fbpx

ექვს წელში ხარაგაულის მთავრობამ 34 მობილური იყიდა

mobiles 1

იმერეთში თორმეტი მუნიციპალიტეტია. აქედან მხოლოდ ხარაგაულის მთავრობა  ყიდულობს მობილურ ტელეფონებს თავის თანამშრომლებისთვის. 2015 წლიდან დღემდე 34 ტელეფონი აქვთ შეძენილი, რაშიც 13,000 ლარზე მეტია გადახდილი. 

ხარაგაულის მერია ამ ტელეფონებს მუდმივად კონკურსის გარეშე, გამარტივებული წესით ყიდულობს. ამ დროს შემსყიდველი პირდაპირ იმასთან აფორმებს ხელშეკრულებას, ვინც თავად მოსწონს და უნდა. ხარაგაულის მთავრობას ყველა ტელეფონი შპს “ტი მობაილისგან” აქვს შეძენილი. 

კომპანია 2015 წლის 12 იანვარს დარეგისტრირდა. ამავე წლის 23 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან პირველი ხელშეკრულება გააფორმა. კომპანიის მფლობელი ალექსანდრე სარალიძეა. 

2015 წლიდან 2020 წლამდე მხოლოდ ხარაგაულის საკრებულომ თანამშრომლებისთვის 12 ტელეფონი შეიძინა. ერთ-ერთი უყიდეს პაატა გოგოლაძეს, რომელიც საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეა. მისი ხელფასი 1,650 ლარია. 

“რედმი 8” მაქვს, ეს მერიის ტელეფონია, რომლითაც ვსარგებლობ, როგორც თანამდებობის პირი. რა პრობლემაა?” – კითხვას გვიბრუნებს გოგოლაძე. 

ხარაგაულის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მალხაზ ფხალაძე გვეუბნება, რომ ტელეფონები თანამდებობის პირებისთვის სხვა მუნიციპალიტეტების მთავრობასაც შეუძენია და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.  

შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ბაზაში, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ყველა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, არ იძებნება ისეთი ტენდერი, რომლითაც რომელიმე მუნიციპალიტეტმა საკუთარი თანმშრომლებისთვის მობილური ტელეფონები შეიძინა. 

ხარაგაულის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა 2019-2020 წლებში სამი მობილური ტელეფონი შეიძინა. ჩვენ ამავე სამსახურის უფროსს, დავით დევდარიანს დავუკავშირდით. გვაინტერესებდა, თუ რატომ გახდა საჭირო ტელეფონის მუნიციპალიტეტის ხარჯზე შეძენა. დევდარიანი მიზეზად სამსახურეობრივ მდგომარეობას ასახელებს: “ვერ სარგებლობდნენ იმ ტელეფონებით, რაც ქონდათ და ამიტომ გახდა აუცილებელი. სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთან კომუნიკაციები ხდება, ძირითადად, ტელეფონით. მოგეხსენებათ, მიმოსვლა გაძნელებულია, პანდემიაა.” 

ჩვენ კი მოგვეხსენება, რომ პანდემია 2020 წელს დაიწყო და მაინც ვერ გავიგეთ, 2015 წლიდან 2019 წლამდე ნაყიდი ტელეფონების ამბავს რა ახსნა აქვს. 

არც იმის ახსნა მოგვისმენია, თუ რატომ იძენენ ტელეფონებს გამარტივებული შესყიდვით, კონკურსის გარეშე, მაშინ როცა ამ საქონლის ყიდვის გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო და შეეძლოთ, ელექტრონული ტენდერი გამოეცხადებინათ და სხვადასხვა კომპანიისთვის ფასზე ვაჭრობის საშუალება მიეცათ. მერიის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა, ზურაბ იჩქიტიძემ გვითხრა, რომ კანონმდებლობა აძლევთ ამის საშუალებას და ამიტომ ყიდულობენ გამარტივებული წესით.  

ხარაგაულის მთავრობის მიერ შეძენილი მობილური ტელეფონების მოდელებს შორისაა 22 სამსუნგი, 5 ნოკია, 2 ფლაი, 2 ლენოვო, 1 ჰუავეი, 1 ქსიაომი და 1 აიფონი.  

kharagauli telefonebi 1
კომენტარები
Total
0
Shares
Next
ტყუილის ნამდვილი ამბავი
tkuilis namdvili ambavii

ტყუილის ნამდვილი ამბავი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share