მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე.
ეს ტექსტი არაა იურიდიული კონსულტაცია. ინფორმაცია მოწოდებულია მხოლოდ სახელმძღვანელო დანიშნულებით.
ბოლო წლებში პრესის თავისუფლება მსოფლიოს არაერთ ნაწილში მზარდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამას ხელს უწყობს არაკეთილსინდისიერი რეჟიმების მიერ დეზინფორმაციასთან გამკლავებისა თუ კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფასადური მიზეზებით დაწესებული შემზღუდველი სამართლებრივი რეგულაციები და ონლაინინფორმაციის კონტროლისა და კრიტიკული ჟურნალისტიკის ჩახშობის უფრო და უფრო კომპლექსური მეთოდები.
ჟურნალისტებს კვლავ ემუქრებათ ძალადობა და პირობითი დაკავება, ასევე, ფარული თვალთვალი, რაც განსაკუთრებულად თვალსაჩინოა კონფლიქტური სიტუაციებისა და არჩევნების პერიოდში. ხშირად პასუხს არავინ აგებს თავდასხმებზე, რომელთა დროსაც ძალოვანი უწყებები და არასახელმწიფო აქტორები ჟურნალისტებზე დაუსჯელად ძალადობენ.
გამომძიებელ ჟურნალისტებს ემუქრებათ უპრეცედენტო რაოდენობის უსაფუძვლო სარჩელებიც. ეს სარჩელები, ე.წ. SLAPP-ები (სტრატეგიული სარჩელი საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ), განკუთვნილია ჟურნალისტებისა და სხვების დასაშინებლად, ვინც გააკრიტიკებს ძალაუფლების მქონე პირებსა და კორპორაციებს. სარჩელები ხშირად ეყრდნობა უსარგებლო, წვრილმან ან გაზვიადებულ ბრალდებებს და ძირითადად, აღიძვრება ჟურნალისტსა თუ ადამიანის უფლებების დამცველზე წნეხის განსახორციელებლად.
გამოხატვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისათვის კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ონლაინინფორმაციის კონტროლი. იქედან გამომდინარე, რომ არაერთ ქვეყანაში ტრადიციული მედიისთვის გარემო განსაკუთრებულად მკაცრი და რეპრესიულია, ინტერნეტი ხშირად თავისუფალი და დამოუკიდებელი სიტყვის ერთადერთი პლატფორმაა. სხვადასხვა მთავრობა არაერთი გზით ესხმის თავს ონლაინსიტყვას. ბევრ იურისდიქციაში ინტერნეტი მკაცრად კონტროლდება პერიოდული დაბლოკვის ან ვებგვერდების უწყვეტი ფილტრაციის საშუალებით.
დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის პრაქტიკა უზარმაზარი გამოწვევების წინაშე დგას, დაწყებული ავტორიტარული რეჟიმებით, რომლებიც თავისუფალი სიტყვის შემბოჭველ რეგრესულ კანონებს აწესებენ, ჟურნალისტური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის უკმარისობით დამთავრებული. ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ჟურნალისტებისთვის სასარგებლოა საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების შესწავლა.
ქვემოთ გაწერილი სახელმძღვანელო ინსტრუქციები ზოგადად მიმოიხილავს საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს და აღწერს ჟურნალისტების წინაშე მდგარ ყველაზე გავრცელებულ საფრთხეებს. ასევე, მოცემულია რჩევები იმის თაობაზე, თუ როგორ ავირიდოთ, შევარბილოთ და დავიცვათ თავი სამართლებრივი საფრთხეებისაგან ყოველდღიური ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში.
დისკრედიტაცია (დიფამაცია)
დისკრედიტაცია სამართლებრივი ტერმინია და ნიშნავს ყალბი განაცხადის გაკეთებას, რომელიც უსამართლოდ ვნებს ან აზარალებს კერძო თუ იურიდიული პირის რეპუტაციას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად, დისკრედიტაცია შეიძლება, მოიაზრებოდეს, როგორც „უკანონო თავდასხმა“ ადამიანის „პატივსა და რეპუტაციაზე.“
დისკრედიტაციის შესახებ კანონები განსხვავდება სხვადასხვა იურისდიქციაში. ამრიგად, დისკრედიტაციის ნებისმიერი ბრალდებისაგან თავდაცვისათვის საჭირო პირველი ნაბიჯებია შესაბამისი იურისდიქციის განსაზღვრა და ადგილობრივი იურისტის კონსულტაციის მოძიება.
დისკრედიტაციის რისკების არიდებასთან/შემცირებასთან დაკავშირებული რჩევები
ქვემოთ მოცემული საკონტროლო სია მოიცავს იმ პრაქტიკულ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ, შეამციროთ დისკრედიტაციაში ბრალდების რისკი:
- დაიცავით კარგი ჟურნალისტიკის პრინციპები. თქვენ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა იყოს დეტალური, ზუსტი და სამართლიანი; დაკვირვებით მიუთითეთ წყაროები და ციტატები; წინასწარი თანხმობის საფუძველზე ჩაიწერეთ საუბრები, როცა კი შესაძლებელია; არ გამოთქვათ აზრი იმგვარი ფორმულირებით, რომ იკითხებოდეს ის, რაც არ გიგულისხმიათ ან რის დამტკიცებაც არ შეგიძლიათ. ამას გარდა, დაუშვებელია რესპონდენტის ნათქვამის სელექციურად შერჩევა, შეჯამება და პერიფრაზი, შემდეგ კი მათი ციტატის ფორმით დამოწმება. მეტი ინფორმაციისა და სასარგებლო რჩევებისთვის იხილეთ მასალა სატელეფონო ზარებისა და საუბრების ჩაწერის, ასევე, ჟურნალისტური უნარები და პრინციპების შესახებ.
თქვით მხოლოდ ის, რის დამტკიცებაც შეგიძლიათ. აწარმოეთ ჩანაწერები, მოიპოვეთ თანხმობა, შეამოწმეთ ფაქტები, გამოიყენეთ სანდო წყაროები.
- კარგად უნდა გესმოდეთ, რასაც ამბობთ და თქვათ მხოლოდ ის, რის დამტკიცებაც შეგიძლიათ. გააკონტროლეთ ნათქვამის სიზუსტე და ერიდეთ ბუნდოვანებას.
- შეინახეთ კვლევის ამსახველი ჩანაწერები და სხვა დოკუმენტაცია. თუ გეგმავთ პოტენციურად სკანდალური განაცხადის გაკეთებას კომპანიისა თუ ინდივიდის შესახებ, უნდა შეგეძლოთ, დაადასტუროთ, რომ თქვენი ნათქვამი სიმართლეა და ფაქტებს ეფუძნება; შესაბამისად, მოაგროვეთ სამხილები, როცა შესაძლებელია.
- რესპონდენტის ვიდეო ან აუდიოჩაწერისას მნიშვნელოვანია, მოიპოვოთ მათი გაცხადებული წერილობითი თანხმობა.
- ყოველთვის შეამოწმეთ ფაქტები და გამოიყენეთ სანდო რესურსები. ავტომატურად ნუ ჩათვლით, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.
- გახსოვდეთ, რომ შეიძლება პასუხისმგებლობა დაგეკისროთ დისკრედიტაციული განცხადების ხელახალი გამოქვეყნების გამოც. მაშასადამე, გამოიჩინეთ სიფრთხილე, როცა საქმე ეხება განმეორებით ბრალდებას. მაშინაც კი, თუ ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე გადააზიარებთ პოტენციურად დისკრედიტაციულ ტვიტს, შეიძლება გიჩივლონ.
- თუ აზრს გამოთქვამთ, მკაფიოდ გაუსვით ხაზი, რომ ეს თქვენი სუბიექტური შეფასებაა და არ არის გამოთქმული მავნე განზრახვით.
- თუ იცით, რომ რასაც წერთ, დისკრედიტაციულია, დარწმუნდით, რომ გაქვთ რეპორტაჟის მომზადების უფლება. არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებზეც შეიძლება საუბარი (რეპორტაჟის მომზადება) მათი დისკრედიტაციული ხასიათის მიუხედავად. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა ქვეყანას ცილისწამებასა და დისკრედიტაციასთან დაკავშირებული თავისებური კანონები აქვს. მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს სამართლებრივი სისტემა განსაკუთრებულად თანაუგრძნობს პრესის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით აღძრულ სარჩელებს.
- დისკრედიტაციის ბრალდებით აღძრული პროცესი დიდ დროსა და ხარჯს მოითხოვს. მაშინაც კი, თუ ბოლოს საქმეს მოიგებთ, თავდაცვის ხარჯი ძალიან დიდი იქნება. შეამოწმეთ პასუხისმგებლობის დაზღვევის ლიმიტი და განიხილეთ პროფესიული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლების ან პასუხისმგებლობის დაზღვევის ვარიანტი საკუთარი მომავლის დასაცავად — განსაკუთრებით, თუ თავისუფალ კონტრაქტორად მუშაობთ.
წყაროთა დაცვა
ჟურნალისტურ გამოძიებაში ბევრი რამ შეუძლებელი იქნებოდა კონფიდენციალური წყაროების გარეშე. შეიძლება, საჭირო გახდეს წყაროს ანონიმურობის უზრუნველყოფა, რათა დავიცავთ ისინი საზოგადოების საკეთილდღეოდ გაცემული ინფორმაციის გამო ფიზიკური, ეკონომიკური თუ პროფესიული ანგარიშსწორებისაგან.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებს აერთიანებთ ეთიკური ვალდებულება, არ გაამჟღავნონ კონფიდენციალური წყაროს ვინაობა. ასევე, საერთაშორისო მასშტაბით არსებობს წყაროს (ინფორმატორის) დაცვის ძლიერი სამართლებრივი ტრადიცია, რომელიც აღიარებს ამ კონფიდენციალური წყაროების გადამწყვეტ როლს სამეთვალყურეო („უოჩდოგისა“) და „ანგარიშვალდებულებითი“ ჟურნალისტიკის ხელშეწყობაში.
წყაროს გამჟღავნების იძულებას შემზარავი გავლენა აქვს სიტყვისა და მედიის თავისუფლებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფორმაციის თავისუფალი დინების შეფერხებაზე.
როგორ ავირიდოთ/შევამციროთ კონფიდენციალური წყაროების კომპრომეტირების რისკი
ციფრულ უსაფრთხოებას დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. პერუჯას პრინციპების თანახმად, კონფიდენციალური წყაროების დასაცავად სასარგებლოა შემდეგი ღონისძიებები:
- დაიცავით თქვენი წყაროები. დაიცავით მათი ანონიმურობა, თუკი ამას ითხოვენ.
- უზრუნველყავით იმ მეთოდების უსაფრთხოება, რომლებითაც წყარო „პირველად უნდა გამოვიდეს კავშირზე.“
- დაეხმარეთ პოტენციურ Whistleblower-ებს, მოგაგნონ; ამისათვის საჯაროდ მიუთითეთ, რომელი ანონიმური და დაშიფრული არხები შეძლება გამოიყენონ თქვენთან საკონტაქტოდ; აქვე, განმარტეთ თითოეულთან დაკავშირებული რისკები.
- გაითვალისწინეთ, რის ფასად უჯდება განგაშის ატეხვა Whistleblower-ს, განუმარტეთ მას ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები.
- უზრუნველყავით საკუთარი ციფრული უსაფრთხოება და გამოიყენეთ დაშიფრული კომუნიკაცია.
გამოიყენეთ დაშიფრული კომუნიკაცია, გაიაზრეთ, რა ფასად უჯდება წყაროს ინფორმაციის მოწოდება, დაიცავით თქვენი წყაროები და გაითვალისწინეთ სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოები.
- განსაზღვრეთ მთავარი საფრთხეები (როგორც თქვენთვის, ასევე, თქვენი წყაროებისთვის) და საკუთარი თავისა და თქვენი წყაროების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებები.
- გამოაქვეყნეთ დოკუმენტების ორიგინალები და მონაცემთა მთლიანი წყება, როცა ამგვარი რამ შესაძლებელი და უსაფრთხოა და, იმავდროულად, ხაზი გაუსვით სიუჟეტებში ამ მონაცემების მნიშვნელობას.
- წაშალეთ წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუკი ამის შესახებ თავად გთხოვეს, რათა დაიცვათ კონფიდენციალური წყაროები ეთიკური, სამართლებრივი და დამსაქმებლის ვალდებულებების შესაბამისად.
- დარწმუნდით, რომ კონფიდენციალური წყაროებისა თუ Whistleblower-ებისთვის განკუთვნილი ციფრული ფაილების კონკრეტული საცავი უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ ხარისხს, ხოლო მაღალი რისკის შემცველი მასალებისთვის – ანონიმურობას.
- შეისწავლეთ ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო სამართლებრივი თუ მარეგულირებელი ჩარჩოები, რათა დაიცვათ კონფიდენციალური წყაროები.
ციფრული მედიის სამართლის პროექტი (Digital Media Law Project) ასევე გასცემს შემდეგ რჩევებს:
- გამოიჩინეთ წინდახედულობა, როცა კონფიდენციალობის პირობას დებთ: წყაროებისთვის კონფიდენციალობის დაპირება შეიძლება, სასარგებლო იყოს თქვენთვის და თქვენი წყაროებისთვის, მაგრამ კონფიდენციალობის შეთავაზებამდე გულდასმით უნდა აწონ-დაწონოთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
- მოიკვლიეთ, შეგიძლიათ თუ არა „ჟურნალისტური პრივილეგიით“ სარგებლობა თქვენი წყაროებისა და გამოუქვეყნებელი ინფორმაციის დაცვის მიზნით: ზოგიერთი იურისდიქცია იცავს ჟურნალისტებს, რომლებსაც სთხოვენ ასეთი ინფორმაციის წარმოდგენას სასამართლო უწყების ან კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე.
- გაითვალისწინეთ, სად ქვეყნდება თქვენი ნამუშევარი: გამოქვეყნების ადგილს შეიძლება გავლენა ჰქონდეს იმაზე, თუ რამდენად დაიცავთ წყაროებსა და რეპორტაჟში გამოყენებული ფაქტების შეგროვებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
კიბერდანაშაულისა და შევიწროების პირისპირ
ჟურნალისტების წინაშე მდგარი სირთულეების უმეტესობა უკავშირდება ახალი ტექნოლოგიების მიზანმიმართულ გამოყენებას, ციფრულ გარემოში მონაცემთა ექსპლუატაციასა და თვალთვალს. ჟურნალისტებს მუდმივად ემუქრებათ რამდენიმე ტიპის ციფრული საფრთხე, როგორებიცაა, მაგალითად, ონლაინშევიწროება, კოორდინირებული ონლაინდისკრედიტაციის კამპანიები, ფიშინგი, ყალბი დომენების გამოყენებით თავდასხმები, MitM (როცა ორ ადამიანს შორის კომუნიკაცაში მათგან ფარულად ჩარეულია მესამე პირი) და DdoS (სერვერის უარი მომსახურებაზე) თავდასხმები.
უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება „ტროლების არმია“ სახელმწიფო ინსტიტუტების გამკრიტიკებელი ჟურნალისტების გაჩუმების, დაშინებისა და დისკრედიტაციის მიზნით. ბევრი სამართლებრივი სისტემა მოუქნელი ან არასათანადოდ გამართულია იმისათვის, რომ გაასამართლოს პრესის წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი, სუსტი სასამართლო სისტემისა თუ ძალაუფლების მქონე პირების წინააღმდეგ მოქმედებისთვის საჭირო პოლიტიკური ნების არარსებობის გამო. სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა ძალიან ართულებს ადგილობრივი სასამართლოების საშუალებით ანგარიშვალდებულების დაკისრებას.
რა არის კიბერდანაშაული?
არ არსებობს „კიბერ დანაშაულის“ ზუსტი, უნივერსალური განმარტება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც წესი, იყენებენ ამ ტერმინს იმ დანაშაულის აღსანიშნად, რომელიც შეიძლება ჩადენილი იყოს კომპიუტერული ქსელისა თუ ინტერნეტის გამოყენებით. კიბერ დანაშაული მოიცავს აქტივობათა ვრცელ დიაპაზონს, მათ შორის, ინტერნეტის საშუალებით განხორციელებულ ტერორისტულ საქმიანობასა და შპიონაჟს, კომპიუტერულ სისტემებში არალეგალურ შეღწევას (ჰაკერულ თავდასხმას), უკანონო კონტენტთან დაკავშირებულ დანაშაულს, მონაცემთა ქურდობასა თუ მანიპულაციას და კიბერსტალკინგს.
კიბერდანაშაულის სახეები
- მონაცემთა პირადულობის ხელყოფა
მონაცემების, განსაკუთრებით კი პერსონალური მონაცემების გამოყენება ყოველ წელს იზრდება. თუმცა, პერსონალურ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება შესაბამისი რეგულაციებით არ კონტროლდება, რასაც შეიძლება, სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. შესაბამისად, მონაცემთა დაცვის რეგულაცია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საყოველთაო რეგულაციის (GDPR) თანახმად, პერსონალურ მონაცემთა ხელყოფა წარმოადგენს „უსაფრთხოების ხელყოფას, რომელიც იწვევს გადაცემული, შენახული თუ სხვაგვარად დამუშავებული პერსონალური მონაცემების უნებლიე ან მიზანმიმართულ (უკანონო) განადგურებას, დაკარგვას, შეცვლას, უნებართვო გამჟღავნებას ან მათზე უნებართვო წვდომას.”
- ონლაინსიტყვის კრიმინალიზაცია
კიბერდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობა, როგორც წესი, ცდილობს გაუმკლავდეს ონლაინსივრცეში განთავსებული უკანონო და მავნე კონტენტის ფართო სპექტრს. ასეთი კონტენტი შეიძლება მოიცავდეს ტერორისტულ პროპაგანდას, რასისტული შინაარსის მასალას, სიძულვილის ენას, სექსუალურად ექსპლიციტურ კონტენტს (როგორიცაა ბავშვთა პორნოგრაფია), ცილისწამებას, სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამაზიანებელი კონტენტსა და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მქონე პირების ნებართვის გარეშე გავრცელებულ მასალას.
- ონლაინძალადობა, კიბერსტალკინგი და კიბერდაშინება
არსებობს ონლაინშევიწროების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის: კიბერსტალკინგი, DdoS-თავდასხმები, დოქსინგი თუ ონლაინ სექსუალური შევიწროება. კიბერსტალკინგი წარმოადგენს შევიწროებას და დაშინებას ონლაინსივრცეში ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა თუ სოციალური მედიის საშუალებით, რაც მკვეთრად ზღუდავს ადამიანის, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების მიერ ონლაინსივრცით სარგებლობის უფლებებს. კვლევამ აჩვენა, რომ ონლაინშევიწროება ხშირად ფოკუსირებულია პერსონალურ ან ფიზიკურ მახასიათებლებზე, განსაკუთრებით კი – მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებში, რაც მოიცავს სექსუალური უმცირესობების წევრებსა და ქალებს, რომლებიც ბევრად უფრო ხშირად აწყდებიან ონლაინშევიწროების სექსუალიზებულ ფორმებს, ვიდრე კაცები. ონლაინ შევიწროების კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს ე.წ. კიბერბულინგი, რომელიც გულისხმობს სიძულვილის გამომხატველი, მუქარის შემცველი ან დამაშინებელი შეტყობინებების გაგზავნას, როგორც წესი, სოციალური მედიის საშუალებით.
კიბერდანაშაულის რისკის არიდებასთან/შემცირებასთან დაკავშირებული რჩევები
Media Defence-მა შექმნა პრაქტიკული ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც ქალ ჟურნალისტებს ეხმარება, დაიცვან თავი ონლაინსივრცეში:
- ყურადღებით გამოიყენეთ სოციალურ მედიაში არსებული ჰეშთეგები, რადგან ამით შეიძლება გაააქტიუროთ კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული ტროლები.
- არ გაამხილოთ უშუალო ადგილსამყოფელი სოციალურ მედიაში — როცა უკვე დატოვებთ კონკრეტულ ტერიტორიას ან დაასრულებთ რეპორტაჟს, შემდეგ უკვე შეგიძლიათ ადგილმდებარეობის გასაჯაროება.
- ღია მუქარის შემთხვევაში უნდა აცნობოთ კოლეგებს, რედაქტორს, ხელმძღვანელობას და ითანამშრომლეთ მათთან უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცედურების შემუშავების მიზნით.
- მიეცით დრო საკუთარ თავს, რომ გაუმკლავდეთ განცდილს — ესაუბრეთ მეგობრებს, კოლეგებს ან პროფესიონალს, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია.
- შეიძლება გონივრული იყოს მუქარის ან თავდასხმის შესახებ შეტყობინების განთავსება იმავე პლატფორმაზე, რომლითაც იგი გამოიგზავნა, განსაკუთრებით, თუ იგი აშკარად არღვევს მომსახურების პირობებსა და ქცევის კოდექსს.
- დაარწმუნეთ მედიაორგანიზაცია, შეიმუშაოს პერსონალისთვის შევიწროებისა და მასთან გამკლავების მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროტოკოლი.
- მეტი ინფორმაციისთვის მიმოიხილეთ IWMF-სა და TrollBusters-ის რესურსები.
Media Defence, დამატებით, გვირჩევს გადავდგათ ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ინტიმური გამოსახულებების უნებართვო (თანხმობის გარეშე) გავრცელების შემთხვევაში:
- გააკეთეთ ონლაინსივრცეში განთავსებული კონტენტის ჩანაწერი (და ასლები), რათა შექმნათ დანაშაულის ამსახველი მუდმივი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს კონტენტის განთავსების თარიღს, ადგილსა და ავტორს (ვინ განათავსა). სკრინშოტი ამის გაკეთების ერთ-ერთი მოსახერხებელი მეთოდია.
- მოიძიეთ ფსიქო-სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერა.
- შეავსეთ განაცხადი პოლიციაში. მაშინაც კი, თუ თქვენს ქვეყანას არ აქვს ინტიმური გამოსახულების უნებართვო გავრცელებასთან დაკავშირებული სპეციფიკური დებულება/რეგულაცია, სამართალდარღვევა შეიძლება მოექცეს მოქმედი სისხლის სამართალის ფარგლებშიც.
- შეავსეთ შეტყობინება იმ პლატფორმაზე, რომელზეც კონტენტი განთავსდა. ამასთან, კარგი იქნება, თუ პოლიციაში შევსებულ განცხადებას ატვირთავთ პლატფორმისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
ჯაშუშური პროგრამები და ციფრული თვალთვალი
ჟურნალისტები უფრო და უფრო ხშირად ხდებიან თვალთვალისა და მონიტორინგის ობიექტი, რაც შეიძლება, მოიცავდეს მავნე პროგრამების, ჯაშუშური პროგრამების (როგორც ვნახეთ სულ ცოტა ხნის წინ, Pegasus სკანდალის დროს), სახის ამომცნობი პროგრამებისა და სხვა ისეთი ინსტრუმენტების მიზნობრივ გამოყენებას, როგორიცაა სოციალური მედიის მონიტორინგი. თვალთვალი და მონიტორინგი ხშირად გამოიყენება ჟურნალისტების გაჩუმებისა და დაშინების ინსტრუმენტებად. ასეთი პრაქტიკის მსხვერპლად ქცევის შიშს უარყოფითი გავლენა აქვს სიტყვის თავისუფლებაზე და შეიძლება, გამოიწვიოს თვითცენზურაც. მთავრობებისა და სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს პირადულობის დამცავი ისეთი ინსტრუმენტების მოშლას, როგორებიცაა დაშიფრული კომუნიკაცია და ანონიმურობა, ასევე, უთხრის ძირს ჟურნალისტის უნარს, უსაფრთხოდ და თავისუფლად გადმოსცეს ინფორმაცია, რადგან ეს ინსტრუმენტები პრესას ინფორმაციის მოპოვებისას ცენზურის გვერდის ავლისა და თვალთვალის არიდების საშუალებას აძლევს.
თვალთვალის რისკების არიდებასთან/შემცირებასთან დაკავშირებული რჩევები
თვალთვალისგან თავდაცვის ზომები
Media Defence-მა შეაჯამა Privacy International-ის მიერ შემუშავებული 10 ფართოდ აღიარებული პრინციპი, რომლებიც ამცირებს თვალთვალის, მათ შორის მთავრობის მიერ მიყენებულ ზარალს. ეს პრინციპები ქმნის ფუნდამენტური უფლებების მხარდაჭერის (დაცვის) ჩარჩოს და, იდეალურ შემთხვევაში, შეთანხმებულად მუშაობს შიდა კანონმდებლობასთან, რაც მკვეთრად ზღუდავს ციფრული ინფორმაციის ხელში ჩაგდების ფაქტებს. ამომწურავი სარეკომენდაციო წყაროა ARTCILE 19-ის ანგარიში „გამოხატვისა და პირადი სივრცის თავისუფლების დაცვის გლობალური პრინციპები.”
ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგადი რჩევები
ჟურნალისტებმა, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან თვალთვალისაგან, უნდა დაიცვან საუკეთესო პრაქტიკა და გაამკაცრონ ინფორმაციის უსაფრთხოების ბაზისური პროტოკოლი, რომელიც შეამცირებს მათ პირად კომუნიკაციაში უნებართვო შეჭრის რისკს.
- ყურადღებით შეარჩიეთ ინფორმაცია, რომელსაც ონლაინსივრცეში საკუთარი სურვილით განათავსებთ. ზედმიწევნით დაიცავით თქვენი და თქვენი წყაროების ავტორიზაციის მონაცემების, პაროლებისა და საკონტაქტო ინფორმაციის უსაფრთხოება. ერიდეთ დაუცველი, საჯარო WiFi-ის გამოყენებას.
- არ ეწვიოთ უცნობ ან დაუცველ ვებგვერდებს — განსაკუთრებულად მოერიდეთ მათ, რომლებიც არ იყენებენ დაცულ “https://” პროტოკოლს (მოძებნეთ ბოქლომის ნიშანი თქვენი ბრაუზერის ვებმისამართის ველში).
- მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში წარმართეთ კომუნიკაცია ისეთი დაშიფრული არხების მეშვეობით, როგორებიცაა Signal ან Telegram.
- გამოიყენეთ ძლიერი პაროლები ელექტრომოწყობილობებში; ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე პაროლს სხვადასხვა ანგარიშისთვის. ხშირად განაახლეთ პაროლები.
- დაიცავით მოწყობილობების უსაფრთხოება და გამორთეთ ადგილმდებარეობის სერვისი, როცა შესაძლებელია.
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ) გვირჩევს შემდეგ დამატებით ღონისძიებებს:
- რეგულარულად განაახლეთ მოწყობილობები, აპლიკაციები და ბრაუზერები.
- უფრთხილდით ფიშინგისა და სპუფინგის თავდასხმებს — ამ დროს გზავნილები ერთი შეხედვით სანდო წყაროდან გამოგზავნილს ჰგავს, თუმცა, სინამდვილეში, მიზნად ისახავს თქვენს მოწყობილობაზე მავნე პროგრამის („მალვეარის“) დაყენებას. ასეთი პროგრამა შეიძლება გაიგზავნოს WhatsApp-ის ჯგუფებში, სოციალური მედიის შეტყობინებების, ელ-ფოსტისა თუ SMS-ის საშუალებით. ერიდეთ ნებისმიერ თანდართულ ბმულზე დაჭერას; ამის ნაცვლად გადაამოწმეთ ინფორმაცია საძიებო სისტემის საშუალებით ან დაურეკეთ გამომგზავნს მითითებულ ნომერზე.
- რედაქციის ინტერნეტტექნოლოგიების გუნდმა უნდა გააძლიეროს ვებგვერდების უსაფრთხოება DDoS თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით; ასევე, გამოიყენოს ვებაპლიკაციების ფაიერვოლები და უზრუნველყოს სერვერის დამატებითი სიმძლავრე.
- გადახედეთ თქვენს ტელეფონში, ლეპტოპსა და სოციალური მედიის ანგარიშებზე განთავსებულ ინფორმაციას. გააკეთეთ იმ დოკუმენტების, ფოტოების, ვიდეოებისა და სხვა მასალების სარეზერვო ასლი („ბექაპი“), რომლებიც ინახავს თქვენს, თქვენი ოჯახის და თქვენი წყაროების პერსონალურ ინფორმაციას. შემდეგ წაშალეთ ისინი.
- დაფიქრდით, ღირს თუ არა ბიომეტრული ავტორიზაციის გააქტიურება (მაგალითად, სენსორული ID თუ სახის ამოცნობა) მობილური ტელეფონის გამოყენებისას, რადგან სამართალდამცავებმა შეიძლება გამოიყენონ ეს მონაცემები მოწყობილობაში არსებულ ინფორმაციასა და წყაროსთან დაკავშირებულ დეტალებზე იძულებითი/უნებართვო წვდომისთვის.
- ყოველთვის გამოდით ანგარიშიდან და წაშალეთ ბრაუზერის ისტორია.
- მოძებნეთ საკუთარი სახელი სხვადასხვა საძიებო სისტემის საშუალებით და მოშალეთ ნებისმიერი მონაცემი, რომელიც არ გინდათ, რომ საჯარო დომენში დარჩეს.
- დააკვირდით ტროლების აქტივობის ზრდას თქვენს ანგარიშებზე.
- ესაუბრეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ონლაინშევიწროების რისკებისა და მისი ტალღური ეფექტის შესახებ. ონლაინმოძალადეები ხშირად ჟურნალისტის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ სოციალურ ქსელებში მათი ნათესავებისა და მეგობრების ანგარიშებიდან.
- გამოიყენეთ ვირტუალური კერძო ქსელი (VPN), თუ ფიქრობთ, რომ ინტერნეტსერვისის პროვაიდერი უთვალთვალებს თქვენს ონლაინაქტივობას, განსაკუთრებით, თუ მგრძნობიარე საკითხს იკვლევთ. გაითვალისწინეთ, რომ VPN-სერვისმა შეიძლება, ასევე, ჩაიწეროს ინტერნეტაქტივობა, ასე, რომ მოძებნეთ საუკეთესო VPN.
ყალბი ბრალდებისა თუ პირობითი დაკავების/დაპატიმრების საფრთხეები
ჟურნალისტებს შეიძლება ბრალი დასდონ უკანონო ქმედებაში ყალბი ბრალდების საფუძველზე, რაც გასამართლების (დამნაშავედ ცნობის) შესაძლებლობას აჩენს. როგორც ეუთოს ჟურნალისტების უსაფრთხოების სახელმძღვანელოშია აღნიშნული, ეს ტაქტიკა გამოიყენება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების გაშუქების აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როცა ასეთი რეპორტაჟები ნიღაბს ხსნის სახელმწიფო მოხელეებს, ცნობილ ფიგურებსა და ძლიერი გავლენის მქონე ორგანიზებულ ჯგუფებს. ზოგიერთი ჟურნალისტი უკანონოდაა დაპატიმრებული პირობითი ან ყალბი ბრალდებით; კიდევ უფრო ბევრი დაკავებულია, ხანდახან, საკმაოდ დიდი ხნით და ბრალდების წაუყენებლად; ზოგიც წინაწარ პატიმრობაში იმყოფება.
ყალბი ბრალდების ან პატიმრობის რისკების შემცირებასთან/არიდებასთან დაკავშირებული რჩევები
უსაფუძვლოდ დაკავებისა და შეთხზული ბრალდებით დაპატიმრების რისკი დინამიკური ცნებაა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება მუქარის (საფრთხის), დაუცველობისა და უფლებამოსილების ხასიათის ცვლილების/ვარიაციის პარალელურად. ეს ნიშნავს, რომ რისკი უნდა შეფასდეს პერიოდულად, განსაკუთრებით, თუ თქვენი სამუშაო გარემო ან უსაფრთხოების სტატუსი იცვლება. რისკის დასაშვებ დონემდე შემცირების მიზნით, ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ უსაფრთხოების სახელმძღვანელო ჟურნალისტებს ურჩევს:
- შეამცირეთ დაუცველობის (მოწყვლადობის) განმაპირობებელი ფაქტორები. დაუცველობა შეიძლება განაპირობოს ადგილმდებარეობამ ან ტელეფონთან შეზღუდულმა წვდომამ. დაუცველობა, ასევე, შეიძლება უკავშირდებოდეს პროფესიული კავშირებისა და ერთობლივი რეაგირების არარსებობას.
- დაცვის შესაძლებლობების (უნარებისა და რესურსების) გაუმჯობესება: შესაძლებლობა გულისხმობს იმ ძლიერ მხარეებსა და რესურსებს, რომლებიც ჯგუფს ან დამცველს შეუძლია გამოიყენოს უსაფრთხოების გონივრული დონის უზრუნველსაყოფად; მაგალითად, უსაფრთხოებასა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგი, ჯგუფის გუნდურად მუშაობა, ასევე, ტელეფონზე წვდომისა და უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, დამცველების კარგი ქსელი, შიშთან გამკლავების შესაფერისი სტრატეგია და ა. შ.
ამას გარდა, SEEMO Safety Net Manual გვთავაზობს შემდეგს:
- თუ იძულების ქვეშ იმყოფებით ან გარე საფრთხე გემუქრებათ, თან ისე, რომ საჯაროდ ვერც ამტკიცებთ ამას, მაინც გაავრცელეთ ინფორმაცია ჟურნალისტურ წრეებში.
- შეინახეთ წნეხის ნებისმიერი მტკიცებულება (SMS ან ელ-ფოსტის შეტყობინება, დოკუმენტები, აუდიო და ვიდეოფაილები) უსაფრთხო ადგილას და გაუზიარეთ ისინი მათ, ვისაც ენდობით.
- ნებისმიერი პირდაპირი წნეხის ან საფრთხის შემთხვევაში, რომელთა დამტკიცებაც შესაძლებელია, ჟურნალისტმა უნდა აცნობოს პრესას ან მედიაასოციაციებს, ასევე, საზოგადოებას.
- თითოეული საფრთხე და ფიზიკური თავდასხმა ჟურნალისტის ან მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ უნდა ეცნობოს პოლიციას და გასაჯაროვდეს.
- ჟურნალისტური სოლიდარობა უდიდესი მნიშვნელობისაა ამგვარ შემთხვევებში. ფიზიკური თავდასხმის ნებისმიერი სერიოზული საფრთხე უნდა გასაჯაროვდეს საერთაშორისო მასშტაბით.
უფრო მეტიც, CPJ-იმ მოამზადა ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების კომპლექტი დაკავებისა და პატიმრობის საფრთხის წინაშე მყოფი ჟურნალისტებისთვის:
ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
- მიიღეთ ზომები თქვენი მოწყობილობებისა და მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაკავების ან დაპატიმრების პოტენციური საფრთხის არსებობისას. ამით შეიძლება შეამციროთ გარეშე პირების მიერ თქვენ და თქვენი წყაროების შესახებ ინფორმაციაზე უნებართვო წვდომის რისკი. იცოდეთ, კონკრეტულად სად რა მონაცემი (მათ შორის, დოკუმენტები და ფოტოები) ინახება თქვენს მოწყობილობებზე.
- წაშალეთ პოტენციური რისკის შემცველი მონაცემები. გაითვალისწინეთ, რომ კომპლექსური ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილი სახელისუფლებო ან კრიმინალური ჯგუფები, გარკვეული ალბათობით, მაინც მოახერხებენ წაშლილი მონაცემების აღდგენას. წაშალეთ ბრაუზერის ისტორია და გამოდით ანგარიშებიდან რეგულარულად.
- შეზღუდეთ სოციალური მედიის ანგარიშზე განთავსებული კონტენტის აუდიტორია. გადახედეთ სხვადასხვა ანგარიშზე, განსაკუთრებით, ელ-ფოსტასა და სოციალურ მედიაში განთავსებულ კონტენტს. იცოდეთ, რომელმა ინფორმაციამ შეიძლება შეგიქმნათ საფრთხე თქვენ და თქვენ გარშემომყოფებს.
ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
მოიკვლიეთ და შეისწავლეთ თქვენი, როგორც ჟურნალისტის სამართლებრივი უფლებები იმ ქვეყანასა თუ რეგიონში, რომელშიც საქმიანობთ: რის გამო შეიძლება ან არ შეიძლება, დაგაპატიმრონ; მოიძიეთ ჟურნალისტების დაპატიმრების წინა შემთხვევების დეტალები და მათი შედეგები; რომელმა სამთავრობო თუ სამართალდამცავმა ორგანოებმა შეიძლება დაგაკავონ; სად შეიძლება წაგიყვანონ დაკავების დღეს; და რამდენად გექნებათ ადვოკატებზე წვდომა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ CPJ-ის რისკის შეფასების ეს ნიმუშები, რომლებიც ენების მიხედვით არის ჩაშლილი.
თუ დაგაკავეს/დაგაპატიმრეს:
- სანამ დაგაპატიმრებენ, პოლიციის ოფიცერმა უნდა გამოგიცხადოთ, რომ გაპატიმრებენ და განგიმარტოთ მიზეზი. მიაქციეთ ყურადღება ადგილს, დროსა და დაკავების გამომწვევ გარემოებებს.
- რეკომენდებულია, ერიდოთ დაპატიმრების პროცესის ფოტო თუ ვიდეოგადაღებას — ამან შეიძლება გამოიწვიოს პოლიციის პროვოცირება, ტექნიკის დაზიანება-ჩამორთმევა ან ფიზიკური დაზიანება.
- თუ მოახერხებთ, ჩაინიშნეთ მაქსიმალურად დიდი მოცულობის ინფორმაცია დაპატიმრების ოპერაციაში ჩართული პოლიციის ოფიცრების შესახებ: მათი სახელები, სამკერდე ნიშნის ან დანაყოფის ნომრები, დეპარტამენტი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები.
- მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფ ინდივიდებს, რომლებიც თქვენი დაპატიმრების მოწმეები არიან.
- თუ პოლიციის ოფიცერი თავს დაგესხათ, აღრიცხეთ თქვენთვის მოყენებული დაზიანებები, მიღებული სამედიცინო დახმარება და ნებისმიერი ვიზიტი საავადმყოფოში. გთხოვთ, ჩაინიშნოთ პასუხისმგებელი პირების სახელები და ვიზუალური აღწერილობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ CPJ-ის დავალებამდელი უსაფრთხოების შეფასება ან GIJN-ის ანგარიში იმის შესახებ, რა უნდა მოიმოქმედოთ თქვენს სახლში სახელმწიფო სამსახურების მიერ განხორციელებულ რეიდის შემთხვევაში (სპეციფიკურად ფოკუსირებულია რუსეთზე).
ყალბი სიახლეები და პროპაგანდა
ტერმინები „პროპაგანდა“, „მცდარი ინფორმაცია“ და „ყალბი სიახლე“ ხშირად ურთიერთგადამფარავი შინაარსის სიტყვებია და აღნიშნავს ინფორმაციის გაზიარებით განზრახ თუ უნებლიე ზარალის მიყენების სხვადასხვა მეთოდს, რომლებიც, როგორც წესი, უკავშირდება კონკრეტული მორალური თუ პოლიტიკური აქტივობისა თუ შეხედულების მხარდაჭერას.
ევროსაბჭო განარჩევს ცოდნის გამოყენების სამ განსხვავებულ ფორმას, რომლებიც ამ ჯგუფში ერთიანდება:
- მცდარი ინფორმაცია: ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია, რომელიც შეცდომით ან უნებლიედ იქმნება ან ვრცელდება.
- დეზინფორმაცია: ყალბი ინფორმაცია, რომელიც მიზნობრივად იქმნება და ვრცელდება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ან სიმართლის გაბუნდოვანების მიზნით.
- მავნე ინფორმაცია: ზიანის მიყენების განზრახვით გაზიარებული სიმართლე.
ევროპარლამენტი დამატებით განსაზღვრავს ყალბი ახალი ამბებისა და პროპაგანდის საერთო ელემენტებს:
- არსობრივად მანიპულაციური: კონტენტი, რომელიც მიზნობრივად ყალბი, მანიპულაციური თუ შეცდომაში შემყვანია (დეზინფორმაცია) ან კონტენტი, რომელიც დარწმუნების არაეთიკურ მეთოდებს მოიცავს (პროპაგანდა).
- განზრახვა: კონტენტი, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების ხელყოფას, ერთიანობის დარღვევასა და განხეთქილების დათესვას ან პირდაპირ ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს.
- საჯარო ინტერესი: კონტენტი ეხება საჯარო ინტერესის საგანს.
- გავრცელება: კონტენტი, რომელიც საკომუნიკაციო ეფექტის გასაძლიერებლად ხშირად იყენებს ავტომატური გავრცელების ტექნიკას.
სოციალური მედია და დეზინფორმაცია/პროპაგანდა
მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ყალბი სიახლე ახალი ფენომენი არ არის, მან ახალი მნიშვნელობა შეიძინა ბოლო დროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიის ახალი, დახვეწილი ფორმების (როგორიცაა, მაგალითად, სოციალური მედია) საყოველთაო ხელმისაწვდომობასთან ერთად. ტექსტის, სურათების, ვიდეოების ან ონლაინბმულების გაზიარება, მაგალითად, ინფორმაციას რამდენიმე საათის განმავლობაში ვირუსულად გავრცელების საშუალებას აძლევს და, ასევე, წარმოშობს უსაფრთხოების საგულისხმო პრობლემებს. ამისდამიუხედავად, სოციალური მედია და მოქალაქე ჟურნალისტების მიერ შექმნილი კონტენტი დღესდღეობით პროტესტის შესახებ რეპორტაჟების უმნიშვნელოვანეს წყაროდ იქცა.
მცდარი ინფორმაციის/დეზინფორმაციის რისკების არიდებასთან/მინიმუმამდე დაყვანასთან დაკავშირებული რჩევები
მცდარ ინფორმაციასთან საბრძოლველად PEN America გვირჩევს შემდეგ ნაბიჯებს:
- იმთავითვე ნუ დაუშვებთ კონტენტის ლეგიტიმურობას; ყურადღებით გადაამოწმეთ სოციალური მედიაში განთავსებული ყოველგვარი კონტენტი. ამის თაობაზე მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ GIJN-ის დეტალური სახელმძღვანელო ან First Draft-ის მოკლე სახელმძღვანელო ვიდეოების შემოწმების შესახებ.
- არ დაიზაროთ და ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მოდის პროტესტთან დაკავშირებული ონლაინანგარიშებიდან ან ელ-ფოსტის მისამართებიდან.
- ყურადღებით ადევნეთ თვალი ყალბი სიახლეების გვერდებს, რომლებიც ხშირად შენიღბულია, როგორც ლეგიტიმური საინფორმაციო წყარო (განსაკუთრებით, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების შემთხვევაში). დახმარებისთვის იხილეთ Poynter-ის PolitiFact, NewsGuard-ის მეთვალყურეობის ცენტრი ან Factcheck.org.
UNESCO დამატებით გვირჩევს შემდეგ საკონტროლო სიას:
- დაადგინეთ ავტორი/რეპორტიორი, მათი ცოდნა-გამოცდილება: ვინ მოამზადა? რა დეტალებია ცნობილი ამ ჟურნალისტის, მისი ცოდნა-გამოცდილებისა და სხვა მომზადებული სიუჟეტების შესახებ.
- განსაზღვრეთ სამუშაოს ტიპი: რა არის? მოძებნეთ იარლიყები, რათა გამიჯნოთ შეხედულება, ანალიზი და სარეკლამო (ან დასპონსორებული/„ბუნებრივი“) კონტენტი სიახლეებისაგან.
- მიაქციეთ ყურადღება ციტატებსა და მითითებებს: საგამოძიებო ან სიღრმისეული სიუჟეტებისთვის, მოიკვლიეთ ფაქტებისა და მტკიცებების გამამყარებელი წყაროები.
- შეისწავლეთ ადგილობრივი სიტუაცია ან თემი.
- შეისწავლეთ სხვადასხვა ხმა: რამდენად ცდილობს რედაქცია სხვადასხვა პერსპექტივის წარმოჩენას?
სატირა
სატირა არაპირდაპირ დაცულია გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო პრინციპებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2007 წელს საქმის — „Vereinigung Bildender Künstler ავსტრიის წინააღმდეგ“ — განხილვისას, სატირა განსაზღვრა, როგორც „მხატვრული გამოსახვის ფორმა და სოციალური კომენტარი, რომელიც გაზვიადებისა და რეალობის დამახინჯების თანდაყოლილი მახასიათებლებიდან გამომდინარე, ბუნებრივად ისახავს მიზნად პროვოცირებასა და აგიტაციას. შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა ხელოვანის უფლებაში, გამოიყენოს ამგვარი გამოსახვის ფორმა, უნდა იყოს განხილული განსაკუთრებული სიფრთხილით.“
ამისდა მიუხედავად, სატირა ხშირად იქცევა სამართლებრივი თავდასხმის ობიექტად, ძირითადად, დისკრედიტაციის ან საავტორო უფლებების დაცვის ყალბი მოტივით. მთავარი განსხვავება სატირასა და დისკრედიტაციას შორის არის ის, რომ სატირა არ ცდილობს აუდიტორიის დარწმუნებას. სატირა მწარეა, კრიტიკული და მიზნად ისახავს თავდასხმას.
სატირის გამოყენების სამართლებრივი რისკების მინიმუმამდე დაყვანასთან/არიდებასთან დაკავშირებული რჩევები
რეპორტიორების კომიტეტი პრესის თავისუფლებისთვის გვთავაზობს შემდეგ რჩევებს იმისათვის, რომ ავირიდოთ ბრალდება დისკრედიტაციასა თუ სატირაში.
- ირონიული ტონის გამოყენება მიანიშნებს, რომ სიუჟეტი არ წარმოადგენს ჩვეულებრივ სიახლეს.
- გაითვალისწინეთ იმ პუბლიკაციის კონტექსტი, რომელშიც სიუჟეტი განთავსდება, მათ შორის: აქვს თუ არა ამ პუბლიკაციას სატირისა და პაროდიის გამოცემის ისტორია.
- გაითვალისწინეთ პუბლიკაციისა თუ მაუწყებლობის ტიპი — ნაბეჭდი ჟურნალია, გაზეთი, ბლოგი, ტელევიზია, რადიოგადაცემა თუ ჟურნალი? გაითვალისწინეთ შიდა სარედაქციო კონტექსტი: წიგნის კრიტიკის სვეტი, პუბლიცისტური თუ სიახლეების გვერდი, სატირული ვებგვერდი ან გადაცემა. გაითვალისწინეთ ნაშრომის ძირითადი გეოგრაფიული არეალი და აუდიტორია.
- უჩვეულო სათაურის გამოყენება თავიდანვე მიანიშნებს მკითხველს, რომ სიუჟეტი სტანდარტულ ახალ ამბავს არ წარმოადგენს.
- სიუჟეტის დაუჯერებელი თუ განმარისხებელი დეტალები, სასაცილო სახელების მქონე ან სულელური აკრონიმებით აღნიშნული ექსპერტები ან ჯგუფები, დაუჯერებელი ციტატები, ალოგიკური ან გაზვიადებული აუცილებლად მიანიშნებს, რომ სიუჟეტი არ წარმოადგენს რეალური ფაქტების გაცხადებას.
- რეალური ადამიანების სახელების გამოყენების ნაცვლად შესაძლებელია ფიქტიური სახელების გამოყენება, რომლებიც წააგავს ან მიანიშნებს რეალურად არსებულ პიროვნებებზე.
- შესაძლებელია სიუჟეტში უშუალოდ მიუთითოთ იმ მოვლენაზე, რომელსაც გულისხმობთ. უშუალო ინციდენტის შემდგომ პაროდიის გამოქვეყნება, როცა საზოგადოებისთვის ის ჯერ კიდევ აქტუალურია, მიანიშნებს, რომ სიუჟეტი წარმოადგენს კომენტარს რეალურ მოვლენაზე.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვის განაცხადი სასარგებლოა, მაგრამ არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის არიდების გარანტიას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცირე შრიფტითაა მიწერილი სხვა მხრივ დამაჯერებელი სატირული სიუჟეტის ბოლოს.
საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები
საავტორო უფლება წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების კანონის ფორმას, რომელიც, აშშ-ის საავტორო უფლებათა ოფისის თანახმად, იცავს „ორიგინალურ საავტორო ნამუშევარს, მათ შორის, ლიტერატურულ, დრამატულ, მუსიკალურ და სახელოვნებო ნამუშევარს, როგორებიცაა: პოეზია, რომანი, კინო, სიმღერა, კომპიუტერული პროგრამები და არქიტექტურა.“ საავტორო უფლებები არ ვრცელდება ფაქტებზე, იდეებზე, სისტემებზე ან ოპერირების მეთოდებზე, თუმცა, შეიძლება, დაიცვას მათი გამოხატვის ფორმები.
„მართლზომიერი გამოყენება“ არის ტერმინი, რომელიც მიანიშნებს საავტორო უფლებით დაცული კონტენტის გამოყენების შესაძლებლობაზე ნებართვის ან ანაზღაურების გარეშე გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით, როცა კულტურული და სოციალური სარგებელი გადაწონის ხარჯებს. ეს არის საზოგადო წესი, რომელიც მიემართება ისეთ სიტუაციებსაც კი, რომლებშიც კანონი არ უშვებს აღნიშნული სპეციფიკური გამოყენების ექსპლიციტურ ნებართვას. რაც შეეხება თავისუფალი გამოხატვის უფრო ნაცნობ უფლებებს, ხალხი ამ უფლებას იყენებს ფორმალური შეტყობინებისა თუ რეგისტრაციის გარეშე.
საავტორო უფლებების გაყალბების რისკის არიდებასთან/შემცირებასთან დაკავშირებული რჩევები
ჟურნალისტის სახელმძღვანელო: საავტორო უფლებების კანონი და მედიაკონტენტი გვთავაზობს საავტორო უფლებებთან დაკავშირებული რისკის მინიმუმამდე შემცირებისათვის საჭირო შემდეგ საკვანძო ნაბიჯებს:
- გადაამოწმეთ კონტენტის ავტორი: საავტორო უფლებების მფლობელი ის ადამიანია, რომელიც თითს აჭერს [მასალის] გამოქვეყნების ღილაკს.
- ითხოვეთ კონტენტის გამოყენების ნებართვა ცხადი, არაბუნდოვანი ფორმულირებით და განმარტეთ, როგორ და როდის გამოიყენებთ კონტენტს.
- შეამოწმეთ საავტორო უფლებებთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლობა. ყველა ქვეყანას საავტორო უფლებების სამართლიანი გამოყენების თავისებური ფორმა აქვს.
- არ გამოიყენოთ კონტენტი ან გამოსახულება ავტორისა თუ წყაროს მითითების გარეშე. თუმცა, იმავდროულად, უნდა გაითვალისწინოთ წინასწარი ნებართვის გარეშე ინდივიდის პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების ეთიკური და სამართლებრივი მხარეც.
- ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაციისა და წყაროს სანდოობა.
- არ გამოაქვეყნოთ ის დოკუმენტები და გამოსახულებები, რომელიც დაცულია საავტორო უფლებით ან ეკუთვნის სხვებს. ინტერნეტში განთავსებული მასალა, რომელიც არც ძალიან ძველია და არც Creative Commons-ის ლიცენზიითა აღნიშნული, ფასიანია და დაცულია საავტორო უფლებების კანონით. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ მასალის კომენტარის, კრიტიკის, სატირის ან „მართლზომიერი გამოყენების“ სხვა მყარი არგუმენტი, გადახედეთ საუკეთესო პრაქტიკას ან მიმართეთ პროფესიონალ ადვოკატს.
მედიასაშუალებების დახურვა
მედიასაშუალებების დახურვა გლობალური ტენდენციაა. ავტორიტარული რეჟიმები უფრო და უფრო ხშირად იღებენ რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც სერიოზულად უთხრის ძირს მედიის თავისუფლებას. მედიასაშუალებების დახურვის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ მსოფლიოში.
დახურვის რისკის შემცირებასთან/არიდებასთან დაკავშირებული რჩევები
- მკაცრად დაიცავით ციფრული უსაფრთხოების სახელმძღვანელო ინსტრუქციები სახელმწიფოს მხრიდან თვალთვალის რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით.
- შეამოწმეთ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ცენზურასთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონმდებლობა.
- უზრუნველყავით მგრძნობიარე კონტენტის დაცულობა; გააზიარეთ კონტენტი იმ მედიასაშუალებებთან, რომელთა ცენზურაც ნაკლებად სავარაუდოა.
- რეპრესიული მედიაგარემოს არსებობის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, იმუშავეთ საზღვარგარეთიდან.
პასუხისმგებლობის შეზღუდვის განაცხადი: წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს სამართლებრივ რჩევას და არ უნდა იყოს განხილული, როგორც სამართლებრივი რჩევა. წინამდებარე დოკუმენტში ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ სახელმძღვანელო მიზნებით.
დამატებითი რესურსები
GIJN-ის საკონსულტაციო სერვისი: კომპეტენციების განვითარება მსოფლიო მედიის „უოჩდოგებისთვის“
გამოძიებისთვის კომენტარის მოძიება: „სიურპრიზების გარეშე“ დათქმასთან დაკავშირებული რჩევები
რა უნდა მოიმოქმედოთ, როცა ხელისუფლება თქვენს სახლს არბევს
GIJN-ის ამ სახელმძღვანელოს რედაქტორები არიან: ნიკოლია აპოსტოლუ (Nikolia Apostolou) და რიდ რიჩარდსონი (Reed Richardson). ზემოთ მოცემული ილუსტრაციის ავტორია მალაიზიელი პოლიტიკური კარიკატურისტი ზუნარი – ზუკლიფი ანვარ ულჰაკი (Zulkiflee Anwar Ulhaque).
Media Defence წარმოადგენს ადამიანის უფლებების ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ორიენტირებულია პროფესიული საქმიანობის შედეგად საფრთხეში მყოფი ჟურნალისტების, მოქალაქე ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი მედიის სამართლებრივ დაცვაზე მთელ მსოფლიოში. დღემდე Media Defence-მა იმუშავა 900-ზე მეტ შემთხვევაზე, დაეხმარა ასობით ჟურნალისტს 110-ზე მეტ ქვეყანაში. მისი საქმიანობის წყალობით, შესაძლებელი გახდა მედიამუშაკებისთვის, ჯამში, 290-წლიანი პატიმრობისა და 646 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ზარალის არიდება. ორგანიზაციამ, ასევე, გადაამზადა 90-ზე მეტი ადვოკატი.
დახმარების საჭიროების მქონე გამომძიებელ ჟურნალისტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ GIJN-ს მხარდაჭერის მომსახურების საშუალებით და მოითხოვონ კონსულტაცია.