მასალის ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
არასდროს დამავიწყდება მომენტი, როცა პირველად დავესწარი სასამართლოში კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. 2008 წელი იყო. ჟურნალისტური კარიერა უკვე რამდენიმე წლის დაწყებული მქონდა და ვაშუქებდი ჰააგაში გაეროს მიერ ორგანიზებულ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს ყოფილი იუგოსლავიისთვის, ასევე, ბოსნიის სასამართლოს ომის დანაშაულებების პალატაში მიმდინარე პროცესებს. ეს მართლაც რაღაც სხვა იყო.
ვასო ტოდოროვიჩი ძალიან ჰგავდა სხვა ბრალდებულებს: მხრებჩამოშვებული იჯდა და იატაკს ჩასჩერებოდა, სასამართლო დარბაზში თითქმის არავის უყურებდა თვალებში, წრიალებდა, როცა მოხელეები ან მოსამართლეები მის სახელს წარმოთქვამდნენ. როცა მისი ბრალდებები ამოიკითხეს, ბრალდებისა და დაცვის მხარემ განმარტეს, რომ პოლიციის ყოფილი ოფიცერი — ერთ-ერთი პირველი ადამიანი ბოსნიაში, რომელსაც ბრალად ედებოდა 1995 წლის ივლისში სრებრენიცაში ბოსნიელი მუსულმანების მასობრივი მკვლელობა— მზად იყო, დანაშაული ეღიარებინა.
არსებობს გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების სხვადასხვა ტიპი. ზოგიერთი სისასტიკის ჩადენიდან რამდენიმე დღეში იწყება და მათი მთავარი ღირებულება დანაშაულის მალევე გახსნაა. ზოგი კი დანაშაულის მოხდენიდან წლების შემდგომ ქვეყნდება.
დაცვის მხარემ გამოაცხადა ორი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მიესაჯათ ტოდოროვიჩისთვის, მინიმუმ, ხუთი წელი — პირველ რიგში, იგი დათანხმდა ჩვენების მიცემას ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩადენილი გენოციდის თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ არსებობდა მკაფიო ინსტრუქცია , სრებრენიცაში ცოცხალი არავინ დაეტოვებინათ. ბრძანება თავდასხმის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაიცა, რაც სხვა ეჭვმიტანილების წინააღმდეგ აღძრულ პროცესებში გენოციდის დანაშაულის სისტემური ხასიათის დამტკიცებისათვის საკვანძო ელემენტს წარმოადგენდა.
მეორე, სასამართლომ მოისმინა, რომ ტოდოროვიჩს თავად არ ჰქონდა სრებრენიცაში გენოციდის განხორციელების განზრახვა, არამედ მოქმედებდა ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმის ფარგლებში, რომლის შედეგადაც 1200-ზე მეტი ბიჭი და მამაკაცი მოკლეს. როცა პროკურორმა ტოდოროვიჩის ბრალდება შეამსუბუქა და გენოციდის თანამზრახველობის ნაცვლად კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დააკისრა — იგი დასთანხმდა ბრალის აღიარებას.
სერბი სამხედრო და საპოლიციო ძალების მიერ სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შედეგად დახოცილ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 7000 კაცსა და ბიჭს აღემატებოდა, ხოლო დაახლოებით 40000 ქალი, ბავშვი და მოხუცი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. ჰააგასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დედაქალაქებში – სარაევოში, ბელგრადსა და ზაგრებში – დაახლოებით 50 ადამიანი გაასამართლეს ამ დანაშაულისთვის, რომელთა უმრავლესობასაც პასუხისმგებლობა დაეკისრა სისხლის საერთაშორისო სამართალში გაწერილი „ორგანიზებული“ დანაშაულის ორი უმთავრესი ტიპის ჩადენისთვის: გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
ომის დანაშაული
გენოციდი პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში კრიმინალიზდა გაეროს კონვენციით, რომელიც საყოველთაო თანხმობით დაამტკიცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1948 წელს. ომისა თუ მშვიდობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის ყველაზე სასტიკი ფაქტები ყველაზე რთული დასამტკიცებელიცაა. ეს იმიტომ ხდება, რომ გენოციდის შემთხვევად ითვლება „ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის სრულად ან ნაწილობრივ განადგურების განზრახვა“ და ამ განზრახვის აღსრულება მკვლელობების, ძალადობის, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების შექმნის, შობადობის პრევენციის ან ბავშვების იძულებითი გადაცემის (გადაყვანის) მეშვეობით.
კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული შეიძლება მშვიდობის პერიოდშიც ხორციელდებოდეს, თუმცა, როგორც წესი, ომის დროს ხდება. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება ძირითადი დანაშაულებების – მკვლელობის, წამების, ძალადობის, სექსუალური ძალადობის ან სხვა ამგვარი აქტების აღსრულება მოქალაქეებზე ფართომასშტაბიანი და სისტემატური თავდასხმის ფარგლებში. ბოროტმოქმედი უნდა ფლობდეს ინფორმაციას ამ ფართომასშტაბიანი თავდასხმის შესახებ და რაიმე ფორმით მონაწილეობდეს თავდასხმის პროცესში.
გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები ნელა მიმდინარეობს. სრებრენიცას მოვლენებიდან ათწლეულები გავიდა, თუმცა გენოციდთან დაკავშირებული რამდენიმე საქმის განხილვა ჯერაც არ დასრულებულა.
როგორც გენოციდი, ისე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სამართლებრივად მეტად მკაფიოდაა განმარტებული 1998 წლის რომის წესდებაში, რომლის საფუძველზეც დაარსდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ორივე დანაშაული გათვალისწინებულია არაერთი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში. გენოციდი ბევრმა სახელმწიფომ შეიტანა შიდა კანონმდებლობაში, თუმცა ყველას არ უსარგებლია გაეროს განმარტებით. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულიც მრავალი ქვეყნის შიდა კანონმდებლობაში მოექცა, განსაკუთრებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების რატიფიცირების შემდგომ.
განმარტებებიდანაც ცხადია, რომ როგორც გენოციდი, ისე კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სისტემატურ დანაშაულს წარმოადგენს და, შესაბამისად, მეტი ფაქტია საჭირო, ვიდრე ცალკეული შემთხვევების დადასტურებაა. ორივე ტიპის დანაშაული, როგორც წესი, საკმაოდ მასშტაბური სქემის ნაწილია და მოიაზრებს ელემენტებს, რომლებიც მოითხოვს მტკიცებულებას, რომ ბოროტმოქმედს განზრახული ჰქონდა დანაშაულის ჩადენა ან იცოდა მის შესახებ; მაგალითად, გენოციდის შემთხვევაში, უნდა დასაბუთდეს, რომ ბრალდებული აცნობიერებდა ფარულ თუ აშკარად გაცხადებულ გეგმასა თუ პოლიტიკას.
მიუხედავად იმისა, რომ მხეცური და სასტიკი მოპყრობის შესახებ ცალკეული ჩვენებები არ კმარა გენოციდისა თუ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დასამტკიცებლად, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მაინც უნდა მოაგროვონ ფაქტები და სამხილები გადარჩენილ პირთა და მსხვერპლთაგან. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორი მიზეზით.
პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს მეტწილად შეიარაღებული ძალები ახორციელებენ, ეს ჯგუფები და მათი ხელმძღვანელები, როგორც წესი, იშვიათად თუ ტოვებენ მათი გეგმების ამსახველ დოკუმენტებს. შესაბამისად, დანაშაულის მტკიცებულების წყარო ხშირად ინდივიდთა ჩვენებებია, რომლებმაც შეიძლება, ფარდა ახადოს ფარულ თუ აშკარა გეგმასა და პოლიტიკას. მეორე, მრავალი სხვადასხვა გადარჩენილი პირის გამოცდილებების შესწავლამ შეიძლება გამოავლინოს სქემა ან იდენტური ქრონოლოგიური ხაზი, რაც მიანიშნებს სპეციფიკური ჯგუფის მოსპობის მიზნით დაგეგმილ სისტემატურ დანაშაულზე.
ჟურნალისტებმა და სხვა გამომძიებლებმა ყოველთვის:
- უნდა დაუთმონ დრო გადარჩენილებთან, დანაშაულის ადგილზე პირველად მისულ ან მის სიახლოვეს მყოფებთან საუბარს.
- უნდა შეაგროვონ ჩვენებები და ეძიონ ურთიერთგადამფარავი ელემენტები სხვადასხვა მონათხრობში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წარსულში მომხდარი დანაშაულებების გამოძიებისას, თუმცა მიმდინარე მოვლენების რეალურ დროში გაშუქებაზეც ვრცელდება.
- ეცადონ, იპოვონ ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარება მსხვერპლებსა და გადარჩენილებს, რათა ერთდროულად რამდენიმე მსხვერპლთან გასაუბრება შეძლონ.
- სიფრთხილით შეარჩიონ ფრაზები. ომის დანაშაულის იმგვარი აქტების გაშუქებისას, რომლებიც სასამართლოში ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა, რეპორტიორმა უნდა გამოიყენოს ფრაზები: „სავარაუდო“ ან „შესაძლო“ ომის დანაშაული (მოცემულის თაობაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პირველ თავში).
ტრავმირებულ ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერა რთულია და ამ პროცესს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს. ჟურნალისტები უნდა აცნობიერებდნენ ტრავმული მოვლენის ხელახლა გახსენების პოტენციურ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას რესპონდენტზე. ამასთან, ასეთი ისტორიების ზემოქმედებისაგან არც ჟურნალისტია დაზღვეული. ჟურნალისტიკისა და ტრავმის დართ-ცენტრსა (Dart Center) და Zero Tolerance-ს აქვთ სასარგებლო რესურსები, რომლებიც ჟურნალისტებს სათანადოდ მომზადებაში ეხმარება. თუმცა, არსებობს რეპორტიორებისათვის სასარგებლო რამდენიმე საკვანძო პრაქტიკა: მსხვერპლთან ინტერვიუს დროს უსაფრთხო ადგილის შერჩევა; მათთვის ინტერვიუს მიზეზის განმარტება; რესპონდენტის მდგომარეობაზე დაკვირვება და, საჭიროების შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვეტა. ამ დროს არ შეიძლება დაკითხვის ტიპის შეკითხვების დასმა; რესპონდენტს უნდა შეექმნას განცდა, რომ თავადვე აკონტროლებს სიტუაციას.
არსებობს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია (NGO) და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია (CSO), რომლებიც მუშაობენ გადარჩენილ პირებთან, მსხვერპლებსა და მოწმეებთან. თვალი ადევნეთ მათს ანგარიშებს, დაელაპარაკეთ იმაზე, რასაც თავად ხედავენ, მოაგროვეთ ინფორმაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება ინფორმაციის საკმაოდ ღირებულ წყაროდ იქცეს, მათ შორის: TRIAL International, საერთაშორისო სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების კომისია, კლუნის სამართლიანობის ფონდი და სხვა მსგავსი ასოციაციები.
ჟურნალისტი უნდა იცნობდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ომის დროს ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებს აგროვებენ. ასეთ ორგანიზაციებს შორისაა Amnesty International, Human Rights Watch („ჰუმან რაითს უოჩი“) და გაეროს უწყებები – მაგალითად, გენოციდის პრევენციის ოფისი, რომლის ფუნქციაც გენოციდისა და სიძულვილით ნაკარნახევი სისტემური ინციდენტების პრევენციის შესახებ ანგარიშების მომზადებაა; ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინსტიტუტებთან (მაგალითად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საერთაშორისო კომისიასთან) დაკავშირება, რაც ჟურნალისტს სამხილების მოგროვების პროცესში მნიშვნელოვნად ეხმარება. ამ ორგანიზაციებს შემთხვევის ადგილზე ჰყავთ გამომძიებლები, რომელთა მონათხრობიც სიუჟეტის მომზადებაში შეგიწყობთ ხელს. მათი ანგარიშების საშუალებით შეიძლება გამოარკვიოთ, მიიღო თუ არა დანაშაულმა სისტემატური ხასიათი.
გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიებისათვის ალბათ ყველაზე ღირებული რჩევაა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის სამართლის, სისხლის საერთაშორისო სამართლისა და იმ საკანონმდებლო ჩარჩოს შესწავლა, რომელიც სისხლის სამართლის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აკისრებს ყველაზე მძიმე საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენ პირებს.
ამ საკითხების ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, სიზუსტისათვის, როცა საქმე ეხება სისტემატურ დანაშაულს, რომელიც, შეიძლება, გენოციდად ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად კლასიფიცირდეს; მეორეც, თვითონ სასამართლო პროცესიც გვაძლევს საშუალებას, შევაგროვოთ სამხილები, გამოვკვეთოთ კავშირები დანაშაულის ადგილსა და ბოროტმოქმედს შორის და, ზოგადად, გავიაზროთ დანაშაულის საერთო კონტექსტი.
გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამო კონკრეტული პირების გასამართლება შესაძლებელია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ამ სასამართლოს იურისდიქცია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებზე ვრცელდება, მაგალითად, მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს რომის წესდებას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სახელმწიფო არ არის წესდების ხელმომწერი (მათ შორის, ჩინეთი, ისრაელი და აშშ), სასამართლო მაინც საქმიანობს და ფლობს საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული ინფორმაციის შესასწავლად საჭირო რესურსების ვრცელ ბიბლიოთეკას. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ცნობილია, როგორც „მსოფლიო სასამართლო“, განსხვავებული ტიპისაა, რადგან მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საქმეებს განიხილავს. მას შეუძლია სახელმწიფო (არა კონკრეტული პირი) ცნოს დამნაშავედ საერთაშორისო სამართლის დარღვევასა თუ, მაგალითად, გენოციდში, მაგრამ არა ომის დანაშაულსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში, რომლებზეც პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია.
საერთაშორისო დანაშაულთან (გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის – მაგალითად, მშვიდობიანი მოსახლეობის ან ომის ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაული) დაკავშირებული სასამართლო პროცესები ხშირად მიმდინარეობს სპეციალიზებულ საერთაშორისო და ჰიბრიდულ ადგილობრივ-საერთაშორისო სასამართლოებში, მათ შორისაა: სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალების საერთაშორისო მექანიზმი, კოსოვოს სპეციალისტთა პალატები და სპეციალური ტრიბუნალი ლიბანისთვის. ევროკავშირმა უკვე გამოაცხადა მსგავსი სისტემის შექმნის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობასთან დაკავშირებული სავარაუდო ომის დანაშაულებების, მათ შორის, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენთა გასასამართლებლად.
და ბოლოს, ომის დროს ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულის ფაქტებთან (მათ შორის, გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან) დაკავშირებულ სასამართლო პროცესთა უმრავლესობა ადგილობრივ დონეზე მომდინარეობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო დანაშაულზე უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი ვრცელდება, სულაც არ იგულისხმება, რომ ეს პროცესი მაინც და მაინც იქ წარიმართება, სადაც სისასტიკის აქტები განხორციელდა. მაგალითად, ამჟამად ევროპის უამრავ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ნიდერლანდებში, მიმდინარეობს სირიაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმეთა ათობით სასამართლო პროცესი, რადგან ამ ქვეყნებში ცხოვრობს ამჟამად ბრალდებული, მსხვერპლი თუ კონფლიქტს გადარჩენილი პირი.
იქიდან გამომდინარე, რომ გენოციდიცა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულიც სისტემატურ დანაშაულებს წარმოადგენს და სამართლებრივ შესწავლას მოითხოვს, სასამართლო განხილვა სამხილების შეფასების, ჩვენებათა შეგროვებისა და იმ კომპლექსური ფაქტორების შესწავლის ძირითად პლატფორმას წარმოადგენს, რომლებიც საჭიროა ამ ტიპის დანაშაულთა სისტემატიური განხორციელების დამადასტურებელი სქემების გამოსავლენად. ომის ცალკეული დამნაშავეების, მაგალითად, დაბალი რანგის მოხელეების, სასამართლო პროცესებზე სამხილების შეგროვება დაგეხმარებათ დარღვევათა უფრო ვრცელი სქემის წარმოჩენაში, რომელიც, შესაძლოა, მიანიშნებდეს გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში უფრო მაღალი რანგის პირთა ბრალეულობაზე.
ამ სასამართლო პროცესებიდან რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოსაგროვებლად ჟურნალისტმა უნდა დახვეწოს მეთოდები და გაიუმჯობესოს შესაბამისი კანონების, კონკრეტულ საქმეთა განხილვებისა და თავად სასამართლოს შესახებ საერთო ცოდნა. სასამართლო პროცესების შესახებ ეფექტური რეპორტაჟის მომზადებისათვის მეტად ღირებული რესურსია ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის რეპორტიორის სახელმძღვანელო, რომელიც გვაწვდის მნიშვნელოვან კონტექსტურ ინფორმაციას სასამართლოს ფუნქციონირების შესახებ და გვთავაზობს უშუალოდ პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ ინსტრუქციებს. არსებობს სასამართლო პროცესების მეთვალყურე ორგანიზაციები, მათ შორის: ჰუმანიტარული სამართლის ცენტრი (სერბეთი), ბალკანეთის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელი კოსოვოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში; ასევე, სპეციალიზებული საერთაშორისო მედიასაშუალებები და საერთაშორისო დანაშაულის განხრით სპეციალიზებული ჟურნალისტები. დაბოლოს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და სისხლის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები; ზოგიერთი, მაგალითად, ამერიკელი იურისტი პიტერ რობინსონი, აქვეყნებს საერთაშორისო სასამართლოს ბოლოდროინდელი (უახლესი) გადაწყვეტილებების დაიჯესტს, რომელიც შეიძლება უაღრესად სასარგებლო აღმოჩნდეს.
საერთაშორისო დანაშაულთან დაკავშირებულ სასამართლო განხილვებში საბრალდებო აქტები და ვერდიქტები სრულად გასაჯაროებულია, ისევე, როგორც სასამართლო მოსმენათა უმრავლესობა. მაშასადამე, სამხილების უმრავლესობაც გასაჯაროვდება, რაც ჟურნალისტს სხვა მხრივ რთულად მოსაპოვებელი მტკიცებულებების (მაგალითად, სადაზვერვო ანგარიშებისა და სამხედრო ბრძანებების) შეგროვების საშუალებას აძლევს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჟურნალისტებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ სასამართლო პროცესების გაშუქებისას, გაითვალისწინონ კონფიდენციალობასთან დაკავშირებული სამართლებრივი გადაწყვეტილებები და არ გაამჟღავნონ დაცული მოწმეების შესახებ ინფორმაცია ან მათი იდენტობა. ყოფილი იუგოსლავიისათვის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა და სხვა საერთაშორისო თუ ეროვნულმა ტრიბუნალებმა, რომლებიც ასამართლებენ გენოციდში, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და ომის დანაშაულებებში ეჭვმიტანილ პირებს, შეიძლება ჟურნალისტებს ბრალი დასდონ სასამართლოსადმი უპატივცემულობაში ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნების გამო.
და ბოლოს, გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიებისას მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რამდენადაც ეს დანაშაული სისტემატური ხასიათისაა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოტენციური სქემის გამოძიებას. როგორც აღნიშნულია ესექსის უნივერსიტეტის სახელმძღვანელოში „მკვლელობების სერიის, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის გაშუქება“: „სქემაზე შეიძლება მეტყველებდეს საქმეში ჩართული უწყებების ხასიათი (მაგ., უსაფრთხოების ძალების გარკვეული სამსახურიდან ან პოლიციის კონკრეტული განყოფილებიდან წამოყვანილი პერსონალი), სამიზნე ადამიანების ტიპი (მაგ., ბავშვები, გარკვეული ეთნიკური ჯგუფები), გარემოებები, რომლებშიც მკვლელობები მიმდინარეობს (მაგ., ნიღბიან ხალხს მსხვერპლი შუაღამისას გამოჰყავს სახლიდან, უნომრო ფურგონით მიჰყავს სხვა ადგილას, გვამს კი რამდენიმე დღის შემდგომ, კილომეტრების მოშორებით მიტოვებულს პოულობენ) ან, თუნდაც, მკვლელობის მეთოდი. სქემებს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ და მათ საილუსტრაციოდ უნდა შეიმუშაოთ ჩანაწერების წარმოების ეფექტური და მკაფიო სისტემა. უნდა შექმნათ მონაცემთა ბაზა და / ან ქსელი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც მსგავს საქმეებზე მუშაობენ. როგორც წესი, ასეთი ინფორმაციის მოგროვება თქვენი ნამუშევრის სანდოობას გაამყარებს.“
გენოციდი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, თავისი არსით, დანაშაულის იმგვარი ფორმებია, რომლებიც ცოცხალ ძალას მოითხოვს. რაც უფრო დიდია შემსრულებელი ძალის მოცულობა, მით უფრო მეტია არასამხედრო პირების დამატებით ჩართვის ალბათობაც, რომლებმაც შეიძლება მეტად სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდონ: სატვირთოების მძღოლები, ექიმები, მზარეულები, დამლაგებლები და ა. შ. ეს ნიშნავს, რომ არსებობს იმ ინსტიტუტების უფრო ფართო ქსელი, რომლებიც შეიძლება ფლობდნენ ძალადობის გარკვეული ფორმების დასამტკიცებლად საჭირო დოკუმენტებს, მაგალითად: სახელმწიფო, საოლქო ან რეგიონული უწყებები, სამინისტროები, პოლიცია, სასამართლოები და ა. შ. შესაძლებელია ინფორმაციის თავისუფლების შესახებ აქტების სისტემატურად და უწყვეტად გამოყენება, რათა მაქსიმალურად ბევრი მყარი სამხილი მოაგროვოთ.
გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სასამართლო პროცესები ნელა მიმდინარეობს. დიდი დროა საჭირო, რომ კონკრეტულმა საქმემ სასამართლომდე მიაღწიოს, რაც ნიშნავს, რომ ხანდახან პროცესი წლობით გაგრძელდება: ბოსნიის სახელმწიფო სასამართლოში პროცესის საშუალო ხანგრძლივობა რამდენიმე წელია. სრებრენიცას მოვლენებიდან ათწლეულები გავიდა, თუმცა გენოციდთან დაკავშირებული რამდენიმე საქმის განხილვა ჯერაც არ დასრულებულა.
ტოდოროვიჩი ბევრჯერ მინახავს და მისი ჩვენებაც არაერთხელ მომისმენია. ბოლოს პატიმრობის მოკლე ვადა მიუსაჯეს — მხოლოდ ექვსი წელი — თუმცა შემდეგ ათზე მეტ საქმეში ბრალდების მთავარი მოწმე იყო და მის ხელთ არსებული შიდა ინფორმაციის საფუძველზე არაერთი პირი გაასამართლეს.
შემთხვევების ანალიზი
არსებობს გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების სხვადასხვა ტიპი. ზოგიერთი სისასტიკის ჩადენიდან რამდენიმე დღეში იწყება და მათი მთავარი ღირებულება დანაშაულის მალევე გახსნაა. ზოგი კი დანაშაულის მოხდენიდან წლების შემდგომ ქვეყნდება და ეჭვმიტანილი, თუმცა, დაუსჯელი ბოროტმოქმედების სახელებს ააშკარავებს.
ზოგიერთი გამოძიება ღია წყაროებში ხელმისაწვდომ რესურსებს ეყრდნობა, ზოგიც – ტრადიციულ ინტერვიუსა და შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებით მოპოვებულ სამხილებს.
სრებრენიცას გენოციდი
სრებრენიცას გენოციდთან დაკავშირებული ათობით ვერდიქტისა და დოკუმენტის, სამხედრო ჩანაწერისა და ჩვენების ანალიზის საფუძველზე, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბალკანეთის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელმა (BIRN BiH, სადაც თავადაც ვმუშაობ) გამოავლინა ბოსნიის სამხედრო პოლიციის სამი ყოფილი მეთაურის ვინაობა, რომლებიც არასდროს გაუსამართლებიათ, თუმცა, მოწმეთა ჩვენებებისა და დოკუმენტაციის თანახმად, მონაწილეობდნენ ბოსნიელი მუსულმანების შეპყრობასა და სრებრენიცადან მასობრივი მკვლელობის ადგილას გადაყვანაში.
გამოძიებამ აჩვენა, რა როლს ასრულებდნენ სამხედრო პოლიციის დანაყოფები ხოცვა-ჟლეტაში, როგორ უბრძანეს მეთაურებმა ხელქვეითებს მუსულმანი მოქალაქეების დაკავება და მასობრივი მკვლელობის ადგილებზე გადაყვანა. ამ რეპორტაჟთან ერთად BIRN BiH-მა გამოაქვეყნა სასამართლოს ოქმებიდან მოგროვებული სამხილები. 2022 წელს საგამოძიებო რეპორტაჟების სერიამ ფეტისოვის საერთაშორისო პრემიის დაჯილდოებაზე მეორე ადგილი მოიპოვა „მშვიდობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ორი წლის შემდეგ რეპორტაჟებში ნახსენები ერთ-ერთი სამხედრო მეთაური გენოციდის ბრალდებით გაასამართლეს.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა ფრთოსანი რაკეტებით
„ბელინგკეტი“ (Bellingcat) კონფლიქტის ზონების შესახებ ღია წყაროების კვლევის ტექნიკის გამოყენებით მომზადებული დეტალური და სიღრმისეული კვლევებითაა ცნობილი. 2022 წელს ჟურნალისტების გუნდმა გამოაქვეყნა რამდენიმე გამოძიება, რომლებიც აბათილებდა უკრაინასთან დაკავშირებულ ზოგიერთ რუსულ ნარატივს; თან დაასახელა მასობრივი სისასტიკის აქტებზე სავარაუდოდ პასუხისმგებელი რამდენიმე პირის ვინაობა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიება იკვლევს რუსეთის მიერ უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმას. გამოძიების თანახმად, ივარაუდება, რომ ამ მოქმედებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი რუსეთის შეიარაღებული ძალების „გენშტაბის მთავარი გამომთვლელი ცენტრის“ ერთ-ერთ ნაწილია.
ცენტრი მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროსა და სანქტ-პეტერბურგში, ადმირალიტეტის სათავო ოფისებშია განთავსებული. ტელეფონის მეტამონაცემების გამოყენებით, „ბელინგკეტმა“ დაამტკიცა, რომ ამ ინდივიდებსა და მათ უფროსებს შორის კომუნიკაცია აქტიურდებოდა რუსეთის მიერ ზუსტი დამიზნების ფრთოსანი რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელთა შედეგადაც ასობით უკრაინელი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი კი ელექტროობისა და გათბობის გარეშე დარჩა.
ასეთი გამოძიება წარმოაჩენს ჩადენილი დანაშაულის სისტემატურობას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს დანაშაულის სქემის წარმოჩენას, რომელიც შეიძლება გენოციდსა ან კაცობრიობის წინაშე დანაშაულზე მიუთითებდეს.
უიღურთა დაკავების ბანაკები ჩინეთში
2022 წლის ზაფხულში, გაეროს ადამიანების უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „უიღურებისა და მუსლიმების ჯგუფებში პირობითი და დისკრიმინაციული დაკავების მასშტაბი“ ჩინეთის სინძიანის რაიონში „შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო დანაშაულს, კონკრეტულად კი – კაცობრიობის წინაშე დანაშაულს.“
ეს მიგნებები წლების განმავლობაში მიმდინარე ჟურნალისტური გამოძიების შედეგია, რომელმაც გამოააშკარავა ჩინეთის მთავრობის მიერ „ძალადობრივ ექსტრემიზმსა და სეპარატიზმთან“ ბრძოლის ოფიციალური მიზეზით მოწყობილ დაკავების ადგილებზე არსებული სასტიკი მოპყრობის ფაქტები.
2020 წელს მეგა რაჯაგოპალანი, ალისონ კილინგი და ქრისტო ბუშეკი პულიცერის პრემიის ფინალისტებად დასახელდნენ BuzzFeed News-ისთვის მომზადებული რეპორტაჟების სერიისთვის, რომელმაც გამოააშკარავა 2017 წლის შემდგომ აშენებული 260 დაკავების ბანაკის უშველებელი ქსელი.
გამოძიება ეყრდნობოდა OSINT (ღია წყაროებით დაზვერვის) ტექნიკას; ამასთან, კილინგმა გამოიყენა არქიტექტორისა და გეოსივრცითი ანალიტიკოსის კომპეტენცია და თავისი კოლეგების მიერ გადარჩენილთაგან შეგროვებული ჩვენებები, რათა წარმოჩენილიყო ჩინეთის მთავრობის მიერ მუსლიმების დევნისა და მათი დაპატიმრების სისტემატიური და მიზანმიმართული ხასიათი.
სპეციალური ფოკუსი: რუანდას გენოციდის გაშუქების შედეგად ნასწავლი გაკვეთილი
ინტერვიუ მოამზადა ოლივიე ჰოლმიმ
უგანდურ ყოველდღიური გამოცემა New Vision-ში რუანდის გენოციდის გაშუქება ომის გაშუქების პირველი და უკანასკნელი გამოცდილება იყო შეილა კავამარა-მიშამბისათვის. კავამარა-მიშამბი GIJN-ს უყვება, რომ ამის შემდეგ ჟურნალისტიკას თავი დაანება, რადგან მიხვდა: ახალი ცხოვრების დასაწყებად განცდილი კოშმარისაგან უნდა გათავისუფლებულიყო. „ნანახი მთელი ცხოვრება თან გდევს,” აღნიშნავს იგი.
კავამარა-მიშამბი დასძენს, რომ აუცილებელია კონსულტაცია ამგვარი ტრავმის გადამტანი ადამიანებისათვის.
როცა 1994 წლის მოვლენების გაშუქების გამოცდილებას იხსენებს, კავამარა-მიშამბი აღნიშნავს, რომ უცხოელი კორესპონდენტები (მისივე ჩათვლით) ზედმეტად იყვნენ დამოკიდებულნი რუანდას პატრიოტულ ფრონტზე (რპფ). იგი იხსენებს, რომ პატრიოტულ ფრონტს, რომელიც რუანდის ამჟამინდელი პრეზიდენტის, პოლ კაგამეის, ხელმძღვანელობით მთავრობის გენოციდის მომწყობ ძალებს უპირისპირდებოდა, კარგად მომზადებული და გამართული პიარკამპანია ჰქონდა.
ორგანიზაცია წინასწარ დეტალურად არჩევდა უცხოელ კორესპონდენტებს და მიჰყავდა მასობრივი სასაფლაოების სანახავად, შემდეგ კი რეპორტიორებს თავად უთითებდა კონკრეტულ ინდივიდებზე, რომლებიც, მათივე თქმით, ხოცვა-ჟლეტის თვითმხილველნი იყვნენ. ინტერვიუს ყოველთვის ესწრებოდა პატრიოტული ფრონტის წარმომადგენელი. „ჟურნალისტებს ყველას გვაკონტროლებდნენ,“ ამბობს იგი. „რუანდას პატრიოტული ფრონტი მართავდა სიტუაციას.“
„ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იყო,“ დასძენს იგი. „როცა კი ჟურნალისტი რესპონდენტს ჩაეძიებოდა, ისინი [რპფ-ის წარმომადგენლები] მაშინვე ეტყოდნენ: „დროა, აქაურობა დატოვოთ“.“
სასაფლაოებზე ვიზიტისას კავამარა-მიშამბისთვის აშკარა იყო: გაყალბებულ ნარატივს აწვდიდნენ. შედეგად, როგორც თავად აღნიშნავს, რეპორტაჟებში ცდილობდა, ხაზგასმით დაეკონკრეტებინა, რომ ამბის მხოლოდ ერთ მხარეს აშუქებდა და ბევრი რამ ბნელით მოცული რჩებოდა. „ომის პერიოდში, როცა მეორე მხარეს გადასვლა არ შეგიძლია, არსებობს დიდი ალბათობა, რომ შენთვის ცნობილი ფაქტები დამახინჯებულია,“ – ამბობს იგი.
ტუტსისა და აწ უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტის, ჟიუვენალ ჰაბიარიმანას, მოწინააღმდეგე ჰუტუს ხალხის მასობრივი მკვლელობის ისტორიების გარდა, რომლებიც კავამარა-მიშამბიმ მაშინ მოისმინა, თანდათანობით გამოიკვეთა რუანდასა და მეზობლად მდებარე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რპფ-ის მიერ ჩადენილი სასტიკი აქტების დამადასტურებელი სამხილები. „ათწლეულები დასჭირდა იმის გამოაშკარავებას და მხილებას, რასაც 1994-ში ვერც კი მივეკარეთ,“ – ამბობს იგი.
კავამარა-მიშამბი აღნიშნავს, რომ რადგან რპფ ჟურნალისტებს „ექსკურსიაზე მყოფი ტურისტებივით ექცეოდა“, თავად ვერასდროს შეძლებდა ისეთივე ამომწურავი და დეტალური სურათის შექმნას, როგორიც ეტაპობრივად გამჟღავნდა 1994 წლის შემდგომ. გენოციდის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის ეს სკეპტიციზმისა და თავმდაბლობის გაკვეთილია. კავამარა-მიშამბი განაგრძობს: „ჟურნალისტიკაში საჭიროა ღიაობა და პასუხგაუცემელი კითხვებისთვის სივრცის დათმობა. დაე, სხვამ განაგრძოს, სხვამ მოიძიოს უფრო დეტალურად.“