fbpx

Რას უპირებენ ბაგრატის ტაძარს?

20211202 094816 scaled 2

Ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ხუთი წელია, წყალი ჩადის. Მის შესაჩერებლად და ძეგლის უარესად დაზიანების თავიდან ასაცილებლად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არაფერი გაუკეთებია. მხოლოდ შარშან ოქტომბერში გადაწყვიტეს, რომ მდგომარეობა შეესწავლათ. გაირკვა, რომ Სარკმლებიდან, გუმბათის ყელიდან და ტაძრის მკლავებიდან ნადენი წვიმის წყალი ეკლესიის ფასადსაც აზიანებს და ინტერიერსაც. ამაზე Ხმამაღლა არავინ საუბრობს – არც სამინისტრო, არც საპატრიარქო და არც ქუთაიასის მერია.

როგორც აღმოჩნდა, ბაგრატში წყლის ჩასვლაზე საუბარი არც აქ მოღვაწე სასულიერო პირს სურს. გვითხრა, რომ ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ადევნებს თვალყურს. სახურავიდან წყლის შეღწევაზე კი თავად არაფერი სმენია. 

“სახურავიდან რომ ჟონავს, ეგეთი ფაქტი არ დამიფიქსირებია და ღია სარკმლიდან კი შეიძლება შემოესხას წყალი, ესეც იშვიათი გამონაკლისის დროს, როცა საშინელი წვიმა, ნიავი ან ქარია. სისტემატური სახე რომ ჰქონდეს და ყველა წვიმაზე წყალი ჩამოდიოდეს, ასეთი რამ არ ხდება,”- გვეუბნება დეკანოზი მატათა ქარქაშაძე, რომელიც ბაგრატის ტაძარში 2010 წლიდან მსახურობს.

ქარქაშაძემ კი გვითხრა, ბაგრატს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქცევს ყურადღებასო, მაგრამ საკითხავია, როგორ და როდიდან?

5 წლის წინ გახდა ცნობილი, რომ ტაძრის დაზიანებული სახურავიდან წყალმა შეაღწია, თუმცა ფაქტია, სიტუაციის შესასწავლად სააგენტოს გასული წლის შემოდგომამდე არაფერი გაუკეთებია. 

Screenshot 2022 06 01 at 08.34.38 1
გაჟონილი წყლის კვალი ტაძრის ფასადზე

ბაგრატის ტაძარზე კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩასატარებლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი 2021 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. ერთ თვეში ხელშეკრულება გააფორმეს შპს სენსონთან და ტაძრის დაზიანების ან მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზების დადგენა დაავალეს. ამაში ბიუჯეტიდან 34 ათასი ლარი გადაუხადეს.

“სენსონმა” კვლევა კი ჩაატარა და რეკომენდაციებიც გასცა, რა სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ გადაუდებლად, მაგრამ ხუთი თვე ისე გავიდა, სააგენტოს ამ რეკომენდაციების მიხედვით სამუშაოების დასაწყებად ნაბიჯი არ გადაუდგამს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უყურადღებოდ დატოვეს და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მოსაძებნად ტენდერიც არ გამოაცხადეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მხოლოდ 2022 წლის 16 მაისს გამოიღვიძა და ხელშეკრულება გაუფორმა შპს გეოანალიტიკას. მათ “სენსონის” რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2022 წლის ოქტომბრამდე უნდა მოამზადონ საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამისთვის, ბიუჯეტიდან 66 ათას ლარს გადაუხდიან.

კვლევითი სამუშაოების ხელმძღვანელი შპს სენსონიდან შალვა ქურიძე იყო. ის არის “გეოანალიტიკის” დირექტორიც, შესაბამისად, ბაგრატის საპროექტო დოკუმენტაციაც მან უნდა მოამზადოს. 

რაც შეეხება მათ გამოცდილებას, შპს სენსონს და გეოანალიტიკას შესრულებული აქვს კვლევითი, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები ურავლის აგარის, ხობის ეკლესიის სამრეკლოების, ხინოს ნაეკლესიარის და ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის სარეაბილიტაციო პროექტებზე. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის გვინდოდა გვეკითხა, რატომ დასჭირდა ოთხი წელი ბაგრატის დაზიანების მიზეზების კვლევას და რატომ გააჭიანურეს დრო რეკომენდაციების მიღების შემდეგაც. თუმცა, სააგენტოდან კონტაქტზე არავინ გამოვიდა.

 “აი, ფაქტი” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. ის დაგვპირდა, რომ გაარკვევდა, სააგენტოს რომელ წარმომადგენელს შეიძლებოდა გავსაუბრებოდით. Პრესსამსახურმა ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს აღარ უპასუხა. 

რას ამბობენ მკვლევრები ბაგრატის მდგომარეობაზე 

შარშან კვლევის ფარგლებში “სენსონმა” დაათვალიერა ტაძრის გუმბათის ყელი, მიმდებარე არეალი, მკლავების გადახურვები, კედლების შეპირისპირების მონაკვეთები, ასევე ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის გადახურვების მდგომარეობა, სადაც წვიმისა და თოვლის ნალექი ჟონავს. 

ტაძრის დაზიანების მიზეზების შესწავლისას დადგინდა, რომ ბაგრატის ინტერიერში წყალი გუმბათის ყელიდან ჩადის. ეს იმიტომ, რომ გუმბათის თარო (ფანჯრის რაფის მსგავსი ელემენტი) არასწორი მიმართულებით, გუმბათის ყელისკენაა დახრილი. რაც ნიშნავს, რომ თაროზე მოხვედრის შემდეგ ნალექი დახრილ ქანობს მიყვება, ყელში ჩაედინება და ინტერიერში აღწევს.

არადა, წესით, თაროს დახრა გარეთ უნდა იყოს მიმართული, გუმბათის ყელის საპირისპირო მხარეს. როგორც ძეგლების რესტავრატორი შალვა ქურიძე გვიხსნის, ეს იგივეა, ფანჯრის რაფა რომ კედლისკენ იყოს დახრილი, რის გამოც წყალი სახლში შემოგვივა. როგორც ჩანს, ეს შეცდომა, 2012 წლის რეაბილიტაციის პროცესში დაუშვეს.

“სენსონის” მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტაძარში წყლის ჩასვლის კიდევ ერთი მიზეზი არასწორად დამონტაჟებული განათება გახდა. ელ.ენერგიის სადენები გაყვანილია სპილენძის მილში, რომელიც გუმბათის თაროზეა დამაგრებული. მილები თაროზე მოხვედრილი ნალექისთვის საცობივითაა, არ ატარებს წყალს, რის გამოც წარმოიქმნება ერთგვარი “აბაზანა” დაგუბებული წყლით, რომელიც ტაძრის ინტერიერში მარტივად აღწევს.

“წარმოიდგინეთ, რომ ფანჯრის რაფა არის დახრილი შიგნით, ფანჯრისკენ. ნაპირის მხარეს რომ ჯოხი ან მილი დადო, ხო შეიქმნება ერთგვრი აბაზანა. წვიმა რომ წამოვა და წყლით გაივსება რაფა, სად წავა წყალი? მილი, რაშიც ელ.ენერგიის სადენებია გაყვანილი, პირდაპირ დევს თაროზე, ჰაერში არაა, რომ ქვემოთ წყალმა გაიაროს. პატარა “ღრეჩო აქვს”, ის მტვრით ივსება და წყალი გუბდება შიგნით, ჰაერში უნდა იყოს აწეული ერთი სანტიმეტრით მაინც,”- გვიხსნის კვლევის ხელმძღვანელი შალვა ქურიძე. 

ბაგრატზე განათება 2018 წელს ქუთაისის მერიამ მოაწყო. მერიის პრესსამსახურს დავუკავშირდით, რომ გაგვეგო ტაძრის რა ნაწილში დაამონტაჟეს განათება, ვინ და ვისი რეკომენდაციების საფუძველზე შეასრულა სამუშაოები. მერიიდან ინტერვიუზე არ დაგვთანხმდნენ, გვითხრეს, საჯარო ინფორმაცია მოგვეთხოვა.

კვლევაში წერია ისიც, რომ ბაგრატის სახურავზე მეხამრიდი არასწორადაა დამონტაჟებული. მისი საიზოლაციო ნაწილები დაზიანებულია, ამიტომ მეხამრიდი სახურავს უშუალოდ ეხება. ეს ნიშნავს, რომ მეხის დაცემის შემთხვევაში, ელექტროობა ტაძარზე გადავა, სველი შენობა იქნება ძაბვის ქვეშ და იქ მყოფებ ადამიანებსაც საფრთხეს შეუქმნის. 

Screenshot 2022 06 01 at 08.42.22 edited 1
მეხამრიდი ბაგრატის ტაძრის სახურავზე (ფოტო აღებულია “სენსონის” კვლევიდან)

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კედლები და კედლის დუღაბი დანოტივებულია, გასაგებია საფრთხის დონეც,”- ვკითხულობთ კვლევაში

კვლევის მიხედვით, ბოლო სართულზე შესამჩნევია ჩამონადენი წყლის კვალი, გაჟონვის ადგილებში, კედლებზე მარილებია გამოსული და იგრძნობა ჭარბი ტენიანობა. იატაკებზე, სადაც წყალი და ნესტია, დეფორმირებული და დაზიანებულია ლამინატის პარკეტი. შეკეთება სჭირდება კიბის ხის საფეხურებსაც. ფორმა აქვს შეცვლილი და წყალს ატარებს ტაძრის გუმბათზე და ფასადზე განთავსებული ხის სარკმლებიც. მათ არც ჰიდროიზოლაცია აქვთ. 

კვლევის მიხედვით,სველდება და ზიანდება ტაძრის საძირკველიც.

“გადახურვიდან წყალი ჩადის როგორც კათედრალის ცენტრალურ სივრცეში, ასევე ეპისკოპოსის კოშკში. გადახურვაზე არ არის საწვიმარი ღარები, რის გამოც გუმბათიდან და მკლავებიდან ჩამოსული წყალი დიდ პრობლემას ქმნის. რადგან ტაძრის მიმდებარედ სარინელი არ არსებობს, დაგროვილი წყალი ინტენსიურად მიედინება საძირკვლისკენ,”- ვკითხულობთ კვლევაში. 

რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს გადაუდებლად? 

2021 წლის 19 დეკემბერს შპს სენსონმა გასცა რეკომენდაციები, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს ბაგრატის ტაძარში წყლის ჩასვლის შეჩერება და უარესი დაზიანების თავიდან აცილება. მაგალითად, 

  • სასურველია, მოიხსნას სპილენძის საფარი და ჩანაცვლდეს მოჭიქული კრამიტით. 
  • გუმბათის ყელზე და ფასადებზე ხის სარკმლები ჩანაცვლდეს ანოდირებული (მყარი) ალუმინის ჩარჩოებით, რომელიც ხის მსგავსი ვიზუალის იქნება. ასეთი მასალის სარკმელი ხელს შეუშლის ინტერიერში წყლის მოხვედრას და კარგია ტაძრის ვენტილირებისთვისაც. 
  • ტაძრის ფასადზე და ინტერიერში უნდა აღდგეს ქვის წყობა და ქვებს შორის სიცარიელეები შეივსოს კირის დუღაბით.
  • ტაძრის განათებისთვის გაკეთებული გაყვანილობა გადაეწყოს ისე, რომ ხელს არ უშლიდეს ნალექის გადინებას.
  • გაიწმინდოს ქვის ზედაპირები და სიცარიელეები ხავსისა და სხვა მცენარეებისაგან, დალაქული ადგილები დამუშავდეს სპეციალური სხნარით, რომ დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს.
  • მეხამრიდი მოეწყოს ტექნოლოგიის სრული დაცვით; 
  • ძეგლის მდგომარეობის რეგულარული კონტროლისათვის, უნდა შემუშავდეს ტაძრის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო გეგმა. 

“გეოანალიტიკამ” ბაგრატის ტაძრის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა 2022 წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს. რაც ნიშნავს, რომ იქამდე, ბაგრატში წყალი ისევ ჩავა და ამის შესაჩერებლად არავინ არაფერს იზამს.

პროექტის მომზადების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა მოძებნოს კომპანია, რომელიც ტაძარზე იმუშავებს, ამისთვის ისევ ტენდერს გამოაცხადებენ. ამასობაში, ზამთარიც მოვა და ბაგრატის სახურავზე მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. ჯერჯერობით, უცნობია, რას აპირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
წყალტუბოს მერია ჯიმასტაროში წყალმომარაგების სამუშაოებს იწყებს
bolo

წყალტუბოს მერია ჯიმასტაროში წყალმომარაგების სამუშაოებს იწყებს

როგორც ჩანს, “აი, ფაქტის” ჩარევის შემდეგ, საქმე მართლაც დაჩქარდა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
mosaxleoba scaled e1606896734893 1

ჭიათურაში სამი სოფელი უწყლოდაა – მერიას ფული აქვს, მაგრამ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

პრობლემისა და უწყლობის სათავე სწორედ ეს ნაგებობაა, რომელიც დაცხრილულია და

Total
0
Share