fbpx
ვიქტორ ჯაფარიძე - პარლამენტარობის ხიბლი

პარლამენტარობის ხიბლი: როგორ გამდიდრდა მესტიის “ფეოდალი” ვიქტორ ჯაფარიძე

ეს ამბავი “რუსული კანონის” თანაავტორისა და ხელმომწერის, მილიონერი ქართველი პარლამენტარის, ვიქტორ ჯაფარიძის გამდიდრებაზეა, რის უკანაც დეპუტატის გაუმჭვირვალე საქმიანობაც იმალება. ჯაფარიძე, რომელიც ამ კანონით, თითქოსდა, გამჭვირვალობის მომხრეა, თავად ოსტატურად მალავს შემოსავლებს და მუდმივად მზარდ ქონებას.

“მდუმარე დეპუტატობის” ხარჯზე იხვეჭს ფულს, გავლენას, ამდიდრებს საკუთარ გარემოცვას და რაც მთავარია, აქტიურად ემზადება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ქართველ დეპუტატთა რიგებში დღეს ასეთი არაერთი “მდუმარე მილიონერია”, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენა და ძალაუფლების შენარჩუნება სურს.

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოგიყვებით:

  • როგორ გაიკვალა ვიქტორ ჯაფარიძემ გზა დიდი პოლიტიკისკენ;
  • როდის და რატომ, რის ხარჯზე გააქტიურდა “პოლიტიკურად მდუმარე” დეპუტატი;
  • როგორ იზრდებოდა მისი და მისი ოჯახის ქონება;
  • რას ფლობენ ჯაფარიძეები დღეს სვანეთსა და მის გარეთ;
  • რა გავლენები აქვს ვიქტორ ჯაფარიძეს სვანეთში;
  • რატომ უწოდებენ მას “ ფეოდალს” და რას ფიქრობენ მასზე მის მშობლიურ კუთხეში.

სანამ ვიქტორ ჯაფარიძე “ქართული ოცნების” შვილობილ “ხალხის ძალას” შეუერთდებოდა და საზოგადოებას “რუსული კანონის” ერთ-ერთ ავტორადაც მოევლინებოდა, 2012 წლიდან 2022 წლამდე ის მმართველი პარტიის წევრი იყო. 2022 წელს, “მდუმარების” წლების შემდეგ, ვიქტორ ჯაფარიძე შესამჩნევად გააქტიურდა – ჯერ პროსამთავრობო და პროპაგანდისტული ტელევიზიის, “პოსტვ”-ის 52%-ანი წილი იყიდა 520 000 ლარად და ამ გარიგებით ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, შემდეგ კი, მალევე შეუერთდა “ხალხის ძალას”, რომელმაც 4 თვეში “რუსული კანონი” წარადგინა.

კანონი, რომელსაც მისი ავტორები ჯიუტად მოიხსენიებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონად და რომელიც, ვითომდა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისგან ფინანსურ გამჭვირვალობას მოითხოვს, სინამდვილეში, მიზნად ისახავს ქვეყანაში ხელისუფლების გამკრიტიკებელი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის გაქრობას.

ეს განზრახვა მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წლის 29 აპრილსაც, რუსთაველზე შეკრებილი ხალხისადმი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვიდანაც, როცა მან თქვა, სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ და “კანონიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ამას ემსახურებაო.

2023 წლის მარტში, “რუსული კანონის” პირველი მოსმენით მიღებას თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ ფონზე, პარლამენტმა უკან გაიწვია კანონი, რომელსაც საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი ეწინააღმდეგებოდა.

თუმცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ”, ოდნავ სახეცვლილი იგივე კანონი პარლამენტში ისევ შეიტანა და სამი მოსმენით მიიღო. ვიქტორ ჯაფარიძემ ამ კანონს სამივეჯერ მხარი დაუჭირა. მოგვიანებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაშიც მონაწილეობდა.

აშშ-სგან “რუსული კანონის” ხელმომწერ პირებს სანქციები ელით. აშშ-მ სანქციების პირველი პაკეტი 6 ივნისს გამოსცა – 30-ზე მეტ პირს, რომელთა ზუსტი ვინაობა ჯერ კიდევ არაა ცნობილი, აეკრძალათ აშშ-ში შესვლა. სანქციები ელით არა მხოლოდ მათ, ვინც “რუსული კანონის” მიღებით დემოკრატიას საფრთხე შეუქმნა, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

როგორც ჩანს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან წამოსულმა ამ ამბავმა ვიქტორ ჯაფარიძეც ააღელვა: “რა დააშავა ჩემმა შვილმა, ვთქვათ, მე რამე დავაშავე, ეგ არის დემოკრატია?” – ასე დასვა კითხვა ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა.

დეპუტატის დეკლარაცია – რა ქონებას აჩენს და რას მალავს ვიქტორ ჯაფარიძე?

ვიქტორ ჯაფარიძის და მისი ოჯახის ქონება მოიცავს თითქმის ყველაფერს: ბინებს, მიწებს, ბენზინგასამართ სადგურებს, სხვადასხვა პროფილის კომპანიებს, სასტუმროებს, ჰესებს. რომ აღარაფერი ითქვას სახელმწიფო შესყიდვებსა და სხვა სარფიან ბიზნეს გარიგებებზე. 

სხვისი საქმიანობის გამჭვირვალობის გულმხურვალე მხარდამჭერის ქონებრივი დეკლარაცია, საჯარო სამსახურის ბიურომ 2018, 2019, 2020 და 2022 წლებში შეამოწმა და ოთხივეჯერ უარყოფითი დასკვნა დაწერა. ჯაფარიძემ დეკლარაციებში სრულად არც საკუთარი ქონება მიუთითა და არც  ოჯახის წევრების. არასრულად იყო მითითებული ინფორმაცია მის სამეწარმეო საქმიანობაზე, შემოსავლებზე, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებსა თუ ხარჯებზე.

დეპუტატს ტრადიციისთვის არც 2023 წელს უღალატია. ბოლო დეკლარაცია მან 2023 წლის დეკემბერში შეავსო, რომელშიც 2022 წლის მდგომარეობაა ასახული. ჩვენ ღია წყაროებიდან შევაგროვეთ ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი ოჯახის წევრების 2022 წლის ფინანსური თუ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში გამოტოვებული ინფორმაციაც.

  • ვიქტორ ჯაფარიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის,  ნათია ხვისტანის მიერ 2022 წელს, 800 000 ლარად გაყიდული შპს  “all season-ის” წილის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ  800 000 ლარის შემოსავალი დამალა.
  • დეკლარაციაში არც “შპს სეტი+”-ს შემოსავალია ასახული. ეს ის კომპანიაა, რომელიც დეპუტატის კუთვნილ სასტუმრო “ფოსტას” ფლობს და მხოლოდ ამ კომპანიას, 2022 წელს, 126 000 ლარზე მეტის გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა. უცნობია, რა შემოსავალი მიიღო სასტუმრომ 2022 წელს ფიზიკური პირებისგან.
  • დეკლარაციაში მოხვდა შპს “ქცია 94”, რომლის 66.9%-ს ასევე ჯაფარიძის მეუღლე ფლობს. თუმცა, რატომღაც, დეპუტატს ისევ “გამორჩა” კომპანიის მოგების შესახებ ინფორმაცია – ეს მაშინ, როცა კომპანიის 2022 წლის სუფთა მოგება 859 530 ლარი იყო.
  • დეკლარაციაში არც გასავალი ჩანს. მაგალითად, ტელეკომპანია “პოსტ ტვ”-ს წილისთვის გადახდილი 520 000 ლარი.

ვიქტორ ჯაფარიძეს, სატელეფონო ინტერვიუს დროს, ვკითხეთ, რატომ არ შეაქვს სრული ინფორმაცია საკუთარ ქონებასა და შემოსავლებზე დეკლარაციაში, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ის “გამჭვირვალობის” კანონის ერთ-ერთი თანაავტორია.

ვიქტორ ჯაფარიძის სახლი - სეტის მოედანი
ჯაფარიძეების სახლი მესტიაში

გვითხრა, რომ მას ყველაფერი კანონიერად აქვს შევსებული და თუ რაიმე დარღვევა ვუპოვეთ შეგვიძლია, ვუჩივლოთ. მისი რჩევისამებრ, ჩვენ დეპუტატის დეკლარაციის შემოწმება ანტიკორუფციულ ბიუროს ივლისში ვთხოვეთ. მათ გავუგზავნეთ ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ დეპუტატს მისი და მისი ოჯახის ქონება დეკლარაციაში სრულად არ აუსახავს.

ვიქტორ ჯაფარიძის ორი შვილი, ოთარი და ეკა მთავრობის სხვადასხვა რგოლში დასაქმებულიც იყვნენ. უფროსი ვაჟი, ოთარ ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, სულ მცირე 2024 წლის დასაწყისამდე.

ეკა ჯაფარიძე 2024 წლის თებერვლამდე მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პროტოკოლის სამსახურში მუშაობდა. მისი ახლანდელი თანამდებობა უცნობია, თუმცა მის სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად ისევ მთავრობის ადმინისტრაციაა მითითებული. 

პარალელურად კი, ჯაფარიძის სამივე შვილის კომპანიები აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. მაგალითად, უმცროსი შვილის, 19 წლის გიორგი ჯაფარიძის კუთვნილ კომპანიებს, ჯამში, 9.2 მილიონი ლარის ხელშეკრულებები აქვს მიღებული.

მარნეულის მრეწველობის კომბინატიდან “დიდ პოლიტიკაში”

ვიქტორ ჯაფარიძე 1966 წელს მესტიაში დაიბადა. 1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, წარმოების ეკონომიკისა და  მართვის სპეციალობით. 2 წელში მარნეულში, კოოპერატიული მრეწველობის კომბინატში დასაქმდა, სადაც ერთი წელი იმუშავა. შემდეგ იყო 1995-1999 წლები, როცა ის მარნეულის პურ-პროდუქტების კომბინატის დირექტორია. 1999-2000 წლებში კი  მარნეულის “ელექტროქსელს” ხელმძღვანელობს.

2000-2002 წლებში ვიქტორ ჯაფარიძე სს “ქვემო ქართლის ენერგო კომპანიის” სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფო წარმომადგენელი გახდა. 2002-2004 წლებში კი, საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

1999 წლიდან 2004 წლამდე, მესტიაში მაჟორიტარი დეპუტატი ლევან პირველი იყო. თბილისის ყოფილი მერისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრის, გიგი უგულავას თქმით, სწორედ ლევან პირველმა “მოიყვანა” ვიქტორ ჯაფარიძე მესტიის მაჟორიტარ დეპუტატად პარლამენტში 2004 წელს, სადაც შემდგომი სამი წელი ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარების” წევრი იყო, 2007-2008 წლებში კი – ფრაქცია “ჩვენი საქართველოს” წევრი.

2010-2012 წლებში ვიქტორ ჯაფარიძე მესტიის საკრებულოს წევრი იყო.

2010 წლიდან ჯაფარიძის გარემოცვის წევრებს იჭერენ. მათ შორის, მისი ბიძაშვილის ცოლს, მესტიის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ნელი ნავერიანს. მის დაპატიმრებას თავად ჯაფარიძე მესტიის მოქმედი გამგებლის, გოჩა ჭელიძის, სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა კვიციანისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ინტერესებს უკავშირებდა.

ამ პატიმრობას მაშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ვისაც ჯაფარიძე დღეს უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს – სამოქალაქო სექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებდა და ნავერიანის საქმე, რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში, სწორედ მათი დახმარებით მოხვდა, როგორც შესაძლო პოლიტიკური ანგარიშსწორება.

2012 წელს ვიქტორ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ კოალიციას შეუერთდა და პარლამენტში “ქართული ოცნების” მესტიის მაჟორიტარ დეპუტატად დაბრუნდა. 2016 წლიდან კი უკვე “ოცნების” პარტიულ სიაშიცაა.

ჯაფარიძის სადეპუტატო საქმიანობა, ძირითადად, სხვების მიერ ინიცირებული კანონპროექტების მხარდაჭერით შემოიფარგლება. დეპუტატობის დროს მან 13 121 კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 51 კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი. მათი დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ინიციატივები იყო. 

ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტში

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლამდე ვიქტორ ჯაფარიძე თავად არც ერთი კანონპროექტის ავტორი ან ინიციატორი არ ყოფილა. 2019 წლის შემდეგ “ხალხის ძალაში” მოსვლამდე, ის სულ 4 კანონში შესატანი ცვლილების თანაავტორი იყო. 2023-2024 წლებში, “ხალხის ძალაში” ყოფნის პერიოდში, გახდა თანაავტორი ამ ინიციატივების:

  • კანონპროექტი “სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“;
  • კანონპროექტი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
  • საქართველოს კონსტიტუციური კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში  ჯაფარიძეს “მდუმარე დეპუტატის” სტატუსი არაერთხელ მიანიჭა. როგორც ჩანს, ეს პარლამენტარისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. 2016 წელს საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ  “კანონის წარდგენა მხოლოდ მთავრობის საქმეა” და არა პარლამენტარის.

ვიქტორ ჯაფარიძე, მმართველ პარტიას, სვანეთის მოსახლეობის ხმების გარდა, ფინანსებითაც ამარაგებს – ის “ოცნების” ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია. 2014 წლიდან, მან, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და ოჯახის წევრებმა “ქართულ ოცნებას” 558 000 ლარი შესწირეს. აქედან 175 000 პირადად ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი მეუღლის შეწირულობაა. თუმცა, არცერთი შეწირულობა დეკლარაციაში არ მოხვედრილა. ქართული ოცნების გარდა ჯაფარიძე ახლა “ხალხის ძალას” აფინანსებს და 2024 წლის აპრილსა და მაისში მას 38 ათასი ლარიც შესწირა.

უძრავი ქონების მოხვეჭის გზაზე – დიდგორი და სხვა მიწები

ვიქტორ ჯაფარიძის პოლიტიკაში ყოფნა თავად ქართულ პოლიტიკას ვერა, მაგრამ მისი ოჯახის ქონებას კი სასიკეთოდ დაეტყო.

ამ გრაფიკაზე მოცემულია, რა თანმიმდევრობით შეიძინეს ჯაფარიძემ და მისმა ცოლმა უძრავი ქონება მთელი საქართველოს მასშტაბით. ზრდის დინამიკას 2004 წლისა და 2024 წლის ქონებების შედარებით მიხვდებით.

ვიქტორ ჯაფარიძის ქონება 2024 წლის მონაცემებით

ახლა ჯაფარიძეები მესტიაში 32 ათას კვ.მ. მამაპაპისეულ მიწას ფლობენ და ამ ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია დეპუტატმა 2010 წლიდან ანუ იმ დროიდან დაიწყო, როცა მესტიის საკრებულოს წევრი იყო. ამ მიწების დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრშია. იქვეა მისი ცნობილი სასტუმრო “ფოსტაც”, სეტის მოედანზე.

ისევე როგორც  ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის საცხოვრებელი სახლები. მათ ეზოებში “საქართველოს ბანკის” და მარკეტ “ნიკორასთვის” გამოყოფილი შენობები დგას. 2019 წლის ივნისში, კომპანია “ნიკორამ” ერთ-ერთი შენობა 5-წლიანი იჯარით იმ პირობით აიღო, რომ თვიური ბრუნვის 4%-ს ჯაფარიძეებს გადაუხდიდა.

საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ვადგენთ, რომ დეპუტატმა საკუთარ მიწაზე მდგომი ოთხი შენობიდან სამი მშენებლობის ნებართვის გარეშე მიაშენა.

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ამ მშენებლობისთვის ვიქტორმა “საკუთარი ეზო გააფართოვა” და არც თუ უმიზეზოდ: დეპუტატის დეკლარაციის მიხედვით, 3 წელიწადში მან, მხოლოდ ამ ქონების გაქირავებით, 178 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

დეპუტატის შვილმა, ოთარმა კი, “საქართველოს ბანკს” ფართი 2030 წლამდე იჯარით თვეში 1 750 დოლარად დაუთმო. 2020 წლის თებერვლიდან დღემდე მან იჯარიდან 88 000 დოლარის შემოსავალი მიიღო. 

1 400 კვ.მ-მდე ფართობის მიწა აქვს ვიქტორ ჯაფარიძეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორშიც, სადაც დღემდე ცხოვრობენ 1987 წლის სვანეთიდან წამოსული ეკომიგრანტების შთამომავლები. დღეს დიდგორში კვადრატული მიწა 20-25 დოლარი ღირს.

ვიქტორ ჯაფარიძის დიდგორის სახლი
შენობა, რომელიც ჯაფარიძეს ეკუთვნის დიდგორში

ორსართულიანი, ძველი მიტოვებული შენობა, რომელსაც იქვე მცხოვრები მეზობელი პირუტყვის სადგომად და თივის შესანახად იყენებს, ჯაფარიძემ 2023 წლის თებერვალში დაიკანონა.

საჯარო რეესტრის დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მან  ეს მიწა ჯერ თვითნებურად დაიკავა. თუმცა, ბოლოს მეზობლების დასტურის დახმარებით დაიმტკიცა.

ამ მიწის, როგორც მამამისის საკუთრების, გაფორმების პროცესი დეპუტატმა 2022 წლის აპრილში დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი დეპუტატს რეესტრმა ორჯერ შეუჩერა.

ვიქტორ ჯაფარიძის თვითნებურად დაკავებული მიწა
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

მიწის გაფორმების შემდეგ ეტაპზე,  დეპუტატმა ინფორმაციის გამოთხოვა მის ძმასა და საკუთარ  თავზე დაიწყო, თუმცა, ვერც საჯარო რეესტრში დაცულ არქივში, ვერც ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში და ვერც შემოსავლების სამსახურში ვერანაირი დოკუმენტაცია ვერ მოიძებნა საკუთრების დასადასტურებლად.

ბოლოს დეპუტატმა მესტიის რაიონის სახალხო დეპუტატის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ბილეთი წარადგინა, რომლითაც მის ძმას, ქართლოს ჯაფარიძეს უფლება ეძლეოდა, 1987 წელს გადასახლებულიყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტ სოფელ ორბეთში და თან წაეყვანა მისი ძმა ვიქტორი.

იმ დროს, ვიქტორი სტუდენტი იყო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. ვიქტორ ჯაფარიძის ძმა ქართლოსი 1989 წელს, მესტიაში გარდაიცვალა. დიდგორის სახლში არასოდეს არავის უცხოვრია, თუმცა დეპუტატმა მისი დაკანონება 2023 წელს მაინც შეძლო.

სასტუმრო “ფოსტა– პარლამენტარის სავიზიტო ბარათი

ჯაფარიძის “ფოსტა” მესტიაში ცნობილი სასტუმროა – თავისი დახურული საცურაო აუზითა და საკუთარი სპა ცენტრით, ფოსტას” სტუმარი არასოდეს აკლია. 

ვიქტორ ჯაფარიძის სასტუმრო ფოსტა
სასტუმრო ფოსტა მესტიაში, ფოტო აღებულია www.booking.com-დან

ეს სახელი სასტუმროს იმიტომ დაარქვეს, რომ საბჭოთა დროს, ეს მართლა ფოსტის შენობა იყო. 2001 წელს ჩატარებული აუქციონის დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ ძველი შენობიდან სამი კედელიღა იყო შემორჩენილი. სწორედ ამ აუქციონზე გამოუჩნდა აქაურობას ახალი მფლობელი: 416 კვ.მ. ფართის შენობა თავისი 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, ჯაფარიძის მეგობრის, ოთარ ჩართოლანის მამამ, ადილარ ჩართოლანმა 3 000 დოლარად იყიდა. 2014 წლამდე, ოფიციალურად, ეს ქონება  ადილარ ჩართოლანს ეკუთვნოდა. თუმცა, მისი ერთ-ერთი ფაქტობრივი განმკარგავი ვიქტორ ჯაფარიძე იყო.

2022 წლის დეკემბერში, “მთავარ არხთან” ჯაფარიძემ თავად მოჰყვა, 2011 წელს, როგორ წაართვა “ნაციონალური მოძრაობის” “სისხლიანმა რეჟიმმა” მას სასტუმრო “ფოსტა” იმის გამო, რომ “ფასადის გაკეთების ხარჯები თავად არ აანაზღაურა”.

ჩვენ მოვიპოვეთ 2012 წლის სასამართლოს განჩინებაც, რომელშიც წერია, რომ მესტიის მერიამ მართლაც მოითხოვა შენობის დაყადაღება ხარჯების აუნაზღაურებლობის გამო. ოღონდ იმ დროს, ეს შენობა ადილარ ჩართოლანს ეკუთვნოდა და დოკუმენტებში ჯაფარიძე ნახსენები არსადაა. მაშინ შენობა მართლაც დააყადაღეს. მაგრამ ჯაფარიძის “ქართული ოცნებაში” გაწევრიანების შემდეგ  “ფოსტის” “ოქროს ხანა” დაიწყო.

შენობას არათუ ყადაღა მოეხსნა, 2013 წელს “ქართუ ბანკმა” ადილარ ჩართოლანს, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც მისი შვილი – ვიქტორ ჯაფარიძის ძველი მეგობარი და შემდგომში მუდმივი ბიზნესპარტნიორი, ოთარ ჩართოლანი იყო, იპოთეკურ სესხი, 210 000 დოლარი მისცა.

ერთი წლის შემდეგ, ოთარ ჩართოლანმა ფოსტის შენობა და მიწა “თავისი თავისგან” იყიდა შემდეგი სქემით: რადგან ოთარ ჩართოლანი მამამისის მინდობილი პირი იყო, ნოტარიუსთან მხოლოდ თავად გამოცხადდა. მყიდველის და გამყიდველის გრაფაზეც თავად მოაწერა ხელი. გარიგება 2014 წლის 22 ივლისს 100 000 ლარად შედგა.

ქონების ახალმა მეპატრონემ, ოთარ ჩართოლანმაც ისარგებლა “ქართუ ბანკის” იპოთეკური სესხით. 2015 წელს მანაც, მამამისის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის ბანკისგან 210 000 დოლარი ისესხა.

“ქართუსთან” გაფორმებული ამ გარიგებიდან შვიდი თვის შემდეგ კი, “ფოსტის” თანამფლობელად უკვე ვიქტორ ჯაფარიძე გვევლინება. მან 2016 წლის 29 ივლისს  ქონების ერთი მესამედი ოთარ ჩართოლანისგან 30 000 ლარად იყიდა.

2017 წლის 29 ივლისს მას ბანკმა “ქართუმ” იპოთეკური სესხი გააუქმა. მთავრობამ კი “ფოსტისკენ” ახალი ფინანსური ნაკადი მიმართა – 2017-2020 წლებში პროგრამა “აწარმოე საქართველოდან” ჯაფარიძის ბიზნესმა სასტუმროს მშენებლობა-გაფართოებისთვის 528 150 ლარის დაფინანსება მიიღო, საიდანაც პირველი სუბსიდია კომპანიის რეგისტრაციიდან 12 დღეში – 2017 წლის 26 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა.

“ფოსტის” ამბავი ამით არ სრულდება – გავა რამდენიმე წელი და სასტუმროს კიდევ 33-ნომრიანი ფლიგელი დაემატება. ამ ამბის წინაპირობები კი ასეთი იყო:

ვიქტორ ჯაფარიძემ “იძულებული გახადა” ბიზნესმენი გოგი გულორდავა, მისთვის  შპს “all season”-ის წილი მიეყიდა. ეს კომპანია მესტიის ცენტრში, სეტის მოედანზე, ჯაფარიძის სასტუმრო “ფოსტის” გვერდით, მიწას ფლობდა, სადაც ახალი სასტუმროს გახსნას გეგმავდა. 2012 წელს, 1 700 კვ.მ მიწა გულორდავას სახელმწიფოსგან 1 ლარად გადაეცა. სანაცვლოდ კი კომპანია ვალდებული იყო, ამ ტერიტორიაზე 14 თვეში 2.7 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო.

გულორდავამ სასტუმრო არქიტექტორული ნებართვის გარეშე ააშენა, შენობის ნაწილი, დაახლოებით 60 კვ.მ, ვიქტორ ჯაფარიძის კუთვნილ მიწაზე ხვდებოდა, რის გამოც, მესტიის მერია ექსპლუატაციაში მის მიღებაზე უარს აცხადებდა.

გულორდავას კომპანია ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჯარიმდებოდა. 2015 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაწესებული ჯარიმა, 132 500 ლარი ჩამოაწერა. 

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 2016 წელს მესტიის მერიას “all season’’-მა სასამართლო დავაც მოუგო. სასამართლომ მერიას დაავალა, შეეწყვიტა კომპანიისთვის უკანონოდ ხელის შეშლა და სასტუმროს ამოქმედების ნებართვა გაეცა. მიუხედავად ამისა, კომპანიის წერილებით ვიგებთ რომ, “all season” იმავე საკითხზე დახმარებას ეკონომიკის სამინისტროს 2017 წელსაც სთხოვდა.

სასამართლოდან 2 წელში, 2018 წლის ივნისში, “all season”-ის მეწილე ვიქტორ ჯაფარიძის ცოლი ნათია ხვისტანი ხდება. ხვისტანმა ჯერ კომპანიის 30% იყიდა 166 500 აშშ დოლარად, 2019 წელს კი  კიდევ 20% დაიმატა 100 ათას დოლარად. ზუსტად იმავე ფასად და იმავე თარიღებში იყიდა ამავე კომპანიის წილები ჯაფარიძის მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა, ოთარ ჩართოლანმაც.

ახალი მფლობელების შემოსვლიდან 2 თვეში, აგვისტოში მათ სამინისტროს აცნობეს, ქონების  მფლობელები შეიცვალა, სადავო ნაკვეთზეც მოვრიგდით და ხელისშემშლელი პირობები აღარ არსებობსო, მაგრამ ვალდებულებების შესასრულებლად ვადის 2 წლით გაზრდა მაინც გვჭირდებაო.

2021 წლის მარტში, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე ახალი ბრძანებით, კიდევ ერთხელ გაათავისუფლა კომპანია ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან და 2021 წლის ზაფხულზე ამ შენობაში სასტუმრო “ფოსტის” 33-ნომრიანი ფილიალი გაიხსნა – თავისი საცურაო აუზით, საუნით, საბავშვო ცენტრით, ღია და დახურული ტიპის ტერასებით, ბარით.

ამ სასტუმროს გაფართოებისთვის 5 მილიონი ლარის ინვესტიცია დასჭირდათ, თანხის 15% “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (ebrd) თანადაფინანსება იყო.

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან” დაფინანსებული ორგანიზაციები ვიქტორ ჯაფარიძის მხარდაჭერილი კანონის თანახმად, “უცხოური გავლენის აგენტები” გახდებიან.

2022 წლის აგვისტოში, ნათია ხვისტანმა მისი წილი (50%) ოთარ ჩართოლანს 800 000 ლარად მიჰყიდა. ვიქტორ ჯაფარიძეს ტელეფონზე როცა ვესაუბრეთ, გვიმტკიცებდა, სასტუმრო “ფოსტა” ჩემი აღარ არის, გავყიდეო.

ახლა საქმე რაშია: სასტუმრო “ფოსტის” შენობებს ორი კომპანია ფლობს, შპს “სეტი+” და შპს “all season”. პარლამენტარის ცოლმა გაყიდა შპს “all season”-ის წილი, თუმცა შპს “სეტი+” კვლავ ჯაფარიძეების საკუთრებაა.

სახელმწიფო ტენდერებში სასტუმრო “ფოსტას” კვლავ შპს “სეტი +” წარმოადგენს და ხელშეკრულებებს სტუმრების განთავსებაზე სწორედ ამ კომპანიის დირექტორი, არჩილ მესხიძე აწერს ხელს. შპს “სეტი+”-ს 33%-ს ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს და შესაბამისად მოგების მესამედიც მასთან მიდის. 

ჯაფარიძის სასტუმროსთან მთავრობის სხვადასხვა უწყებები, პირდაპირ, ტენდერის გარეშე დღემდე აფორმებენ ხელშეკრულებებს სხვადასხვა მომსახურებაზე.

ვიქტორ ჯაფარიძის საკუთრებაში არსებული სასტუმრო "ფოსტა"

ამ ტენდერების შემსყიდველები უმეტესად არიან მესტიის მერია, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, ეროვნული მუზეუმი და სახელმწიფო კომპანიები. სასტუმროსთან გაფორმებული ამ კონტრაქტების მიზანი სტუმრების განთავსება ან კვებით მომსახურებაა.

საოჯახო ბიზნესები – კაფე, ჰესი თუ ტელევიზია

ჯაფარიძის დეკლარაციის მიხედვით, მას 2004 წელს, როცა პარლამენტარი გახდა, თბილისში ერთი ბინა და ერთი სახლი ჰქონდა. მისი ცოლი, ნათია ხვისტანი კი ფლობდა ორი კომპანიის, შპს “სეტის” (რომელსაც ახლა ეკონომიკური აქტივობები აღარ აქვს) და შპს “ქციას” წილებს – ამ კომპანიებიდან, მაშინ წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 40 000 ლარი იყო.

ჩამოთვლილ უძრავ ქონებასა და კომპანიებს პარლამენტარის ოჯახმა კიდევ ბევრი რამ მიუმატა.  ქონებისა და ბიზნესის ძირითადი ნაწილი მეუღლესა და შვილების სახელებზეა გაფორმებული.

2024 წლისთვის ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახი ოფიციალურად 15 კომპანიის მეწილე და 22 უძრავი ქონების მფლობელია. ცალკეა ის ქონება, რომელსაც მათი კომპანიები ფლობს.

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახის ქონება - 2024 წლის მონაცემებით

ჯაფარიძის ოჯახის კომპანიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამ რუკაზე იპოვით. აქვე გიყვებით იმ კომპანიებზე, რომელიც მათ აღარ ეკუთვნით, თუმცა მესტიის მკვიდრების მონათხრობისა და სხვადასხვა დოკუმენტური წყაროს მიხედვით, ისევ მათ ოჯახთანაა

ჯაფარიძეების შემოსავლები ტენდერებიდან

ვიქტორ ჯაფარიძის ოჯახი შემოსავალს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერებიდანაც იღებს. ჩვენ დავთვალეთ, რომ ჯაფარიძეების ოთხმა კომპანიამ (შპს “სეტი+”, შპს “ტობ კონთრაქშენი”, შპს “ექსპერტ ჰაუსი” და შპს “ავენიუ 106”) ბოლო 6 წელში, ჯამში, 10 მილიონ ლარამდე ხელშეკრულებები მიიღო. ამ თანხის ნახევარზე მეტი შპს “ექსპერტ ჰაუსს”-ზე მოდის. ამ კომპანიას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფო უწყებებთან 5.6 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. 

შპს “ექსპერტ ჰაუსი” პარლამენტარის შვილმა, ოთარ ჯაფარიძემ 2016 წელს სამ მეწილესთან ერთად დააფუძნა. ოთარი კომპანიაში ფლობდა 43%-იან წილს, რომელიც 2023 წლის მარტში მის 18 წლის ძმას, გიორგი ჯაფარიძეს 300 000 ლარად მიჰყიდა.

ეს კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019-2021 წლებში შპს “ექსპერტ ჰაუსის” მიერ შემოწმებული 11 პროექტი ხელახლა გადაამოწმა და ყველგან პრობლემები აღმოაჩინა. ამის მაგალითია გურჯაანის მერიის მიერ ჩაბარებული მშენებლობის 5 პროექტი, რომლებიც მალევე დაზიანდა. იგივე მოხდა ხობში, ზუგდიდსა და ბოლნისშიც. საუბარია საბავშვო ბაღების, გზების თუ სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე.

აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებული ამ 11 პრობლემური პროექტის ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარამდეა. მიუხედავად ამისა, შპს “ექსპერტ ჰაუსისთვის”, რომელმაც სამუშაოს ხარისხი სათანადოდ არ შეაფასა, პასუხი არავის მოუთხოვია. ის ისევ აგრძელებს ტენდერებში მონაწილეობას და ისევ იღებს გარიგებებს პირდაპირ, უკონკურსოდ.

ივნისის დასაწყისში, შპს “ ექსპერტ ჰაუსს” ხელშეკრულება უკვე მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამაც გაუფორმა. კომპანიას დაევალა, 2024-2025 წლებში მესტიაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა. ამისთვის კი 924 000 ლარს მიიღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

საექსპერტო კომპანიის გარდა, ოთარ ჯაფარიძეს 50%-ანი წილი ჰქონდა შპს “ტობ კონსტრაქშენშიც”, რომელიც მესტიაში, სოფელ მულახში ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს. 2017 წელს, მას შემდეგ, როცა პარლამენტარის შვილმა ამ კომპანიის წილის ნახევარი 500 ლარად იყიდა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანიას მაღალმთიან რეგიონში მოქმედი საწარმოს სტატუსი. ამგვარად შპს “ტობ კონსტრაქშენს” საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება მიეცა. ერთი წლის შემდეგ კი “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის” მიერ გამოცხადებული ორი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო. ორივე ხელშეკრულების საერთო ღირებულება 3.6 მილიონი ლარი იყო.

ჩნდება ეჭვი, რომ ტენდერი ჯაფარიძის კომპანიაზე იყო მორგებული: სახელმწიფო სამშენებლო კომპანია 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში ითხოვდა, მისთვის ქვიშა-ხრეში ისეთ კომპანიას მიეწოდებინა, რომელსაც არანაკლებ 50 მ3/სთ წარმადობა ჰქონდა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი იფარიდან 30 კილომეტრის რადიუსშიც ექნებოდა საწარმო. ამ მოთხოვნებს  მხოლოდ  ჯაფარიძის შვილის კომპანია აკმაყოფილებდა.

“ტობ კონსტრაქშენიც” ოთარმა 18 წლის ძმას, გიორგის 2023 წლის მარტში, 400 000 ლარად მიჰყიდა.

შვილების გარდა, სახელმწიფო შესყიდვებით სარგებლობს პარლამენტარის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანიაც. ის შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისის” მეწილე 2015 წლის ნოემბერში გახდა, შემდეგ კი მთლიანი წილი ცოლს, მაია ჭელიძეს აჩუქა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის მეწილე ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმა გახდა, სახელმწიფო უწყებებმა შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისს” 21 მილიონი ლარის 18 სახელმწიფო ტენდერი მისცეს. ეს კომპანია საიდუმლო შესყიდვებშიც მონაწილეობს, რომელთა  ღირებულებაც, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევით, 2023 წლის აპრილამდე, 13.1 მილიონ ლარამდე იყო.

“ყველას უყვარს ვიტია”

ფული და ძალაუფლება ვიქტორ ჯაფარიძეს იმის შესაძლებლობასაც აძლევს, რომ სანათესავო მესტიის მერიაში ჰყავდეს დასაქმებული. მაგალითად, მესტიის მერის პირველი მოადგილე, ნელი ნავერიანი მისი ბიძაშვილის ცოლია; საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე კი მისი ბიძაშვილია. მერის მრჩეველი, ლევან კიკვიძე კი ჯაფარიძის დისშვილია. პარლამენტარის ნათესავების შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაშიც ფართოდაა გავრცელებული.

მესტიელები ვიქტორ ჯაფარიძეზე ღიად ლაპარაკს ერიდებიან. იქ ინტერვიუს ღიად არავინ თანხმდება და ანონიმურობის პირობის მიცემის შემდეგაც კი მათი პასუხები მოზომილია. ზოგიერთი რესპონდენტი თავს არიდებდა ისეთ მარტივ და უმნიშვნელო კითხვებსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, რა ერქვა ვიქტორის მამას, რა ხდებოდა სასტუმრო “ფოსტის” ადგილზე ადრე და ა.შ.

ჯერ კიდევ 2020 წელს, მესტიაში ყოფნისას ვნახეთ, როგორ გადაადგილდებოდა ჯაფარიძის ძვირადღირებული “ტოიოტა პრადოების” ესკორტი მესტიის ქუჩებში. ჯაფარიძე, მის ნათესავებთან ერთად, სასტუმრო “ფოსტაში” სადილისთვის ჩერდებოდა ხოლმე. მის გვერდით მაგიდებზე კი მუდმივად ისხდნენ პოლიციელები. სურათი არც ახლა შეცვლილა.

ჯაფარიძის მშობლიურ კუთხეში როცა ადგილობრივს მაინც ვკითხეთ, რეგიონისთვის ჯაფარიძის დამსახურებებსა და გაკეთებულ საქმეებზე რამე თუ ახსენდებოდათ. საქმე ვერავინ გაიხსენა, მაგრამ სამაგიეროდ, მას ახასიათებდნენ როგორც “კარგ ადამიანს, რომელიც მესტიელებს ლუდით უმასპინძლდება”, რომ პირადი შემოსავლით ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც მას სამედიცინო ხარჯების დაფარვას სთხოვს, ოღონდ თან კომენტარად ამატებენ:

“ხალხს რომ ეხმარება (ჯაფარიძე), რატომ ეხმარება თუ იცით? იმიტომ, რომ მერე არჩევნებზე ყური აუწიოს და უთხრას, მოდი შენ აქ და მონობაში იყოლიოს ადამიანები”.

შევხვდით ისეთებსაც, ვინც ვიქტორ ჯაფარიძე “რუსული კანონისთვის” ხმის მიცემის გამო გააკრიტიკა და გვითხრა, თუ აქამდე ხმას მას ვაძლევდი, ახლა აღარ მივცემო. თუმცა, თუ ვინმეს რამე კრიტიკული წამოსცდებოდა, ბოლოს მაინც აზუსტებდა, ამას ხომ არსად გამომიქვეყნებთო…

ანონიმურად საუბრისას რესპონდენტები ვიქტორ ჯაფარიძეს მესტიის “ახალი თაობის ფეოდალად” მოიხსენიებდნენ:

“გავლენები აქვს. ფეოდალია, მისია სვანეთი. ჯერ არაფერი არ გაუკეთებია აქაურობისთვის”.

“ამ მთავრობის ხელში არაფერი კეთდება. სააკაშვილის პერიოდში გაკეთდა რაღაც და მერე ყველაფერი ჩაკვდა. ისე, პიროვნულად კი ეხმარება ხოლმე, ოღონდ მათ, ვისგანაც რამეს მოელის. თუ არადა, არ”.

“არჩევნების წინ ახლა უკვე დაიწყებს ხალხის პატივისცემას, თუ ვინმე მოკვდება, თუ ვინმეს დაბადების დღე ექნება, ბირჟაზე ხალხს თუ დაინახავს ან ლუდს აძლევს ან ასლარიანს ჩაუკუჭავს. მერე ეს ხალხი თავს ვალდებულად თვლის, რომ ხმა ისევ ვიქტორს მისცეს.”

ინტერვიუს შესათანხმებლად ვიქტორ ჯაფარიძეს მობილურზე დავუკავშირდით. პირისპირ შეხვედრაზე უარი გვითხრა და მხოლოდ ხანმოკლე სატელეფონო ინტერვიუზე დაგვთანხმდა. რადგან სრულყოფილი ინტერვიუ შეუძლებელი იყო, ვეცადეთ, ჩვენი კვლევისას გაჩენილი მთავარი კითხვები მაინც დაგვესვა. ვერც ერთ კითხვაზე ამომწურავი და სრული პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან პარლამენტარი წყობიდან გამოვიდა და აგრესიულად გვლანძღავდა.

ინტერვიუს ვიდეოს სახით სრულად გთავაზობთ, რედაქტირების გარეშე.

ვიქტორ ჯაფარიძე არ არის ხელისუფლებაში ყოფნით და ძალაუფლებით ზურგგამაგრებული ერთადერთი პარლამენტარი, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში თავის ქონებას ზრდიდა. საქართველოს პარლამენტში, დღეს 20 დეკლარირებული მილიონერი დეპუტატი მაინც ზის. ამას დავუმატოთ ისინი, ვინც ქონებას საკუთარ სახელსა თუ ოჯახის წევრებზე არასდროს აფორმებს და ვისი სიმდიდრის გამოვლენაც შედარებით რთული საქმეა.

დეკლარირებულ მილიონერ დეპუტატებს შორისაა ისკო დასენი, ბექა ოდიშარია, ნინო წილოსანი, გოჩა ენუქიძე, კობა ნაყოფია, ნატო ჩხეიძე და სხვები. გრძელ სიაში შედიან როგორც “ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციონერი დეპუტატები.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიები, რომლითაც ოქტომბრის არჩევნებზე წარსდგებიან, ჯერ უცნობია. თუმცა კი, საინტერესოა, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, რამდენი მილიონერი დაიჭერს ისევ ხელში დეპუტატის მანდატს და მდუმარედ გააგრძელებს ქონების მოხვეჭას. 

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

მასალა მომზადებულია EU4IM პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კონტენტზე პასუხისმგებელია "აი, ფაქტი" და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს ევროკავშირის ხედვას. 
signal 2024 04 23 144208 002
კომენტარები
Total
0
Shares
Next
ბიზნესმენის პოლიტიკური აღმასვლა – რა გზა გაიარა გიორგი ჭყონიამ “ოცნების” დელეგატობამდე? 
chkonia SUM

ბიზნესმენის პოლიტიკური აღმასვლა – რა გზა გაიარა გიორგი ჭყონიამ “ოცნების” დელეგატობამდე? 

გიორგი ჭყონიას გზა ბიზნესიდან პოლიტიკამდე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share