ქედაში, სოფელ მახუნცეთში 5 წლის წინ საზაფხულო თეატრი ააშენეს. ათიათასობით დახარჯული ლარის მიუხედავად, შენობა ისე ვერ გამოიყურება, როგორც პროექტით იყო განსაზღვრული.
თეატრს არ აქვს სკამები, გამართული სასცენო ინფრასტრუქტურა და არც გარემოა ხელოვნების შესაბამისი. ადგილობრივებმა გვითხრეს, ბავშვები მანდ ბანქოს თამაშობენო. შესაბამისი მაგიდა და სკამებიც ვიპოვეთ სცენაზე.
მერიამ სამუშაოები ისეთ კომპანიებს ანდო, რომლებმაც საქმე ბოლომდე გამართულად ვერ მიიყვანეს. ერთმა კომპანიამ მასზე დაკისრებული ჯარიმებიც კი არ გადაიხადა სრულად. მერიას კი დავა აღარ გაუგრძელებია და იმას დაჰყაბულდა, რაც მიიღო.
ჩვენ მახუნცეთში მაისში ვიყავით და საზაფხულო თეატრი ჩვენი თვალით ვნახეთ. მერიაშიც მივედით და მერთან შეხვედრა მოვითხოვეთ, რომ გაგვეგო, რატომ ჩაიბარეს შენობა, რომელიც თეატრს ყველაზე ნაკლებად ჰგავს.
მერი არც შეგვხვდა და არც წერილობით გაგზავნილ კითხვებზე გვიპასუხა. როგორც ჩანს, თავს ვალდებულად არ მიიჩნევს, საზოგადოებას აუხსნას წყალში გადასაყრელი ფული რატომ აქვს მერიას. არადა, სწორედ მან ჩაიბარა მახუნცეთის თეატრის სამუშაოები. დოკუმენტზე მისი ხელმოწერაცაა.
ამბის დეტალურად სანახავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს: