“აი, ფაქტი” მოლდოველ კოლეგებთან ერთად ოთხი თვეა იკვლევს, რა საერთო აქვს ჩვენს ქვეყნებში მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიებს. ვადარებთ, რას ეუბნებიან ამ ინსტიტუციების მსახური სასულიერო პირები მრევლს უკრაინაში მიმდინარე ომზე, კოვიდზე, ადამიანის უფლებებზე, დასავლურ სამყაროსა თუ შიდა პოლიტიკურ ამბებზე.
რას ქადაგებდა საქართველოსა და მოლდოვის ეკლესია პანდემიაზე?
ჟურნალისტური გამოძიების ამ ნაწილში გიყვებით, რა აერთიანებდათ ქართველ და მოლდოველ მღვდლებს კოვიდ-პანდემიის პირობებში და საიდან იღებდა მათი გონება ათასგვარ მცდარ, დამაბნეველ და კონსპირაციულ ცნობებს.
ალბათ, მთელი საზოგადოებისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ კოვიდთან დაკავშირებული დეზინფორმაციული გზავნილები რომელიმე კონკრეტული მღვდლის თავში თავისით ჩნდებოდეს და დეზინფორმაციული მანქანა მათ იარაღად არ იყენებდეს. თუმცა, ფაქტები სხვას აჩვენებს: ეს კამპანიაც, ისე როგორც ბევრი “სიკეთე,” ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის.
საქართველოსთან ერთად რუსეთის სტრატეგიული ინტერესის არეალში ხვდება მოლდოვაც. ამიტომაც, ჩვენს მოლდოველ კოლეგებთან ერთად Stopfals.md-დან სოციალურ სივრცესა და მედიაში კოვიდთან დაკავშირებით მღვდლების მიერ გავრცელებული გზავნილები მოვაგროვეთ, ერთმანეთს შევადარეთ და კატეგორიებად დავყავით. გამოვლინდა, რომ ორივე ქვეყანაში სასულიერო პირები განსაკუთრებულად ბევრ დეზინფორმაციულ გზავნილს ვაქცინის წინააღმდეგ ავრცელებდნენ.
საქართველოს ეკლესიის წიაღში კი კიდევ შემდეგი სახის, მეცნიერებასთან დაპირისპირებული გზავნილები ვრცელდებოდა:
- ვირუსი ხელოვნურად შეიქმნა და სპეციალურად გავრცელდა;
- ეკლესიიდან ვირუსი არ ვრცელდება და ზიარებაც საერთო კოვზით უსაფრთხოა;
- ვირუსის გამოგზავნით ღმერთი გვსჯის ცოდვების გამო.
“ხელოვნურად შექმნილი ვირუსი”
საქართველოში მოქმედი მართლმადიდებელი მღვდლების ნაწილი (რომელიც აქამდეც პრორუსულ გავლენებს ადვილად ემორჩილებოდა) ვირუსს ხელოვნურად შექმნილად აცხადებდა და ხალხს მოუწოდებდა, არც მათ შეშინებოდათ.
“დიახ, კოვიდ-19 არსებობს, მაგრამ ის ხელოვნურად არის შექმნილი, რათა გაჟლიტოს პლანეტის მოსახლეობის ნაწილი, ხოლო გადარჩენილები – ახალ მსოფლიო წესრიგს დაუმონოს!” – ამბობდა დეკანოზი დავით ისაკაძე 2020 წლის დეკემბერში.
“კომპეტენტური პირები ადასტურებენ, რომ ვირუსი გამოყვანილია ლაბორატორიებში,” – განაცხადა სქემ-მიტროპოლიტმა ქრისტეფორე წამალაიძემ 2021 წლის მარტში.
რუისისა და ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი ვირუსს “ხელოვნურად თავსმოხვეულ ფსიქოზს” უწოდებდა. მისი აზრით, ეს იყო მასონების მიერ დაგეგმილი რეპეტიცია, რათა კაცობრიობაზე კონტროლი დამყარებულიყო.
საბედნიეროდ, იყვნენ სასულიერო პირები, რომლებმაც რეალურად შეაფასეს ვირუსისგან გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხე. ისინი ღიად მოუწოდებდნენ მრევლს სიფრთხილე გამოეჩინათ და მედ-პერსონალის მიერ გაცემული რეკომენდაციები დაეცვათ. ამის გამო სხვა სამღვდელოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდებოდნენ.
მაგალითად, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა მრევლს მოუწოდებდა, მოესმინათ ექიმებისთვის. “მე ვალდებული ვარ, მოვუსმინო პროფესიონალს. თუ არ მოვუსმენ დღეს ინფექციონისტს, მაშინ ხვალ ვიტყვი, რომ საერთოდ აღარ მივალ ექიმთან არასდროს და ასე ვიცხოვრებ, რომ მარტო ჩემი ლოცვით, ნაკურთხი წყლით განვიკურნები ნებისმიერი სნეულებისგან,” – ამბობდა დეკანოზი 2020 წლის 17 აპრილს.
თუმცა, მასობრივად მაინც ისე ჩანდა, რომ მღვდლები მედიცინისა და მეცნიერების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ამგვარი მოწოდებები უფრო მრავლად გვხვდებოდა, ვიდრე საპირისპირო.
თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა გვითხრა, ვირუსთან მიმართებაში ყველა ქვეყანამ ისეთი რეაქცია გამოავლინა, როგორი მზაობაც ჰქონდაო. მისი აზრით, საპატრიარქოს ეს პოზიცია ხალხის დამოკიდებულებიდან იყო ნაკარნახევი.
“საქართველოში მოსახლეობაც აიგნორებდა ამ ვირუსს, არ აფიქსირებდა რომ ჰქონდა ვირუსი იმიტომ, რომ ეს მიბმული იყო მთელ რიგ სოციალურ საკითხებთან. ეკლესიამ აიღო სწორედ ის ორიენტირი, რაც ჰქონდა საზოგადოებას და უბრალო მოსახლეობას,” – გვითხრა გამრეკელაშვილმა.
თავად პატრიარქ ილია მეორის გზავნილები კი არც მწვადს წვავდა, არც შამფურს. “ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა,” – ამბობდა პატრიარქი 2021 წლის საშობაო ეპისტოლეში, ამ დროს კი პანდემიით უკვე ორი ათასზე მეტი ადამიანი იყო დაღუპული.
არადა, შეიძლებოდა, რომ პატრიარქის სწორხაზოვან, ნათელ მოწოდებებს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილზე ჰქონოდა უფრო სასარგებლო გავლენა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბრის კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტ კეთილგანწყობას ილია მეორე იმსახურებს. მის მიმართ დადებითადაა განწყობილი მოსახლეობის 88%. საპატრიარქო კი ხალხის ნდობას კრიტიკულ მომენტებში საკუთარი ინტერესის სასარგებლოდ უფრო იყენებს, ვიდრე სახელმწიფოებრივი მიზნით.
როგორ მოუწოდებდა პატრიარქი მრევლს მედიცინისა და მეცნიერების ნდობისკენ მაშინ, როცა ამის არც თავად სჯერა და არც პროპაგანდის ინტერესშია ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება?
“მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე,” – იქადაგა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 2020 წლის 1 მარტს, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებიდან სამ დღეში.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო 2020 წლის 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა. აიკრძალა სამ ადამიანზე მეტის შეკრება. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ ღვთისმსახურებაზე ადამიანების დასწრება არ შეზღუდა.
“ეკლესიიდან ვირუსი არ ვრცელდება”
პანდემიის მიუხედევად, საქართველოს საპატრიარქომ 2020 წლის 20 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და ღვთისმსახურების წესი უცვლელი დატოვა. შეიტანეს მცირედი ცვლილებები, რომ რისკის ქვეშ მყოფ მრევლს სახლში მოემსახურებოდნენ, ტაძრებზე გახმოვანების საშუალებებს დაამონტაჟებდნენ, ზიარების შემდგომ სასმელს კი სხვადასხვა ჭურჭლით მიაწოდებდნენ.
მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიაა და მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებდა.
ამ რიგებში კი საქართველოს საპატრიარქო ვერ მოხვდა. მათ ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ყურად არ იღეს და მრევლს ეკლესიაში სიარულისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ. ამბიონებიდან ქადაგებდნენ, რომ ეკლესია და იქ მყოფი ადამიანი ვირუსის გავრცელებისგან დაცულია. მეტიც, მათი აზრით, საჭირო არც პირბადის ტარება იყო.
მალევე ცხადი გახდა, რომ სასულიერო პირების მიერ გავრცელებული ეს გზავნილები მოსახლეობაზე სასურველი ფორმით აისახა. საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია NDI-მ 2020 წლის ივნისში კვლევა ჩაატარა. გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან რწმენა იცავს.
ჩვენ გვაინტერესებდა, რომელ წყაროებს ეყრდნობოდნენ სასულიერო პირები და საიდან დაასკვნეს, რომ ეკლესიიდან ვირუსი არ ვრცელდებოდა. მიტროპოლიტმა გერასიმემ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ტელეფონზე არ გვიპასუხა. მიტროპოლიტმა საბამ გვიპასუხა და როგორც კი ვახსენეთ, რომ ჟურნალისტები ვიყავით, მაშინვე გაგვითიშა.
კითხვის დასმა მხოლოდ მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძესთან მოვახერხეთ. გავახსენეთ თავისი სიტყვები – “სადაც ქრისტეა, იქ კორონას და ვირ-ეშმაკობას რა უნდაო”. გვითხრა, რომ ეს საკუთარ თავზე თქვა და არა ეკლესიაზე. ვირუსი თუ არის, ეკლესიაშიც გავრცელდება, ქრისტიანსაც მიეკარება, მუსლიმსაც და ყველასო [სხვა რელიგიის წარმომადგენლებსაც]. მეუფის თქმით, ის პანდემიის პერიოდში ინფორმაციას, ძირითადად, რუსული არხებიდან იღებდა. ნემსი [ვაქცინა] არ გაუკეთებია და არც გაიკეთებს.
“საერთო კოვზით ზიარება უსაფრთხოა”
საქართველოს საპატრიარქომ, ღვთისმსახურების წესის უცვლელად დატოვებასთან ერთად, ზიარების წესიც უცვლელი დატოვა. მათ სწამდათ, რომ ამ წესის ცვლილებით ადამიანი სრულყოფილად ვეღარ ეზიარებოდა და სულსა და ხორცს ვერ განკურნავდა.
თუ ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოს იაკობს დავუჯერებთ, ქართულმა ეკლესიამ წირვისა და ზიარების ფორმის უცვლელობით დიდი გმირობა ჩაიდინა. მეტიც, ამით მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესია სირცხვილისგან იხსნა.
“რომ შემოვიდა დაავადება, მსოფლიოში დაიწყო ზრუნვა, რომ აღარ ჩატარებულიყო წირვები. თუ ჩატარდებოდა, ხალხი არ მისულიყო და არ ზიარებოდა ქრისტეს ხორცს და სისხლს. მსოფლიო მართლმადიდებლობა სირცხვილს ჩვენმა ქართულმა ეკლესიამ გადაარჩინა. ასეთი დიდი გმირობა ბოლო საუკუნეებში არავის ჩაუდენია,” – ამბობდა მეუფე იაკობი 2022 წლის 13 მარტს ქადაგებისას.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე გვიხსნის, რომ ზიარების პრაქტიკა დროთა განმავლობაში იცვლებოდა და საერთო კოვზით ზიარების წესი გვიანი საუკუნეებიდან მომდინარეობს. მისი თქმით, მანამდე სეფისკვერს დამტვრეული სახით ადამიანს ხელისგულზე უდებდნენ, ღვინოს კი პურში ჩაწობილს ინდივიდუალურად ურიგებდნენ ან პირდაპირ ბარძიმიდან სვამდნენ. ჭიღლაძე ფიქრობს, რომ დღესაც შესაძლებელი იყო ამ წესის ცვლილება, რათა რისკები თავიდან აგვეცილებინა.
“21-ე საუკუნეში ეკლესიას შეუძლია უკეთესი ფორმების მოფიქრება ჰიგიენის კუთხით, რომ ნერწყვით გადადება ავიცილოთ თავიდან. თუკი ეკლესიის მმართველებს ექნებათ ამისი სურვილი, გაბედულება და გაცნობიერება, რომ ეს საჭიროა, თავისუფლად შესაძლებელია ზიარების გარეგნული მხარის, პრაქტიკის დახვეწა,” – გვითხრა დეკანოზმა ჭიღლაძემ.
მსგავსად ფიქრობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილიც. მისი თქმით, ამ წესის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი იმ 4-5-მა ადამიანმა გადაწყვიტა, რომელიც არ არის ლიტურგიკის სპეციალისტი.
“საქართველოს საპატრიარქომ და ეკლესიამ არ დაუძახა სპეციალისტებს თავისივე წიაღში და არ იკითხა, ეს ფორმა, რომელიც გვაქვს ერთი კოვზის ზიარების, თავიდანვე ასე იყო, ეს არის ერთადერთი ფორმა თუ აქვს ეკლესიას საკუთარ თავში სხვა გამოცდილება. იმიტომ, რომ ფორმის შეცვლა, მომხდარის არსს არ ცვლის. ერთი კოვზით მივიღებთ თუ ხელში ჩაგვიდებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს,” – გვეუბნება გამრეკელაშვილი.
“ვაქცინაცია დაგვღუპავს”
მას შემდეგ რაც ყველა დარწმუნდა, რომ ვირუსი საკმაოდ მარტივად და მალე ვრცელდება, პროპაგანდის ახალი ტალღა ვაქცინაციაზე შეთხზულმა ნარატივებმა წარმოქმნა. ვაქცინაციის პროცესს საქართველოს მოსახლეობა თავიდანვე გულგრილად და სკეპტიკურად შეხვდა.
NDI-ის 2021 წლის თებერვლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53% ამბობდა, რომ კოვიდ ვაქცინას არ გაიკეთებს. მათ ასეთ დამოკიდებულებას ხელი საპატრიარქოს პოზიციამაც შეუწყო.
ერთ-ერთი მოტივი, რომლის გამოც ადამიანები ვაქცინაციაზე უარს ამბობდნენ, რელიგიურია. ამას ადასტურებს, 2021 წლის 3 ნოემბერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, როცა მან შექმნილ მძიმე ეპიდვითარებაზე ერთ-ერთ პასუხისმგებლად დაასახელა საპატრიარქო, “რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.”
პროპაგანდის გამავრცელებელი სამღდველოება ვაქცინაციის პროცესს უშვილობასთან აიგივებდა და ამით მოსახლეობის დაშინებას ხელს უწყობდა. ნაწილი კი ამბობდა, რომ ვაქცინის გაკეთებით ჩვენს სხეულში შევიდოდა ჩიპი, რომლის საშუალებით მასონებს ადამიანების დამონება ჰქონდათ გადაწყვეტილი.
მოლდოველი მღვდლებიც ამბობდნენ, რომ ვაქცინაციით ადამიანებს ჩიპებს ჩაუყენებდნენ და მათი საშუალებით გააკონტროლებდნენ მასებს. ბალტისა და ფალესტის მიტროპოლიტი მარჩელი ამ გზავნილს ყველაზე აქტიურად ავრცელებდა.
დეკანოზ ილია ჭიღლაძის თქმით, საქართველოში ანტივაქსერულ პროპაგანდას რუსეთი კურირებდა, ამის მიზეზი კი იყო ქვეყანაში პანიკის გაზრდა, მოსახლეობის დაავადება, სიკვდილიანობა და ეკონომიკური თუ პოლიტიკური ქაოსის გაძლიერება. მისი აზრით, ეს იყო კარგად ორგანიზებული კამპანია, რაც რუსეთს ძალიან აწყობდა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამღვდელოებაში ერთეული გამონაკლისები გვყავდა, რომლებიც ღიად ქადაგებდნენ აცრის სასარგებლოდ. ისინი ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას იაზრებდნენ. მათ შორის იყო დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად გამოდიოდა ვაქცინაციის პოპულარიზაციის მოწოდებებით.
“აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად,” – ამბობდა ლომიძე 2021 წლის 10 აგვისტოს.
დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფიქრობს, რომ სამღვდელოების საღად მოაზროვნე ნაწილი ძალიან ცოტა გვყავს და მათი განცხადებები საკმარისი არ იყო. მისი თქმით, კათოლიკოს პატრიარქსა და მის მოსაყდრე შიო მუჯირს ხალხისთვის ნათლად და მკაფიოდ უნდა განემარტათ, რომ ვაქცინაციაში არავითარი დემონური და ანტიქრისტეს ჩიპის მსგავსი არაფერი არ არის.
“მათ დუმილით ხელი შეუწყვეს ცრუ რელიგიური ისტერიკის გაღრმავებას,” – გვითხრა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
“ცოდვების გამო მოვლენილი ვირუსი”
მას შემდეგ რაც ვირუსის არსებობაში ყველა დარწმუნდა, მათ შორის სამღვდელოებაც, დაიწყეს ფიქრი, რითი აეხსნათ ამ ვირუსის გაჩენა სამყაროში. ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად კი ცოდვები მოიყვანეს. მათი თქმით, ეს ვირუსი იმიტომ გაჩნდა, რომ პასუხი ვაგოთ ჩვენს შეცდომებზე.
მიტროპოლიტ იაკობთან დაკავშირებას უშედეგოდ ვეცადეთ. მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მიტროპოლიტმა შიომ კი ტელეფონი მაშინვე გაგვითიშა, როგორც კი გაიგო, რომ ჟურნალისტი ურეკავდა.
მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხა. მოგვწერა, რომ რადგან სინოდის წევრი ვარ, უფლება მაქვს, მსგავსი შეფასებები დამოუკიდებლად გამოვთქვაო. ისიც დააყოლა, პანდემიისას ვირუსის შესახებ ინფორმაციას ჩემი ნდობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალისგან ვიგებდი, მათ შორის, ურთიერთობა მქონდა ამირან გამყრელიძესთანო. ახლაც იმავე აზრზეა, რომ ავადმყოფობა ცოდვების შედეგია. გვითხრა, პრესას ვერ ვკითხულობ, მაგრამ სავარაუდოდ ასეთი შეფასებები გაკეთდებოდა რუსეთშიც და მთელ ქრისტიანულ სამყაროშიცო.
“ვგულისხმობდი, რომ ნებისმიერი განსაცდელის ჟამს ადამიანმა, პირველ რიგში, საკუთარი ცოდვები უნდა მოინანიოს… ექიმები, ხშირად იმ ადამიანების გადარჩენასაც ვერ ახერხებდნენ, ვინც მათ უჯერებდა. სახარების სწავლების მიხედვით ავადმყოფობა, ზოგადად, პირადი თუ საზოგადო ცოდვების შედეგია. ამიტომ, კიდევ გავიმეორებ, განსაცდელის ჟამს ადამიანმა, შეძლებისდაგვარად, აღსარება უნდა თქვას – ასეთ შემთხვევაში მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება,” – გვითხრა მეუფე ნიკოლოზმა. ბოლოს ისიც მოგვწერა, მასალას რომ გამოაქვეყნებთ, მეც ხომ გამიზიარებთო.
გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები:
დეზინფორმაციის რუსული წარმომავლობა
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მხრიდან ანტივაქსერული კამპანიის წარმოება ახალი არაა. მე-20 საუკუნიდან რუსული სპეცსამსახურები აქტიურად ავრცელებდნენ შავ ჭირსა და შიდსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციულ გზავნილებს. საბჭოთა ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის ნაცვლად მათ უარყოფდა და დაავადების არსებობას არ აღიარებდა. მეცნიერებსა და ექიმებს ავალდებულებდა, რომ მსგავსი შემთხვევები გასაიდუმლოებულიყო. ვირუსს აშშ-ს მიერ ხელოვნურად შექმნილად მოიხსენიებდა და მედიასაშუალებებით ამ იდეოლოგიის პროპაგანდას ინტენსიურად ეწეოდა.
“საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან და ვაქცინებთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაცია აქტიურია დღემდე და ვრცელდება არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის სტრატეგიული ინტერესების არეალში ხვდება. ამ მხრივ კი, არც საქართველოა გამონაკლისი,” – ვკითხულობთ IDFI-ს სტატიაში.
საქართველოში რუსეთიდან წამოსული იდეები მხოლოდ სასულიერო პირების მეშვეობით არ ვრცელდება. მათ მხარს უბამენ პრორუსული ჯგუფები და ღიად ან შეფარულად მოქმედი მედიასაშუალებები, რომელიც რუსული გზავნილების გავრცელებაში ადრეც გამოგვიჭერია.
აი, რას ამბობდნენ ისინი კოვიდის შესახებ:
პრორუსული მოძრაობის, “ალტ-ინფოს” დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ 2021 წლის სექტემბერში სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ მისი მოძრაობის წევრები ვაქცინის ეფექტურობას არ ცნობდნენ და როგორც “ნაგავს” ისე მოიხსენიებდნენ. მახარაძის თქმით, არჩევანის გაკეთება შეუძლიათ და არ აპირებენ ეს “ქიმია” გაიკეთონ.
“მე უფრო მიღირს რომ ჩემი იმუნიტეტის იმედზე ვიყო, ვიდრე ამ რაღაცა გაურკვეველ წამალზე, რომელიც ვერ დამაჯერეს, ვერ ამიხსნეს და დემონსტრაცია ვერ მოახერხეს, რომ ეფექტურია. რაღაცა ნაგავი შემოაგდეს, ყველას უნდა ამ თავისი ნაგვის გასაღება, იმიტომ რომ მილიარდები კეთდება მაგაზე და არი რაღაცა გაუტესტავი, არაკომპეტენტური ტიპების მიერ გაკეთებული “ხიმია,” – ამბობდა მახარაძე.
რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი სააგენტოები ქართულ მედიასივრცეშიც გააქტიურდნენ. პრორუსული, მაგრამ ქართულ ენაზე მოქმედი საინფორმაციო საშუალებების სამიზნედ ლუგარის ლაბორატორია იქცა. მათ კორონავირუსის საკითხი აშშ-ის, NATO-სა და ევროკავშირის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს.
პრორუსულმა ონლაინ-მედია „ნიუსფრონტმა“ 2020 წლის მარტში გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!“
კორონავირუსის საკითხი აშშ-ის დისკრედიტაციისათვის გამოიყენა „საქინფორმმაც.“ გვერდი აქტიურად ავრცელებდა რუსეთის გენერალ-ლეიტენანტის კირილოვის განცხადებებს, თითქოს ვირუსი აშშ-ის მიერ იყო შექმნილი. გარდა ამისა, მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი წერდა, რომ დროა თბილისში ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორიის დახურვაზე ვიფიქროთ, რადგან “ის დიდი ხანია აღიზიანებს რუსეთს და როგორც კორონავირუსის ეპიდემიამ აჩვენა, აბსოლუტურად უსარგებლოა მშვიდობიანი მიზნებისთვის.” ისიც დააყოლა, ვირუსის შტამები ამერიკის საელჩოს უნდა ჩაბარდესო.
კორონავირუსის პანდემიას მანიპულაციურად გამოეხმაურა Facebook-გვერდი „პოლიტიკანოც.“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო შემდეგი წარწერით: „აშშ: ბანკებს აძლევს 1.5 ტრლნ დოლარს; დიდი ბრიტანეთი: ცდილობს “კოლექტიური იმუნიტეტის” შექმნას; იტალია: ჩამოიშალა. ამის საპირისპიროდ: ჩინეთი: აშენებს საავადმყოფოებს; კუბა: ავრცელებს ანტივირუსულ წამლებს; ვიეტნამმა: შექმნა სწრაფი ტესტები კორონავირუსზე; ჩრდილო კორეა: ამოწმებს მოგზაურების ჯანმრთელობას. „ჯანდაცვა სწორია მხოლოდ სოციალიზმში!“
2020 წლის 18 მაისს ონლაინგამოცემა “პროგრესნიუსმა” გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით “რატომ აკრძალეს შვეიცარიაში ადამიანების ვაქცინაცია?” სტატიაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიის ფედერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა ვაქცინაციის 5 წლით შეწყვეტას და მიზეზად ადამიანების ჯანმრთელობისთვის აცრების მიერ გამოწვეული ზიანი დაასახელა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ვაქცინაციის აკრძალვებს მხარი დაუჭირეს მღვდელმსახურებმაც. “ვაქცინაცია ეს მხოლოდ ინფექცია არ არის, ეს არის ეშმაკის ნიშანი, რომლის წყალობითაც სატანას თავისი კოდი შეჰყავს ადამიანის ორგანიზმში,” – აცხადებდა მამა ესკობარი.
დეზინფორმაციის პირველწყარო რუსული სატირული გამოცემა Panorama.pub-ია, რომლის მიერ ციტირებული მამა ესკობარიც არარეალური სასულიერო პირია. “პროგრესნიუსის” მასალა კი panorama.pub-ის შინაარსს სიტყვა სიტყვით იმეორებდა. რუსულ გამოცემაზე ინფორმაცია 2020 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა. “პანორამას” საიტზე მითითებული აქვს, რომ სატირული გამოცემაა და მათ მიერ დანახული რეალობის პაროდიებს, გამოგონილ ამბებს აქვეყნებენ.
ფაქტია, რომ საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებულმა პროპაგანდა-დეზინფორმაციამ იმუშავა. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 17 ათასს აღწევს, მოლდოვაში კი 12,000-ს. დეკემბრის მონაცმებით, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ჩვენთან აცრილია მოსახლეობის მხოლოდ მესამედი – 1.4 მილიონამდე ადამიანი.
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის ხელშეწყობა, ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა და აცრების ადმინისტრირება დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 2020-2023 წლებში 220 მილიონ ლარამდე დაუჯდა.
თუ სახელმწიფო და საპატრიარქო მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან არ იმოქმედებდა, შესაძლოა, ეს არასახარბიელო სტატისტიკა გაუმჯობესებულიყო: მეტ ადამიანს გამოეთქვა ვაქცინის გაკეთების სურვილი, ნაკლები დაღუპულიყო და ბიუჯეტიდანაც ნაკლები თანხა დახარჯულიყო.
“საპატრიარქოს და ილია მეორეს მიაჩნია, რომ თუკი აღიარებენ საკუთარ შეცდომას ან შეცვლიან საკუთარ პოზიციას, ამითი მათი პრესტიჟი და ავტორიტეტი დაეცემა მრევლში, მოსახლეობაში,“ – გვითხრა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
პროექტი მომზადებულია Journalismfund.eu-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები, შეიძლება, არ ასახავდეს დონორის პოზიციას.
Მასალაში გამოყენებული წყაროების სანახავად მიჰყევით ბმულს.