ავტორი: აიდან იუსიფი
ორი კვირის წინ თაქალოს მოსახლეობამ ხმაურიანი აქცია გამართა ჯერ სოფელში, შემდეგ ქალაქ მარნეულში და ბოლოს, რუსთავში. აპროტესტებდნენ, რომ მარნეულის მერიამ საარჩევნო დანაპირები არ შეასრულა და არ გადაუფორმათ მიწები, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო.
“არჩევნებამდე შევხვდით ქენან ომაროვს, მაშინ მერის მოადგილე იყო. გვითხრა,მხარი დამიჭირეთ და მე შევეცდები, რომ დაგეხმაროთ, ეს მიწები დოკუმენტურად თქვენზე გაფორმდესო. ყველამ ერთიანად მას მივეცით ხმა,”- გვითხრა თაქალოს მკვიდრმა შირინ ახმედოვმა.
“41-ს მივეცით ხმა, ავირჩიეთ მერი და სკამზე დავსვით. დღეს კი არაფრად გვთვლის, არც ჩამოდის და პასუხსაც არ გვცემს,” – ამბობს აქციის მონაწილე ჰევვა მამედოვა.
საქმე ისაა, რომ ეს მიწები ადგილობრივების საკუთრება ვერ გახდებოდა. თაქალოელები ნაკვეთებს კი ამუშავებენ და მოსავალიც მოჰყავთ, მაგრამ უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ გააჩნიათ. გამოდის, რომ “ოცნების” კანდიდატმა ამომრჩევლის გულის მოსაგებად და ხმების მოსაგროვებლად დაპირებები ჰაერზე გასცეს. ამ პროცესში არაფერ შუაშია მერია ან მერი. ქემან ომაროვმა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა.
მერიას რომ მსგავსი უფლებამოსილება ვერ ექნებოდა, ამას “სოციალური სამართლიანობის” ცენტრის იურისტი ქეთევან ჩუთლაშვილიც გვიხსნის. ორგანიზაცია თაქალოელებს ამ პროცესში იურიდიულ დახმარებას უწევს.
“არასწორად მოიქცნენ, კომუნიკაციაში იყო პრობლემა აშკარად. ჩვენთან ეს ხალხი ამბობს, მერია დაგვპირდაო, თუმცა ვერ ასახელებენ, რა სამართლებრივ საფუძველზე დაჰპირდა მერია რომ მათ მფლობელობაში აღმოჩნდებოდა ეს ნაკვეთები. ცხადია, მერია არც უნდა დაპირებულიყო. მათ კომპეტენციაში საერთოდ არ შედიოდა ამ მიწის განკარგვა,”- ამბობს ქეთევან ჩუთლაშვილი.
არჩევნებმა ჩაიარა, მერად ქერან ომაროვი აირჩიეს. მიწები კი ადგილობრივების ნაცვლად “ოცნების” დეპუტატ გოჩა ენუქიძის და კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას კომპანიას დარჩა.
შპს “არეა 32”- ს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 30 წლით გადასცა ჯამში 32 ჰექტარი ფართობის ხუთი ნაკვეთი. ყველა მათგანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახნავი მიწაა.
“აი,ფაქტი” ამბის ყველა მხარეს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ მარნეულის მერიის დაუფიქრებელმა საქციელმა დააზარალა როგორც მოსახლეობა, ისე მეიჯარე კომპანია, რომელსაც გეგმების შეცვლა მოუწია.
რამ გამოიწვია მოსახლეობის პროტესტი?
30 ნოემბრის აქციაზე დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, თაქალოელებთან არ გამოჩენილა მარნეულის მერი ქენან ომაროვი. არადა, ამ ამბავში მთავარი დამნაშავე სწორედ ის არის. შარშან, როცა კენჭს იყრიდა, მოსახლეობის გულის მოგებას მიწების თემით სცდილობდა. მერის მსგავსად, ხალხს ტყუილად მისცა იმედები თაქალოში მარნეულის მერის მაშინდელმა წარმომადგენელმა ეხტირამ ალიევმაც.
“[მერის წარმომადგენელი] მოვიდა ადგილზე, რამდენიმეს გვქონდა გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, ყველას პირადობის ასლი გადაიღო, ვინც მანდ მიწას ვიყენებდით და მერს წარუდგინა. შემდეგ მერი დაგვპირდა, რომ ოფიციალურად გაგვიფორმებდა. არჩევნები დამთავრდა,მაგრამ არაფერი გვეშველა,” – გვეუბნება თაქალოს მკვიდრი ქამრან გუსეინოვი, რომელიც 2016 წლიდან სოფელში 1.5 ჰექტარ მიწას ამუშავებდა.
ადგილობრივებს ენანებათ იმ მიწის დაკარგვა, რომელშიც ბევრი შრომა აქვთ ჩადებული. მათი თქმით, ნაკვეთები თავიდან სოფლის მეურნეობისთვის უვარგისი იყო. წლების განმავლობაში კი გაწმინდეს, დაამუშავეს, სარწყავი სისტემა მოაწყვეს, ნიადაგი გაანოყიერეს. მოჰყავდათ ბოსტნეული, ყოველთვიურად იხდიდნენ მიწის საფასურსაც. ახლა კი მათი მოვლილი ნაკვეთებით სხვამ უნდა ისარგებლოს.
“მოსახლეობას რომ უჭირდა, ქვიანი მიწა გაწმინდა და გამოყენება დაიწყო. სოფელში რომ ცხოვრობ, მიწა თუ არ გაქვს, რითი უნდა ირჩინო თავი? ვერც საქონელს შეინახავ,”- ამბობს ქამრან გუსეინოვი.
მისი თქმით, წელს კიდევ მისცეს იმედი, რომ მიწებს გადაიფორმებდნენ. ამიტომ, მერის წარმომადგენლის ჩართულობით ზაფხულში ნაკვეთები აზომეს, ჰექტარზე 350 ლარი გადაიხადეს. თუმცა, მერიაში უთხრეს, ჯერ რეესტრს არ მიმართოთ, ჩვენ გეტყვით, როდის იქნება რეგისტრაციისთვის სასურველი დროო.
არადა, ესეც ტყუილი დაპირება იყო. სინამდვილეში, ასეთი დრო არასდროს დადგებოდა, რადგან თაქალოელები მიწას თვითნებურად განკარგავენ 2014-2016 წლიდან. კანონით კი მხოლოდ 2007 წლამდე დაკავებული მიწების რეგისტრაციაა შესაძლებელი. ასევე, ნაკვეთზე უნდა იყოს განთავსებული შენობა-ნაგებობაც.
სოფლის კიდევ ერთი მკვიდრი შირინ ახმედოვიც ამბობს, რომ 2014 წელს ნაკვეთი საკუთარი ხელით გაწმინდა და მას შემდეგ იყენებდა. მიწის საფასურსაც პატიოსნად იხდიდა.
“ძალიან უსარგებლო ადგილია, 80 პროცენტი ქვიანია. ავკრიბე ეს ქვები და მიწა ნაყოფიერი გავხადე. ნაირ-ნაირი პროდუქტი მოგვყავდა, იონჯა, სიმინდი, კომბოსტო, ბადრიჯანი, პომიდორი,”- გვითხრა შირინ ახმედოვმა.
“გლეხები მიწით ვარჩენთ ოჯახს. ჩვენი იმედი მიწაა. ამასაც გვართმევენ, რა გავაკეთოთ, რითი ვირჩინოთ თავი? ბანკებში გვაქვს კრედიტები,”- შიშობენ ადგილობრივები.
“შავი მუშახელი ვართ. ყველას გვაქვს სესხი, რომლითაც მიწას ვამუშავებთ. მერე იქედან მიღებული შემოსავლით ვფარავთ ამ სესხს და ნაწილით თავს ვარჩენთ,”- ამბობს აქციის მონაწილე ჰამაილ საფაროვა.
ორი კვირის განმავლობაში ვცდილობდით მერთან დაკავშირებას. თუმცა, ომაროვმა “აი, ფაქტის” ზარებს არ უპასუხა. მისმა მოადგილეებმა კი ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ისურვეს, ჩვენ არ გვეხებაო.
სოფელი თაქალო ყაჩაღანის ადმინისტრაციულ ერთეულს ეკუთვნის. რახან მერიიდან არავინ გამოვიდა კონტაქტზე, დავურეკეთ ამ თემში მერის წარმომადგენელს დილენ ბაირამოვს. დაგვიდასტურა, რომ მოსახლეობას საკადასტრო აზომვითი ნახაზები მოამზადა რეგისტრაციისთვის. თუმცა, მისი თქმით, საბოლოოდ, უწყებებს შორის გაუგებრობა მოხდა.
“სიტყვა მივეცი, თუ ჩემზე იქნებოდა რამე დამოკიდებული, დავეხმარებოდი. პასუხს ველოდებოდით მერიიდან თუ როდის უნდა მიგვემართა რეგისტრაციისთვის. 2023 წელს იქნება რეფორმაო, ამბობდნენ, ხომ არ დაესიზმრებოდათ, რომ უცებ იჯარით გაიცემოდა? კანონის მიხედვით კომპანია მართალია, მაგრამ სინდისის ხმას თუ მოვუსმენთ, მოსახლეობის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. ვალები აქვთ, მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ ეს მიწა გამოასწორეს, უვარგისი ადგილი იყო…”- ამბობს დილენ ბაირამოვი.
რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ხალხის პროტესტის შემდეგ?
2021 წლის 26 ივლისს ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფლის მიწები 808 ათას ლარად აუქციონზე გაიტანა. თაქალოელები მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე ამბობდნენ, რომ ამ თანხის გადახდას მაინც ვერ შეძლებდნენ, ამიტომ აუქციონში მონაწილეობა არ მიუღიათ. საბოლოოდ, აუქციონი 24 აგვისტოს შეწყდა.
ქონების ეროვნულმა სააგენტომ “არეა 32”-ს მიწის ნაკვეთები იჯარით გადასცა სექტემბერში, მთავრობის 13 ივნისის განკარგულების საფუძველზე. მოსახლეობამ კი ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა ნაკვეთში კომპანიის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.
“აი, ფაქტს” ქონების ეროვნული სააგენტოდან მოწერეს, რომ კომუნიკაცია ჰქონდათ მარნეულის მერიასთან და მიწის დროებით სარგებლობაში გადაცემაზე მათგან თანხმობა მიიღეს.
მოსახლეობამ რომ გაიგო მათ მიერ დამუშავებული მიწები იჯარით სხვას გადასცეს, უკმაყოფილება გამოთქვეს და მერსაც შეხვდნენ.
“რვა კაცი მივედით, ალტერნატიული მიწა შემოგვთავაზა [ყაჩაღანში]. ჩვენ ვუთხარით, სახლის გვერდით დათესილი მიწა როგორ უნდა დავტოვოთ და 6 კილომეტრის დაშორებით მეზობელ სოფელში, მთის ძირში როგორ ვიაროთ-თქო? თან შეუძლებელია, რომ იქ რამემ გაიხაროს,”- ამბობს შირინ ახმედოვი.
ამის შემდეგ მერმა ისინი რწმუნებულთან გადაამისამართა. გიორგი დოხტურაშვილმაც იგივე წინადადება შესთავაზა. ამიტომ, ნოემბრის ბოლოს თაქალოელებმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს.
მიუხედავად მოსახლეობის მოთხოვნისა, მარნეულის მერი ქენან ომაროვი აქციაზე არ გამოჩენილა. ადგილობრივებს მთავრობის მხრიდან მხოლოდ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული დოხტურაშვილი შეხვდა.
განიხილეს პრობლემის მოგვარების ორი გზა. ერთი ვერსიით, მოსახლეობას მისცემდნენ უფლებას, რომ ესარგებლათ თაქალოდან 6 კილომეტრში, მეზობელ სოფელ ყაჩაღანის ნაკვეთებით. მეორე ვერსიით კი ისინი მეიჯარე “არეა 32”-ს გადაუხდიდნენ მიწის საფასურს და გააგრძელებდნენ ძველი მიწების გამოყენებას.
თაქალოს მოსახლეობა არც ერთ შემოთავაზებას არ დათანხმდა, რადგან ყაჩაღანში სიარული მანძილის გამო გაუჭირდებოდათ. კომპანიისთვის იჯარის საფასურის გადახდა კი სარისკო ეჩვენათ. სურდათ, რომ შუამავლის გარეშე, პირდაპირ სახელმწიფოსთან ეთანამშრომლათ.
რწმუნებულის ადმინისტრაციაში მოსახლეობას უთხრეს, დრო მოგვეცით, ამ წინადადებას კომპანიასთან განვიხილავთ და მათთანაც შეგახვედრებთო. ხალხმა რომ პასუხი ვერ მიიღო, ორი კვირის გასვლის შემდეგ “აი, ფაქტმა” ეს ამბავი ყაჩაღანის ერთეულში მერის წარმომადგენელ დილან ბაირამოვთან მოიკითხა. ჩვენი ზარის შემდეგ, იმავე დღეს, ბაირამოვი მოსახლეობას დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ჩაინიშნა შეხვედრა მერთან, კომპანიასთან და რწმუნებულთან.
ეს შეხვედრა 13 დეკემბერს რუსთავში, ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამჯერად თაქალოს მოსახლეობას შესთავაზეს, რომ მისცემენ უფლებას, ისარგებლონ ძველ მიწებთან ახლოს, დაახლოებით 200-300 მეტრში მდებარე ნაკვეთებით, რომელიც ჯამში , დაახლოებით, 31 ჰექტარია. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ახალ მიწებს სავარაუდოდ, მარტისთვის, თესვის სეზონისთვის მიიღებენ.
“აი,ფაქტის” ინფორმაციით, ალტერნატიული მიწის ნაკვეთი ჯამში 20.5 ჰექტარია და არა 31, როგორც ეს ადგილობრივებს უთხრეს. საჯარო რეესტრის რუკიდან აშკარაა, რომ ეს ადგილი სოფლის მეურნეობისთვის არ ივარგებს. ნათლად ჩანს მწვანე ფოთლოვანი ხეებით დაფარული ტერიტორია.
შეხვედრაზე მყოფმა ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მთავრობის წარმომადგენლები მარტამდე ამ მიწის დამუშავებასა და გაწმენდას დაჰპირდნენ. მოსახლეობას მისცემენ დროს იმისთვისაც, რომ ძველ მიწებზე უკვე მოყვანილი მოსავალი აიღონ.
უახლოეს დღეებში მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ამ ტერიტორიას დაათვალიერებს და გადაწყდება, დათანხმდებიან თუ არა ამ შემოთავაზებას.
თუ გსურთ, “აი, ფაქტმა” განაგრძოს ადგილობრივი მთავრობების მონიტორინგი, გახდით აი, ფაქტის” სპონსორი
რას ფიქრობს მეიჯარე კომპანია?
შპს “არეა 32”-ს, რომელმაც თაქალოს მიწები იჯარით აიღო, შპს “მარნეული ალმონდი” ფლობს. ამ კომპანიის 90%-ანი წილი პარლამენტარ ენუქიძეს, 10%-ანი კი კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის. “არეა 32”-ის დირექტორი გოჩა ენუქიძის შვილი, თინათინ ენუქიძეა. (გოჩა ენუქიძის წილებს ლევან დიასამიძე მართავს, რადგან კანონით, პარლამენტარს ბიზნესსაქმიანობა არ შეუძლია).
იჯარის ხელშეკრულების მიხედვით კომპანიამ მიწით სარგებლობისთვის, ყოველწლიურად, 23 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, აქვს ვალდებულება, რომ სამი წლის განმავლობაში 380 ათასი ლარის ინვესტიცია ჩადოს და ნარგავები გააშენოს.
გოჩა ენუქიძის კიდევ ერთ კომპანიას მიმდებარე სოფელ ყაჩაღანში ნუშის ბაღები აქვს. თინა ენუქიძემ “აი, ფაქტს” უთხრა, რომ თაქალოს ნაკვეთებზე ბაღის გაფართოება სურთ. როგორც გვითხრა, არ იცოდნენ, რომ ამ მიწებს მოსახლეობა იყენებდა. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მათთვის არც მერიას მიუწოდებია.
“ვიყავით ჩასული [ადგილზე]. კი, მცირე ნაწილებზე იყო რაღაცები გაკეთებული, მაგრამ იმდენად მცირე იყო და არ იყო თვალში საცემი…ყველაზე დიდი პრობლემა, რამაც ეს წარმოქმნა, იყო მისკომუნიკაციები, რომ იქ რაღაც დაპირებები იყო, თუმცა ჩვენ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით,”- ამბობს თინათინ ენუქიძე.
ვკითხეთ, როგორ მოიქცევიან შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და როდის დაიწყებენ ბაღის გაშენებას? ენუქიძემ გვითხრა, რომ გეგმების ერთი წლით გადავადება მოუწიათ, რადგან მოსახლეობას დათესილი მოსავლის აღება უნდა დააცადონ.
საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მარნეულის მერიის არასწორი კომუნიკაციის გამო მოგებული არც მეიჯარე კომპანია დარჩა. ახლა “არეა 32”-მა დამატებითი თანხები და დრო უნდა გამოყოს, რომ სოფელში კონფლიქტი განიმუხტოს.
“დავეხმარებით ამ მიწის გასუფთავებაში, წყლის მიყვანაში, სასუქის შეტანაში… რა თქმა უნდა, კანონმდებლობით ეს არ გვევალება და ასე ვერავინ მოგვთხოვს. ჩვენი სურვილია, რომ მოსახლეობა იყოს დაკმაყოფილებული. მეზობლები უნდა იყვნენ, იქ ბაღი გვინდა გავაშენოთ, ისევ ეს ხალხი უნდა დასაქმდეს ჩვენს მიწაზე,”- გვითხრა კომპანიის დირექტორმა თინათინ ენუქიძემ.
ვცადეთ პარლამენტარ გოჩა ენუქიძესთან დაკავშირებაც, მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა გიორგი მახათაძემ გვითხრა, ამ საკითხთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა გექნებათ, დირექტორს, თინათინ ენუქიძეს გაესაუბრეთო.
“აი, ფაქტი” მომავალშიც მიადევნებს თვალს ამ ამბავს, რომ დავრწმუნდეთ მთავრობამ ნამდვილად ყურად იღო ხალხის პრობლემა და მხოლოდ მათ გასაჩუმებლად არ ჩადო ეს ძალისხმევა.