ავტორები: შორენა ლაღაძე და თამუნა ქიმაძე
ტყიბულში, ახლახანს რეაბილიტირებულ სახოვრებელ ბინებში წყალი შედის. წვიმის ნალექი ფანჯრებიდან და კედლებიდან აღწევს. ამ პრობლემამ თავი იჩინა შარშან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით ტყიბულში 37 შენობის განახლება დაიწყო.
სოციალურ ქსელში ხშირად ვაწყდებოდით პოსტებს იმაზე, რომ ტყიბულის ცენტრალურ უბანს ახალი სიცოცხლე მიენიჭა. ამის პარალელურად კი რეაბილიტირებული კორპუსების მობინადრეები წუხდნენ, სახლებში წყალი შემოგვდის, ავეჯი გვიზიანდება და ნესტის სუნში გვიწევს ყოფნაო.
Მძიმე დღეში არიან გამსახურდიას 40 ნომრის მობინადრეები. აქ სულ 8 ოჯახია შესახლებული. Ზოგი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირია, ზოგი მარტოხელა დედა ან სოციალურად დაუცველი. მათთან რომ ჩავედით, შინ შეგვიპატიჟეს და დაზიანებები ახლოდან გვაჩვენეს.
“გზისპირა ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ტილოები მაქვს დატანებული. Ძველი რემონტი რომ იყო, ერთი წვეთიც არ ჩამოდიოდა, რაც ეს გაკეთდა, მას მერეა… სუნიც თავისებური აქვს. ‘პრარაბს’ დავურეკე, მოდი, რას ჰგავს სახლი ნახე-მეთქი. გვითხრა, საწვიმარი მილის ბრალია, ირგვლივ უნდა გაკეთდეს და მე ვიზამ მაგასო. იმის მერე წელიწადი და ხუთი თვე გავიდა….”, “რაც ავეჯი მქონდა, სიმწრით ნაყიდი, ყველაფერი გაოხრებულია…”- გვითხრეს გამსახურდიას 40-ის მცხოვრებლებმა, თუმცა გვთხოვეს, სახელი და გვარი არ გაგვემხილა.
იგივე სიტუაცია დაგვხვდა მეზობელ კორპუსებშიც. ამიტომ, მთელ ქუჩაზე ჩავიარეთ, რომ ზოგადი სიტუაცია გვენახა. Როგორც აღმოჩნდა, წყლის გაჟონვის გამო დაზიანებულია ამ მონაკვეთში მდებარე სხვა კორპუსებიც.
“ნესტი კი არაა, წყალი შემოდის. კედელი სულ სველდება და ვწმენდ, რომ არ დაობდეს, სულ ღია მაქვს ფანჯარაც და რა ვიცი, მაინც ასეა. Ჩემთან ნესტი არასდროს ყოფილა, ის რომ გააკრეს, [პანელი] იმის ბრალია. Ჩემს მეზობელთან, მეოთხე სართულზე, სოკოებიცაა. არადა, ადრე არ იყო,”- გვითხრა გამსახურდიას N21-ის მობინადრემ, ვინაობის დაფარვის პირობით.
“განახლებული რეგიონების” ფარგლებში მრავალსართულიანი შენობები გარედან შეღებეს, ზოგი მათგანი გადახურეს, მოაპირკეთეს კიბეები, მოაწყვეს წყალსაწრეტი სისტემა, სანტექნიკა და ჰიდროიზოლაცია; ჩასვეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, კედლები თეთრი პანელებით შეფუთეს და თერმოიზოლაციისთვის ქვაბამბაც მოაწყვეს. ახლა კი ამ “განახლებულ” სახლებში ცხოვრება ტყიბულელებისთვის გაუსაძლისი გახდა, სისველისა და ნესტის გამო.
Რა დაჯდა კონკრეტულად ეს საქმე, არ ვიცით. მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოგვიგზავნა სახელმწიფო შესყიდვის ნომრები, რომელიც ტყიბულის გარდა, ამბროლაურის, ზესტაფონის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ეხება. ასევე, შესყიდვები სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტაციაში არ არის გამიჯნული, რამდენი დაიხარჯა ადმინისტრაციულ შენობებზე და რამდენი საცხოვრებელზე. ბუნებრივია, მგფ-მ, როგორც დამკვეთმა, ეს დეტალები უნდა იცოდეს, მაგრამ ინფორმაციას სრულყოფილად არ გვაწვდიან. Ზემოთ ჩამოთვლილ Ხუთ მუნიციპალიტეტში სამუშაოებზე კი 43 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ამ სტატიაში მოგიყვებით, ვინ და როგორ დაზარალდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მორიგი უხეირო სამუშაოებით და როგორ აპირებენ ახლა სიტუაციის გამოსწორებას პასუხისმგებელი პირები.
რეაბილიტაციის შემდეგ გაუარესებული საცხოვრებელი პირობები
ყველაზე მძიმე მდგომარეობაში გამსახურდიას 40 ნომერში მდებარე ბინაა. შენობა ავარიულია, პირველი სართულის კედლებს აქა-იქ ბზარები აქვს. ეს დაზიანებები ფასადების რეაბილიტაციის ბრალი ნამდვილად არ არის. თუმცა, ადგილობრივები გვიყვებიან, რომ სახლებში წყალი გასული წლის შემდეგ შესდით. იქამდე, მსგავსი პრობლემა არ ჰქონიათ.
იმავეს გვიყვებიან გამსახურდიას ქუჩის სხვა კორპუსებშიც. ჯამში 17 ადამიანს გავესაუბრეთ და ყველა მათგანი უსვამს ხაზს, რომ ნესტმა 2022 წლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ შეაწუხათ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგ სახლში წყალი კედლიდან ჟონავს, ზოგან – ფანჯრის რაფებიდან ან აივნებიდან შედის.
“ლამაზია. ფოტოს რომ აჩვენებენ, მტერს უფსებენ თვალებსო, რომ ამბობენ, ისეა და შიგნით ასეთი სურათია. ფურთხით გაკეთებულია, ბოდიში ამ სიტყვაზე და… ,’’- გვითხრა ამ სახლის ერთ-ერთმა მობინადრემ, რომელმაც სხვების მსგავსად, ანონიმურად დარჩენა არჩია.
ვესაუბრეთ მეზობლად, იმავე კორპუსში მცხოვრებ მარტოხელა და მრავალშვილიან დედასაც. მან ბავშვების საძინებელში შეგვიყვანა და დანესტილი, ფანჯრების ქვემოთ საღებავებ-ჩამოცვენილი კედლები გვაჩვენა:
“აქ სილა და ცემენტი ყოველდღიურად ჩამოდის. ვიდეოც შემიძლია გაჩვენოთ, როგორ შემოდის აქ ჩვეულებრივი ნიაღვარი წვიმის დროს. ამ რემონტამდე კი არ შემოდიოდა. ნესტიანი კედელი იყო, მაგრამ მისაღებ ოთახში ერთი გრამი სისველე არ იყო.”
ნელი (სახელი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია) იმავე ქუჩაზე ცხოვრობს, გამსახურდიას 20 ნომერში. ნესტმა აქაც იჩინა თავი. მან ადგილობრივ მთავრობას ოფიციალურადაც მიმართა, რომ საქმის კურსში ყოფილიყვნენ და რაიმე ფორმით რეაგირება დაეწყოთ.
გვიყვება, რომ მისი განცხადებიდან მალევე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ და კორპუსის სარდაფი დაათვალიერეს, ალბათ იფიქრეს, იქ დგას წყალი და სახლიც იქედან ნესტიანდებაო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სარდაფი მშრალი იყო.
“მერიაში ვიყავით, განცხადებაც გვაქვს დაწერილი, ერთი 6 თვეა… ინფრასტრუქტურაშიც არის გადაგზავნილი, კომპანიის წარმომადგენლებმაც იციან, ვაგვარებთო და… ერთი შეხედვით არაფერია, რომ მოთოვს, ჩვეულებრივად წყალი დგას იატაკზე. დანა-ჩანგლები სოფელში წავიღე, სულ დაჟანგული იყო. დაიჟანგა სამზარეულოს ავეჯის ფეხებიც. კომპანია გზავნის ხოლმე ამ ‘პრარაბებს’, გააჩუმეთ ხალხიო, ჯოხი ტყდება ამათზე… რით უნდა გამაჩუმონ, რითი შემაშინებენ მე აქ? თუ რაღაცას არ მოაგვარებენ, ვაპირებ, რომ ვუჩივლო… .”
“მერიაში იციან, მაგრამ აზრი არ აქვს. არც კომპანია იწუხებს თავს და არავინ. მე კი გამიფუჭეს ჩემი ნაწვალები… მე-5 სართულზე კედლებიდან შედის წყალი, იქ არავინ ცხოვრობს და იატაკზე რომ იქცევა, ჩემთან ჩამოდის. ორი წლის გაკეთებულია ეს შეფუთვა, ახლა აღარ აკეთებინებენ ასე, ყველამ რომ დავდეთ ფეისბუქზე… ახლა ღებავენ მარტო,”- გვითხრა გამსახურდიას 16 ნომერში მცხოვრებმა ქალმა, ვინაობის გამხელის გარეშე.
“აქ 15 წლის გადმოსული ვარ, მაგრამ ასეთი ნესტი არ მახსოვს. ასეა ყველგან, სადაც [პანელები] გააკრეს,”- ამბობს გამსახურდიას 23 ნომრის მობინადრე.
ვინ უნდა გამოასწოროს სიტუაცია?
სახელმწიფო პროგრამა “განახლებული რეგიონები” ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო. თავდაპირველად მგფ-მა გამოაცხადა 160 მლნ ლარის ღირებულების 8 ტენდერი, რომელიც ეხებოდა დასავლეთ საქართველოს 34-ივე მუნიციპალიტეტს. ტყიბულის საცხოვრებელი ბინებიც ამ შესყიდვის ფარგლებში რეაბილიტირდა.
პროგრამა 4-წლიანია და სულ 63 მუნიციპალიტეტი უნდა მოიცვას. Მგფ-ს ინფორმაციით, სამუშაოების ხარჯები დაიფარება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.
ტყიბულში, ცენტრალურ უბნებში მდებარე საცხოვრებელი ბინების გარემონტებაც ამ პროგრამის ნაწილია. მგფ-ს დაკვეთით, Სულ რეაბილიტაცია უტარდება 37 შენობას, როგორც ადმინისტრაციულ, ისე საცხოვრებელ კორპუსებს. მგფ-ს ინფორმაციით, ასევე ეწყობა გამსახურდიას ქუჩაზე არსებული ტროტუარები, ღობეები, მდ. ტყიბულასთან მოაჯირები და განათება.
გამსახურდიას ქუჩაზე კორპუსების რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს “საბა ქონსთრაქშენი” ასრულებს. Რეაბილიტაცია 2021 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა.
გვაინტერესებდა, ვინ არის ახლა პასუხისმგებელი დაზიანებული და დანესტილი შენობების შეკეთებაზე, თუმცა ამას ვერც ადგილობრივი მერია გვაგებინებს და ვერც მუნიციპალური განვითარების ფონდი. ტყიბულის მუნიციპალიტეტში გვითხრეს, გამსახურდიას 40 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსი ჩვენს ბალანსზე არ ირიცხებაო და შესაბამისად, არც კითხვებზე გვიპასუხეს.
Მგფ-ში რომ მოვიკითხეთ, თუ იციან ტყიბულის ახლადგარემონტებული კორპუსების პრობლემაზე, მოგვწერეს:
“პროექტის განხორციელების პროცესში კომუნიკაცია მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ხარვეზების არსებობის თაობაზე მოსახლეობის მხრიდან მომართვის შემთხვევაში ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება მათ აღმოსაფხვრელად… მოსახლების მხრიდან მიღებული არცერთი მომართვა არ რჩება რეაგირების გარეშე.”
რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადა (ანუ ის პერიოდი, როცა კომპანიას ხარვეზების გამოსწორება ევალება) ამოწურული არ არის, ვცადეთ “საბა ქონსთრაქშენთან” დაკავშირება.
გვინდოდა გვეკითხა, შეიტყვეს თუ არა კორპუსებში წყლის გაჟონვის შესახებ და როდის აპირებენ მის მოგვარებას. Რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, Სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მითითებულ კომპანიის ნომერზე არავინ გვპასუხობს.
ტყიბულში ყოფნისას, მერიის ინფრასტრუქტრის სამსახურის უფროს ზაზა ზოსიაშვილსაც დავურეკეთ. ჯერ ზოგადად გვითხრა, სამუშაოები დასრულებული არ არისო. კონკრეტული მისამართი რომ დავუსახელეთ და სიტუაცია აღვუწერეთ – არ ვიცი ზეპირად, არ მცალია ახლა და თუ რაიმე გჭირდებათ, წერილობით მომართეთ მერიასო. ინტერვიუს თხოვნაზე კი გვიპასუხა, “არ მაქვს თქვენთან ინტერვიუს სურვილი, ხომ მაქვს ამის უფლებაო?”
მერიისგან გვაინტერესებს, როგორ ამონიტორინგებდნენ რეაბილიტაციის სამუშაოებს, თუ იციან ახლანდელ პრობლემაზე და რაში ხედავენ გამოსავალს. კითხვებზე პასუხების მიღების შემთხვევაში, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ.
მთავრობა საქმის კურსში არ არის და პრობლემაზე იმიტომ არ რეაგირებსო, ვერ ვიტყვით. ტყიბულის მერიას ადგილობრივებმაც არაერთხელ მიმართეს. Ხან წერილი დატოვეს, ხან დარეკეს ან ფიზიკურად მივიდნენ. ქუჩაში, სხვა კორპუსებთან ხელოსნების ზედამხედველს (პრარაბს) რომ წააწყდებიან, აჩერებენ და თავის გასაჭირზე უყვებიან. თუმცა, ჯერჯერობით, ყურადღებას არავინ აქცევთ.
ადგილობრივები მოგვიყვნენ, მერიაში გვაჩვენეს წერილი, რომლითაც მგფ-ს სთხოვდნენ პასუხს, ნესტის გამომწვევ მიზეზებზე, მაგრამ ამ დოკუმენტის ასლი თან არ გამოგვატანესო.
ამასობაში, ზამთრის სეზონი ახლოვდება და მოსალოდნელია, რომ სახლებში წვიმისა თუ თოვლის ნალექი უფრო ინტენსიურად შეაღწევს. თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, ზოგი მოსახლე აპირებს პასუხისმგებელ პირებს სასამართლოში უჩივლოს. იმედი აქვთ, რომ ასე მაინც მოხედავენ და აღარ მოუწევთ ნესტიან კედლებში ყოფნა.
შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ მგფ-მ დამატებითი წერილით გვაცნობა, რომ 27 ნოემბრის მონაცემებით, სამუშაოებზე დახარჯულია 25,8 მილიონი ლარი და ზედამხედველობას ახორციელებს შპს სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრია.
Მასალის გამოყენების პირობები
Მასალაში გამოყენებული წყაროები