fbpx
dump pho

ლილოს ნაგავსაყრელი – პრობლემების წყარო

მისი მდებარეობის გამო თბილისის მთავარი, იგივე ლილოს ნაგავსაყრელი არა მარტო მოსახლეობას, არამედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტსაც უქმნის საფრთხეს.

სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობა უკვე ორი წელია ნაგავსაყრელიდან მომავალ სუნს ებრძვის. მათი თქმით, ნორიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი მათსავე კუთვნილ მიწაზე უკანონოდ აშენდა.

დიდი ლილოს მკვიდრნი ამბობენ, რომ ნაგავსაყრელიდან მომავალი სუნი მათ სახლებშიც აღწევს. როცა ქარი ნაგავსაყრელიდან სოფლის მიმართულებით ქრის, ნარჩენების სუნი მთელ სოფელში იგრძნობა.

ვალოდია ცხოვრებაშვილი ამბობს, რომ მას ასეთ დროს საკუთარ ეზოში გაჩერება არ შეუძლია. „სუნი იმდენად მძაფრია, რომ სუნთქვა მიჭირს. ვცდილობ, სახლში ვიყო, მაგრამ სუნი კედლისა და ფანჯრების ყველა ჭუჭრუტანიდან შემოდის. ამასთან ერთად, ნაგავსაყრელის გახსნის შემდეგ სოფელში მწერები და ყვავებიც მომრავლდნენ.“

დიდი ლილოს მოსახლეობა ჩივის, რომ მიუხედავად ხელისუფლებისადმი არაერთი მიმართვისა, პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.

ლილოს ნაგავსაყრელი და წარმოქმნილი პრობლემები

ნორიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობამ სხვადასხვა სახის პრობლემები გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მკვიდრთათვის ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წართმეული მიწის ნაკვეთია, რომელიც დღეს ნაგავსაყრელის ღობის მიღმა იმყოფება. 1994 წელს დიდი ლილოს 17-მა მცხოვრებმა დაიქირავა სოფლის მახლობლად მდებარე 13 ჰა მიწის ნაკვეთი. „ამ მიწას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა და ასეც ვიყენებდით. უმაღლესი ხარისხის მიწა იყო,“- იხსენებს ლუკა სახლთხუციშვილი.

2006 წელს კოოპერატივის წევრებმა ეს მიწის ნაკვეთი შეიძინეს, რასაც უძრავი ქონების შესყიდვის ოქმიც ადასტურებს. 2010 წლამდე ისინი მიწას ჩვეულებრივ ამუშავებდნენ. 2010 წელს კი საჯარო რეესტრმა მათ აღნიშნული ნაკვეთის ციფრული რუკის შექმნა მოსთხოვა. ეს ის დროა, როდესაც სოფელ ნორიოს მოსახლეობა თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.  მაშინ მერია აპირებდა ნაგავსაყრელის სოფელ ნორიოსთან აშენებას.

ქალაქის მესვეურებმა გადაწყვეტილება მოსახლეობის ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ შეცვალეს და ნაგავსაყრელისთვის საჭირო ტერიტორია სოფელ დიდი ლილოს მახლობლად შეარჩიეს.

ნორიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი 37 ჰექტარზეა განთავსებული. 2010 წლის 28 ივნისამდე ამ ტერიტორიაზე 60 სხვადასხვა კერძო მესაკუთრის ნაკვეთები მდებარეობდა, მათ შორის ის 13 ჰაც, რომელსაც დიდი ლილოს 17 მცხოვრები ერთად ფლობდა. 2010 წლის 28 ივნისამდე ამ 13 ჰას საკადასტრო კოდი იყო 810800669. როგორც წესი, საკადასტრო კოდი ნაკვეთს ერთჯერ უნდა მიენიჭოს და შეუნარჩუნდეს მისი არსებობის დასასრულამდე.

ახლა კი მიწის ნაკვეთი ამ საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრის ბაზაში არ მოიპოვება. ამჟამად ამ ტერიტორიის საკადასტრო კოდია 810933276.  ამასთან ერთად შეიცვალა ნაკვეთის მისამართიც, თუკი 2010 წლამდე ეს ტერიტორია სოფელ დიდ ლილოს ეკუთვნოდა, ახლა ის სოფელ ნორიოს საკუთრებაა. 60 კერძო ნაკვეთისგან კი შეიქმნა ერთი დიდი ნაკვეთი საერთო საკადასტრო კოდით 810933349, რომელიც თბილისის მერიის მფლობელობაშია.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ ვინ და რატომ შეცვალა ნაკვეთის საკადასტრო კოდი. პასუხის ძიება მოჯადოებულ წრეზე მოძრაობას ჰგავდა:

  • ვანო ცარციძემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო და საკადასტრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიგვითითა, რომ ნაკვეთის ასავალ-დასავალი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გვეძებნა, ვინაიდან აღნიშნული მიწა გარდაბნის დაქვემდებარებაშია.

  • გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან თბილისის მერიაში გაგვგზავნეს.

  • თბილისის მერიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსკენ გაიშვირა თითი.

  • ეკონომიკის სამინისტროდან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადავინაცვლეთ.

  • ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი საწყის პოზიციაზე დაგვაბრუნა და ისევ საჯარო რეესტრზე მიგვითითა, აქაოდა მათი კომპეტენციაა და ჩვენი არაო. საჯარო რეესტრის პასუხი კი, ალბათ, ხვდებით, რაც იქნებოდა – ისევ გარდაბნის მუნიციპალიტეტი.

ასე რომ, დიდი ლილოს მკვიდრთა კუთვნილი 13 ჰას საკადასტრო კოდის ასავალ-დასავალი მაინც ვერ გავარკვიეთ. ერთადერთი, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ის იყო, რომ კოოპერატივის წევრების მიერ ნაყიდი 13 ჰა დაუზუსტებელი ტერიტორია ყოფილა და რუკაზე არ არსებობდა, თუმცა მფლობელები მისით 16 წელიწადი სარგებლობდნენ.

ზემოთ აღნიშნული ნაკვეთის მფლობელებმა საჯარო რეესტრს განცხადებით არაერთხელ მიმართეს.  2014 წლის 18 თებერვალს მათგან პასუხიც მიიღეს. ყოფილ მფლობელებს უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია იმიტომ შეუჩერდათ, რომ მათი ნაკვეთის საზღვრები მომიჯნავე ნაკვეთის საზღვრებში იჭრება.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2013 წლის 15 მარტს ნაკვეთის ყოფილმა მფლობელებმა პროკურატურას საჩივრით მიმართეს. თუმცა მათგან გამოძიების დაწყების დაპირება მხოლოდ მეორე საჩივრის გაგზავნის შემდეგ მიიღეს. ეკა ჩიჩუას, საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, თითქმის ერთი წლის წინ დაწყებული გამოძიება ამჟამადაც გრძელდება და სიახლეების არსებობის შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს თავად აცნობებენ.

მარინა ცოფურაშვილი, ნაკვეთის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი 2013 წლის ზაფხულში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმჟამინდელ ხელმძღვანელს, ეკატერინე კერესელიძესაც შეხვდა. კერესელიძემ ის პრობლემის გადასაჭრელად თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში გაგზავნა. „ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა ნაგავსაყრელის მოპირდაპირე მხარეს შემოგვთავაზეს მიწის ნაკვეთი, ოღონდ 13-ის ნაცვლად 5 ჰა. რა თქმა უნდა, ამ წინადადებას არ დავთანხმდით. ნაგავსაყრელთან მიწის დამუშავება სუნისა და დიდი ფრინველების გამო შეუძლებელია. ყვავებს მთელი მოსავლის განადგურება შეუძლიათ,“- გვიამბობს ცოფურაშვილი.

2013 წლის იანვარში ნაგავსაყრელის სიახლოვით შეწუხებულმა დიდი ლილოს  მოსახლეობამ პოლიგონთან მისასვლელი სამანქანო გზა გადაკეტა და პროექტის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა, ამაოდ. „2010 წელს მშენებლობის საწყის ეტაპზე, როგორც კი სოფელში მანქანები და სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა, მაშინვე დავიწყეთ საპროტესტო აქციები, მაგრამ პოლიციამ დაგვარბია. აქციის ის მონაწილეები, ვინც საჯარო სამსახურში იყვნენ დასაქმებულნი, გაათავისუფლეს,“ ამბობს გიორგი გაბათაშვილი, დიდი ლილოს მცხოვრები. „განცხადებები პარლამენტშიც გავგზავნეთ და თბილისის მერიაშიც, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ კონსტიტუციით მოგვენიჭა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება, რომელიც მთავრობამ შეგვიზღუდა.“

თორნიკე შიოლაშვილი შპს. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორია. ეს კომპანია თბილისის მერიამ შექმნა და დღემდე მისი 100%-იანი წილის მფლობელია.

შიოლაშვილის განცხადებით, მოსახლეობა აზვიადებს სოფელში სუნის არსებობის პრობლემას. „ხალხი ამბობს, რომ იქ სამი წლის წინაც საშინელი სუნი იდგა, ეს შეუძლებელია, რადგან ნაგავსაყრელზე იმ დროისთვის საკმარისი ნარჩენი არ იყო დაგროვებული. 2012 წლისთვის კი უკვე მოიყარა თავი ნარჩენების იმ რაოდენობამ, რომელიც ქიმიური პროცესის დასაწყებადაა საჭირო. სწორედ ეს ქიმიური პროცესი იწვევს სუნს. შესაძლოა, სოფელში სუნი ახლა უფრო გამძაფრდა,“- აცხადებს შიოლაშვილი.

ნარჩენებიდან გამოჟონილი წყალი სპეციალურად მოწყობილ ავზში გროვდება. სითხის დაგროვებას გეომემბრანა უზრუნველყოფს, სწორედ მისი მეშვეობით არ ხვდება ეს სითხე მიწაში. ნაგავსაყრელის მომსახურე პერსონალი ამ სითხეს პოლიგონის ზედაპირის მოსარწყავად იყენებს. ამ გზით ცდილობენ ხანძრის თავიდან აცილებას. ეს წყალი არ იფილტრება და უკვე 3 წელია მუდმივად ბრუნავს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, შესაბამისად, სუნსაც ამძაფრებს.

ნაგავსაყრელის პირველი უჯრედი 7.9 ჰაზეა განთავსებული და მალე გაივსება. შპს. „თბილსერვის ჯგუფი“ პოლიგონის ტერიტორიაზე მეორე უჯრედის გახსნას გეგმავს. ამ პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია. შიოლაშვილის თქმით, მეორე უჯრედის გახსნასთან ერთად დამონტაჟდება ნარჩენი წყლის გასაფილტრი სისტემა, რომელიც სუნსაც შეამცირებს.

2010 წელს თბილისის ბიუჯეტიდან ნაგავსაყრელის ტერიტორიის მოსაწყობად 12 მილიონი ლარი დაიხარჯა. მიწის გარდა ამ 37 ჰექტარზე რაც შეგიძლიათ დაინახოთ, არის ადმინისტრაციის პატარა შენობა და მანქანების აწონვა-დეზინფექციისთვის საჭირო ჯიხურები, თავისი აღჭურვილობით.

შიოლაშვილი ამბობს, რომ ყველა ხარჯი დეტალურად არის აღწერილი პროექტის ბიუჯეტში, რომელიც ჩვენს ხელთ ერთი წლის უწყვეტი მოთხოვნის მიუხედავად მაინც ვერ მოხვდა. თბილისის მერიამ ჩვენს ყველა ოფიციალურ განცხადებას იმ ხარჯების ნუსხით უპასუხა, რომელიც პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდა. ტექნოლოგიური გეგმის მომზადების, ტერიტორიის არქეოლოგიური და გეოლოგიური  შესწავლისა და პროექტის მომზადებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 278 711 ლარი დაიხარჯა. ჩვენ რომ ვერაფერს გავხდით, ბიუჯეტის ამსახველი დოკუმენტების გამოთხოვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, სულხან სალაძეს ვთხოვეთ. მერიის პასუხის თანახმად, სასურველი დოკუმენტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ინახება. განცხადება სამინისტროსაც გავუგზავნეთ. მათი პასუხიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის ამსახველი დოკუმენტები არც სამინისტროს მოეპოვება. ამის შემდეგ ინფორმაცია თავად შპს. „თბილსერვის ჯგუფს“ მოვთხოვეთ. მათი თქმით, აღნიშნული მასალა პროკურატურამ წაიღო და კომპანიაში ახლა მსგავსი არაფერი არსებობს. პროკურატურამ ერთი თვის დაგვიანებით გვიპასუხა, თუმცა ბიუჯეტის ნაცვლად რომელიღაც საქმის სასამართლო განხილვის შედეგი გაგვაცნო.

ნორიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი ღია ტიპის ნაგავსაყრელია, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით აეროპორტიდან მინიმუმ 13 კმ-ის მოშორებით უნდა მდებარეობდეს. ეს ნაგავსაყრელი კი პირდაპირი აზომვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკებიდან 7 კმ-ის მოშორებითაა განთავსებული.

ნაგავსაყრელზე უმეტესად დიდი ზომის ყვავები ბინადრობენ, რომლებიც  თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას საფრთხეს უქმნიან. დიდი ზომის ფრინველს თვითმფრინავის ძრავში მოხვედრისას მისი გაჩერება შეუძლია.

„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორიოს აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა. მათი მონაცემებით, 2011 წლიდან დღემდე თბილისში საჰაერო ხომალდებთან ფრინველების შეჯახების 12 ფაქტი დაფიქსირდა.

თორნიკე შიოლაშვილი ფიქრობდა, რომ მათ ფრინველის დასაფრთხობი მოწყობილობები არ სჭირდებოდათ, ვინაიდან ნაგავსაყრელზე მობინადრე ფრინველთა თვითმფრინავის ძრავში აღმოჩენის შანსი ძალიან მცირეა. თუმცა შიოლაშვილის კომპანიამ აღნიშნული დანადგარები მაინც შეიძინა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა კერესელიძე ამბობს, რომ ნაგავსაყრელზე მობინადრე ფრინველები ერთადერთი საფრთხე არ არის საჰაერო ტრანსპორტისთვის. „ღია ტიპის ნაგავსაყრელზე მიმდინარეობს ქიმიური პროცესი და ნარჩენები გამოყოფს კვამლს, რომელმაც შესაძლოა მფრინავის მხედველობის უნარი და ხედვის არეალი შეამციროს,“ განმარტავს კერესელიძე. მზია ლონდარიძე, „ტავ ჯორჯიას“ ხარისხის კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ნაგავსაყრელის აეროპორტთან ახლო მდებარეობის გამო ფრინველთა მოზიდვის რისკი კიდევ უფრო იზრდება.

დიდი ლილოს მოსახლეობის მიერ 2013 წლის იანვარში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური ორი კვირის მანძილზე ამოწმებდა ნაგავსაყრელის ტერიტორიას. თამარ შარაშიძე, სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი შემოწმებისას გამოვლენილ შემდეგ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

  • პოლიგონზე არ არსებობდა ნარჩენი წყლის გასაფილტრი სისტემა.

  • არ არსებობდა რადიაციის შესამოწმებლად განკუთვნილი ხელის კომპაქტური აპარატები.

  • დარღვეული იყო ჰაერში ნივთიერებების კონცენტრაცია.

  • არ არსებობდა გამწვანების ზოლი.

  • კომპანია არ გამოიყენებდა ჩიტების დასაფრთხობ მოწყობილობებს.

  • პოლიგონის პირველი უჯრედი განთავსებულია 7.9 ჰექტარზე, ნაცვლად 14.9-სა, როგორც ეს პროექტის გეგმაში იყო გათვალისწინებული.

შარაშიძის თქმით, სწორედ ამ დარღვევების გამო აწუხებს მოსახლეობას ნაგავსაყრელის სუნი. ამ ხარვეზების არსებობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფს“ 2013 წლის 25 აპრილს 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მათ გამოსასწორებლად კომპანიას 180 დღიანი ვადა მიეცა, თუმცა, შიოლაშვილის თქმით, ამ დარღვევებში არაფერი იყო საგანგაშო.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურმა მორიგი შემოწმება პოლიგონზე 2013 წლის ნოემბერში ჩაატარა. ვერიკო აღლემაშვილი, გარემოს დაბინძურების კონტროლის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ „თბილსრევის ჯგუფმა“ მხოლოდ ფრინველთა დასაფრთხობი აპარატები შეიძინა. თუმცა ზედამხედველობის სამსახურს მათი ეფექტურობა არ შეუმოწმებია.

სამინისტროს რეკომენდაციით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ამჯერად კომპანია 15 000 ლარით დაჯარიმდება და დარვევების გამოსასწორებლად კვლავ გონივრული ვადა მიეცემა. ვერიკო აღლემაშვილის თქმით, თუკი ამ ვადის გასვლის შემდეგაც არ გადაიჭრა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, კომპანიისთვის ნაგავსაყრელის მართვის ლიცენზიის შეჩერების საკითხი განიხილება.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს გარემოს დაცვის საკითხების გამოძიება, მაშინ დააფინანსეთ ჩვენი საქმიანობა
Next
რეინჯერის მკვლელობის “ტყვიაგაუმტარი” გამოძიება
13 Bullet Proof horse

რეინჯერის მკვლელობის “ტყვიაგაუმტარი” გამოძიება

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share