარე მოვაჭრის გარდა ვერავის ნახავ“, – გვითხრა ჩინურენოვანმა გიდმა ნენე ახობაძემ.
ვინ და როგორ “მოაწყო” ვიზიტორთა ცენტრი?
“გელათის მონასტერთან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ,” – გვპირდებოდა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში. პირობა სანახევროდ შესრულდა – დახვედრით კი დაგხვდებათ, მაგრამ გამართულობის რა მოგახსენოთ.
მდგომარეობა ასეთია: ვიზიტორთა ცენტრის 286 კვ.მ ფართობის შენობა გელათის მონასტრიდან, დაახლოებით, 50 მეტრში დგას. ერთსართულიანი ნაგებობა გელათის გალავნის ანალოგიური ქვითაა მოპირკეთებული, სახურავი კი ბუნებრივი გამწვანებითაა დაფარული. Პროექტის მიხედვით, აქ უნდა განთავსებულიყო სუვენირების მაღაზია, საგამოფენო სივრცე, გიდების ოთახი, სალარო, კაფე, ადმინისტრაციული განყოფილება და სველი წერტილი. შენობას ოთახები კი აქვს, მაგრამ ყველა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს. არ გახსნილა არც საპირფარეშო.
ამ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ითავა. 2014 წელს ხელშეკრულება გაუფორმეს “სამშენებლო კომპანია n1”ს, რომელსაც 1,5 მილიონ ლარად უნდა აეშენებინა და მოეპირკეთებინა ვიზიტორთა ცენტრის შენობა, დაეგო ფილები მის ეზოში, მოეწყო 10 ხის სავაჭრო ჯიხური და ავტოსადგომი, გაემართა წყალმომარაგების სისტემა და მიეწოდებინა როგორც ცენტრისთვის, ისე 15 ადგილობრივი ოჯახისთვის, მოეწყო ცენტრის შიდა კანალიზაცია და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა.
საბოლოოდ, საქმე კი შესრულებულად ჩაითვალა, მაგრამ წყალმომარაგება მოუწესრიგებელია, შენობა ვერ ფუნქციონირებს, 10 სავაჭრო ჯიხური კი არსად ჩანს.
რადგან სამუშაოების დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, მათგან გვაინტერესებდა, რამ შეაფერხა ვიზიტორთა ცენტრის გახსნა, რატომ შესრულდა პროექტი არასრულყოფილად და რას უპირებენ ახლა, უფუნქციოდ მდგარ შენობას.
მუნიციპალური განვითარების ფონდის პასუხიდან გავიგეთ, რომ თავდაპირველი პროექტი გზადაგზა შეიცვალა. მუშაობის პროცესში აღმოაჩინეს, რომ იმ ადგილას, სადაც ჯიხურები უნდა მოეწყოთ, საყრდენი კედელი ავარიულ მდგომარეობაში იყო და შეკეთება სჭირდებოდა. კედელი გაამაგრეს, ჯიხურების მოწყობა კი გადაიფიქრეს და მის ადგილას ავტოსადგომი მოაწყვეს.
“სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმდებარედ არსებული კედელი იყო ამორტიზირებული…ბენეფიციარის მიერ (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო) შემუშავდა საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დაიწყო მეორე ფაზის სამუშაოები[…] მოეწყო ახალი საყრდენი კედელი და ავტოპარკინგი. შესაბამისად, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე შეეუძლებლად იქნა მიჩნეული ჯიხურების განთავსება”,- მოგვწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან.
გაუგებარია, რატომ არ იცოდნენ საყრდენი კედლის ავარიულობის შესახებ წინასწარ, ან რატომ მიიჩნიეს, რომ სავაჭრო ჯიხურების ავტოსადგომით ჩანაცვლება გონივრული გადაწყვეტილება იყო.საქმე ისაა, რომ თავდაპირველი პროექტით, კომპანიას ჯიხურიც უნდა მოეწყო და ავტოსადგომიც. საბოლოოდ კი აქედან ერთ-ერთი აირჩიეს. დაირღვა ის პირობაც, რომ ვიზიტორთა ცენტრის წინ მანქანებს საერთოდ არ უნდა ემოძრავათ.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ ბუნდოვანებას ვერ გვიხსნის. მოგვწერეს ზედაპირულად, რომ კომპანიის ნამუშევრით კმაყოფილები არიან, პრეტენზიები არ აქვთ,შენობის ფუნქციონირება, მოვლა-შენახვა და ოპერირება კი მათი პასუხისმგებლობა არ არის:
“პროექტის კონტრაქტორებმა ჯეროვნად შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და შესაბამისად საჭირო არ გახდა საჯარიმო სანქციების ამოქმედება. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, სსიპ საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდის დაკვეთით ობიექტზე სამუშაოები დასრულებულია და ამ დროისთვის დამტკიცებულ ფონდის პროექტებში არ არის გათვალისწინებული გელათის სამონასტრო კომპლექსთან მდებარე ვიზიტორთა ცენტრთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება[…]”.
გელათის სამონასტრო კომპლექსთან არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს საკუთრებაა. ამიტომ, ვიზიტორთა ცენტრის ფუნქციონირების ამბავი მათთანაც მოვიკითხეთ. ჯერჯერობით, კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. გვეუბნებიან, ხელმძღვანელობასთან არის გადაგზავნილი და დაელოდეთო. როცა სააგენტო ინფორმაციას მოგვაწოდებს, სტატია შესაბამისად განახლდება.
დაპირებად დარჩენილი სავაჭრო ჯიხურები
2024 წლის Მარტში, როცა გელათის დროებითი გადახურვის პრობლემებს ვიკვლევდი და ადგილზე მივედი, იქ მყოფ მოვაჭრეებსაც გავესაუბრე. მათგან მაინტერესებდა, რა უთხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ან სააგენტოდან, რატომ არ აუშენეს დაპირებული ჯიხურები და რა პირობებში მოუწევთ მუშაობა ახლა. ადგილზე ხუთი მოვაჭრე დამხვდა, რომელიც ღია ცის ქვეშ, სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზესხვადასხვა სამკაულს და საეკლესიო ნივთს ყიდდა.
გავიგეთ, რომ ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის დაწყებისას, მოვაჭრეებისთვის კომპენსაციები დაურიგებიათ. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ, 4 ათასი ლარი ერთი წლის ვადით აიღეს, ამ პერიოდში მუშაობა დროებით შეწყვიტეს, საბოლოოდ კი ახალაშენებულ ჯიხურებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. პირობა დაირღვა, ჯიხურები არ აშენდა და 1 წლის შემდეგ ადგილობრივებმა ძველებურად გააგრძელეს მუშაობა. ისევ ღია სივრცეში დგანან, გასაყიდი პროდუქტი კი დილა-საღამოს ხელით უნდა ატარონ, რადგან დაცული დახლები არ აქვთ და ვერ ტოვებენ.
“ფული რომ დარიგდა, მაშინ წამოვედი. მე რომ წავიკითხე, იქ ეწერა, თანხის მიღების შემდეგ იქ აღარ იმუშავებთო. Სხვა ადგილზე უნდა აშენებულიყო ჯიხურები… ერთნაირები იქნებაო, იქ დაგაყენებთო, იმუშავეთო, არავითარი გადასახდელი არ იქნებაო. Სამკაულებს ვაკეთებდი, ვქსოვდი და ვყიდდი. Რომ გაუჭირდათ ქალებს, ავიდნენ და დადგნენ. უმუშევარი ძალიან ძნელია ახლა ოჯახში, Ხალხს უჭირს, ორი ‘კაპიკი’ რომ აიღონ პურის ფული მაინც რაღაცაა”, – გვეუბნება ერთ-ერთი მოვაჭრე ვინაობის გამხელის გარეშე. ასევე, ანონიმურობა გვთხოვა მეორე მოვაჭრემ, ხანში შესულმა ქალმა:
“Სადაა ბებია ჯიხურები, გაძაღლებული ვართ, გაძაღლებული… Მიგვატოვეს. Მომკლა ამისმა თრევამ, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას…”
Მოუწესრიგებელი წყალმომარაგების ქსელი
დაგეგმილი იყო, რომ გელათის ვიზიტორთა ცენტრის და სოფელ გელათში მცხოვრები 15 ოჯახისთვის წყალი ორი კილომეტრის მოშორებით მდებარე “სოხასტერის” წყაროდან უნდა გამოეყვანათ, პოლიეთილენის მილით წყალსაცავამდე მიეყვანათ და იქედან განაწილებულიყო. არ ვიცით, რა რაოდენობის თანხა გამოიყო ცალკე ამ სამუშაოებისთვის. მთელი ეს შესყიდვა დონორის, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და დეტალები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
მოვაჭრეები გვეუბნებიან, რომ წყალი არც მოსახლეობამდე მისულა და არც ვიზიტორთა ცენტრამდე.
“როგორც ასეთი ქე რო უნდა ისე არ კეთდება არაფერი, იმ ‘ბასეინამდე’ მოვიდა წყალი, ბურდებია ზედ გადასული. გარეთ უნდა ყოფილიყო [საპირფარეშო] აგერ, მარა წყალი არ არის… ” – გვეუბნება გელათის მონასტერთან მყოფი ორი მოვაჭრე.
“Მოსახლეობასთან არ წასულა წყალი, ოცამდე ოჯახი ვართ რომ არ გვაქვს… ზაფხული, მაისი რავარც დაიწყება, წყალი არ გვაქვს, მისდღემჩი… ”, – გვეუბნება სოფელ გელათის მკვიდრი, სახელის და გვარის გასაჯაროვების გარეშე. მისი მეზობელიცგვიხსნის, რომ სოფელში ჯერ კიდევ საბჭოთა ნაგებობიდან წამოსულ წყალს იყენებენ:
“უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ არ გვაღირსეს. ძველი გაკეთებული წყალია, ნეტა განახა რა არ მოყვება, მწვანილი დაა…ბოდიში და… ყვავილებს თუ მორწყავ მარტო… საჭმლისთვის არ ვარგა. Სასმელი წყალი წყაროდან მოგვაქვს, ბოვშები მყავს და იმათ მოაქვთ ფეხით”.
მუნიციპალური განვითარების ფონდში უწყლობის მოუგვარებელი პრობლემა ასე ახსნეს – ვიზიტორთა ცენტრისთვის და დამატებით სოფლის 15 ოჯახისთვის სასმელი წყალი უნდა გამოგვეყვანა “სოხასტერის” წყაროდან, რომლითაც სხვა დასახლებაც სარგებლობს და სამუშაოები მათ გააპროტესტესო.
“…რის გამოც საჭირო გახდა დაგეგმილი წყალმომარაგების პროექტის ცვლილება.მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის წყალმომარაგება მომხდარიყო დავითის წყაროდან (შესაბამისად დაიგეგმა ტექნიკური სამუშაოები და დავითის წყაროს შემკრებში დამონტაჟდა ე.წ ჭკვიანი ტუმბო) რაც განხორციელდა,” – გვეუბნება მგფ.
რა მნიშვნელობა აქვს, რომელი წყაროდან გამოიყვანეს, ფაქტია, რომ მოსახლეობამდე სასმელი წყალი არ მისულა. ხოლო იმის დადგენა, არის თუ არა წყალი ვიზიტორთა ცენტრში, შეუძლებელია. შიგნით შესვლა არ შეგვიძლია, შენობა დაკეტილია და ადგილზე დაცვაც კი არ არის, რომ წყლის შესახებ ვკითხოთ.
ბუნებრივია, კითხვები გვქონდა სამუშაოების შემსრულებელ “სამშენებლო კომპანია #1-თან”. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მათი ბოლო სამუშაოები გადავამოწმეთ. 2021 წლის შემდეგ ტენდერში მონაწილეობა აღარ მიუღიათ. 2020-2021 წლებში კი 6 შეუსრულებელი ხელშეკრულება აქვთ.
დავურეკეთ ნინო წულუკიძეს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ამ კომპანიის წარმომადგენლად იყო მითითებული. გვითხრა, რომ ორი წელზე მეტია კომპანია საერთოდ აღარ მუშაობს. დაგვპირდა, ვინმეს თუ მოვიძევ შეგატყობინებთო. მოგვიანებით ისევ დავურეკეთ და გვითხრა, ვერავის ნომერი ვეღარ ვნახეო.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ არაეფექტიანად დაიხარჯა 1 მილიონ ლარზე მეტი და სიკეთით, რაც ამ შენობას უნდა ჰქონოდა, ვერავინ ისარგებლა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ პატარა, ერთსართულიანი შენობის ფუნქციონირებაც ვერ მოახერხა და რა გასაკვირია, რომ მთლიანად გელათის სამონასტრო კომპლექსია შავ დღეში.
მასალაში გამოყენებული წყაროები