ავტორები: აიდან იუსიფი და ნანუკა ბრეგაძე
ბოლო ხუთი წელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურ ანგარიშებში ჰიბრიდულ ომს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს. თუმცა, მათი საქმიანობა ამ საფრთხეს სათანადოდ ვერ პასუხობს და ეს მათ საქმიანობაშიც ჩანს.
ჩვენ შევისწავლეთ სუს-ის ყველა საჯარო განცხადება, რომელიც 2016-2021 წლებში გამოქვეყნდა ფეისბუქში, მათ ოფიციალურ გვერდზე. ამ პოსტებში საუბარია იმაზე, თუ რას აკეთებს სუს ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების გასანეიტრალებლად. პოსტებში ტერმინი “ჰიბრიდული ომი” 2017 წელს 2-ჯერ, 2018 და 2019 წლებში კი თითო-თითოჯერაა ნახსენები. სხვა წლებში გამოქვეყნებულ პოსტებში კი არცერთხელ.
“საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის” თანადამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ძებისაშვილი “აი, ფაქტთან” საუბრისას ამბობს, რომ 2008 წლის ომი ჯერ არ დასრულებულა, რადგან გვაქვს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი ხელშეკრულება, რომლის პუნქტები რუსეთმა უკვე დაარღვია. სხვა შემაკავებელი დოკუმენტი არ გვაქვს. შესაბამისად, შეიძლება ცეცხლი განახლდეს და ჩვენ დე ფაქტო ომის სიტუაციაში ვიმყოფებით.
“ოკუპანტს შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს სამხედრო მოქმედებები, რომელსაც წინ უნდა უსწრებდეს საინფორმაციო ოპერაციები. როცა სახელმწიფო ასეთ მდგომარეობაში იმყოფება, წესით, უნდა აცნობიერებდეს, ამ საფრთხეს. შესაბამისად, მისი ამოცანა არის მოსახლეობა დაიცვას მოწინააღმდეგის საინფორმაციო შეტევებისგან, სანამ სამხედრო მოქმედებები დაიწყება,” – ამბობს ძებისაშვილი.
საქართველო ჰიბრიდული ომის სამიზნე 2008 წლიდანაა. სწორედ იმ დროიდან მოყოლებული, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ რუსული ჰიბრიდული ომისგან მომდინარე საფრთხეები დღითიდღე უფრო ძლიერდება.
მაგალითად, 2018 წელს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისათვის მომზადებულ მოხსენებაში წერია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აქტიურ სამხედრო შეტაკებებთან ერთად ჰიბრიდული ომითაც იბრძოდა. მოგვიანებით, იმავე მეთოდს უკრაინასა და სირიაშიც მიმართა.
“2008 წლის შემდეგ, საქართველოში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად რჩება რუსული პროპაგანდა და რუსეთის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის დემოკრატიული ძალები დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციას ცდილობენ,” – წერია ანგარიშში.
“რონდელის ფონდის” მკვლევარი, გიორგი ბილანიშვილი ამბობს, რომ რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი ამოცანაა შეასუსტოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ამის ფონზე გააძლიეროს პრორუსული სენტიმენტები: “რუსეთი ასე მუშაობს, ცდილობს თავისი მოწინააღმდეგე მოაჩვენოს, როგორც ცუდი და ამ ფონზე გახდეს თვითონ უკეთესი.”
ბილანიშვილის თქმით, ისევე როგორც ნებისმიერ საფრთხეს, ამ პრობლემასთან ბრძოლასაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება და “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბევრი სამუშაოს შესრულება მოდის. ”
ამ სტატიაში ზუსტად იმას განვიხილავთ, რას აკეთებს თუ არ/ვერ აკეთებს და რას უნდა აკეთებდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.
ეს სტრუქტურა 2015 წელს დაარსდა და შედგება 13 ერთეულისგან, ესენია: ადმინისტრაცია, კონტრტერორისტული ცენტრი, კონტრდაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, საინფორმაციო -ანალიტიკური, ოპერატიულ-ტექნიკური, ოპერატიული ღონისძიებების, ობიექტების დაცვის, ეკონომიკური, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტები, ანტიკორუფციული სააგენტო, კადრების მთავარი სამმართველო და გენერალური ინსპექცია.
სუს-ის ოფიციალური facebook გვერდიც 2015 წლიდან არსებობს. გვერდს 38,600-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. 2016-2021 წლების კონტენტ-ანალიზის მიხედვით, ყველაზე ხშირად ისინი მასალას აქვეყნებენ შემდეგ თემებზე:
- 120 პოსტი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ დანაშაულებზე;
- 7 პოსტი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ დანაშაულებზე;
- 56 პოსტი სოფელ ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (iprm) შეხვედრების შესახებ;
- 92 პოსტი სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებთან და ქართველ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შესახებ.
რა წერია სუს-ის ანგარიშებში
რა არის ჰიბრიდული ომი? – დაინტერესებული მხარის მიერ სამხედრო მოქმედებების გარდა პოლიტიკურ, საინფორმაციო, ეკონომიკურ და სხვა არასამხედრო მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ “აი, ფაქტის” მიერ მომზადებული ვიდეოდან შეიტყოთ.
facebook-ის მათ გვერდზე თუ დიდად არაფერი იწერება ჰიბრიდული ომის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ, ვიმედოვნებდით, რაიმე სასიკეთოს ვიპოვიდით სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშებში. ვფიქრობდით, იქნებ აქ წერია, რას აკეთებს ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად და კონკრეტული მაგალითებიც იქნებოდა მოტანილი.
სუს-ს ამ დრომდე გამოქვეყნებული აქვს ექვსი ანგარიში. პირველი 2015 წელსვე გახდა საჯარო.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე 2008 წლიდან აქტიურად დაიწყო საუბარი, სუს-ის 2015 წლის ანგარიშში მსგავს ტერმინს ვერ ნახავთ, არა თუ მასთან ბრძოლის მეთოდებს, სტრატეგიებს ან შედეგებს.
2015 წლის ანგარიშში სუს მათ მთავარ გამოწვევად რუსულ ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას ასახელებდა. ეს საკითხი გამოწვევად რჩება შემდეგი წლების ანგარიშებში და სავარაუდოდ, არც ახლო მომავალში განეიტრალდება.
2016 წლის ანგარიშში უკვე ჩნდება ტერმინი “რბილი ძალა.” ტექსტში წერია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციის მიღებას “რბილი ძალის“ გამოყენებით ცდილობდნენ, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. აქვე წერია, რომ ტარდებოდა კანონით დადგენილი ღონისძიებები პროცესში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. თუმცა, არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რა გაკეთდა და რა შედეგით დასრულდა ეს ღონისძიებები.
2017 წლის ანგარიშში ჩნდება სიტყვები პროპაგანდისტული მედიაკამპანია და დეზინფორმაცია: “საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ… საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება.”
2017 წლის ანგარიშშიც წერია, რომ ტარდებოდა კანონით დადგენილი ღონისძიებები პროცესში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად. თუმცა, ისევ არაფერია ნათქვამი, კონკრეტულად რა გაკეთდა და რა შედეგით დასრულდა ეს ღონისძიებები.
საყურადღებოა ერთი მომენტი, რომ სუს 2020 წლამდე არ ასახელებდა ვინ იგულისხმება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებში. 2018 წლის ანგარიშშიც საუბარია, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებდნენ დეზინფორმაციას სასურველი მიზნების მისაღწევად. ისევ არაა დასახელებული, რა გზით ებრძოდა და უშლიდა სუს მათ ხელს ამ მიზნების მიღწევაში.
2019 წლის ანგარიშში კი უკვე სხვა ტიპის ჩანაწერს ვხვდებით, სადაც რუსეთიცაა ნახსენები: “გასულ წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთის ფედერაციის ექსპანსიური პოლიტიკა წარმოადგენდა. გავლენის მოსაპოვებლად რუსეთი კვლავ ახორციელებდა ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით სამხედრო ზეწოლას, ასევე მიმართავდა სხვადასხვა სახის ფარულ და კიბეროპერაციებსა და მედიამანიპულაციებს.”
ამ წლის ანგარიშში, წინა პერიოდთან შედარებით ყველაზე ვრცლადაა მოთხრობილი იმაზე, თუ რა მიზანი აქვს დეზინფორმაციულ კამპანიებს. მაგალითად, სუს ასეთად მიიჩნევს დემოკრატიული ღირებულებებისა და დასავლური სამყაროს კრიტიკას; ცალკეული ქვეყნებისთვის სასურველი მსოფლმხედველობის გავრცელებას; მოსახლეობის პოლარიზაციას; შიშის გავრცელებასა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშში ჰიბრიდული ომისა და კერძოდ, დეზინფორმაცია-პროპაგანდის საფრთხეები ვრცლადაა აღწერილი, კვლავ არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა გზებით, რა მეთოდებით იბრძოდა სუს მის წინააღმდეგ, ან რა შედეგი აქვს იმ ოპერაციებს, რომელსაც კანონის ფარგლებში ასრულებს ხოლმე.
2020 წლის ანგარიშში უკვე ცალკე ქვეთავი ეთმობა დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის საკითხებს. თუმცა, რუსეთი ამ საფრთხეების წყაროდ ღიად და ნათლად ისევ არ სახელდება. არც ისაა დეტალურად ნათქვამი, რა ღონისძიებები გატარდა ამ საფრთხეების შესამცირებლად და აღმოსაფხვრელად.
თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამ დოკუმენტში ისიც წერია, რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები მიზნის მისაღწევად იყენებდნენ ონლაინპლატფორმების საშუალებით ჩატარებულ სხვადასხვა სემინარსა თუ შეხვედრას, რომელთა რეალურ მიზანს მონაწილეებში გეოპოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ისტორიული და სხვა საკითხების გარშემო საკუთარი ინტერესების შესაბამისი მსოფლმხედველობის გავრცელება წარმოადგენდა. “ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი კვლავ კეთდებოდა სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ ენის კურსებსა და გაცვლით პროგრამებზე,” ვკითხულობთ 2020 წლის ანგარიშში.
რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ენის კურსებსა და სხვადასხვა “საგანმანათლებლო პროგრამას” სთავაზობს აუდიტორიას, “ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრია.” ამ ორგანიზაციის შესახებ ჩვენ ადრეც გიყვებოდით.
ჩვენ წერილობით ვკითხეთ სუს-ს, თუ იკვლევენ “პრიმაკოვის ცენტრის” საქმიანობას. ინტერვიუზე, რა საკვირველია, არც გვიოცნებია. წერილითვე გვიპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და შესაბამისად, ვერაფერს გვიპასუხებდნენ.
შედარებისთვის, 2015 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში მოქმედი რუსული “გორჩაკოვის ფონდი” უკრაინელ სტუდენტებში რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო დახურა. ჩვენთან “ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი” საქართველოში 2013 წელს “გორჩაკოვის ფონდისა” და “ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის” მიერ დაარსდა. როგორც ვხედავთ, პრიმაკოვის ცენტრი დღემდე თავისუფლად საქმიანობს, ეწევა რუსულ პროპაგანდას მოსწავლეებსა და სტუდენტებში, მისი დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი კენჭს იყრიდა არჩევნებში და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებშიც ღიად მონაწილეობს.
2020 წლის ანგარიშშიც არაფერია ნათქვამი იმ ღონისძიებებზე, რომელსაც სუს დეზინფორმაციისა და “რბილი ძალის” აქტორების წინააღმდეგ ატარებს. არც იმას აკონკრეტებენ, რამდენად შედეგიანია ეს ღონისძიებები.
Სუს-ის საქმიანობაზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ვერაფერს წავიკითხავთ ვერც იმ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შემსწავლელმა თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა შექმნა. კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პროპაგანდასთან გამკლავების ძალისხმევა ძირითადად რეაქტიულია და იშვიათად მოიცავს წინმსწრებ, პრევენციულ ნაბიჯებს. სუს-თან დაკავშირებით ანგარიშში ვკითხულობთ: “მიუხედავად გამოკითხვებში სუს-ის მონაწილეობისა, კვლევის პროცესში არ ყოფილა მოწოდებული ამ უწყების წერილობითი ან აუდიო ჩვენება. შესაბამისად, სუს-ის პოზიცია ამ დოკუმენტში ასახული არ არის.”
ისღა დაგვრჩენია, სუს-ის მუშაობის ეფექტიანობაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით ვიმსჯელოთ:
- პრორუსული მედიები, რომელთა სააშკარაოზე გამოყვანას “აი, ფაქტი” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ცდილობენ, საქართველოში მაინც წარმატებით მოღვაწეობენ. სხვა რომ არაფერი, მაგალითად კმარა სპუტნიკიც, რომელიც დაიხურა ბრიტანეთში, ფინეთში, ესტონეთის მთავრობა მათ საქმიანობას აკონტროლებს, ლატვიამ დომეინი გაუუქმა, ლიეტუვაში ისედაც ცოტა გამომწერი ჰყავთ და მათი რიცხვი კიდევ უფრო მცირდება. 2018 წელს 3,774-მდე გამომწერი ჰყავდათ, ახლა კი ეს ციფრი 439-ით არის შემცირებული. რაც შეეხება საქართველოს, სპუტნიკის facebook გვერდს 2018 წელს თუ 43,388 გამომწერი ჰყავდა, დღეს ეს ციფრი 64,060-მდეა გაზრდილი. სუს-ს როგორ უმუშავია, თავადაც მიხვდებით.
- დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებისთვის ფეისბუქის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დაბლოკა “ალტ-ინფოს გვერდები.” “აი, ფაქტი” ამ ორგანიზაციაზეც ვრცლად გიყვებოდათ. ფეისბუქზე შეზღუდვის შემდეგ მთავრობამ მათ სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზია მისცა. “ალტ-ინფო” დაკავშირებულია პრორუსულ ძალებთან, ავრცელებს ანტიდასავლურ და ანტიჰუმანურ განწყობებს და ხშირად ერთი-ერთში ახმოვანებს რუსულ გზავნილებს.
Საჯარო პოლიტიკისა და დეზინფორმაციის მკვლევარი ნოდარ ტანგიაშვილი ამბობს, რომ სუს-სგან მეტი გამჭვირვალობაა საჭირო.
“სუსი მუშაობს, მაგრამ პრობლემა არის, რომ საჯაროდ უფრო მეტის თქმა არის საჭირო, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია ამბობენ. ასევე ნატო-ევროკავშირის სადაზვერვო სამსახურის უფროსებიც, ბოლო წლებია, საჯაროდ ასახელებენ, რა საფრთხეები მოდის რუსეთიდან ამ მიმართულებით და კონკრეტულად ასახელებენ, რა ოპერაციები ჩაატარეს. ჩეხეთში რომ ააფეთქეს რუსმა ჯაშუშებმა იარაღების საწყობი, ამაზე ღიად ისაუბრეს. ასეთი ღია დასახელება, თუნდაც რას აკეთებს რუსეთი, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტის ცნობიერების ასამაღლებლად. მე არ ვამბობ, რომ ყველანაირი დეტალი უნდა გათქვას, რა თქმა უნდა არა, ოპერატიულ საქმიანობას ხელი შეეშლება, მაგრამ ასეთი ზოგადიც მიუღებელია, ჩემი აზრით,“ – ამბობს ტანგიაშვილი.
მისივე პოზიციით, არასწორი პრაქტიკაა, როდესაც ანგარიშებში პირდაპირ არ წერენ, კონკრეტულ შემთხვევაში რომელ ქვეყანაზეა საუბარი.
“უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებს რომ ასახელებენ, საზიანოა იმ მხრივ, რომ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რუსეთის გარდა კიდევ ვინ არის და ეს არაპირდაპირ კვებავს იმ ნარატივს, რომ თურქეთიც იგივე საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიღაცამ შეიძლება ამერიკაზეც იფიქროს, რომ რაღაც ცუდს აკეთებენ. ამიტომ არ შეიძლება ბუნდოვნად უცხო ქვეყნის ხსენება, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის რუსეთი და ჩინეთი, რადგან ჩინეთი არის გააქტიურებული მთელ მსოფლიოში.”
ფიქრობს, რომ რუსეთის პირდაპირ დადანაშულებისგან თავის შეკავების მთავარი მოტივი სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი.
სუს-ის ყალბი ანგარიშები ფეისბუქზე
ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მძლავრი კომპონენტია საინფორმაციო ოპერაციები. ჩვენს რეალობაში კი ამ ოპერაციების განხორციელების ველი მეტწილად სოციალური მედიაა. ყველაზე მეტად გავრცელებული საქართველოში ფეისბუქია, სადაც ათიათასობით ყალბი ანგარიშია შექმნილი და მათ სხვადასხვა ჯგუფი მართავს.
გემახსოვრებათ, რამდენჯერ მოაწყო ფეისბუქის ადმინისტრაციამ წმენდა და რამდენჯერ აღმოჩნდა ამ სიაში საქართველო. მათ შორის იყო ყალბი ანგარიშებისა და ყალბი გვერდების ქსელი, რომელსაც მთავრობასთან დაახლოებული პირები მართავდნენ.
თუ ფეისბუქის ადმინისტრაცია ხედავს, რომ ყალბი ანგარიშები საქართველოში საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენა შესაძლებელია და ბლოკავს მათ საქმიანობას, რატომ ვერ ამჩნევს ამას სუს? იმიტომ ხომ არა, რომ თავადაც კარგად იყენებენ ამ პრაქტიკას? ქვემოთ მიხვდებით, რასაც ვგულისხმობთ.
ჩვენ ექსელის ფაილში მოვაგროვეთ ის პროფილები, რომელიც ყველაზე მეტად ასხამს ხოტბას სუს-ს.
მაგალითად, ერთ-ერთი არის “uol anuka gogsadze striti“. ასეთი სახელით ორი ყალბი პროფილი არსებობს. ერთი 2017 წელს შეიქმნა, მეორე კი 2019 წელს. სუს-ის პოსტებზე 2017 წლიდან წერს კომენტარებს. უმეტესად, გომელაურის ხელმძღვანელობის პერიოდში აქტიურობდა. იმდროინდელი კომენტარები ძირითადად ასეთი შინაარსის იყო: “მივესალმები, გომელაურის უწყება გენიალურია“; “ბატონი გომელაური გენიალურია“; “გომელაური გენიალურია”. პროფილი სუს-ის გვერდზე ბოლო დროსაც აქტიურად აკომენტარებს. ბოლოს, 17 მარტს დაწერა კომენტარი და მასში ხაზს უსვამს პოლიციის სიძლიერეს: “ძლიერი პოლიცია, ეს არის ძლიერი სახელმწიფო”; “ითანამშრომლე პოლიციასთან, გქონდეს ნდობა პოლიციის”; “მივესალმები გენიალურია, სახელმწიფოს სჭირდება კარგი აგენტურა, კარგი kgb… წარმატებები”.
კიდევ ერთი პროფილი, რომელიც ასევე 2017 წელს შეიქმნა არის – “nodar zaldastanishvili.” სუს-ის გვერდზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ პროფილმა 90-ზე მეტი კომენტარი დაწერა. აქედან, 10-ჯერ მხოლოდ “წარმატებები”, 20-ჯერ “ბრავო”, ხოლო 28-ჯერ “გააძლიერეთ უსაფრთხოების სამსახური”.
აღნიშნულმა პროფილმა 2020 წლის დასაწყისიდან კომენტარებში 14-ჯერ, სხვადასხვა ფორმით, სუს-ს ეროვნული უსაფრთხოების აკადემიის გახსნისკენ მოუწოდა, რათა მოამზადონ პროფესიონალი კადრები. 2020 წლის 29 დეკემბერს სუს-ის სასწავლო ცენტრი გაიხსნა და ამის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტზე “nodar zaldastanashvil”-მა შემდეგი კომენტარი დატოვა: “მივესალმები ამ სასწავლებლის გახსნას, რათა მომზადდნენ პროფესიონალი კადრები. ბრავოოო ბ. ლილუაშვილს ბ. გახარიას. გისურვებთ გაძლიერებას. სუპერ”.
ასევე 2018 წელს შექმნილი ყალბი გვერდია “george george”. ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ პროფილით დაწერილი 21 კომენტარი დავთვალეთ. აქედან 9-ჯერ უბრალოდ “წარმატებებს”, დანარჩენ შემთხვევებში კი დიდი მოცულობის ტექსტებს წერდა.
“maka berianidze” ყალბი ანგარიშია და 2013 წლის ნოემბერში შეიქმნა. პროფილის მიერ დაწერილი კომენტარები ხშირად ემთხვევა სხვა ტროლის – “aleqsandre gamyrelidzes” კომენტარებს. ეს პროფილი 2016 წელს შეიქმნა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში 15-ჯერ დააკომენტარა სუს-ის პოსტებზე.
ორივე ეს პროფილი, ძირითადად, შემდეგ კომენტარებს წერდნენ: “ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”; “სამართალს ვერავინ ვერსად გაექცევა”.
გარდა ტროლ-ბოტებისა სუს-ის გვერდზე საჯარო მოხელეებიც აქტიურობენ. დავით გოგუაძე ყოფილი საჯარო მოხელე და ამჟამად “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ის 2014–2018 წლებში განათლებისა სამინისტროში, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში 70-ზე მეტი კომენტარი დაწერა სუს-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების ქვეშ. აქედან 7-ჯერ “წარმატებები”, 3-ჯერ “მილოცვა”, ხოლო 60-ზე მეტ კომენტარში მხოლოდ ემოციის გამომხატველი ნიშნები: “👍👍👍❤️❤️❤️”.
კიდევ ერთი საჯარო მოხელე გელა წიკლაური თავისი კომენტარებით, ძირითადად, სუს-ს წარმატებებს უსურვებს. მან სუს-ის პოსტების ქვეშ მსგავსი კომენტარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22-ჯერ დაწერა. ის 2019 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობს.
რას უნდა აკეთებდეს სუს ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ?
2019 წელს საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა “დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.”
კვლევის თანახმად, საქართველოს მთავრობა რეალურად მზად არ არის გაუმკლავდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს. უსაფრთხოების სამსახურის ქმედებები არ არის საკმარისი ქვეყნის გარედან მხარდაჭერილი დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევების გამოვლენისთვის.
აქვე არის რეკომენდაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურაში, უნდა შეიქმნას დეზინფორმაციის საწინააღმდეგო სპეციალური განყოფილება ან სააგენტო, რომლის დანიშნულებაც უცხო ქვეყნებისაგან მხარდაჭერილი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია იქნება.
ლაშა ძებისაშვილიც და გიორგი ბილანიშვილიც ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერ საფრთხეს სჭირდება გაანალიზება, შეფასება, რომ სწორად შეადგინო სამოქმედო გეგმა.
ძებისაშვილის თქმით, სახელმწიფოებრივ დონეზე თუ არ გაკეთდება ეს, ისე მასობრივ პროპაგანდასთან ბრძოლას ეფექტი არ ექნება.
“დეზინფორმაციას ვერ მოსპობ, ამას გარეგანი წარმოშობა აქვს რუსეთის სახით, რომელიც დარჩება. ამას ჩვენ ვერ გავანეიტრალებთ. ამ შემთხვევაში, ჩვენი ეფექტიანობა შეგვიძლია ავამაღლოთ, ამაში იგულისხმება ჩვენი პროფესიონალიზმის, ცოდნის და ექსპერტიზის ამაღლება იმასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ასე, მართალია, საფრთხეს ვერ გავაქრობთ, მაგრამ რისკს შევამცირებთ და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის უმთავრესი ამოცანა,“ – ამბობს ბილანიშვილი.
მკვლევრების მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა კი ასეთია:
- პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, რა ტიპის დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე კეთდება აქცენტი და გამოვლინდეს მისი გამავრცელებელი წყაროები;
- უნდა შეფასდეს სხვადასხვა მიმართულებით რა ტიპის პოტენციური ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა. ბილანიშვილის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არავის აქვს იმის რესურსი, ყველა ტიპის დეზინფორმაციასა და პროპაგანდას დაუპირისპირდეს. ასევე, რიგ შემთხვევაში შეიძლება დაპირისპირებამ დადებითის მაგიერ უარყოფითი შედეგი მოგვიტანოს, რადგან მას უფრო ცნობადს გავხდით;
- ამის შემდეგ, თუ რეაგირებაა საჭირო, საპირისპირო მესიჯები უნდა გავრცელდეს ან წყაროების საქმიანობის შესწავლით, გადაწყდეს როგორი მოქმედება არის კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო;
- აუცილებელია სამიზნე ჯგუფების დადგენა. “ვინ არის მომხმარებელი ამ საინფორმაციო პროპაგანდის? ამის მიხედვით უნდა განისაზღვროს კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური საშუალებები საზოგადოების ამ ჯგუფებთან. ყველასთან უნდა მუშაობდნენ მუდმივად, რომ მათ ფეხი არ დააბიჯონ რუსულ საინფორმაციო ნაღმზე,” – ამბობს ძებისაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც საქმე სახელმწიფოებრიობას ეხება, უფრო მკაცრი მიდგომაც შეიძლება.
“სახელმწიფოს აქვს ძალიან მარტივი კრიტერიუმები და თუ პროპაგანდა ამ კრიტერიუმების ზღვარზე გადადის და ანტისახელმწიფოებრივ საინფორმაციო საქმიანობაში ვლინდება, სახელმწიფომ ისინი უნდა აკრძალოს, მარტივად. სახელმწიფოს აქვს ამის სრული უფლება,” – ამბობს ძებისაშვილი.
გიორგი ბილანიშვილის თქმით, ჰიბრიდული ომის საფრთხეებთან გამკლავების თვალსაზრისით, ფრაგმენტულობას ვავლენთ და არ გვაქვს შემუშავებული ერთიანი პოლიტიკა.
“ჩვენთან ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას ყოველთვის ჰქონდა ძალიან სერიოზული ხარვეზები და პრობლემები. საფრთხეების შეფასება უფრო გამოგვდიოდა, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, ერთიან მიდგომაში კი ყოველთვის გვიჭირდა. პოლიტიკურ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა უწყებათაშორის სამუშაო ფორმატში არის დასავლური კულტურის, დასავლური პოლიტიკის ნაწილი. ჩვენ კი ამის გამოცდილება არ გვაქვს. სახელმწიფო ინსტიტუტების დიდი მეხსიერება და გამოცდილება არ აქვს. რაღაცებს ძნელად ვეგუებით. მათ შორის პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაც არის,“ – გვიხსნის ბილანიშვილი.
ლაშა ძებისაშვილის თქმით კი “თუ სახელმწიფო ვიღაცას აღიქვამს საფრთხედ, გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომ მოემზადოს ამ საფრთხისთვის. მაგრამ, არის მეორე ვარიანტიც, თუ საფრთხედ არ აღიქვამს, ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება. Მე მიმაჩნია, რომ რუსეთი საფრთხეა, შეიძლება ვიღაცას ეს ასე არ ჰგონია. შეიძლება, რაღაც ხდება კიდეც, რეაგირებენ, აღმოაჩენენ ხოლმე რაღაცებს, მონიტორინგი არის, დასკვნები იდება, იწერება რეპორტები და სადღაც მიდის, მაგრამ იმის შემდეგ აღარაფერი აღარ ხდება. ფაქტი არის, რომ სახელმწიფო რაღაცებზე არ რეაგირებს ლოგიკურად,” – ამბობს ძებისაშვილი.
სუს-ის ბიუჯეტი და ხელმძღვანელი
სუს-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილია. მან ეს თანამდებობა 2019 წლის ოქტომბერში დაიკავა და ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა. Სისტემაში ის 2017 წლის დეკემბრიდანაა და გომელაურის უფროსი მოადგილის პოსტი ეჭირა. 2019 წლის 16 ოქტომბერს, თანამდებობაზე არჩევის წინ, საპარლამენტო მოსმენაზე ლილუაშვილმა უსაფრთხოების კუთხით ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე ოკუპაციასა და ჰიბრიდული ომის ტექნიკებზე ისაუბრა:
„აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქმედების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. ძირითადად მიმართულია ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევისა და ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ნიადაგზე სამოქალაქო შუღლის გაღვივებაზე,” – ამბობდა გრიგოლ ლილუაშვილი მაშინ. თუმცა, ამის შემდეგ კონკრეტულად რა და როგორ გააკეთა მისმა უწყებამ რუსეთის ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ საბრძოლველად, არც სადმე უთქვამთ და არც დაუწერიათ.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.
არ იქნებოდა ურიგო, მათი საქმიანობის ეფექტიანობაც ამ თანხის პროპორციულად გაზრდილიყო.