fbpx

იარაღით უკანონო ვაჭრობა – რეპორტიორის სახელმძღვანელო

იარაღით უკანონო ვაჭრობა

იარაღით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებული ამ თავის ავტორია ხადიჯა შარიფე (Khadija Sharife), ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) აფრიკის მიმართულების მთავარი რედაქტორი. მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე.

კინორეჟისორ ენდრიუ ნიკოლს 2005 წელს გადაღებული ფილმისთვის „ომის მბრძანებელი“ (Lord of War) რეკვიზიტების შესყიდვა საკმაოდ ძვირად დაუჯდა. ნამდვილი იარაღის ყიდვა ბევრად უფრო იაფი და მარტივია, ვიდრე ყალბისა, ასე რომ, როგორც თავადვე განმარტა ფილმის პრეს-ტურის დროს, ადგა და შეიძინა 3,000 ნამდვილი კალაშნიკოვი, ასევე, იქირავა ნამდვილი ტანკები. სამაგიეროდ, ამბის ბოლო აღმოჩნდა ხარჯიანი. შეძენილი იარაღის დიდი ნაწილი სამხრეთ აფრიკაში ხელახალი გამოყენების პრევენციის მიზნით განადგურდა, დანარჩენი კი წაგებით, თითქმის განახევრებულ ფასად გაყიდა, რადგან ბაზარი იარაღითაა გადავსებული.

ნამდვილი იარაღით მოვაჭრეების, მაგალითად, რუსი ვიქტორ ბუტის ამბებზე დაყრდნობით შექმნილი „ომის მბრძანებლი“ აღწერს ლიბერიის დიქტატორის, ჩარლზ ტეილორის, როგორც მყიდველისა და ბუტის, როგორც მომწოდებლის ურთიერთობას. იარაღით მომარაგების პროცესში აშკარავდება მთავრობების, ლობისტების, იარაღის დილერების, ფინანსისტების, დაზვერვის აგენტების, გადამზიდავებისა და კურირების კომპლექსური და გაუმჭვირვალე ქსელი.

მსოფლიოში სამხედრო ხარჯმა 2020 წელს დაახლოებით  $2 ტრილიონს მიაღწია. იარაღის ოთხი ყველაზე დიდი მყიდველი — გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი, რუსეთი და აშშ — იმავდროულად, მსოფლიოს უდიდესი მომწოდებლებიც არიან. იარაღის გლობალურ ბაზარზე სავაჭრო და ფინანსური გარიგებები გადაჯაჭვულია იმ ბიზნესმოდელებთან, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოთაშორის ორგანიზებულ დანაშაულს, ომის დროს შექმნილი პირობებით სარგებლობას (დეფიციტური საქონლის ზედმეტად ძვირად გასაღებას), ავტორიტარულ და კონფლიქტებით მოსარგებლე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს.

ეს იმიტომ ხდება, რომ იარაღით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონები სხვადასხვა ქვეყანაში უსამართლო და წინააღმდეგობრივია, კორუმპირებული მმართველების გავლენით იქმნება და გვერდის ავლის არაერთ საშუალებას ტოვებს. იარაღით ვაჭრობის გამოაშკარავებას, ასევე, ეღობება ბევრი ფაქტორი, მათ შორის, საზღვაო და საავიაციო საიდუმლოებები, რომლებიც იარაღის ტრანსპორტირებას ეხება; კორპორატიული ორგანიზაციები, რომლებიც დილერებსა და ოპერატორებს ხელს აფარებენ; მეზობელი ქვეყნების, როგორც გამტარების როლი და ბარტერული სისტემა, რომელიც ერთი უკანონო საქონლის, მაგალითად, სპილოს ძვლის, მეორეზე გაცვლის საშუალებას იძლევა.

გამომძიებელი ჟურნალისტები ხშირად პირველები არიან, ვინც იარაღთან დაკავშირებულ უკანონო, მართლსაწინააღმდეგო თუ კორუფციულ საქმიანობას ამხელენ.

როცა დოკუმენტები, ერთი შეხედვით, წესრიგშია, უკანონო ვაჭრობის საშუალებით მოპოვებული საქონელი შეიძლება დაუფარავად გადაადგილდებოდეს, თუკი საბაჟოს ან სხვა ოფიციალურ ორგანოს არ ექნება დაკავებისა და ჩხრეკის საფუძვლიანი მტკიცებულება. როგორც კერძო აეროპორტში განწესებულმა სამხრეთ აფრიკელმა მოხელემ მითხრა: “თუ ვერაფერს ვიპოვით, არც არაფერი გვაქვს… ჩვენს უფლებამოსილებას სცდება გავლენიანი მტრების შეძენა და მათთან დაპირისპირება.“

ნარკოტიკით ან ადამიანით ვაჭრობისგან განსხვავებით, რომელიც ყველგან აკრძალულია, ფინანსური საიდუმლოების, იარაღის ბიზნესისა და, ძალიან ხშირად, გარემოსთან დაკავშირებული დანაშაულის (მაგალითად ხე-ტყით უკანონო ვაჭრობა ან ბრაკონიერობა) ტრიადა ადვილად ძვრება კანონმდებლობაში დატოვებულ ხვრელებში. აქ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდუმლოების რა ხარისხს უზრუნველყოფს სხვადასხვა იურისდიქცია და შესაბამისი სამართლებრივი, ფინანსური თუ სატრანსპორტო სისტემები.

მაგალითად, ბუტის დაპატიმრებამ ვერ შეაჩერა მისი დანაშაულებრივი ქსელის საქმიანობა, რომელმაც მოახერხა იარაღის გაგზავნა სუდანიდან სირიაში სამხრეთ აფრიკელი და რუსი დირექტორებისა და მავრიტანული ფასადური კომპანიების, ასევე, ყალბი საავიაციო ნებართვების საშუალებით, რომლებმაც იარაღის უკანონო ტრანსპორტირებისთვის თვითმფრინავების მთელი ფლოტის შესყიდვის შესაძლებლობა მისცა. როგორც ამბობენ, მავრიტანიაში ჯერ ისევ ფუნქციონირებს ზოგიერთი ასეთი საავიაციო კომპანია, რომელიც „კერძო თვითმფრინავებით“ იწონებს თავს.

კომერციულ თვითმფრინავს შეუძლია, გამორთოს ტრანსპონდერი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ყოფნისას, რაც საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორს, ფაქტობრივად, აბრმავებს. ბუტის მცირე თვითმფრინავების ფლოტი, განსაკუთრებით, GPS-სისტემის არმქონე ძველი მოდელები, თითქმის, უხილავია და შეიძლება, შეუმჩნევლად დაფრინავდეს ქვეყნის შიგნით ან ქვეყნებს შორის. ამასთან, მავრიტანიის მთავრობას არაფერი გაუკეთებია გარდა საჯარო განცხადებებისა, რომელშიც ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას უარყოფდა.

გამომძიებელი ჟურნალისტები ხშირად პირველები არიან, ვინც იარაღთან დაკავშირებულ უკანონო, მართლსაწინააღმდეგო თუ კორუფციულ საქმიანობას ამხელენ, რაც ხშირად უკავშირდება მიმდინარე თუ სამომავლო კონფლიქტს, ორგანიზებულ დანაშაულს, კორუფციასა და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას.

იარაღით ვაჭრობის გლობალური მასშტაბი

იარაღის ინდუსტრია ბევრად ნაკლებშემზღუდველ და რეალურად აღსრულებად საერთაშორისო კანონს ექვემდებარება, ვიდრე ბანანის ან სოიოს მრეწველობა, რის საფუძველზეც ექსპერტებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ამ სექტორზე გლობალური კორუფციის საერთო მოცულობის (რაც ამჟამად ცნობილია), სულ მცირე, 40% მოდის.

ცხრილი 1. რიცხვები მოცემულია პროცენტებში და ასახავს 10 უმსხვილესი ექსპორტიორის წილს გლობალური მასშტაბით შეიარაღების ექსპორტში, 2016-2020. წყაროები: სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI), იარაღის ტრანსფერის მონაცემთა ბაზა, 2021 წლის მარტი.

იარაღის მსოფლიო მარაგის 90%-ს, სულ რაღაც, ათიოდე ქვეყანა აწარმოებს. ბოლო წლებში, გლობალური მასშტაბით, იარაღის საერთო დოკუმენტირებული მოცულობის თითქმის 40% აშშ-ში იყო დამზადებული. აშშ-ის იარაღის ექსპორტის თითქმის ნახევარი ახლო აღმოსავლეთზე, ძირითადად, საუდის არაბეთზე, მსოფლიოს იარაღის უმსხვილეს იმპორტიორზე მოდის.

დიპლომატიური კავშირები და სხვა სახელმწიფოების მხრიდან წნეხი ქვეყნებს აიძულებს, მოამზადონ იარაღის ყოველწლიურ ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებული ანგარიშები. მაგალითად, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებული იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება (ATT) მოიცავს იარაღით ვაჭრობისა და კონფლიქტის, ადამიანის უფლებების შელახვისა და ტერორიზმისთვის იარაღის გამოყენების შემზღუდველ მრავალმხრივ ჩარჩოს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება რატიფიცირებულია 100-ზე მეტი ქვეყნის მიერ, ხელისმომწერთა შორის მაინც არ არის იარაღის ორი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა, აშშ და რუსეთი. და არც ყველა ხელმომწერი ქვეყანა წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, მაგალითად, ჩინეთი.

პრაქტიკაში, ეს განმარტებითი ანგარიშები, როგორც წესი, არ მოიცავს დამადასტურებელ მონაცემებს და უბრალოდ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებათა საკონტროლო ჩამონათვალს, რომელთა გადამოწმებაც შეუძლებელია საზოგადოებისთვის თუ ნებისმიერი უცხოური მთავრობისთვის. ამას გარდა, ზოგიერთ ქვეყანაში, რომელიც იარაღით ვაჭრობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, რომელიმე გავლენიანმა მეცენატმა ან პოლიტიკოსმა, შეიძლება, უკანონო საქმიანობის განხორციელება სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მოაქციოს. ხოლო ზოგიერთ სახელმწიფოში, რომელიც იარაღით ვაჭრობის როლს არეგულირებს, უკანონო ქმედების სამართლებრივი განმარტება ბუნდოვანი ან წინააღმდეგობრივია.

თუკი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის დაწესებული ემბარგო ან სანქციები, ქვეყნებს შორის იარაღით ვაჭრობა, მეტწილად, კერძო საქმეა და ნაკლებად ექვემდებარება „კონტროლისა და ბალანსის“ სისტემას.

ერთი შეხედვით კანონიერ ტრანზაქციებში რთულად მისაკვლევი შეცდომები გულისხმობს  შემდეგს: კონტრაქტები ან გადაზიდვის ოპერაციები, რომლებიც მითითებულზე მეტ პროდუქტს მოიცავს; წარმოდგენილ ანგარიშებში არსებული განსხვავებები, რომლებიც წლების მიხედვით შეუსაბამობებს წარმოშობს; ასევე, ქვეყანებში იარაღის კლასიფიკაციის სხვადასხვაგვარი მოდელების არსებობა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ართულებს იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებული წარმოების, გავრცელებისა და მიზნობრიობის (დასაბუთების), ასევე, თანმხლები ვალის, ბარტერული ვაჭრობის და ალტერნატიული (კომპრომისული) მორიგებების შესწავლას.

მაშასადამე, როგორ მოვამზადოთ უფრო სიღრმისეული და „ტყვიაშეუვალი“ ჟურნალისტური გამოძიება საჯარო მონაცემების გამოყენებით?

კერძო საქმე

თუკი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის დაწესებული ემბარგო ან სანქციები, მაშინ ქვეყნებს შორის იარაღით ვაჭრობა, მეტწილად, კერძო საქმეა და ნაკლებად ექვემდებარება „შემოწმებისა და ბალანსის“ სისტემას (სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ურთიერთკონტროლი). მაგრამ იმისათვის, რომ რეპორტაჟის მომზადება დაიწყოთ, უმჯობესია, გესმოდეთ იარაღთან დაკავშირებული გარიგებების ბაზისური პროცესი:

  1. იმპორტიორი ქვეყნის მთავრობა, როგორც წესი, აცხადებს ტენდერს ან პირადად (კერძოდ) ურიგდება მომწოდებლებს; ასევე, შეიძლება წარმოადგენდეს იმ უცხო კომპანიებისა და მთავრობების ლობირების სამიზნეს, რომლებიც ცდილობენ იარაღის გაყიდვას;
  2. ექსპორტიორი მთავრობა შემდეგ გასცემს იმპორტიორი მხარისთვის მიყიდვის მიზნით იარაღის, მომსახურებისა და ტექნოლოგიური სისტემების საზღვარგარეთ გაყიდვის ნებართვას (თითოეულ ქვეყანას თანხმობის მიღების საკუთარი შიდა პროცესი აქვს);
  3. იარაღი, შეიძლება, იწარმოებოდეს და იყიდებოდეს კერძო კომპანიებისა თუ მთავრობის მფლობელობაში მყოფი ან მის მიერ მართული კერძო თუ იურიდიული პირების მიერ;
  4. შენიშვნა: მიწოდებულ იარაღს, შეიძლება, სინამდვილეში აწარმოებდეს და ყიდდეს ექსპორტიორი მთავრობა („საგარეო სამხედრო ვაჭრობის“ ფარგლებში) ან ექსპორტიორი მთავრობის თავდაცვის სექტორი („კომერციული“ გარიგების ფარგლებში).

ექსპორტიორი ქვეყნების უმეტესობა აფინანსებს და იცავს კერძო თავდაცვის სექტორს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედსა და გეოპოლიტიკური ალიანსების ფორმირების ინსტრუმენტს. საბოლოო მომხმარებლის მოწმობაში, ძირითადი დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს იმპორტიორი ქვეყნის მთავრობა, მოცემულია შესყიდული საქონლის ჩამონათვალი და დათქმა, რომ იარაღი იქნება გამოყენებული მხოლოდ კონკრეტული მიზნით, როგორებიცაა: „წვრთნები, ანტიტერორისტული და სტაბილურობის განმტკიცების ოპერაციები.“

ერთი მხრივ, საბოლოო მომხმარებლის მოწმობების მიზანია, აირიდოს იარაღის გამოყენება ომის საშინელებებსა ან ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებში; მეორე მხრივ კი, ხელი შეუშალოს იარაღის გადაყიდვას ან „ჩუქებას“ პარია სახელმწიფოებისა თუ ბოროტმოქმედი ერთეულებისთვის.

თუმცა, რეალობა არის ის, რომ არსებობს იარაღის ისეთი კატეგორია, განსაკუთრებით მსუბუქი იარაღი, რომელიც ერთი მყიდველისგან მეორეს გადაეცემა. მაგალითად, გაეროს მიერ დაწესებულმა იარაღის ემბარგომ ლიბიაში იარაღის მიწოდებას ხელი დიდად ვერ შეუშალა.

ცრუ დროშის ოპერაციები, კორპორატიული საიდუმლოება და გადაზიდვები ისეთი საზღვაო „საგადასახადო სავანეების“ გავლით, როგორებიცაა, მაგალითად, ბაჰამის კუნძულები, ლიბერია და მარშალის კუნძულები, ქვეყანას ემბარგოს დარღვევით არალეგალური და აკრძალული საქონლის იმპორტის საშუალებას აძლევს. ლიბიამ ფასადური კომპანიების მეშვეობით შეისყიდა ჯავშნიანი ტრანსპორტი, იარაღი და ბომბები არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (UAE) მყოფი მომწოდებლებისა და, ასევე,  უსაფრთხოების კერძო რუსული კომპანიებისგან.

ქვეყანამ, შეიძლება, ყოველთვის ნაღდი ფულით არ გადაიხადოს. ხშირად მოქმედებს ვაჭრობის საშუალებით დაფინანსების ფაქტორი ან ბარტერული შეთანხმებები.

სუდანის კონფლიქტურ რეგიონში, დარფურში მდებარე ჯებელ ამირიდან, აფრიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ოქროს საბადოდან, ოქრო ექსპორტით მიედინებოდა გაერთიანებულ ემირატებში. ამის სანაცვლოდ, სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანაში რეგისტრირებული ფასადური კომპანია რეგიონს უზრუნველყოფდა სამხედროების ჯავშანტრანსპორტიორებითა და სხვა მასალებით.

იარაღით ვაჭრობის გამოძიება გამოკვეთს იმ ფაქტს, რომ იარაღის ადვილი ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ხელს უწყობს ორგანიზებული დანაშაულის, ავტორიტარიზმისა და კონფლიქტის შენარჩუნებას, არამედ აღვივებს მას. 2020 წელს, როცა COVID-19-მა ბევრი ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა და ნაღდი ფულის დეფიციტი შექმნა, სამხრეთ აფრიკამ, საუდის არაბეთისა და საემიროების ზეწოლის შედეგად, შეასუსტა საბოლოო მომხმარებლის მოწმობასთან დაკავშირებული პროტოკოლი. ნაცვლად იმისა, რომ ტრანსფერის ლეგიტიმურობა იარაღის ინსპექტორებს შეემოწმებინათ, გარიგებები დაექვემდებარა ნაკლებად მკაცრ „დიპლომატიურ პროცესებს.“ 

გამომძიებელ რეპორტიორებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის საზღვარს კვეთენ, შეუძლიათ  საკვანძო ასპექტების იდენტიფიცირების, შემოწმებისა და გადასინჯვისთვის საკმარისი ინფორმაციის მოძიება, რისთვისაც საჭიროა  იარაღის დილერისა და მათ მიერ დანაშაულებრივი სქემების განხორციელებისთვის შემუშავებული სქემების ზედმიწევნითი შესწავლა. მაშინაც კი, როცა იარაღის დილერი ცდილობს, შეცვალოს ქცევის მოდელები და გააუმჯობესოს ეფექტიანობა თუ საიდუმლოების ხარისხი, მაინც, როგორც ყველა ადამიანი, თავისდაუნებურად ქმნის ახალ მოდელებს.

იარაღით უკანონო ვაჭრობა – შემთხვევების ანალიზი

სიკვდილის ვაჭარი

რუსი მეწარმე ვიკტორ ბუტი ალბათ იარაღის უმსხვილესი დილერი იყო მსოფლიოში. მას პლანეტის „ყველაზე ეფექტურ ფოსტალიონს“ უწოდებდნენ, რადგან ნებისმიერი სახის ტვირთი, განსაკუთრებით კი, უკანონო იარაღი გადაჰქონდა. ბუტს იარაღის შემსყიდველი კლიენტების საკმაოდ კომპლექსური სია ჰქონდა.

მისი კომპანია, რომელიც ხშირად იცვლიდა სახელებსა და ადგილმდებარეობას, ერთდროულად ამარაგებდა იარაღით, მაგალითად, აჰმედ შაჰ მასუდს, ავღანეთის ჩრდილოეთ ალიანსის ლიდერს და მის მტრებს – თალიბანს. მან მიჰყიდა იარაღი ანგოლის მთავრობას, ასევე, იმ მეამბოხეებს, რომლებიც ამ მთავრობის ჩამოგდებას ცდილობდნენ.

ბუტმა გაგზავნა თვითმფრინავი მობუტუ სესე სეკოს, ზაირის დესპოტი მმართველის გადასარჩენად და თან ამარაგებდა მის წინააღმდეგ ამბოხებულებს. ბუტის კლიენტების ვრცელი ჩამონათვალი, ასევე, მოიცავდა კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებსა (FARC) და სისასტიკით ცნობილ ლიბიელ დიქტატორ მუამარ კადაფის.

ბუტი ცნობილი იყო უკანონო იარაღის ბიზნესით, თუმცა, ასევე, დაკავებული იყო კანონიერი ტვირთის გადაზიდვითაც. მისმა კომპანიამ ასობით რეისი შეასრულა გაეროსა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების დაკვეთით. იგი თანამშრომლობდა დასავლეთის მთავრობებთანაც, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-სთან. პენტაგონმა და მისმა კონტრაქტორებმა ბუტს მილიონობით დოლარი გადაუხადეს ომის შემდგომი რეკონსტრუქციის ხელშეწყობისთვის.

ბუტის პირად ნაცნობებთან, თავად ბუტთან, ასევე, ბუტის საქმიანობის კვლევაზე ორიენტირებულ დიპლომატიურ პერსონალსა და ინდივიდებთან ჩატარებულ ინტერვიუებზე დაყრდნობით, გამომძიებლებმა დუგლას ფარამ და სტივენ ბრაუნმა დაწერეს წიგნი: „სიკვდილის ვაჭარი: ფული, იარაღი, თვითმფრინავები და კაცი, რომელიც ომს რეალობად აქცევს.”

თვითმფრინავების კუდის ნომრებზე დაკვირვება

საავიაციო მონაცემებმა, მათ შორის კუდის ნომრებმა (ან თვითმფრინავის სარეგისტრაციო ნომერმა), შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ავიღოთ, მაგალითად, კონგოს რესპუბლიკა (რომელსაც ზოგჯერ კონგო-ბრაზავილი ეწოდება): ოცდაათ წელზე მეტია, ქვეყანას არ წარუდგენია რაიმე სახის ანგარიში იარაღის იმპორტის შესახებ.

რადგან მის წინააღმდეგ იარაღის ემბარგო არ არის დაწესებული, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგალითად, გაერო, არ სთხოვს იარაღთან დაკავშირებული გარიგებების გამჟღავნებას. თუმცა, არსებობს მტკიცებულება, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 500 ტონაზე მეტი იარაღი.

ასეთი დიდი ტრანსფერები ხშირად წინ უძღვის არჩევნებს, როგორც ეს 2016-სა და 2021 წლებში ვნახეთ. ჩვენი (OCCRP-ის) გამოძიებით დადგინდა, რომ შესყიდული იარაღი არჩევნების დროს უკმაყოფილების ჩასახშობად გამოიყენეს. იარაღის დიდი ნაწილი, მათ შორის, ნაღმსატყორცნის ნაღმები, ჭურვები, ყუმბარები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები  წარმოებული იყო ბულგარეთსა და სერბეთში და, სავარაუდოდ, მათგან შეისყიდა აზერბაიჯანის მთავრობამაც.

დოკუმენტები მოწმობს, რომ ზოგიერთ გარიგებაში საუდის არაბეთი „სპონსორად“ მოიხსენება. საუდის არაბეთის სპონსორობა აისახა ნავთობმწარმოებელი კონგოს რესპუბლიკის გაწევრიანებით  OPEC-ის კარტელში, რომელიც ნავთობის მსოფლიო მარაგის ოთხ მეხუთედს ფლობს და რომლის ყველაზე გავლენიანი წევრიც საუდის არაბეთია.

როგორც აზერბაიჯანი, ისე კონგოს რესპუბლიკა ეფექტურად ოპერირებს საოჯახო დიქტატურის მოდელით, ხოლო საუდის არაბეთს საოჯახო მონარქია მართავს. თვითმფრინავების ნიშნების თვალთვალმა გამოავლინა, რომ თავდაპირველად იარაღი აზერბაიჯანის საჰაერო ძალებს გადაჰქონდათ; შემდეგ, 2017 წლიდან, კერძო გადამზიდავმა, Silk Way Airlines-მა, დაიწყო იარაღის ტრანსპორტირება.

როგორც კერძო გადამზიდავი, Silk Way, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული აზერბაიჯანის მმართველ ოჯახთან, ნაკლებად დაექვემდებარებოდა ინსპექციას, ვიდრე მისი სამხედრო ანალოგი.

შუამავალი ნიგერიიდან

ნიგერიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, 2011-2019 წლებში იარაღზე დაახლოებით 1 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა, საიდანაც, სულ მცირე, $137 მილიონი აშკარად მიითვისეს კორუმპირებულმა მოხელეებმა იარაღთან დაკავშირებული გაბერილი ხელშეკრულებების წყალობით.

2016 წელს ნიგერიის თავდაცვის სამინისტრომ შეისყიდა ორი სამხედრო-სატრანსპორტო და მოიერიშე ვერტმფრენი რუსული „როსობორონექსპერტისგან,“ რომელიც სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტიორ სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. ეს შესყიდვა, რომელიც მოიცავდა ტექმომსახურების შეუსაბამოდ ძვირ აღჭურვილობას და ტყვია-წამალს, ნიგერიას $54.8 მილიონი დაუჯდა.

მთავრობამ ზედმეტი $19.7 მილიონი გადაიხადა, რაც არ იყო კომპონენტურად გაწერილი ჩამონათვალში და, შესაბამისად, ვერც დასაბუთდა. რუსეთის ხელისუფლებამ თანხა მიიღო VTB ბანკის საშუალებით, რომლის აქციათა დიდ ნაწილს თავადვე ფლობს.

თავდაცვის სამინისტრომ ერთ კაცს, ერთ შუამავალს, აბუბაქარ ჰიმას გადასცა ნიგერიის სახელით მოქმედების უფლება, რის საშუალებითაც ჰიმამ საკუთარი ფასადური კომპანიებისაკენ გადაამისამართა გარიგებები და სხვადასხვაგვარი მანიპულაციის საშუალებით ხელყო და გვერდი აუარა კანონმდებლობასა და ზედამხედველობის კომიტეტების კონტროლს.

იგი, ასევე, იყო რუსული, უკრაინული და ჩინური კომპანიების წარმომადგენელი ერთი და იმავე გარიგებების პროცესში, რაც, ფაქტობრივად, მხარეებს შორის მთელი  გაცვლილი ინფორმაციის კონტროლის საშუალებას უგდებდა ხელთ.

ისეთმა წყაროებმა, როგორებიცაა: სასამართლო დოკუმენტები, მარკეტინგული ბროშურები და კომპანიის ვებსაიტები შეიძლება, ასევე, მოგაწოდოთ გაყიდული იარაღის დაზუსტებული ან სავარაუდო მოცულობის ღირებულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამასთან,  IP-მისამართის გამოყენებითაც შესაძლებელია ღირებული დეტალების მიკვლევა.

რჩევები და ინსტრუმენტები

როგორც ნებისმიერი საქონლით ვაჭრობისას, იარაღის შემთხვევაშიც საჭიროა შეკვეთა, დამზადება, დოკუმენტირება, შესყიდვა, გაყიდვა, ბარტერი და ტრანსპორტირება დანიშნულების პუნქტამდე. ძიებისას გაითვალისწინეთ შემდეგი მონაცემები:

იარაღის რეესტრები: გაეროს კონვენციური იარაღის რეესტრი (UNROCA) შეიქმნა 1991 წელს სახელმწიფოებს შორის იარაღით ოფიციალური ვაჭრობის დოკუმენტირების მიზნით ნებაყოფლობითი განმარტებითი შენიშვნების (ნებაყოფლობით გამჟღავნებული ინფორმაციის) საფუძველზე.

ეს მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია და, შეიძლება, გამოააშკარავოს კონკრეტული მთავრობის ფარული ქმედება, როცა იგი ვერ წარადგენს ვაჭრობასთან დაკავშირებულ ანგარიშს, რომელიც მისმა პარტნიორმა (ვაჭრობის მეორე მხარემ) გაამჟღავნა. რეესტრი მოიცავს მსუბუქ ცეცხლსასროლ იარაღს, მაგალითად, მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებსა და სარაკეტო გამშვებ დანადგარებს, ასევე, მძიმე შეიარაღების სისტემებს, როგორებიცაა: ჯავშნიანი საბრძოლო ტრანსპორტი, მოიერიშე ვერტმფრენები და შორი მოქმედების ჭურვები.

ასევე ინფორმატიული წყაროა სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI), სადაც მოცემულია სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები, სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული მონაცემები, იარაღის ემბარგო და სხვადასხვა სახელმწიფოს შორის სამხედრო მხარდაჭერის ამსახველი ინფორმაციაც კი.

სატრანსპორტო ჩანაწერები: საავიაციო მონაცემთა ბაზებში, როგორებიცაა FlightRadar24 და FlightAware, ნახავთ ინფორმაციას თვითმფრინავების შესახებ, მათ შორის, კუდის ნომრებს, რეგისტრაციის ქვეყანას და ბოლოდროინდელ აქტივობას; საავიაციო თემებთან დაკავშირებულ ფორუმებზე, როგორებიცაა Reddit-ის r/aviation ან Airliners.net, იპოვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პილოტებისა და ტექნიკური პერსონალის მიერ უშუალო დაკვირვების შედეგად შეგროვებულ უნიკალურ მონაცემებს.

ასევე, აუცილებლად გადაამოწმეთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელის (GIJN) თვითმფრინავების თვალთვალის სახელმძღვანელო და C4ADS-ის რეისების თვალთვალის პლატფორმა Icarus. საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში, მოიძიეთ GIJN-ის სახელმძღვანელო ზღვაში მყოფი გემების თვალთვალის შესახებ და ისარგებლეთ ისეთი მონაცემთა ბაზების ბმულებით, როგორებიცაა Marine Traffic, Import Genius და Panjiva მარშრუტების, პროდუქტის, ადრესატების, თარიღებისა და მისამართების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად.

თვითმფრინავების მსგავსად, გემიც დარეგისტრირებული უნდა იყოს კონკრეტულ ქვეყანაში და ჰყავდეს განსაზღვრული მფლობელი, იქნება ეს მთავრობა, კომპანია თუ კერძო პირი. გადაზიდვებთან დაკავშირებული „წითელი დროშები“ მოიცავს საზღვაო და საავიაციო საიდუმლოების უზრუნველმყოფ იურისდიქციას, როგორებიცაა: მარშალის კუნძულები, ბერმუდის კუნძულები და ლიბერია, რომლებიც უზრუნველყოფენ რეესტრების სამართლებრივ დაცულობას და კომერციალიზაციას (სარგებლობა ფასიანია).

კორპორატიული სტრუქტურა: მონაცემთა ბაზების საშუალებით კომპანიების მფლობელებისა და მმართველების  იდენტიფიცირების პარალელურად მოიძიეთ ჩართული მხარეების სამართლებრივი და ფინანსური ინფორმაცია, რაც მოიცავს კომპანიის მიზანს, საქმიანობის ქვეყანას, მოკავშირე ან ასოცირებული კომპანიების მონაცემებს და მიმდინარე აქტივობას.

ასევე, საკვანძო მნიშვნელობა აქვს აქტივებისა და შემოსავლების შესაბამისობას; სად და რა გადასახადი, დანაკარგი და მოგებაა აღრიცხული; როგორია კომპანიის ფინანსური ინფრასტრუქტურა და მიმდინარეობს თუ არა სასამართლო პროცესი, რომელმაც შეიძლება კომპანიას მონაცემების წარდგენა (გამჟღავნება) აიძულოს.

ეს მოითხოვს საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების ჩხრეკას, როგორებიცაა სასამართლო და საგადასახადო ოქმები (ამონაწერები), ასევე, თითოეული იურისდიქციის კანონებისა და [დამნაშავეებისთვის] მისი კონკრეტული უპირატესობების შესწავლა. იარაღზე წვდომა ავტორიტარიზმის შენარჩუნების მექანიზმია ისეთი რეჟიმებისთვის, როგორებიც მართავს კონგოს რესპუბლიკას, გაბონსა თუ ეკვატორულ გვინეას.

იარაღის ფლობა, ასევე, საშუალებას აძლევს ორგანიზებული დანაშაულის კარტელებს ავნონ დემოკრატიას და მძევლად აიყვანონ საზოგადოება ნარკოტიკით, ველური ბუნებით, ადამიანებით ვაჭრობის საშუალებით. სანამ მკაფიოდ და მჭახედ არ გახმიანდება ასეთი კავშირები – შესაბამისი დასაბუთებებით და არა აბსტრაქტული კამპანიებით _ იარაღი ყოველთვის აღქმული იქნება განკერძოებულ პრობლემად და არა გლობალურ ვალუტად, რომელიც პლანეტის მომავალზე ფსონების დასადებად გამოიყენება.

Screenshot 2024 01 18 at 09.58.31
კომენტარები
Total
0
Shares
Next
რატომ ბრალდება წვიმას, ქუთაისის ახალდაგებული გზების დაზიანება
გზები ქუთაისში

რატომ ბრალდება წვიმას, ქუთაისის ახალდაგებული გზების დაზიანება

ქუთაისში 2,5 მილიონ ლარად რეაბილიტირებულ გზებზე დაზიანებებია

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share