fbpx

ვინ აპირებს ვანში ჰესის აგებას და როგორ ურთიერთობს ხალხთან? 

vani cover

ათი თვის წინ ვანიდან დაგვიკავშირდნენ, მდინარე სულორზე ჰესის აშენებას აპირებენ, მაგრამ ვინ და როგორ, არ ვიცით, დაგვეხმარეთ გარკვევაშიო. 

“არავინ იცის რომელი კომპანია აკეთებს, თუმცა ადგილზე ტექნიკა მიყვანილია. არანაირი აბრა ბუნებაში არ არსებობს, რომლითაც მიხვდები თუ რა ხდება ტერიტორიაზე,”- მოგვწერა “აი,ფაქტის” ფეისბუქ გვერდზე ადგილობრივმა, მაგრამ ვინაობის დაფარვა გვთხოვა. 

ამბის მოკვლევა დავიწყეთ სულორის მკვიდრ მოსახლეობასთან, ვანის მერიასთან, გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროებთან. აღმოჩნდა, რომ ვანში ორი ჰესის აგება ვანის საკრებულოში “ოცნების” დეპუტატმა და სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარმა ბიჭიკო პაიკიძემ განიზრახა. 

“ბ.პ. ჰესი”, რომელიც პაიკიძის დედის სახელზეა რეგისტრირებული, მდინარე სულორზე ორი მცირე ჰესის აშენებას გეგმავს. ერთი 0.80 მგვტ, მეორე – 4.0 მგვტ სიმძლავრის იქნება

ვანელებმა გვითხრეს, წლის დასაწყისში მდინარის სათავესთან ჩვენთვის უცნობი ხალხი დადიოდა, მაგრამ არავის გვიმხელდნენ, რა მისიით და ვისი დავალებით იყვნენ აქო. მოსახლეობამ მხოლოდ ყურმოკვრით გაიგო, რომ ამ ამბავში დეპუტატ პაიკიძის ხელი ერია. 

ჩვენ გამოვიძიეთ და ამ სტატიით გაგაცნობთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ იმერეთში ახალი ჰესის პროექტზე: მისგან გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, მოსახლეობის და მთავრობის დამოკიდებულებაზე, მშენებელ კომპანიასა და მის უკან მდგომი პირების ბიოგრაფიაზე.

ადგილობრივებთან კომუნიკაცია

სულორის მკვიდრ მოსახლეობას ტელეფონითაც ვესაუბრეთ და ადგილზეც ჩავედით. აშკარაა, რომ მათ მხოლოდ სოფელში გავრცელებული ხმებით და ჭორის დონეზე იციან, ვინ აპირებს ჰესის მშენებლობას, როგორი იქნება პროექტი ან რა საფრთხეები ახლავს თან. ასე გვეუბნებოდნენ, ჩვენზე მეტი თქვენ იცით ახლაო. ზოგს ისიც ეგონა, რომ მოსახლეობის განწყობის გასაგებად თავად ბიჭიკო პაიკიძემ მიგვაგზავნა.

“გაგვაცნონ რა ხდება, რა მოგველის, ვიქნებით თუ არა უსაფრთხოდ. რახან საკარმიდამო ნაკვეთები მასიურად არ გვაქვს ხალხს გაფორმებული, ესე იგი არ გვეკითხება არაფერი, არ ვართ ამ სოფლის მაცხოვრებელი? ვისაც 2-3 მიწა აქვს გაფორმებული, იმან უნდა გადაწყვიტოს?”- გვითხრა ქალმა სულორში, ხვედელიძეების უბნიდან. მან სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა.

IMG 20220901 WA0001
მდინარე სულორი

“დავრეკეთ მერიაში, რა გვემუქრებათქო. გვიპასუხეს – არ იდარდოთ არაფერზეო, თქვენ არ შეგეკითხებიან რამეს და არც პასუხს მოგთხოვენ, გაჩუმდითო. მაგენს უნდა არჩევნებზე ხმა, დანარჩენს არ გეკითხება არავინ,”- ამბობს სულორში მცხოვრები ფიქრია ხვედელიძე.

“ითქვა ერთი, იყვნენ მოსულები ამ წლის დასაწყისში, რაღაცებს გადახედეს, მერე გაქრნენ. ამინდები გაფუჭდა და მერე არავინ დაგვინახავს მოსული. აღარც გვიკითხია, ანდა ვის შევეკითხო? ბუნება ჩვენ არაფერს გვეტყვის, მთავრობაა და მთავრობა არაფერს გვეუბნება. როგორც უნდათ, ისე ასრულებენ ყველაფერს,”- გვეუბნება არსენ ხვედელიძე სულორიდან.

ის სოფლის ბოლო მოსახლეა და მის სახლთან გადის გზა, რომელსაც მდინარე სულორის სათავისკენ მივყავართ. შესაბამისად, ჰესის პროექტის არეალთან ახლოსაა, მაგრამ ბევრი მაინც არაფერი იცის, არ გააგებინეს. 

სულორში ჰესის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად, მაგრამ შიშები მრავლად აქვთ. ზოგს მდინარის ადიდებასა და წალეკვაზე ეფიქრება, ზოგს მის დაშრობაზე და თევზების გადაშენებაზე. მათი ამ შიშების გაქარწყლებაზე, ჯერჯერობით, არავის უზრუნია. 

“წინააღმდეგობა იყო ხალხის მხრიდან. [მდინარეს] რომ დაკეტავენ და ტურბინაში გამოუშვებენ, თევზი მოისპობა. ისედაც არაა, სპობენ ბრაკონიერები,”- შიშობს ამბერკი დვალიშვილი.

“იმისთანა ადიდება იცის ამ მდინარემ, იმხელა ქვები მოაქვს რიხინ-რიხინ-რიხინი გააქვს, სახლში ვერ დაიძინებ. არ ვიცი ეგენი რანაირად დააკავებენ [ჰესებს]’’-გვითხრა ნუნუ ხვედელიძემ.

“დიდი მოსაწონისი არაა. ეს წყალი ასე კი აღარ იქნება, დაჯდება. წელს ზღვა გეგონებოდა, ისე მოდიოდა…მაგრამ მთავრობის წინააღმდეგ ვერ აღდგები. როგორც გვეტყვიან, ისე უნდა მოვიქცეთ. ცენტრში თუ იყო რამე [განხილვა] არც გამიგია. ამბობენ, ვისაც ადგილები აქვს [ტყეში], იმათი პატრონები დაუბარებიათ და უთქვამთ, როგორ განწყობაზე იქნებითო. მაინც მისას გააკეთებს ეს მთავრობა და რასაც პატარას გამოძალავს ხალხი, ორ კაპიკს…,”- გვითხრეს სულორში, ხვედელიძეების უბანში. თუმცა, საჯაროდ ვინაობის გამხელა არც ამ რესპონდენტმა ისურვა. 

ზოგი ადგილობრივი გვეუბნება, რომ ჰესის მშენებლობის დაწყება ზამთარში ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის ჩანგრევის გამო გაჭიანურდა. გზა 13 თებერვალს მეწყერის ჩამოწოლის გამო დაზიანდა და მოძრაობა ორი დღით შეფერხებული იყო. ექვსი წლის წინ იგივე გზის მონაკვეთი და ხიდი ადიდებულმა სულორმაც მოანგრია. წელს გაზაფხულზე კი სულორში 4.7 ბალიანი მიწისძვრაც მოხდა.

IMG 20220831 WA0021
მდინარე სულორი

სოფელში ექვსი წლის წინანდელ წყალდიდობას ასე იხსენებენ: “მთელი კალაპოტი წაიღო მაშინ, იდიდა, იდიდა წყალმა და გადაგვიარა, ეზოში შემოგვივიდა, ხიდიც წაიღო, მანქანაც. მთის მდინარეა ეს, სხვა ძალა აქვს. მაგენმა ეტყობა ამ მდინარის ძალა არ იციან, თორემ არ გაეკარებიან სიახლოვეს.”

ეს ფაქტები რომ ახსოვთ, მოსახლეობას ჰესის მშენებლობის უფრო მეტად ეშინია. რეალურად, რა საფრთხეები შეიძლება გააჩინოს ორმა მცირე სიმძლავრის ჰესმა, ჯერჯერობით, არავინ უხსნით. მერიაში ჰესის თაობაზე გამართული შეხვედრა, როგორც ჩანს, სახელდახელო იყო და კრიტიკულ კითხვებზე პასუხს ან ადგილობრივების შიშების გაქრობას არ ემსახურებოდა. 

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა სულორის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში 2022 წლის მაისში გაიმართა. შეხვედრას მხოლოდ 11 ადამიანი ესწრებოდა, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. გარემოს დაცვის სააგენტომ ოქმში მათი სახელები და გვარები დაფარა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით. ეს გასაგებია, მაგრამ რატომღაც სოფელში არ შეგხვდვა ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამ შეხვედრაზე იყო ნამყოფი. ჩვენს რესპონდენტებს არც ნათესავებსა და მეზობლებში ახსენებოდათ ვინმე, ვინც შეიძლება იმ 11 კაცში ყოფილიყო.

1651848902195 scaled
სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა სულორში (ფოტო:გარემოს დაცვის სამინისტრო) ბიჭიკო პაიკიძე – მარჯვნიდან მესამე

საჯარო განხილვაზე მისულ მოსახლეობას ესაუბრა გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰესის მშენებელი კომპანია “ბ.პ ჰესის”, ადგილობრივი ხელისუფლების და “გამა კონსალტინგის” წარმომადგენლები. მათი ვინაობის შესახებ ინფორმაცეს. თუმცა, გამოგზავნილი ფოტოდან ჩანს, რომ დამსწრეებს შორის იყო დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძეც. 

ოქმში წერია, რომ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” წარმომადგენელმა დამსწრეებს გააცნო მოსალოდნელი ზემოქმედების სახეები, მათ შორის, მდინარის კალაპოტის ცვლილება, ზემოქმედება იქტიოფაუნასა და წყლის ბინადრებზე. თუმცა, როგორც ოქმიდან ირკვევა, საჯარო განხილვაზე მისული ადგილობრივებიდან შენიშვნა ან მოსაზრება არც ერთს გამოუთქვამს. ბუნებრივია, ეს ამბავი კითხვის ნიშნებს გვიჩენს. როგორ მოხდა, რომ დამატებით არავის არაფერი აინტერესებდა ჰესის შესახებ? მითუმეტეს, რომ სოფეში სხვაგვარი რეალობაა. აშკარაა, მოსახლეობა პროექტის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. 

არადა, ამ შეხვედრაზე ხალხმრავლობა და აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვანი იყო, რადგან სკოპინგის ანგარიში განიხილეს. ამ ეტაპზე კი მოსახლეობის ჩართულობა სავალდებულოა. სამინისტრომ სკოპინგის ანგარიშზე მოსახლეობის შენიშვნები ყურად უნდა იღოს და ამის შემდეგ მისცეს კომპანიას უფლება, გააგრძელოს ნებართვის მოპოვების პროცესი.

იქამდე, ხალხი ჩართული არსადაა. ჰესის აგების იდეა რომ უჩნდება, კომპანია ოფიციალურ განცხადებას უგზავნის ეკონომიკის სამინისტროს.

“ეს განცხადება მოიცავს ზოგად მახასიათებლებს ჰესის შესახებ: დადგმული სიმძლავრე, რომელ მდინარეზეა, რა ნიშნულებზე და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციის საფუძველზე ფორმდება მემორანდუმი, თუ მთავრობა მოიწონებს ამ წინადადებას. ამ ეტაპზე საერთოდ არ არის ინფორმირებული მოსახლეობა. სამწუხაროდ, ჩვენი კანონმდებლობა ამ ეტაპზე მათ ჩართვას არ ითვალისწინებს,”- გვიხსნის ‘’სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტი სალომე შუბლაძე. 

შემდეგი ეტაპებია სკოპინგის, შემდეგ კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება. კანონის მიხედვით, გარემოს დაცვის სამინისტროს მოვალეობაა, რომ მოსახლეობა ამ დოკუმენტებს გაეცნოს. მათ უნდა დააორგანიზონ კომპანიასა და ადგილობრივებს შორის შეხვედრა, სადაც დეტალებს მოჰყვებიან და უპასუხებენ პროექტზე გაჩენილ ყველა შეკითხვას. 

ჩვენი კანონმდებლობით განსაზღვრული არაა რამდენი ადამიანი უნდა ესწრებოდეს ამ განხილვებს. შესაბამისად, ერთი ადამიანიც რომ მივიდეს, შეხვედრა ჩატარებულად ჩაითვლება. საჯარო განხილვას რომ აპირებენ, ამაზე ინფორმაცია წინასწარ უნდა გაიკრას საჯარო ადგილებში. მაგალითად, ტრანსპორტის გაჩერებაზე, ადმინისტრაციის, სკოლის, ან ფოსტის შენობაზე. ვანის მერიამ ეს ინფორმაცია მათ ვებგვერდზე დადო და სულორის ადმინისტრაციის შენობაში განათავსა. 

სულორში სახელდახელოდ ჩატარებული საჯარო განხილვა არ გაგვკვირვებია, რადგან ეს პრაქტიკა უცხო არ არის. როგორ აწყობენ ჰესების თაობაზე შეხვედრებს, ადრეც გიყვებოდით. მაგალითად, ნამახვანჰესზე სასაუბროდ, როგორ მოკრიბა ხელისუფლებამ მისი მხარდამჭერები, ხელოვნურად გადაავსო დარბაზი და განხილვის სპექტაკლი დადგა. კრიტიკულად განწყობილი რაჭველები არ ესწრებოდნენ არც ონის კასკადის პროექტის განხილვებს.

ადგილობრივი მთავრობისგანაც გვინდოდა გაგვეგო, რა იციან ამ ჰესის პროექტზე. Მათი პასუხიდან აშკარაა, რომ მოსახლეობის ინფორმირებით თავს არ იწუხებენ და არც თავად იციან დეტალები. 

“არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს მოსახლეობასთან ამ თემასთან დაკავშირებით, არც არავინ მოდის და არავინ არაფერს კითხულობს. მოხდა ერთხელ შეხვედრა, ეგ იყო და ეგ. აზრზე არა ვარ [როდის დაიწყება მშენებლობა],”- გვითხრა სულორში ვანის მერის წარმომადგენლის ასისტენტმა, გიორგი დვალიშვილმა.

ვანის მერიაში კი გვითხრეს, კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებთ, არ გვაქვს ეს თემა დამუშავებულიო.

ვინ აგებს ჰესს სულორში?

Ჩვენი ქვეყნის პრაქტიკით, ჰესებს უმეტესად კერძო ინვესტორები აშენებენ, თუმცა სულორში ორი მცირე სიმძლავრის ჰესის კვალი ხელისუფლებამდე მიდის. მდინარე სულორის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებას აპირებს შპს ‘’ბ.პ. Ჰესი”, რომელიც საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთი წლის წინ დარეგისტრირდა.

კომპანია ბიჭიკო პაიკიძის დედის, ინგა ადეიშვილის სახელზეა გაფორმებული. ის “ბ.პ ჰესის” დამფუძნებელიცაა და 100%-ანი წილის მფლობელიც. “ბ.პ ჰესის” დირექტორი კი “ოცნების” შემწირველი ირაკლი დოლიძეა. მან მმართველ პარტიას 2021 წელს 30 ათასი ლარი ჩაურიცხა.

vani 04

თავად ბიჭიკო პაიკიძე “ქართულ ოცნების” გუნდს 2017 წელს შეუერთდა. იმ დროიდან მოყოლებული ვანის საკრებულოში ქონების მართვის, ეკონომიკური საკითხებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის წევრია. ის არათანამდებობის პირია და შესაბამისად, ხელფასი არ ერიცხება. ვანის მერიის საიტზე განთავსებულ სხდომის ოქმებში ვნახეთ რომ 2017-2018 წელს ჩატარებული კომისიის 19 სხდომიდან, დეპუტატი მხოლოდ ერთს დაესწრო. პაიკიძე “ოცნების” შემწირველიცაა. 2016 წელს მან მმართველ პარტიას 12 ათასი ლარი ჩაურიცხა.

პაიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებთანაც ახლობლობს. მისი ერთი შვილის ნათლია სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია, მეორესი კი სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი. 

natliebi

პოლიტიკურის გარდა, დეპუტატი ბიზნესსაქმიანობასაც ეწევა. წილები აქვს კომპანიებში – “ბ.პ. Ბეტონი”, “ჯორჯიან ქონსტრაქშენი”, “ბაი ენდ ბ.პ” და “B.P TRANS”-ი. ეს უკანასკნელი გზებს აგებს და სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობს. 

პაიკიძემ კომპანიები იქამდე დააარსა, ვიდრე ლილუაშვილს დაუნათესავდებოდა. თუმცა, “B.P. TRANS-ი” სახელმწიფო ტენდერებს სუს-ის უფროსად ლილუაშვილის დანიშვნის შემდეგ იგებს.

ჯამში 2019 წლიდან დღემდე “B.P. TRANS-მა” საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ვანის მერიისა და “წყალმომარაგების კომპანიისგან” 28 მილიონი ლარის ხელშეკრულებები მიიღო.

ბიჭიკო პაიკიძის სახელი “არ-ემ-ჯი გოლდ”-საც უკავშირდება. 2014-2019 წლებში პაიკიძე ფლობდა “არ-ემ-ჯის” ქვეკონტრაქტორი კომპანიის, შპს ‘’ჯორჯიან ენერჯის’’ წილებს.

“ჯორჯიან ენერჯი” ერთ-ერთი იყო იმ 20-მდე კომპანიას შორის, რომლებმაც, როგორც “არ-ემ-ჯის” ქვეკონტრაქტორებმა 2014 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირეს ამ კომპანიას საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე წარმოების აღდგენაში.

“არ-ემ-ჯი გოლდმა” მადნის მოსაპოვებლად 2014 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო ააფეთქა. ამის უფლება კი ხელისუფლებამ მისცა. მაღაროს ჯერ უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, შემდეგ ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მოეხსნა, გაუქმდა არქეოლოგიური დაცვის ზონაც და “არ-ემ-ჯი გოლდს” გზა გაეხსნა.

ჩვენთან საუბარში ბიჭიკო პაიკიძემ დაადასტურა რომ ჰესის აგებით თავადაა დაინტერესებული. თუმცა, ვრცლად არ გვესაუბრა, შეხვედრაზე ვარ, მოკლედ მკითხეთ და მოკლედ გიპასუხებთო. მისი თქმით, მოსახლეობას უკვე ყველა კითხვაზე უპასუხეს. თუმცა, როგორც სტატიიდან გაიგეთ, ჩვენ სულორში სხვაგვარი რეალობა დაგვხვდა.

“მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრები და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. თუ რაიმე კითხვები აქვთ, მზად ვარ გავცე კიდევ… [სამუშაოებზე], დაახლოებით, 150 ადგილობრივი დასაქმდება,”- გვითხრა მან. 

ბიჭიკო პაიკიძე ამბობს, გზშ ჯერ არ გვაქვს და ვინ მოამზადებს, არც ის ვიცითო. Კონკრეტულად მხოლოდ ის გვითხრა, რომ ჰესის აგებას 2023 წლის გაზაფხულზე გეგმავენ. 

რა დოკუმენტები აქვს ხელში კომპანიას?

კომპანიას რომ ჰესის ასაგებდ მწვანი შუქი ჰქონდეს, საჭიროა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, გზშ-ს საფუძველზე. გზშ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. სულორის შემთხვევაში, შპს “ბ.პ ჰესმა” გზშ მხოლოდ ერთ, 4 მგვტ სიმძლავრის ჰესზე უნდა მოამზადოს. იქამდე კი საჭიროა სკოპინგის პროცედურის გავლა. ამ ეტაპზე განისაზღვრება ,რა ინფორმაციის მოპოვება და შესწავლაა აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად. 

“ბ.პ. ჰესმა” გარემოს დაცვის სამინისტროს სკოპინგის ანგარიში 2022 წლის აპრილში წარუდგინა. 6 მაისს დოკუმენტი სულორის მხოლოდ 11 მოსახლესთან ერთად განიხილეს. აქედან ერთი თვის გასვლის შემდეგ კი გარემოს დაცვის სამინისტრომ სკოპინგის ანგარიშზე დასკვნა გასცა. ანუ, უფლება მისცა კომპანიას, გადასულიყო შემდეგ ეტაპზე და დაეწყო გზშ-ს მომზადება. 

მხოლოდ 11 მოსახლესთან განხილვის შემდეგ კომპანიამ სკოპინგის ანგარიშზე დადებითი დასკვნა მიიღო. გარემოს დაცვის სამინისტრომ მათ უკვე გზშ-ს მომზადება დაავალა

სკოპინგის ანგარიშზე დასკვნის ავტორი “გამა კონსალტინგია”. მათი მუშაობის არც ისე სახარბიელო სტილზე ნახეთ ჩვენი სტატია

სულ ეს არის, რაც ამ ეტაპზე, სოფლის მოსახლეობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცის. გაზაფხულზე ჰესის აგება იწყება, იქამდე ცოტა დროა დარჩენილი, კომპანიასა და მოსახლეობას შორის კი ჰარმონია ნამდვილად არაა.

რა პროცესები გველის წინ? მთავრობა და კერძო კომპანია მხოლოდ პირადი მოტივებით იმოქმედებენ თუ მოუსმენენ ხალხსაც და კვალიფიციურად ჩატარებული კვლევებით, გაუქარწყლებენ ჰესთან დაკავშირებულ შიშებს? ამ მოვლენებს “აი,ფაქტი” ყურადღებით დააკვირდება და განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
საძოვრად ქცეული 14-მილიონიანი ფეხბურთის სტადიონი ზუგდიდში
Screenshot 2022 11 28 at 11.40.14

საძოვრად ქცეული 14-მილიონიანი ფეხბურთის სტადიონი ზუგდიდში

ავტორები: ლანა როყვა და ქრისტინა კვაჭანტირაძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share