fbpx
vakis parki 1

რა დოკუმენტები იყო მერიის ხელში შადრევნის გახსნამდე?

ვიპოვეთ ახალი დოკუმენტები და დეტალები ამ საქმის შესახებ.

ვაკის პარკის შადრევანში მოზარდის გარდაცვალების შემდეგ მთავარი კითხვაა – ვინ არის დამნაშავე. სად უნდა ვეძებოთ პასუხისმგებელი პირი, თბილისის მერიაში, კომპანია “გრინსერვის+”-ში თუ ორივეში?

ერთია, ვინ ასრულებს სამუშაოებს და როგორ, მეორე – ვინ იბარებს მათ და საბოლოოდ წყვეტს, რომ ყველაფერი რიგზეა. ამიტომ, “აი, ფაქტი” მოგიყვებათ, რა წერია დოკუმენტებში როგორც კომპანიის, ისე დამკვეთის, ანუ თბილისის მერიის ვალდებულებებზე. 

ვის და როგორ უნდა ჩაებარებინა ვაკის პარკის შადრევნების რეაბილიტაციის სამუშაოები თავიდანვე ნათლად იყო გაწერილი. თბილისის მერიას უნდა ენახა “გრინსერვის+”-ის წარდგენილი ექსპერტიზის დადებითი დასკვნები შესრულებული სამუშაოებისა და პროდუქციის ხარისხზე, როგორც ხილულ ასევე ფარულ სამუშაოებზე. ხარისხის შესახებ რომ არაფერი იცოდნენ, ამაზე უკვე მოგიყევით.

ამჯერად გაგაცნობთ, ვინ არიან პირები, ვინც ხელი მოაწერეს შადრევნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

თბილისის მერიასა და “გრინსერვის+”-ს შორის 2021 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, “გრინსერვის+”-ის მხრიდან კი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. “აი, ფაქტი” ორი დღეა უშედეგოდ ცდილობს ამ პირებთან დაკავშირებას. მათი მობილური ტელეფონები გამორთულია.

მერიის მხრიდან შადრევნების რეაბილიტაციის შესახებ შედგენილ ყველა მიღება-ჩაბარებას ერთი და იგივე პირები აწერენ ხელს. ესენია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი. ლექსო უტიაშვილი არის საკონტაქტო პირად მითითებულ ძირითად ხელშეკრულებაშიც. “აი, ფაქტმა” რამდენჯერმე სცადა მასთან გასაუბრება. თავდაპირველად ჩვენს ზარს არ უპასუხა, შემდეგ გაგვითიშა და გვთხოვა ტექსტური შეტყობინება გაგვეგზავნა, თუმცა ისიც უპასუხოდ დატოვა. 

შადრევნების რეაბილიტაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა “თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას.” ხელშეკრულების მიხედვით, ისინი იყვნენ სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველები. დოკუმენტებში ვხვდებით მათი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილ მხოლოდ ფარული სამუშაოების აქტებს. 

ფარული არის ისეთი სამუშაო, რომელიც ვეღარ შემოწმდება მისი დასრულების შემდეგ, რადგან თვალისთვის უხილავია. მაგალითად, ასეთია მიწისქვეშ მილის ან ელექტროსადენების გაყვანა.

სწორედ სხვადასხვა სახის კაბელის მონტაჟს ეხება შადრევნების რეაბილიტაციის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტი #6-12. მას ხელს აწერს “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენელი ივანე მეხრიშვილი. 

6 12
ფარული სამუშაოების აქტის ნიმუში

ამ სახის დოკუმენტში აღწერენ კონკრეტულად რა გააკეთა კომპანიამ, როდის და რა მასალა გამოიყენა. ამის საფუძველზე კი ზედამხედველი, ამ შემთხვევაში მეხრიშვილი აწერს ხელს აქტს და ამბობს, რომ სამუშაოები შესრულებულია პროექტის, სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად და პასუხობს მიმღების მოთხოვნებს (აქტის ნიმუშის ფოტო).

“თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია” 2014 წელს თბილისის მერიამ დააფუძნა. მისი დირექტორი დაარსების დღიდან ლაშა სამხარაძეა, რომელმაც თავდაპირველად ზარზე არ გვიპასუხა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო.

ამ ლაბორატორიის წესდების მიხედვით, მათი ერთ-ერთი მოვალეობაა, მშენებლობის პროცესის ზედამხედველობა, როგორც ტექნიკურად, ასევე უსაფრთხოების მხრივ.

რას ეფუძნებოდა მიღება-ჩაბარების აქტები? 

თბილისის მერიას “გრინსერვის+”-თან ვაკის პარკის რეაბილიტაციის სხვადასხვა ეტაპზე სულ 6 მიღება-ჩაბარების აქტი აქვს გაფორმებული. პირველი 2021 წლის 28 დეკემბერს, ხოლო ბოლო 2022 წლის 26 აგვისტოს. ყველა მიღება-ჩაბარება ეფუძნება ინსპექტირების ანგარიშებს, რომელიც ფინანსურ ნაწილს იკვლევდა და არა სამუშაოების ხარისხს.

ექვსი ინსპექტირების ანგარიშიდან ხუთი მოამზადა შპს “სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ,” მეექვსე კი “მშენექსპერტმა.” მათ შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, გადაიღეს ფოტოები და აზომეს სამუშაოები. შედეგად დაასკვნეს, რომ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები და ღირებულებები შესაბამისობაშია დოკუმენტებით გაწერილ მოცულობებთან და ღირებლებებთან. 

ერთ-ერთი ინპექტირების ორგანო, შპს “სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო” 2022 წლის აპრილიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშია.

ის რომ აღნიშნული ინსპექტირებები არ ეხებოდა შესრულებული სამუშაოების ხარისხს, ჩანს მათ მიერ კვლევაში გამოყენებული ხელსაწყოებითაც. მაგალითად, მათ სამუშაოები შეამოწმეს სიგრძის საზომი ბაფთით (სანტიმეტრით), რულეტით, ლაზერით და სისქის მზომი ხელსაწყო შტანგერფარგალით. შესრულებულ სამუშაოებს კი ფოტოები გადაუღეს. 

ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი ეყრდნობა “მშენექსპერტის” მიერ მომზადებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც 25 აგვისტოს გამოსცეს. ინსპექტირება კი 19-25 აგვისტოს პერიოდში ჩაატარეს. საინტერესო დეტალია ის, რომ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით “მშენექსპერტმა” აღნიშნული დასკვნა “გრინსერვის+”-ს 22 აგვისტოს წარუდგინა. ეს ფაქტი აჩენს კითხვებს, როგორ მოხდა, რომ კომპანიას ინსპექტირების დასკვნა ჰქონდა თვითონ ინსპექტირების დასრულებამდე სამი დღით ადრე? 

სქრინშოტი ინსპექტირების ანგარიშიდან

თბილისის მერიამ შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციისთვის 13 მილიონ ლარად “გრინსერვის+” დაიქირავა, მან კი თავის მხრივ საქმე სხვებს გაუნაწილა. კომპანიას სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისთვის სულ ხუთი ქვეკონტრაქტორი ჰყავდა – “დავითი”, “ჯორჯიან იუნიონი”, “ნიუ მეტალ დიზაინი”, “უნივერსალ სერვისი” და “ქსელმშენი”. მათ ჯამში 2.7 მილიონი ლარი გადაუხადა. 

შპს “დავითს” სხვა სამუშაოებთან ერთად ევალებოდა მრგვალი შადრევნის ელექტროობის მოწყობა, განათების, კაბელების და ტუმბოების მონტაჟი. შპს “ჯორჯიან იუნიონს” კი კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგება და სუსტი დენებით უზრუნველყოფა.

ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული Მიღება-ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, რომ “გრინსერვის+” მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებს ხარისხის შემოწმების გარეშე იბარებდა. მიღება-ჩაბარების აქტები მხოლოდ ფორმა #2-ს ეფუძნება.

ფორმა #2 არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია შესრულებული სამუშაოს რაოდენობა, მოცულობა და ფასები. მათი გადამოწმების დროს დგინდება რამდენად ემთხვევა ის კომპანიის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას. Შესაბამისად, ამ დოკუმენტს სამუშაოების ხარისხთან კავშირი არ აქვს. 

“აი, ფაქტი” ცდილობს კითხვები დაუსვას იმ პირებს, ვინც სამუშაოები ჩაიბარა. თუმცა, დღეს ზოგ მათგანს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ზოგმა კი ჩვენს ზარს არ უპასუხა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ამბის კვლევას და მასალას განვაახლებთ მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად. 

კომენტარები
Total
0
Shares
გსურთ, "აი, ფაქტმა" გააგრძელოს მთავრობის საქმიანობის შესწავლა? მაშინ დააფინანსეთ ჩვენი საქმიანობა
Next
რა საფრთხეს უქმნის ჭიათურელებს გაჩერებული საბაგიროს სადგური? 
Screenshot 2022 10 21 at 10.37.03 1

რა საფრთხეს უქმნის ჭიათურელებს გაჩერებული საბაგიროს სადგური? 

შენობა ფუნქციადაკარგულია

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share