fbpx

ქადაგება რუსეთის საამებლად – ნაწილი 1

რუსეთის საამებლად 1

“აი, ფაქტი” მოლდოვურ “პრესის დამოუკიდებლობის ასოციაციასთან” ერთად ოთხი თვეა იკვლევს, როგორ ავრცელებენ რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ამ ორ ქვეყანაში. ახლა საქართველო და მოლდოვა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად განიცდის რუსული საინფორმაციო ომის წნეხს. 

რას ქადაგებდა საქართველოს და მოლდოვის ეკლესია უკრაინის ომზე?

ბოლო ოთხი თვე ვაგროვებდით მღვდლების მიერ მედიით, ქადაგებისას, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მიმართვებს და შემდეგ ვადარებდით, რას ეუბნებიან ამ ინსტიტუციების მსახური სასულიერო პირები მრევლს უკრაინაში მიმდინარე ომზე, კოვიდ-პანდემიაზე, ადამიანის უფლებებზე, დასავლურ სამყაროსა თუ შიდა პოლიტიკურ ამბებზე.

ჟურნალისტური გამოძიების ამ სერიაში გიამბობთ, როგორ გამოეხმაურნენ მოლდოველი და ქართველი სასულიერო პირები უკრაინაში რუსეთის შეჭრას. თუ სტატიას ყურადღებით წაიკითხავთ, იმასაც დაინახავთ, თუ საიდან იღებენ ქართული და მოლდოვური მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები ამგვარ ინფორმაციას და ვინაა ამ გზავნილების პირველწყარო.

ქართველი სასულიერო პირების მიერ უკრაინის ომთან დაკავშირებით გაჟღერებული მოსაზრებები ოთხ ძირითად კატეგორიაში ერთიანდება:

  • ომი დასავლეთმა გააჩაღა და სხვა ქვეყნების ჩათრევაც უნდა;
  • რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მუშაობს და მას არ უნდა შევუერთდეთ;
  • რუსეთი უძლეველი დათვია და “ბაბაია” უნდა დავუძახოთ;
  • უკრაინა და მისი პრეზიდენტი ცოდვებითაა სავსე და ამიტომ, ომი ღვთის რისხვად მოევლინათ.

პირველი და ბოლო გზავნილები მოლდოველი სასულიერო პირების მიერაც აქტიურად ვრცელდებოდა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი კვირის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქო აგრესორ ქვეყანას არა თუ აკრიტიკებდა, მის სახელსაც კი არ ახსენებდა.

მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის მესვეურებმაც პირველი ოფიციალური განცხადება, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ომის დაწყებიდან 40 დღის შემდეგ გამოაქვეყნეს.

ომზე ირიბად ან პირდაპირ საუბარი იყო საპატრიარქოს და ილია მეორეს მიერ 24 თებერვლიდან 2023 წლის 7 იანვრამდე გავრცელებულ 9 მიმართვაში. რუსეთი მათგან ხუთშია ნახსენები.

ილია მეორე ამ თემას მხოლოდ ორი სიტყვით შეეხო წლევანდელ საშობაო ეპისტოლეშიც – “ყველას და, პირველ რიგში, უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დათრგუნულ და დაზარალებულ ბავშვებს, საერთოდ ნებისმიერ მოზარდს მინდა, მივულოცო ქრისტეშობის დიდებული ზეიმი…”

უკრაინაში ომის პარალელურად, ილია მეორეს არ მორიდებია, რომ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის დაბადების დღე საჯაროდ მიელოცა. 20 ნოემბერს მას მილოცვის წერილი გაუგზავნა ამ ტექსტით: “გისურვებთ, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას, ასევე ჩვენს სახელმწიფოებს შორის.”

რუსეთის პატრიარქი კირილი როგორი “მშვიდობის მტრედიცაა,” ყველას კარგად მოგვეხსენება.

თუ გსურთ, გავაგრძელოთ რუსული პროპაგანდის კვლევა, მაშინ დააფინანსეთ “აი, ფაქტი.” გადარიცხვისთვის დააჭირეთ ღილაკს და მიჰყევით ინსტრუქციას.

რუსეთს ეს ომი გაუჩალიჩეს”

უკრაინის ომის ფონზე ქართველი სასულიერო პირებისგან ვისმენდით, რომ რუსეთს ომი თვითონ კი არ უნდოდა, მესამე ძალამ, ანუ დასავლეთმა წამოაგო ანკესზე და “გაუჩალიჩა.” შესაბამისად, მღვდლებისგან იშვიათად გაიგონებდით, რომ უკრაინას თავს პუტინი დაესხა. მათი აზრით, ეს ომი ამერიკის წამოწყებაა, რომ საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს და რუსეთი დაამარცხოს. თუმცა, არა თავისი ძალებით, არამედ უკრაინელი ჯარისკაცების ხელით.

რუსული პროპაგანდა რუსული ეკლესიის მეშვეობითაც ვრცელდება. პატრიარქი კირილი საჯაროდ ამბობდა, რომ რუსეთი თავს არავის დასხმია, მხოლოდ საკუთარ საზღვრებს იცავს, ეს ომი კი ორი მართლმადიდებელი ქვეყნის (რუსეთის და უკრაინის) გადასამტერებლად სხვა ბოროტმა ძალებმა წამოიწყეს.

იგივეს ვისმენდით საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირებისგან, როგორც ამბიონიდან, საკვირაო ქადაგებისას, ისე პირდაპირ ეთერებსა თუ სოციალურ ქსელებში. დეზინფორმაციის მკვლევრები გვიხსნიან, რომ ეს უბრალო შემთხვევითობა ვერ იქნება.

“ეს განცხადებები არ უნდა განვიხილოთ განყენებულად. ჩვენმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანწილად ეს გზავნილები იყო თანხვედრაში რუსული საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ გზავნილებთან. შესაბამისად, აუცილებელია, დავინახოთ, დიდ და ერთმანეთთან დაკავშირებულ ქმედებასთან გვაქვს საქმე და არა უშუალოდ ერთი კონკრეტული სასულიერო პირის მიერ გაჟღერებულ აზრთან,” – გვითხრა მედიის განვითარების ფონდის (მდფ) მკვლევარმა სანდრო გიგაურმა. მდფ რუსულ პროპაგანდულ და დეზინფორმაციულ კამპანიებს უკვე რვა წელია სწავლობს.

რუსული ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი კი გვიხსნის, რა შეიძლება იყოს  მიზეზები, რის გამოც სასულიერო პირებმა კრემლის პროპაგანდის რუპორობა გადაწყვიტეს.

“ცდილობენ მათი მეგობრები არ გაღიზიანდნენ და მერე უთხრან – ჩვენ თქვენსკენ ვართ, ხომ ხედავთ, ცუდს არაფერს ვამბობთ. მეორე მიზეზი ისაა, რომ კი არ მეგობრობენ, პირდაპირი გავლენის აგენტები არიან და ახლა დავალება აქვთ, რამენაირად რუსეთის პოლიტიკა გაამართლონ ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. მესამე ვარიანტი კიდევ უფრო მძიმეა. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ეკლესიას იმის საჩვენებლად, რომ საქართველო იქცევა სწორად, როცა არ ერევა ამ ომში.“

ქადაგებდა საქართველოს და მოლდოვის ეკლესია უკრაინის ომზე

“არ დაგვავიწყდეს, აშშ შეიქმნა აბორიგენი ინდიელებისა და აფრიკული ტომების სიცოცხლეების ფასად. ანალოგიურად, დღეს: ეშშ [ევროპის შეერთებული შტატები] იქმნება მართლმადიდებელი სლავების სიცოცხლის ფასად!”- წერდა სოფელ აკაურთის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის დეკანოზი ბასილ ახვლედიანი თავის ფეისბუქ გვერდზე ოქტომბერში.

გვსურდა დეკანოზისგან გაგვეგო, რა წყაროებს ეყრდნობა, საიდან აქვს ინფორმაცია “ეშშ”-ს შესახებ. თუმცა, მისი ეპარქიიდან მოგვწერეს: “მამა ბასილმა, ვმოქმედებ კურთხევით და აღარ ვურთიერთობ ჟურნალისტებთანო.”

„მსოფლიო თამაშში, დიდ ქვეყნებს ყოველთვის ჰქონდათ ერთმანეთთან დაპირისპირება. ისინი ერთმანეთთან პირდაპირ დატაკებას კი არ ცდილობენ, არამედ სატელიტი ქვეყნების მიერ. ესაა დასავლეთის ინტერესი, რომ რუსეთის ირგვლივ დაენთოს ცეცხლი,” – ამბობდა თერჯოლაში, სოფელ ვარდიგორას მამათა მონასტრის წინამძღვარი სპირიდონ ცქიფურიშვილი 13 ივლისს.

ცქიფურიშვილისთვის გვინდოდა გვეკითხა, რის საფუძველზე ასკვნის, რომ ომი დასავლეთის ინტერესია და რუსეთი არაფერ შუაშია. მან სოციალური ქსელით შემოგვითვალა: “ბევრი საქმე მაქვს და სოდომიის მხარდამჭერი, ლიბერალური მედიასაშუალებებისთვის დროს ვერ ვპოულობო.”

საინტერესო დამთხვევაა, რომ პროპაგანდისტული, პრორუსული დაჯგუფება “ალტ-ინფოც” იგივე გზავნილს ავრცელებდა. მათი თქმითაც, დასავლეთის მიზანი იყო “რუსეთის გარშემო ცეცხლოვანი რკალის შექმნა” და ომის გაჩაღება სხვისი ხელებით.

“ოცნებამ” პროდასავლური კურსის სახით დაგვაყენა ომის საფრთხის წინაშე, თვითონვე აღიარებენ იმას, რასაც ამდენი ხანი ვლაპარაკობდით, რომ ომის საფრთხის წინაშე დავდგებით დასავლეთის მოთხოვნის გამო. დასავლეთს ჩვენგან სჭირდება რუსეთის გარშემო ცეცხლოვანი რკალი და ბოლოს დაგვატაკებს რუსეთს კიდევ ერთხელ, როგორც 2008-ში დაგვატაკა,” – ამბობდა შოთა მარტინენკო “ალტ-ინფოს” ეთერში გასული წლის აგვისტოში.

რუსული პროპაგანდის გზავნილი, თითქოს დასავლეთს უნდა ფრონტი სხვაგანაც გაიხსნას, ანუ ომში ჩაგვითრიოს, სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. მათ შორის, საქართველოში, მოლდოვაში, უნგრეთში, ბელარუსში, იტალიაში, საბერძნეთსა და სერბეთში. “ომში ჩათრევის” შესახებ ვერსია ყველაზე ხშირად ბელარუსში და საქართველოში ისმოდა. “აი, ფაქტი” ადრეც გიყვებოდათ, რომ საქართველოში ამ აზრის გაჟღერებას მთავრობის ოფიციალური პირებიც არ მორიდებიან.

საქართველოს მთავრობის წევრებმა მიიწერეს, თითქოს მათი დამსახურებით გვაქვს მშვიდობა და უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბომბები თბილისის ცაზე არ სცვივა. ომის პირველივე კვირიდან, ირაკლი ღარიბაშვილს რუსეთისთვის მაამებლური განცხადებები მღვდლებმაც მოუწონეს. რამდენიმე მათგანი “გადამრჩენელი პოლიტიკური კურსისთვის” მადლობასაც იხდიდა.

“მადლობა საქართველოს პრემიერმინისტრს, ლიბერალურ ბრბოში არაპოპულარულ და ქართული სახელმწიფოებრიობის გადამრჩენელი პოლიტიკური კურსის გაცხადებისათვის! ღმერთმა გააძლიეროს და გადაალახვინოს ამ გზაზე არსებული უამრავი წინააღმდეგობანი,” – წერდა დვანის კვართის წმინდა გიორგის მონასტრის მღვდელი ზოსიმე თავის ფეისბუქ გვერდზე 2022 წლის 28 თებერვალს.

სანქციებს არ უნდა შევუერთდეთ”

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე ამერიკის და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს ერთმანეთის მიყოლებით დაუწესეს ეკონომიკური შეზღუდვები, ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორია დატოვა მსხვილმა საერთაშორისო ბრენდებმა. ამ ფონზე კი საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილიმა გვამცნო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯსაც არ დგამდა, ვინაიდან სანქციები არ იქნებოდა ეფექტიანი და პირიქით, ჩვენს “ეროვნულ ინტერესებს” დააზიანებდა.

საქართველოს ხელისუფლება რომ სანქციებს არ შეუერთდა, ტაში დაუკრეს რუსეთში. „მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა!“ – ამ ამბავს ასე გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული მედიის, “Russia Today”-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი “ტვიტერზე” 25 თებერვალს.

გაგიკვირდებათ და ეს აზრი მოიწონეს ქართველმა სასულიერო პირებმაც. პირველად, ღარიბაშვილის განცხადებას გამოექომაგა სამების მონასტრის მონაზონი ანდრია გეწაძე და გადაწყვეტილებას “ღირსეული” უწოდა. იმავე დღეს პრემიერს სოლიდარობის წერილი გამოუქვეყნა მღვდელმა იაკობ მესტვირიშვილმაც. მეორე დღეს საბურთალოს სულთმოფენობის ტაძრის ღვთისმსახურმა დავით რუხაძემაც იგივე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

მას მოჰყვა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, რომელიც ამ თემას საკვირაო ქადაგებისას შეეხო. მისი თქმით, საქართველო მიბმულია რუსეთზე და მის წინააღმდეგ წასვლით, აღარც “დენი” გვექნება და აღარც გაზი.

პირები სანქციებს არ უნდა შევუერთდეთ

რუსეთთან ქიშპობა რომ არ გვაწყობს, ამ გზავნილს პირდაპირ რუსეთიდანაც ვისმენთ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დენის გონჩარმა დეკემბერში თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა რუსეთთან არამტრული დამოკიდებულების შედეგია. ისიც დაამატა, თუ ამ ორბიტაზე მოძრაობას გავაგრძელებთ, სავიზო რეჟიმის გაუქმებით და პირდაპირი ფრენების აღდგენით “დაგვასაჩუქრებენ.” იანვრის ბოლოს კი შექება თავად სერგეი ლავროვისგან დავიმსახურეთ ქართველებმა, ჩვენი რუსეთისადმი დამჯერი და დასავლეთისადმი საწინააღმდეგო პოზიციების გამო.

ჰიბრიდული ომის მკვლევარს ვკითხეთ, რა მიზანს ემსახურებიან ქართული ეკლესიის მესვეურები, როცა ომში მყოფ ქვეყანას უპირისპირდებიან, “აშავებენ”, ამავდროულად კი ცდილობენ რუსეთის ბოროტებას გამართლება მოუძებნონ. დავით ძიძიშვილი ფიქრობს, რომ ახლა სასულიერო პირების ერთადერთი მიზანი ავტორიტეტის და მრევლზე გავლენის შენარჩუნებაა, ამისთვის კი ყველაფერზე წავლენ, მათ შორის, საზოგადოების ომით დაშინებაზე.

“ამ ავტორიტეტის შენარჩუნების ერთადერთ გზად მიიჩნევენ რუსეთთან თანამშრომლობის შენარჩუნებას, ადამიანების მუდმივად შეშინებას, რომ დასავლეთი მოვა და სექსუალურ ორიენტაციას შეგიცვლის. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც გავლენებს მარტივად ელევიან. უნდათ, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი სხვა იდეოლოგიის ქვეშ არ მოექცეს. როცა მონები გყავს, არ გინდა თავისუფლებაზე ფიქრი დაიწყონ. როცა ამ საფრთხეს ხედავ, დგები და მარტივად აშინებ მათ, რითიც შეგიძლია – ომით, ჰომოსექსუალიზმით და ყველაფრით….” – გვითხრა დავით ძიძიშვილმა.

რუსეთთან ბრძოლაში დავმარცხდებით”

ქართველი სასულიერო პირები იმასაც ამბობდნენ, რუსეთს იმიტომ არ უნდა ვეომოთ, რომ უძლეველია, მაინც დაგვამარცხებს და ჯობს აუტკივარი თავი არ ავიტკიოთო. ყველაზე ხშირად ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ ჩვენ პატარა ვართ და რუსეთი დიდია, არც ჯარი გვყავს, ამიტომ მათთან შებრძოლება თვითმკვლელობის ტოლფასია.

პირები რუსეთთან ბრძოლაში დავმარცხდებით

მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ პოლიტიკაში არ ერევა და არც უკრაინის საკითხი ეხება. მისი სიტყვები რომ შევახსენეთ, გვიპასუხა: “ამას მე კიარ ვფიქრობ, ფაქტია. შეადარეთ შესაძლებლობა, გინდა სამხედრო, გინდა ეკონომიური, ერთხელ ხომ ვცადეთ 2008-ში და რითი დამთავრდა… საქართველო დამარცხდა ერთ დღეში.”

სამხედრო რესურსები რომ არ გაგვაჩნია და რუსეთის ძალას სათანადოდ ვერ ვაფასებთ, ამაზე წერდა კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი შოთა ორველაშვილიც სოციალურ ქსელში 7 მარტს: “ლაჩარია, ვინც ძალმომრეობას ეთაყვანება, მაგრამ იდიოტია, ვინც ძალას არ ითვალისწინებსო.”

ამ მღვდლისგან გვაინტერესებდა, საიდან იღებს ინფორმაციას, რომელი წყაროებიდან გაიგო, მაგალითად ის, რომ ზელენსკი “გეია,” ან უკრაინას რომ ომი დასავლეთმა “გაუჩალიჩა.” გვითხრა, ტელევიზორს არ ვუყურებ, ყველაფერს ინტერნეტიდან ვიგებო. ინტერნეტში იდო ისიც, უკრაინის ერთ-ერთ ტაძარში სატანისტური პერფორმანსი რომ მოაწყვესო. ამ ვიდეოს წარმომავლობაზე ვკითხეთ, მაგრამ არ ახსოვდა, ზუსტად სად ნახა, რომელ ფეისბუქ გვერდზე. ავუხსენით, რომ შესაძლოა, ეს ვიდეო ნამდვილი არ ყოფილიყო, მაგრამ ასე გვიპასუხა:

“ვინ გააყალბა მაშინ? რატომ მე არ უნდა დავიჯერო იმისი და უნდა დავიჯერო თქვენი გაყალბებული? დასახელებული არის ქალაქი, ტაძრის სახელი, მთელი ისტორია იყო დადებული.”

ზოგი სასულიერო პირი რუსეთს დიად გამარჯვებას და უკრაინას ოკუპანტ ქვეყანასთან მიერთებას უქადის.

“ბატალიები დასრულდება. მშვიდობა დაისადგურებს. მართლმადიდებელი ეკლესია გაერთიანდება. რუსეთი დაიბრუნებს იმ მიწებს, რომელიც ოდიდან მას ეკუთვნოდა,” – ამბობდა მარტში, საგარეჯოს გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელი გიორგი პავლოვი.

ამ თავში ნახსენებმა სასულიერო პირების ნაწილმა თავი ორი წლის წინ დაგვამახსოვრა. გიორგი პავლოვი და იოანე გამრეკელი 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზეც იყვნენ.

გამოიწერეთ “აი, ფაქტის” სიახლეები

კლოუნი” და “გეი აქტივისტი” – სასულიერო პირები ზელენსკის წინააღმდეგ

იმის გარდა, რომ საკუთარი სიტყვებით ბოროტებას ახალისებდნენ და რუსეთის წისქვილზე ასხამდნენ წყალს, სასულიერო პირები არც უკრაინის დადანაშაულებას მორიდებიან. მათი თქმით, ეს ქვეყანა ცოდვებითაა დამძიმებული, მისდევენ გარყვნილებას, პრეზიდენტად ჰყავთ ჰომოსექსუალი, ამის გამო კი ღვთის რისხვა დაატყდათ თავს.

ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი გზავნილები ქართული ეკლესიის წიაღში ხშირად გვესმოდა. მღვდლები ამბობდნენ, რომ ის ამერიკელების დასმული “გეი აქტივისტია”, ებრძვის ქრისტიანულ ეკლესიას, ქვეყნის მართვის არაფერი გაეგება  და უდანაშაულო უკრაინელ ხალხს სასიკვდილოდ იმეტებს.

ეს რომ წმინდა წყლის რუსული პროპაგანდაა იმითაც ჩანს, რომ ზელენსკის დისკრედიტაციითაა დაკავებული ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვიც.

18 აპრილს უკრაინის პრეზიდენტს “კლოუნი” და “ნარკომანი” უწოდა. ისიც დაამატა, უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება, რომელიც რეალობას ადეკვატურად აღიქვამს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებსო.

მარტივი მისახვედრია, საიდან იღებს სათავეს ეს იდეები. ომის დაწყებიდან 10 დღეში რუსეთის პატრიარქი კირილი ამბობდა, იმისთვის, რომ “ბედნიერ” და “თავისუფალ” დასავლურ სამყაროს შეუერთდე, “ერთგულების ტესტი” უნდა ჩააბარო, რაც გეი აღლუმების ჩატარებას გულისხმობსო:

“ტესტი ძალიან მარტივი და ამავდროულად საშინელია – გეი აღლუმი. თუ რომელიმე ერი ან ქვეყანა ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ვერ შეუერთდება იმ [დასავლურ] სამყაროს.”

ეს აზრები გადაამღერეს ქართველმა და მოლდოველმა სასულიერო პირებმაც.

ფსიქოლოგი მეგი საჯაია გვეუბნება, რომ ადამიანის არაცნობიერში მარტივად ილექება ისეთი ინფორმაცია, რომელსაც მისთვის სანდო ადამიანებისგან ისმენს. შესაბამისად, განსაკუთრებით საფრთხილოა ტაძრის კედლებში, მქადაგებლების მიერ გაჟღერებული ფრაზები, რომელიც შესაძლოა პროპაგანდისტული იყოს. ფსიქოლოგის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისტორიული ტრავმების და ომების გამო ქართული საზოგადოების ცნობიერება ძლიერი არ არის.

“მოსაზრებებს, რომელსაც არგუმენტების გარეშე აწოდებენ, ადამიანები გაუცნობიერებლად ენდობიან. არ უჩნდებათ სურვილი, რომ გააანალიზონ. გონება ხასიათდება კოგნიტური სიძუნწით. რა ინფორმაციასაც მოგვაწოდებენ, ვიმახსოვრებთ…ჩვენი საზოგადოების ცნობიერება არის მყიფე, ომის შემდეგ არ გვქონდა დრო, ტკივილების მოშუშებისთვის, ტრავმების გაანალიზებისთვის. შესაძლოა, ასეთმა ემოციურმა ფონმაც შეუწყოს ხელი, რომ ჭეშმარიტებად ჩავთვალოთ ჩვენთვის “მნიშვნელოვანი სხვების” მოსაზრებები. მენტალური გამოჯანმრთელების რელსებზე ჯერაც არ ვართ შემდგარი.”

გეი სასულიერო პირები ზელენსკის წინააღმდეგ

მოლდოველმა კოლეგებმა გვითხრეს, მოლდოვის საპატრიარქომ ომის მხარდამჭერი და რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მღვდლების მიმართ ზომები მიიღოო.

“ის მღვდლები, რომლებიც გამოდიოდნენ ამგვარი განცხადებებით და მხარს უჭერდნენ ომს, სიტყვიერად გავაფრთხილეთ, რომ შეწყვიტონ ეს ქმედება და აღარ გაავრცელონ მსგავსი გზავნილები. ეკლესია არის სიყვარულის, გაერთიანებისა და მშვიდობის მქადაგებელი ინსტიტუტი,” – უთხრა “დამოუკიდებელი პრესის ასოციაციის” ჟურნალისტს მოლდოველმა ეპისკოპოსმა იოან მოსნეგუტუმ, რომელიც მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიის ოფიციალური წარმომადგენელია.

ჩვენ საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერს, ანდრია ჯაღმაიძეს ვკითხეთ, როგორ რეაგირებენ იმ ამბავზე, რომ ეკლესიის წიაღში რუსეთისთვის მაამებლური და უკრაინისთვის საზიანო აზრებს ქადაგებენ. მან დეზინფორმაციის გავრცელება სიტყვის თავისუფლებად მონათლა. იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სასულიერო პირის სიტყვებზე განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ.

“სასულიერო პირები გამონაკლისი არ არის. ზოგადად, რაც ხდება საზოგადოების ყველა სფეროში, ზოგი უკრაინის საწინააღმდეგო შინაარსის გამონათქვამები გვხვდება და ზოგი რუსეთის საწინააღმდეგო. ასე ხდება, როგორც სასულიერო პირთა შორის, ასევე საერო პირთა და ჟურნალისტებს შორისაც… სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოთხოვნა არ დგას დღეს საზოგადოებაში, პირიქით,” – წერილობით გვიპასუხა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი გვეუბნება, რომ კარგად ნაცადი რუსული ხრიკია, როცა ტყუილს დემოკრატიად და თავისუფალ სიტყვად ასაღებ.

“ადრე არ იცოდნენ ეგეთი ამბები. ახლა დემოკრატიის იარაღის გამოყენება ისწავლეს. ჰიბრიდულ ომში ხომ რუსეთი მეტს არაფერს  აკეთებდა. მაგალითად, “რაშა თუდეიზე” საუბრობდა, სიყალბეს და სიცრუეს რომ ავრცელებს, ეგ არის გამოხატვის თავისუფლება, მაგათ აქვთ ალტერნატიული აზრი და შენ რა, ალტერნატიულ აზრს ებრძვიო?  მაგას გეკითხებიან. რუსეთის გადასარევი მოსწავლეები არიან….”

თუ გაინტერესებთ ინფორმაცია იმ სასულიერო პირებზე, რომლებიც უკრაინას მხარს არამხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უჭერდნენ, მაშინ გადადით ბმულზე და გააგრძელეთ კითხვა.

უკრაინის მხარდამჭერი სასულიერო პირები


პროექტი მომზადებულია Journalismfund.eu-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები, შეიძლება, არ ასახავდეს დონორის პოზიციას.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, გავაგრძელოთ რუსული პროპაგანდის საკითხების კვლევა, მაშინ დააფინანსეთ "აი, ფაქტი"
Next
უკრაინის მხარდამჭერი სასულიერო პირები
რუსეთის საამებლად 1

უკრაინის მხარდამჭერი სასულიერო პირები

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share