fbpx
გელათის გადახურვა და საზიანოდ გაფლანგული დრო

დროებითი კონსტრუქცია – საფრთხე თუ ხსნა გელათისთვის?

გელათის მთავარ ტაძარს ახლა სახურავის რამდენიმე ფენა აქვს. დაზიანებული კრამიტის ფენას ზემოდან თუნუქი აქვს გადაფარებული, მის ქვეშ კი ტონობით, წყლით გაჟღენთილი კირქვა და სამშენებლო ნარჩენია ჩატოვებული. აქედან წყალი ვერ ორთქლდება, რადგან ამ წყლით გაჯერებულ მასას ზემოდან სახურავის ორი ფენა ადევს, ამიტომ ტენი ნელ-ნელა შენობის შიდა ინტერიერში აღწევს და მხატვრობას აზიანებს.

მას შემდეგ რაც გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ გადაიბარა, აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ მოეწყოთ მთავარი ტაძრის გარშემო ერთიანი კონსტრუქცია, რომელიც მთელ შენობაზე დროებითი გადახურვის ფუნქციასაც შეასრულებდა და თან სპეციალისტებს საშუალებას მისცემდა, ძველი სახურავი მოეშორებინათ, გადახურვის ქვეშ ჩაყრილი სამშენებლო ნაგავი და კირქვა ამოეღოთ და ამგვარად სახურავი გამომშრალიყო ისე, რომ მხატვრობის დაზიანების რისკებიც შეემცირებინათ.

ამ სტატიაზე მუშაობისას წავიკითხეთ საერთაშორისო თუ ადგილობრივი სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშების ათობით გვერდი, ვესაუბრეთ ათამდე ადამიანს, საუბარი შევძელით კომიტეტის დაქირავებულ არქიტექტორთანაც. გავარკვიეთ, რომ კონსტრუქცია, რომელიც მოაწყვეს, შესაძლოა ტაძრისთვისაც საფრთხე იყოს და თან ვერც იმისთვის გამოიყენებენ, რომ ზედ სპეციალისტები დადგნენ და სახურავი შეცვალონ.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვის მოწყობა ივლისში დაიწყო. სამუშაოებს გერმანული კომპანია “ქუადრექსი” ასრულებდა, თავად კონსტრუქცია კი ასევე გერმანულმა “ლეირმა” შექმნა. “ქუადრექსმა” სექტემბერში სოციალური ქსელით გვამცნო, რომ გელათში სამუშაოები დაასრულეს. თუმცა, დროებითი გადახურის კონსტრუქცია დღემდე არ არის მოწყობილი. უცნობია, როდის დასრულდება სამუშაოები და საერთოდ, როდის დაიწყება გუმბათის დროებითი გადახურვა, რომელიც წესით ახლა უკვე მზად უნდა იყოს.

არადა, ამ კონსტრუქციას არამხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო სპეციალისტთა ჯგუფებიც დიდხანს ელოდნენ. მაგალითად, 2022 წელს იუნესკოს საკონსულტაციო მისია, რომელიც გელათის მდგომარეობას დროდადრო აფასებდა ხოლმე, თავის სარეკომენდაციო დოკუმენტში წერდა:

“მთავარი ტაძრის კონსერვაციის გამოწვევების აღმოფხვრის პროგრამის გასაგრძელებლად საჭიროა ორი დროებითი ნაგებობის მოწყობა: დაცული ხარაჩოების სტრუქტურის მოწყობა ეკლესიის ყველა ფართზე და მთლიანი ძეგლის დამცავი საფარის განთავსება, რომელიც შენობის სახურავებზე და კონსტრუქციულ ქვებზე შემდგომი აუცილებელი ჩარევებისთვის ოპტიმალურ პირობებს უზრუნველყოფს”.

სამუშაოების დაწყებისას არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა, რომელიც ახლა გელათის რეაბილიტაციას ხელმძღვანელობს, თქვა, ამ გადახურვას რომ მოვაწყობთ, მერე სახურავზეც ვიმუშავებთო.

“ბედნიერები ვართ იმითაც, რომ ამ სამუშაოების შედეგად, გვექნება საშუალება, რომ დავიწყოთ დღეს არსებულ კრამიტზე დაფარებული დროებითი თუნუქის მოხსნა, შემდეგ კრამიტის მოხსნა და დავაწყებინოთ ტაძარს შრობა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მხატვრობის კოსნერვაციისათვის”, – ამბობდა ონიანი 2024 წლის ივლისში, როცა გერმანულმა კომპანიამ კონსტრუქციის მშენებლობა დაიწყო.

თუმცა, გელათთან დაკავშირებით ყოველთვის ყველაფერი გეგმას არ მიყვება ხოლმე. არც ეს საკითხი აღმოჩნდა ისე, როგორც ყველა ფიქრობდა. გაირკვა, რომ დროებითი გადახურვის კონსტრუქცია არ არის განკუთვნილი შემდეგი სამუშაოებისთვის და მძიმე დატვირთვისთვის.

ის მხოლოდ ტაძრის ნალექისგან დასაცავად აღუმართავთ. თუმცა, სადავოა, რამდენად შეასრულებს ამ ფუნქციასაც. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასეთი ჩანაწერია: “მთავარი ტაძრის გარშემო აგებული ერთიანი დროებითი გადახურვის კონსტრუქცია დღევანდელი სახით ვერ უზრუნველყოფს შენობის ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისგან დაცვას.

ძეგლის სრულად დასაცავად აუცილებელია სასწრაფოდ გადაიხუროს გუმბათიც და კონსტრუქცია მთლიანად შეიფუთოს პროექტით გათვალისწინებული მასალით”.

ორი თვის წინ “Bureau Veritas Georgia”-სა და ,,Quadrex Gerüstvau Gmbh”-ს ექსპერტებმა კონსტრუქცია შეისწავლეს. მათი შეფასებით, კონსტრუქციის მდგრადობა დამაკმაყოფილებელი კი არის, მაგრამ სახურავზე დაგეგმილი შემდგომი სამუშაოებისთვის არ არის განკუთვნილი.

სპეცლისტიებისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ასე, როცა ამ კონსტრუქციის მოწყობის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ძეგლის სახურავზე ემუშავათ.

“სატირალი რომ არ იყოს, კომედიაა ეს ყველაფერი. აგებ ამხელა კონსტრუქციას, ხარაჩო გაქვს გამართული, სპეციალისტებმა რაღაცაზე ხომ უნდა იმოძრაონ. რისთვის ვაკეთებთ, იმისთვის, რომ ამ ხარაჩოზე ავიდნენ სპეციალისტების ჯგუფი და იკვლიონ და ამოასუფთაონ ის ნაგავი და მასა, რომელიც აზიანებს ტაძარს. ამისთვის ხომ კეთდება ეს ყველაფერი?” – გვეუბნება გოგოთურ მისრიაშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი, რომელსაც წლებია, გელათის ამბავზე დროდადრო ვესაუბრებით ხოლმე.

დროებით კონსტრუქციაზე ასვლის შესაძლებლობა არ მიეცა ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებს. ამბობენ, რომ ასასვლელი არ იყო და მისი დათვალიერება ვერ შეძლეს.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევითი ცენტრი 2006 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრის თანამშრომლები ამზადებენ კვლევებს, შეფასებებსა და შესაბამის რეკომენდაციებს სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე და არა მხოლოდ. გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში მათ არაერთი კრიტიკული დასკვნა გამოუქვეყნებიათ, მათ შორის სააგენტოსა და სამინისტროს “მმართველობის” პერიოდში.

“ჩვენც ვერ ავედით ზედ, იმიტომ რომ არ არის ფიზიკურად ასასვლელი ხარაჩოზე. თუკი ეს ხარაჩო არ გამოიყენება ადამიანების სამუშაოდ, მაშინ რითი უნდა იმუშაოს იმ ჯგუფმა, რომელიც შემდეგ სახურავს მოხსნის, ცალკე კონსტრუქციას ხომ არ მიადგამენ?” – კითხვას გვიბრუნებს ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელი, არქიტექტურის ისტორიკოსი მანონ ლილუაშვილი.

გელათის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია
დროებითი კონსტრუქცია გელათის მთავარი ტაძრის გარშემო. ფოტო: ფეისბუქის ჯგუფი “გადავარჩინოთ გელათის მონასტერი”

ვახტანგ ზესაშვილმაც, რომელიც ახლა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ დაქირავებული არქიტექტორია, დაგვიდასტურა, რომ დროებით გადახურვის კონსტრუქცია არ გამოიყენება სპეციალისტების და ხელოსნების ასასვლელ- ჩამოსასვლელადო.

“მაგისთვის არის ცალკე ხარაჩოები, რომელიც ნაწილობრივ არის გაკეთებული. ნართექსის წინ, გვერდით ფასადებზე უნდა მოეწყოს. ხარაჩოები, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს სამუშაოები, აეწყობა ეტაპობრივად”, – გვითხრა არქიტექტორმა.

დამატებითი ხარაჩოს მოწყობა დამატებით დროს მოითხოვს, რაც გელათის წინააღმდეგ მუშაობს. დროის გარდა იხარჯება დამატებით ფინანსებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაშინ როცა ამ ორი პროექტის ერთად განხორციელება და რესურსის დაზოგვა შეიძლებოდა. პასუხგაუცემელია კითხვა, რატომ არ მოეწყო დროებითი გადახურვის კონსტრუქცია იმგვარად, რომ მასზე სპეციალისტებსაც ემუშავათ და ახალი ხარაჩოს მოწყობაზე კიდევ არ დახარჯულიყო დრო. ამ კითხვაზე ზესაშვილმა არ გვიპასუხა.

კონსტრუქცია გელათის კედლებს ეხება – რას ნიშნავს ეს?

წელს, ივლისში დროებითი კონსტრუქციის მოწყობა რომ დაიწყეს, კომიტეტის მიერ დაქირავებული არქიტექტორი, ვახტანგ ზესაშვილი და არქიმანდრიტი კირიონ ონიანი გვეუბნებოდნენ, რომ ამ ნაგებობას ტაძრის ფასადთან შეხება არ ექნებოდა.

წინა კვირაში ჩუბინაშვილის ცენტრმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ სპეციალისტებმა კონსტრუქცია დაათვალიერეს და დაადგინეს, რომ ის ტაძრის კედლებს ეხება, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის მდგრადობას.

“დაუშვებელია ლითონის ორტესებრი კოჭების საყრდენებად ეკლესიის კედლების გამოყენება. ეს დამატებითი დატვირთვაა ტაძრის კონსტრუქციისთვის და საფრთხეს უქმნის მის მდგრადობას. გელათის შემთხვევაში ეს კიდევ მეტად სახიფათო ჩანს, რადგან მისი ხუროთმოძღვრული სტრუქტურის წონასწორობა ისედაც დარღვეული უნდა იყოს, რადგან დასავლეთის მკლავის გადახურვის ამოსუფთავებისას რამდენიმე ტონა შემავსებელი მასალა ამოიღეს, ხოლო სხვა მკლავები (სამ მხარეს) დღემდე მსგავს წონას ინარჩუნებს”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

გელათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციის უკვე მოწყობილ ნაწილში მთელი რიგი პრობლემები გამოვლინდა:

  • კონსტრუქციის საყრდენი ბეტონის ზოგიერთი ფილა დაზიანებულია – ჩნდება კითხვები მათ ხარისხთან დაკავშირებით;
  • კოჭები ჩამოყრდნობილია ეკლესიის საფეხუროვან ცოკოლზე – არ ჩატარებულა კვლევა ქვების მდგრადობასა და მზიდუნარიანობასთან დაკავშირებით;
  • ტაძრის სარკმელებში გატარებული კოჭები თავდაპირველი ნახაზის მიხედვით არ არის გაკეთებული – უნდა ყოფილიყო ცენტრში, მაგრამ დახრილია;
  • სარკმელებში გატარებული ლითონის კოჭები შეუფუთავია – ბუნებრივი სტიქიებით გამოწვეული რყევის შემთხვევაში მოსალოდნელია ხისტი დაჯახება სარკმლის წირთხლებთან (სარკმლის ღიობის შიდა, გვერდითი სიბრტყე); სარკმლებთან წირთხლები ჩამომტვრეულია;
  • პროექტით გათვალისწინებული მყარი მასალის ნაცვლად, დროებითი კონსტრუქცია რბილი, დრეკადი ქსოვილითაა დაბურული;

“ამჟამად ლითონის კოჭები შეუფუთავია, ხოლო მათსა და სარკმლის წირთხლებს შორის სიცარიელე სპეციალური ,,ბალიშების“ ნაცვლად სხვადასხვა ზომისა და სისქის ხის ნაჭრებით არის შევსებული. ისინი, სავარაუდოდ, მეორადი გამოყენებისაა, რადგან აქვს ბზარები და ალაგ-ალაგ შავი შეფერილობა. აშკარაა, რომ ხის ნაჭრები, კოჭების დამონტაჟების დროს, ნაუცბადევად არის მოძიებული. ღიობებზე შავი პარკებია აკრული, ხოლო კოჭების გარშემო სიცარიელეების ამოსავსებად ცალკეულ ადგილებში დაკუჭული ცელოფნებია ჩატენილი. ყოველივე ეს კუსტარულ, დილეტანტურად ჩატარებული სამუშაოს შთაბეჭდილებას ტოვებს. ცხადია, რომ კოსნტრუქციის მოწყობამდე ყველაფერი დეტალურად არ იყო გათვლილი”, – ვკითხულობთ ჩუბინაშვილის ცენტრის შეფასებაში.

კონსტრუქციის აგებისას ტაძრის კედლები რომ საყრდენად არ უნდა გამოეყენებინათ, ამას გელათში მომუშავე წინა ჯგუფიც ამბობდა. 2021-2023 წლებში, კულტურის სამინისტროს დაკვეთით, იტალიური კომპანია “რესტრუერე” და გერმანული “ლეიერი” დროებითი კონსტრუქციის პროექტზე ერთად მუშაობდნენ.

გელათის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია
დროებითი კონსტრუქციისა და კედლის შეხების წერტილები. ფოტო: ფეისბუქის ჯგუფი “გადავარჩინოთ გელათის მონასტერი”

2023 წლის თებერვალში იტალიური კომპანიის ხელმძღვანელმა, უგო ტონიეტმა “ლეიერს” წერილი მისწერა. ტონიეტი წერდა, რომ წონა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პროექტი ისე უნდა შეიმუშავონ, რომ ტაძარს სიმძიმე არ დააწვესო. ამ მიმოწერის გაგრძელება ან თანდართული დოკუმენტები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა.

დროებითი კონსტრუქცია რომ გელათის ტაძარს არ უნდა დაყრდნობოდა და მეტიც, შეხების წერტილიც კი არ უნდა ჰქონოდათ, ამას ქართველი სპეციალისტებიც ამბობენ. არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი წლებია გელათის რეაბილიტაციის პროცესს ადევნებს თვალს.

“სამინისტროს მხრიდანაც იყო პრეზენტაცია და მონახაზი იმისა, რომ (კონსტრუქცია) შეხებაში არ უნდა ყოფილიყო ტაძართან, ეს იყო დათქმა. უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი სტრუქტურა, იმისთვის რომ გადაეხურათ მთლიანი ტაძარი”, – გვეუბნება მისრიაშვილი.

ჩვენ ვესაუბრეთ ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლებს, არქიტექტურის ისტორიკოსებს, რომლებიც 10 ოქტომბერს გელათში იყვენენ და საკუთარი თვალით ნახეს შესრულებული სამუშაოები.

“კონსტრუქციის შეფასება თვალით ძალიან რთულია, რადგან ჩვენ არ ვართ კონსტრუქტორები. მაგრამ ჩვენ რაც დავინახეთ, იქ პრობლემური იყო ის, რომ სარკმლების ამოტეხვამ დააზიანა ძეგლი. სარკმელში გატარებული კოჭები არ არის შუაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნახაზზე, რომელიც უდევს კომიტეტს, უნდა იყოს შუაში, ღერძზე ცენტრში უნდა იყოს გატარებული. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს კითხვები, ამ ყველაფერს სჭირდება ახსნა და დასაბუთება, რატომ მოხდა ასე”, – ამბობს მანონ  ლილუაშვილი, ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელი.

ახსნა და დასაბუთება საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ევალება. დავუკავშირდით ამავე კომიტეტის მიერ შექმნილი ეროვნული საბჭოს მდივანს, დავით ლორთქიფანიძეს, ვუთხარით, რომ გელათის დროებითი გადახურვის კონსტრუქციასთან დაკავშირებით კითხვები გვქონდა. მან კომიტეტის ოფიციალური ელ.ფოსტა გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ იქ გაგვეგზავნა წერილი. ცხადია, კომიტეტსაც მივწერეთ, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოგვეხმაურა.

კითხვებზე პასუხს თავი არ აარიდა მხოლოდ არქიტექტორმა ვახტანგ ზესაშვილმა. ის გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის დაკვეთით 2023 წლიდან მუშაობს და მონაწილეობდა დროებითი გადახურვის კონსტრუქციის მოწყობაშიც. ზესაშვილმა ინტერვიუზე უარი გვითხრა, ჟურნალისტებთან ცუდი გამოცდილება მაქვსო და მხოლოდ წერილობით გვიპასუხა. ის გვარწმუნებს, რომ ხარაჩო ტაძრის კედლებს კი არა, შიგნით მდგომ ხარაჩოს ეყრდნობა.

“მეტალის კოჭები, რომელიც გადის ფანჯრებში ერთ მხარეს (გარეთ) ეყრდნობა ახალ ხარაჩოს და შიგნით ეყრდნობა არსებულ ხარაჩოს (შიგნით). კედელს და მეტალის კოჭს შორის შეცურებული ხის ნაჭერი რეალურად არის დამატებით დაზღვევა და მეტი არაფერი. რადგან გუმბათი ჯერ არ არის გადახურული, მაგ კოჭებზე არ მოდის ამჟამად სრული დატვირთვა. გუმბათთან ერთად მოხდება შიდა ხარაჩოს გაძლიერება დამატებითი მილებით იმ წონაზე, რაც სჭირდება”, – მოგვწერა ზესაშვილმა.

კითხვები გვქონდა კონსტრუქციის პროექტის შემქმნელ “ლეიერთან” და საექსპერტო ჯგუფ “bureau veritas georgia”-სთან. მათ ელ.ფოსტით დავუკავშირდით, თუმცა მოგვწერეს, თუ კითხვები გაქვთ, კომიტეტს მიმართეთ, ჩვენ ვერ გიპასუხებთო.

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტში ფუნქციონირებს სათათბირო ორგანოები – ეროვნული და საერთაშორისო საბჭოები. ეროვნული საბჭო ადგილობრივი სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და მათ შემადგენლობაში შედიან ქართველი სპეციალისტები, ხოლო საერთაშორისო საბჭოს წევრები უცხოელი სპეციალისტებიც არიან.

გელათის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია
დროებითი კონსტრუქციის საყრდენი ძირი. ფოტო: ფეისბუქის ჯგუფი “გადავარჩინოთ გელათის მონასტერი”

ეროვნული საბჭო განიხილავს სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო დოკუმენტაციებს და ყველა იმ საკითხს, რაც გელათის რეაბილიტაციასთანაა დაკავშირებული. ჩვენ საბჭოს ორ წევრს, ეკატერინე გედევანიშვილსა და ზაზა სხირტლაძეს დავურეკეთ. გვინდოდა, მათ შეეფასებინათ ტაძრის კედლებზე კონსტრუქციის შემხებლობა და გაგვეგო, რა იციან ამავე კონსტრუქციის დანიშნულებაზე, რას ფიქრობენ “bureau veritas georgia”-ს დასკვნაზე და რამდენად რეალურად წარმოუდგენიათ სამუშაოებისთვის კიდევ დამატებითი ხარაჩოს მოწყობა.

გედევანიშვილმა, როგორც კი გაიგო ვინ ვიყავით, გვითხრა, თქვენთან საუბრის სურვილი არ მაქვსო. ზაზა სხირტლაძემ კი მოუცლელობის მიზეზით ჩვენს კითხვებს არ უპასუხა, მოგვიანებით დამირეკეთო. თუმცა, მერე ზარს აღარ უპასუხა.

გარე კონსტრუქციის მოწყობის ამბავში კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მათ შორის ნიადაგთან დაკავშირებით. უცნობია, ჩატარდა თუ არა ნიადაგის კვლევა, რომელიც კონსტრუქციის მდგრადობასთან დაკავშირებით მოგვცემდა ინფორმაციას. წელს, მაისში, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა თავის საიტზე კი დაწერა, რომ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, გერმანელი მეცნიერების მონაწილეობით, გეოფიზიკური კვლევები მიმდინარეობდა.

თუმცა, ამ დრომდე მათ მიერ შექმნილი არც ერთი დოკუმენტი არ გასაჯაროებულა. ჩვენ ეს ინფორმაცია კომიტეტისგან გამოვითხოვეთ და მათ პასუხს ამ დრომდე ველით. იმედია, კიდევ ერთხელ არ დაარღვევენ საჯაროობის აღთქმას და ამჯერად მაინც გაგვიზიარებენ სრულყოფილ დოკუმენტაციას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ლენტეხის მერის “ცოტა სხვა სამსახური” 
ლენტეხის მერი სასტუმროს აშენებს

ლენტეხის მერის “ცოტა სხვა სამსახური” 

ლენტეხში მჟავე წყლებისკენ მიმავალ გზაზე ახალი შენობა შენდება, რომელზეც

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share