fbpx
Kutaisi statia

რატომ ვერ სრულდება ქუთაისის “ბულვარის” რეაბილიტაცია? 

ავტორი: შორენა ლაღაძე 

ქუთაისში თუ ჩამოხვალთ და ისტორიულ “ბულვარში” გასეირნებას მოისურვებთ, იქ დასასვენებელი სივრცის ნაცვლად მწვანე თუნუქით შემოღობილი სამშენებლო ტერიტორია დაგხვდებათ. ასეა უკვე მესამე წელია და რა ხდება ღობის მიღმა, ამასაც არავინ გვაგებინებს. 

აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური ბაღის განახლება 2022 წლიდან მიმდინარეობს. არადა, სამუშაოები დაწყებიდან მხოლოდ ერთ წელში, 2023 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. ბოლოს და ბოლოს, როდის ექნება ამ ისტორიულ ადგილს “ახალი სიცოცხლე”, ამ კითხვას ქუთაისელები ხშირად სვამენ და შიშობენ, რომ საქმე დაპირებისამებრ არ წავა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეებში ასეთი ბრაზი და ინტერესი “ოქროს ჩარდახის” უხეირო რეაბილიტაციის შემდეგ არაფერს გამოუწვევია. 

kutaisis tsentraluri baghi bulvari kutaisi boulevard 3

ჩვენ მოვიკვლიეთ და ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, რამ გააჭიანურა ქუთაისის “სავიზიტო ბარათის”, 1821 წლით დათარიღებული “ბულვარის” სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

ქუთაისის მერია ქალაქის ისტორიული ცენტრის განახლებას ჯერ კიდევ 2018 წელს დაგვპირდა. თუმცა, მაშინ დაპირება სიტყვებად დარჩა და ტენდერიც ვერ გამოცხადდა. ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი ჭიღვარია კი ამას მოსახლეობას აბრალებდა.

“ბულვართან დაკავშირებით ჩვენ გამოკითხვა გავაკეთეთ და მოსახლეობამ გააჩერა ის ტენდერი, რაც გვქონდა. მოსახლეობამ გააჩერა, რომ არ გაგვეკეთებინა. გაგრძელებას ვაპირებთ. არქიტექტურის სამსახური მუშაობს. თუ რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება”, – ამბობდა გიორგი ჭიღვარია 2019 წლის დეკემბერში.

Screenshot 2025 02 04 at 00.59.54
გამოკითხვა ქუთაისის მერიის ფეისბუქ გვერდზე

არადა, სინამდვილეში, სიტუაცია ასეთი იყო – ქუთაისის მერიამ ფეისბუქზე გაავრცელა ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, დასურათებული რენდერი და დიზაინის რამდენიმე ვარიანტი. მოსახლეობამ ვირტუალურ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა სასურველ ვერსიას. მაგალითად, აირჩიეს ქვაფენილის ფერი, მასალა, ზომა. პოსტის ქვემოთ  იყო ბევრი კმაყოფილი და ბევრიც, უკმაყოფილო კომენტარები. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მერიამ ეს პროექტი საერთოდ არ განახორციელა. 

აქედან ოთხი წლის განმავლობაში, მთავრობას “ბულვარის” განახლებაზე აღარ უფიქრია. “მოსახლეობის მიერ გაჩერებული” ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა, თან ისე, რომ არავინ იცოდა, რა პროექტი ედო საფუძვლად ამ სამუშაოებს. 

ეს იმიტომ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა “დიზაინ ბილდის”/DB მეთოდის გამოყენება გადაწყვიტა. ეს გულისხმობს, რომ ერთი და იგივე კომპანიას უკვეთავენ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასაც და უშუალოდ სამუშაოებსაც. ასე იქცევიან, ძირითადად, მსხვილი და რთული ინფრასტრუქტურული პროექტების დროს, რადგან კომპანიას თავისივე დაგეგმილი საქმის კეთება უმარტივდება. 

ტენდერში მხოლოდ შპს “დაგიმ” მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. საბოლოოდ, კომპანიას 14,8 მილიონ ლარის სანაცვლოდ დაევალა ჯერ პროექტის და ხარჯთაღრიცხვის შედგენა, შემდეგ კი უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები – მათ შორის, ფილების, ძელსკამების, ნაგვის ურნების და ლამპიონების შეცვლა, შადრევნების და საზოგადოებრივი საპირფარეშოს განახლება, მედიათეკის მოწყობა, სარწყავი სისტემების გამართვა და ხე-მცენარეების დარგვა. ასევე, იგეგმება “გვირილობის მოედნის” და “ვარდების ხეივანის” მოწყობა. 

4თებ
ქუთაისის ცენტრალური ბაღის დროებითი, თუნუქის ღობე, 4 თებერვლის მდგომარეობით

კომპანიამ ცენტრალური ბაღის ტერიტორია 2024 წელს შემოღობა, ისე რომ პროექტის ესკიზები ჯერ ხელთ არ ჰქონდა. ეს დოკუმენტები ერთი თვის შემდეგ, თებერვალში მოამზადეს.

აქედან მოყოლებული, “ბულვარის” რეაბილიტაცია შეფერხებების და მოქალაქეების უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობდა. “დაგის” ხეშეკრულება სამჯერ შეიცვალა და ჯამში ერთი წლით გადავადდა სამუშაოების ჩაბარების ვადაც. 

უკმაყოფილების გამომწვევი მოვლენები იყო:

  • ყველაზე მწვავე და ხმაურიანი გამოდგა ბულვარში მდებარე კაფე-ბარ “სავანეს” დემონტაჟი. ამან საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ 2023 წლის 28 დეკემბერს აღსრულების პოლიციამ კაფე ტაქტორით დაანგრია. თუმცა, იმ დროისთვის, სასამართლოსგან ამის უფლება არ ჰქონდათ. 
  • 2024 წლის მაისში შპს “დაგიმ” ქუთაისის მთავარ ბაღში 25 მრავალწლოვანი ფოთლოვანი ხე მოჭრა და როგორც ამტკიცებენ, ყველა მათგანი დაავადებული იყო. არადა, ქუთაისის მაშინდელი მერი იოსებ ხახალეიშვილი ხალხს ასე ამშვიდებდა: “არც ერთი არსებული ხე არ მოიჭრება. პირიქით, ახალი ნარგავები შეემატებაო”. 
4თ edited
შემოღობილი “ბულვარი” 4 თებერვლის მდგომარეობით

რაც შეეხება ხელშეკრულების ცვლილებებს და ვადის გადაწევას, ეს ორი სხვადასხვა მიზეზით მოხდა. 2023 წლის ბოლოს, როცა “დაგის”, წესით, სამუშაოების ჩაბარებაზე ზრუნვა უნდა დაეწყო, დამატებით ერთწლიანი ვადა მიეცათ. ზედამხედველმა კომპანია “ინდუსტრიამ” მგფ-ს მიწერა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია გადასახედი იყო, კონკრეტულად, დამატებით იყო შესასწავლი ბაღის საზღვრები. 

საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ პროექტი შესაცვლელი მაშინ გახდა, როცა სამუშაოები დამკვეთისთვის დღე-დღეზე უნდა ჩაებარებინათ. ფაქტია, ეს ერთი წლის განმავლობაში არც პროექტის ავტორს გახსენებია და არც ზედამხედველს –  შპს “ინდუსტრიას”. შეგახსენებთ, რომ ეს ის “ინდუსტრიაა”, რომელიც შესყიდვების სააგენტოს “თეთრ სიაშია” შეყვანილი, იმის მიუხედავად, რომ პირნათლად არ აქვს შესრულებული ათობით ხელშეკრულება

გავიდა ერთი წელი და “დაგიმ” საქმე ბოლომდე ისევ ვერ მიიყვანა. 6 დეკემბერს, როცა სამუშაოების ჩაბარებამდე მხოლოდ ორი კვირაღა ჰქონდათ დარჩენილი, ვადის გადაწევა კიდევ ხუთი თვით ითხოვა. ამჯერად, შეფერხებაში დამნაშავე “ბულვარში” დასარგავი ხეები აღმოჩნდა. 

მიზეზად ის დაასახელეს, რომ ხე-მცენარეების ტრანსპორტირებას ვერ ასწრებდნენ. დამკვეთმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ეს მიზეზი საპატიოდ მიიჩნია და ვადა სურვილისამებრ, 2025 წლის მაისამდე გადაუწია. 

Screenshot 2025 02 04 at 15.55.22
ფოტო: ქუთაისის ბაღის რეკონსტრუქციის ესკიზი

“პროექტით გათვალისწინებული მცენარეების უმეტესი ნაწილის იმპორტირებულია. სპეციალისტების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ხე-მცენარეების ფესვებიანად გადარგვის  პერიოდად განსაზღვრულია დეკემბერი-თებერვლის პერიოდი. შესაბამისად, ამ ეტაპისთის ვერ ხერხდება საჭირო ხე- მცენარეების მოწოდების უზრუნველყოფა სანერგე მეურნეობაში შექმნილი დეფიციტისგან გამომდინარე. აღნიშნულის შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებული ხე-მცენარეების ჩამოტან-ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თებერვალი-მარტის პერიოდში, რის შემდგომაც უკვე მოხდება მათი საპროექტო ტერიტორიაზე დარგვა. ეს აფერხებს თანმდევ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, იქნება ეს სარწყავი სისტემის მოწყობა, ბილიკების მოწყობა თუ სხვა თანმდევი სამუშაოები…”,- ვკითხულობთ 2024 წლის დეკემბერში ატვირთულ ცვლილებაში. 

სამ თვეში დასასრულებელი “ბულვარი” ახლა ასე გამოიყურება: გამოცვლილია ლამპიონები, ვარდების ხეივანისთვის მოწყობილია მეტალის კონსტრუქციები და დაწყებულია მედიათეკის აგება. პროექტით გათვალისწინებული დანარჩენი სამუშაოები, შადრევნების, ძელსკამების და საპირაფრეშოების მოწყობა კი დაწყებულიც არ არის. 

Screenshot 2025 02 04 at 16.20.54
“ბულვარის” სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თებერვლის მდგომარეობით

კომპანია “დაგის” წარმომადგენელმა, “ბულვარის” პროექტის მენეჯერმა გიორგი ფაილოძემ გვითხრა, სამუშაოები იმიტომ გაჭიანურდა, რომ პროექტს სჭირდებოდა დამატებითი დაზუსტებაო. 

“…იქ იყო კორექტირებები, რომლებიც გავითვალისწინეთ და საბოლოო სახე რაც გვაქვს, მივყვებით მუშაობას. [მეორედ გადავადების მიზეზი იყო] ის, რომ არსებული მცენარეები ძალიან ბევრი იყო და დენდროლოგთან თანამშრომლობით, მოხდა უკვე განახლება ამ პროექტის და აქედან გამომდინარე, ამის მოძიება, დაორგანიზება… ეს იყო გადავადების მიზეზი”. გიორგი ფაილოძე ფიქრობს, რომ სამუშაოებს აპრილის ბოლოს მორჩებიან, იმ შემთხვევაში, თუ “სამუშაოების მოცულობა არ გაიზარდა, ურთიერთშეთანხმების შედეგად, თუ რაიმე სამუშაო არ დაემატა…”

რაც შეეხება მუნიციპალური განვითარების ფონდს, მათთან სატელეფონო ინტერვიუმდეც ვერ მივაღწიეთ. პრესსამსახურთან ზარი არ გადის, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შეკითხვებზე კი, ჯერჯერობით, რეაგირება არ აქვთ. 

არადა, ამ უწყების ვალდებულებაა, რომ მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხებს დროულად და ამომწურავად უპასუხონ. ჩვენი ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ და გაგაგებინოთ ქუთაისის “ბულვარის” სამუშაოების შესახებ. ამიტომ, მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური წერილი მაინც გავუგზავნეთ და პასუხის გასაგებად 10-დღიანი ლოდინი გვიწევს. როცა მათგან რაიმეს შევიტყობთ, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ. 

კომენტარები
Total
0
Shares
Total
0
Share