fbpx
sheguebulta

დამპყრობელს შეგუებულთა ქვეყანა

აღდგომას დიცში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო და თვითაღიარებული რესპუბლიკის მოქალაქეს “ნოლშესტით” გაუნგრევია კარი და ქართველების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ასე გადმოსულა. დადევნებიან რუსი ჯარისკაცები, 4-5-ჯერ უსვრიათ კიდეც ავტომატიდან. ჩვენს პოლიციას ეს ამბავი მოგვიანებით გაუგია.  

“სამნი ვისხედით, აი, აქ. მანქანა გაჩერდა, ერთი კარგად გვიკურთხა ქართველებსაც და ოსებსაც და გასწია და წავიდა. ოსი ვარო, ქართველი ცოლი მყავსო. რუსები გამოეკიდნენ, 4-5 ჯერ გაისროლეს, მაგრამ გაექცათ და წავიდა. რომ გაიქცა, მერე გაიგეს ჩვენებმა. არავინ არ იდგა იქ. სასაფლაოზე მკვდრებს ყარაულობდნენ, არ ეცალათ, რომ არ მისულიყო ხალხი კოვიდის გამო იდგნენ და არ უშვებდნენ ხალხს. პოლიციელებმა მე მითხრეს, რატომ არ დაიჭირე, ან მანქანიდან გასაღები გამოგეძროო, თოკი მოგება კისერზე და დაგეჭირაო და რანაირად დამეჭირა, საქონელი ხომ არ არის,“ – გვიყვება გელა მინდიაშვილი და მისი თანასოფლელი, ოთარ დუღაძე. გელა მინდიაშვილს სახლი 2008 წელს, ომის დროს დაუწვეს. 

თავს დაცულად ვერც ხურვალეთში გრძნობენ. აქაურები ივნისში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვდნენ. ხურვალეთიც შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელია. მისი მოსახლეობა საკუთარი თვალით უყურებს, როგორ გადაადგილდებიან მათ მამაპაპისეულ  მიწებზე რუსი ოკუპანტები. 

ლუდა სალია ხურვალეთში 2016 წელს დაბრუნდა. მისი სახელი აქამდეც ბევრჯერ გექნებათ გაგონილი. ხშირად საუბრობს ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე. მასთან დარეკვა გაგვიჭირდა, ოკუპანტები სიგნალს ახშობენ, მირჩევნია მომწეროთო.

“ისინი იცავენ ჩვენს “უსაფრთხოებას.” ღამით რომ ოკუპანტი შემოვიდეს სოფელში და ყველას თავები დაგვაჭრან, ვერავინ გაიგებს და ვერც დაგვიცავს. დღემდე მტკაველ-მტკაველ ითვისებენ ჩვენი სოფლის ტერიტორიებს, საძოვრებს და სახნავ-სათესებს გვართმევენ სისტემატურად,” – გვწერს სალია. 

მოგვიანებით, ხურვალეთში ჩავედით. ცენტრალური მაგისტრალიდან სოფლისკენ მიმავალ გზაზევე ქართული საგუშაგო დგას. აქ მანქანებსა და მის მგზავრებს ამოწმებენ. საგუშაგოზე გაჩერების მომენტიდან ქართული პოლიცია გვერდიდან არ მოგვშორებია. ადგილობრივებთან ინტერვიუს ჩაწერის მცდელობისას, პოლიციელები გვერდით გვედგნენ, ან შორიახლოს იყვნენ. მათი ახლოს ყოფნის გამო ადგილობრივები ამბობდნენ, რომ სოფელში სიმშვიდეა და ზოგი ცდილობს სიტუაცია “ძალით გაამწვავოს”.  

არადა, ომის შემდეგ ამ სოფლებში სიმშვიდე ნამდვილად სანატრელი გახდა. ხურვალეთის გარდა რუსი დამპყრობლები მიწებს ისაკუთრებენ გუგუტიანთკარშიც. 

“იცით, საშიშროებას რა ქმნის? რომ ვერ გავდივართ ჩვენს მიწებზე. არის შიშის ფაქტორი. დაცულობის ხარისხი არ არის ისეთი, რომ გაბედულად შეგეძლოს შესვლა. ჩემს ოჯახს აქვს 2 ჰექტარი მიწა და ვერ შევდივართ. პოლიცია გეუბნება, რომ იქ თუ შეხვედი, ვერ დაგიცავ. ასეთი სივრცე კიდევ არის სოფელში, ვერ შედიხარ, გეშინია. ეს ყველაფერი ხელმოცარულობას იწვევს, ვერ ამუშავებ. წაყვანის მომენტები იყო. მართალია, რაიმე საზღვარი იქ არ არის, მაგრამ ის ტერიტორია გაურკვეველ სიტუაციაშია. პოლიციასაც ვკითხე და გეუბნებიან, რომ ჯობს არ შეხვიდე, ვინმე თუ მოვიდა და გაგიტაცა, იმ მოცემულ მომენტში ვერ გიშველის. ხალხი შეშინებულია და ცდილობენ მოერიდონ,” – გვიყვება მაია თუხარელი, გუგუტიანთკარიდან.  

გუგუტიანთკარშიც პოლიციასთან ერთად დავდიოდით. მათ პიკაპშიც მოგვიწია ჩაჯდომა. ავტომობილი ძალიან ძველი იყო, ეს გარედანაც ეტყობოდა და შიგნით, მით უმეტეს. კარის ზედაპირის პლასტმასები გატეხილიც კი იყო. 

“პატრულირებენ, რასაც ვხედავ. რაიმე ისეთი ღონისძიება, ამათგან ჩატარებული არ მახსენდება.  ისევ იმ ძველი ავტომობილებით გადაადგილდებიან. თვითონ აღჭურვილობა, როგორ არიან შეიარაღებულები და რამდენად შეუძლიათ მოსახლეობის დაცვა, არ ვიცი,” – ამბობს თუხარელი.  

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა გვიხსნის, რომ საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ ე.წ. შიშის ზონები ნამდვილად გაჩნდა. ქაცარავას თქმით, ესაა ტერიტორია, რომელიც რუს დამპყრობელს ჯერ მავთულხლართებით მონიშნული არ აქვს, თუმცა არის პირობითი ნიშნულები, რომელსაც მოსახლეობა და პოლიცია ვერ სცილდება. 

ოფიციალურად დაპყრობილი და მავთულხლართებით შეღობილი ტერიტორია კიდევ სხვაა. “შიშის ზონები” მათ მიღმა არსებობს, ოფიციალურად, ჯერ კიდევ ქართველთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. 

“ჩვენ ვერ დავთვალეთ ბოლომდე მთელი ამ “შიშის ზონების” ფართობი, მაგრამ სადღაც, 40% გვაქვს დათვლილი და შეადგენს 5,500 ჰექტარს, რაც უდრის ორ სოხუმს, ან ექვს ცხინვალს, პირობითად. ეს შედეგი დაგვიდგა, რომ რუსებმა შექმნეს ეს “შიშის ზონები,” რომელსაც ისინი ეპატრონებიან და ჩვენ ვეღარ ვახერხებთ იქ შესვლას და ამ ტერიტორიებით სარგებლობას,“ – გვიყვება ქაცარავა.  

“შიშის ზონები” საოკუპაციო ზოლთან 2012 წლიდან ჩნდება. ქაცარავას დაკვირვებით, 2012 წლიდან ქართველები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას ნაკლებად იცავენ და პოლიციის უფლებამოსილებაც მინიმალურია. იქ ყოფნისას, ვცადეთ, პოლიციელებთან საუბარი, არაფორმალურ გარემოში. ჩვენი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. პოლიციელები დუმან. 

ვერც მათი საქმეები მეტყველებს ბევრს. ბოლო 9 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ მხოლოდ ერთხელ, შვიდი თვის წინ შეძლო ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული ოკუპანტების დაკავება

“რუსი ოკუპანტები უპრობლემოდ  კვეთენ ოკუპაციის ხაზს და გადმოდიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს იყო უიშვიათესი გამონაკლისი პოლიციის მოქმედებაში. არ იყო დაგეგმილი, უფრო თვითონ პოლიციელების ინიციატივა იყო, რომ დაეკავებინათ, თორემ სხვა შემთხვევაში პოლიციას არ აქვს ბრძანება და უფლებამოსილება, ოკუპანტს წინ აღუდგეს. ისევ იქ მივდივართ, არგაღიზიანების პოლიტიკასთან, რომლის შედეგადაც, ფაქტობრივად, ასეთი ჩამოშლილი სტრუქტურა შეგვრჩა ხელში. ახლა პოლიციას მხოლოდ ის ფუნქცია აქვს, რომ ადგილობრივები ჰყავდეს კონტროლქვეშ, ისინი გააფრთხილოს, დააშინოს, არ მისცეს საშუალება, რომ ილაპარაკონ ოკუპაციაზე, პრობლემებზე და ეს არის რა, სხვა ფუნქცია პოლიციას უკვე აღარ აქვს,” – გვეუბნება ქაცარავა. 

რუსების უპრაგონოდ “მისვლა-მოსვლა” კირბალში არც უკვირთ. იქ ჩასულებს სოფლის ცენტრში ექვსი ადამიანი გამოგველეპარაკა. მათგან ერთი თავად იყო რუსების მიერ განატაცები. ერთს კი, 25 წლის გია თაყაძეს, ოჯახის სამი წევრი გასტაცეს რუსებმა. შეკრებილები გვეუბნებოდნენ, რომ ოკუპანტები ისე გადმოვლენ და გადავლენ, ვერავინ ვერაფერს გაიგებს და პრობლემა არ ექნებათ. კირბალში მეჯვრისხევის სამმართველოს წარმომადგენლები პატრულირებენ. აქ საგუშაგო არ დგას. 

“იქედან რომ ვინმეს გადმოსვლა მოუნდეს, ჩვეულებრივად გადმოვლენ, არანაირი პრობლემა არ არის. არც მავთულხლართებია, არაფერი, მხოლოდ შესასვლელებში არის თეთრი ტრაფარეტები და რუსულად აწერია, რომ საზღვარია და არ შეიძლება გადასვლა. რუსები თავის საზღვარს ეძახიან და იციან თავისი გზა. რუსები უფრო არ გადმოდიან, ოსები უფრო გადმოდიან. გადმოლახავენ ე.წ. საზღვარს, აქეთ ვინმეს დაიჭერენ, გადაყავთ თავიანთ მხარეს და იქ უღებენ სურათს, ვითომ იქ არის დაჭერილი. რამდენიმე შემთხვევა იყო ასეთი. ძაღლებით დადიან. რომ იდგეს ბლოგპოსტი რას იზამენ, ვერაფერს. მაშინ მთლიანი საოკუპაციო ხაზი უნდა გააკონტროლონ, მაგას ვერ შვებიან, არც იციან სად დადგნენ. სასაფლაო შუაზე გვაქვს გაყოფილი. მაგრამ რომ ავდივარ, არაფერს გვეუბნებიან. ადრეც ასეთი სიტუაცია იყო. პოლიცია ამოდის, ხანდახან ადიან ზემოთ, გაივლიან-გამოივლიან და მიდიან,“ – გვიყვება გია თაყაძე. 

მისი თანასოფლელის, ოთარ დოთიაშვილის თქმით, სოფელში ინტენსიური პატრულირება არც ადრე ყოფილა. “ისინი გინდ გადმოვლენ, გინდ გადავლენ, ვერ შეეწინააღმდეგები. რომ შეეწინააღმდეგო მთელ სოფელს აიღებენ, გამწვავდება სიტუაცია. შენ რომ შეეწინააღმდეგო, მერე აქეთ რაღაცას გეტყვიან, რატომ ქენიო. ბედის ანაბარა ვართ. იქედან რომ ვიღაც გადმოვიდეს, რუსები და აქეთ უცებ ვინმე დაგეხმაროს, არ არის ეგეთი რამე. გვჩაგრავენ.“

”რონდელის ფონდის” მეცნიერ-თანამშრომელი და შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი გვიხსნის, რომ 2012 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იქ უფრო აღჭურვილები იყვნენ. თუმცა, მთავრობის ცვლილების შემდეგ, მათ ეს ტექნიკა აღარ ჰყავთ. 

“მძიმედ შეიარაღებული პოლიციის დანაყოფები, კობრებით, პოლიციის პატარა  ჯავშანმანქანებით იყვნენ. ეგ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ტექნიკა. ტყვიამფრქვევებიც ჰქონდათ. ევროკავშირი ყოველდღე დადიოდა პოსტებზე, ამოწმებდა შეიარაღებას და ამბობდა, რომ ეს არ არის დარღვევა. ოღონდ მერე, მთავრობა რომ შეიცვალა, მერე ეს კობრები უკან გამოწიეს, პოსტების რაოდენობა შეამცირეს და პოსტებზე ხალხი შეამცირეს,“ – ამბობს უტიაშვილი. 

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ათ სოფელში ვიკითხეთ “კობრების” შესახებ. ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ ადრე პოლიციას გამოჰყავდა და პატრულირებდნენ. ბოლო წლებში ასეთი რამ არ ახსენდებათ. ახლა “კობრები,” თვალსაჩინოებისთვის, მხოლოდ პოლიციის შენობების ეზოებში დგას. 

ვის ევალება საოკუპაციო ზოლის დაცვა? 

საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ პატრულირება და მოსახლეობის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზის, ე.წ. გამყოფი ხაზის  მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) წარმომადგენლები პატრულირებენ. 

როგორც გენერალი ზაზა გოგავა გვიხსნის, საოკუპაციო ხაზთან სამხედრო დანაყოფების განლაგება დაუშვებელია. საოკუპაციო ხაზი ჩვენთვის არაკანონიერია და რაც ქვეყანაში კანონს ეწინააღმდეგება, იმის კონტროლი შსს-ს პრეროგატივაა.  

“ფაქტია, რომ მათი მხრიდან უხეში სამხედრო ძალაა ყველაფერში, მაგრამ რომ თქვა, იქიდან სამხედროები არიან და ჩვენც აქედან სამხედროები უნდა მივიყვანოთ, ასე არ გამოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა ქვეყანაში კანონის აღსრულება და დაცვა. ჩვენთვის ის არის ოკუპირებული ტერიტორია, არაკანონიერი ხაზი და იქითა მხარეც არაკანონიერია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციაც, მაგრამ ოფიციალური საზღვარი რომ არ არის,  სასაზღვროს ხომ არ დავაყენებთ?! ამიტომ, არის ქვეყანაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც, თითქმის გასამხედროებულია და ზუსტად იმ დანაყოფს აქვს იყ ყოფნა დავალებული,“ – ამბობს გოგავა “აი, ფაქტთან” საუბრისას. 

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია. მისი ამოცანაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და ა.შ. გდდ ისაა, აქციების დასარბევად რომ გამოჰყავთ ხოლმე. ხალხი მათ ასე იცნობს.  

როგორც “რონდელის ფონდის” მეცნიერ-თანამშრომელი და შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი გვიხსნის, გდდ არის პოლიციის გასამხედროებული დანაყოფი. “ადრე იყო შინაგანი ჯარი, რომელიც მერე გაუქმდა. გდდ-ს ორი ძირითადი მოვალეობა აქვს, ერთი არის ადმინისტრაციული ხაზების პატრულირება და მეორე მიტინგების დარბევა. პოლიციის სპეცრაზმია, მოკლედ რომ ვთქვათ,“ – ამბობს უტიაშვილი. 

მისივე თქმით, გდდ-ს შენახვა არც ისე იაფი უჯდება სახელმწიფოს (გდდ-ს შესახებ ფინანსური ინფორმაცია შსს-მ არ მოგვაწოდა). ამიტომ, ის განლაგებულია მხოლოდ იქ, სადაც მოსახლეობა არის. სწორედ ამით ხსნის იმას, თუ რატომ არ აქვს ქვეყანას საგუშაგოები სხვა რეგიონებში: “კოდორში არ დგას არაფერი, იმხელა ტყიანი ტერიტორია და მთებია, მანდ ინციდენტის ალბათობა დაბალია,“ – გვეუბნება უტიაშვილი. 

თუმცა, შიდა ქართლის სოფლები დაუსახლებელი ტერიტორია ნამდვილად არაა. ომამდე აქ დიდი, მდიდარი სოფლები ჰქონდათ. ახლა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ 57 სოფელია და მათში 22,768 ადამიანი ცხოვრობს. 

თუ ჩვენი, საზოგადოების დამოკიდებულება ისევ ასეთი იქნება და არც მთავრობა შეიცვლის პოლიტიკას, მაშინ ეს ტერიტორია ადრე თუ გვიან დაიცლება. თქვენ იცხოვრებდით “შიშის ზონაში?” მაშინ, რატომ უნდა იცხოვრონ მათ, ვინც ახლა იქ თავს მიტოვებულად, დაჩაგრულად და დაუცველად გრძნობს? 

სტატია მომზადებულია “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გალი და ერგნეთი – მიტოვებულთა იმედი?
ergneti 1 1024x555 1

გალი და ერგნეთი – მიტოვებულთა იმედი?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share