#აიფაქტი: როგორ აგროვებს მიტროპოლიტი ასიათასობით ლარს პირადი უძრავი ქონების შესაძენად? მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. ბიზნესს არ ფლობს. არც საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელობისთვის უნდა იღებდეს კოლოსალურ ხელფასს საპატრიარქოსგან, რომლის წარმომადგენლებიც მუდმივად სახელმწიფო დაფინანსების უკმარისობაზე საუბრობენ და მის გაზრდას ითხოვენ.
ამჯერად ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ქონებას გაგაცნობთ, რომელიც საჯარო რეესტრში მის სახელზეა გაფორმებული.
გრიგოლ (გურამ) ბერბიჭაშვილი ბერად 1996 წელს აღიკვეცა. მიტროპოლიტობა კი 2007 წლის 3 ივნისს ებოძა.
ბერად აღკვეცისას გურამ ბერბიჭაშვილმა უქონლობის აღთქმა დადო, რომელიც, ფაქტია, რომ დაარღვია. საჯარო რეესტრის თანახმად, მის საკუთრებაშია შემდეგი უძრავი ქონება:
1. 154 კვ.მ. ბინა სამი ავტოფარეხით ძველ თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე. ეს ბინა მიტროპოლიტმა 2009 წლის აგვისტოში 150 ათას დოლარად შვილისთვის შეიძინა. ყიდვიდან სამი წლის შემდეგ შვილმა ეს ბინა მამას გადაუფორმა. ამ გარიგებაში შვილის წარმომადგენელი მამა იყო და დოკუმენტს მის ნაცვლად ხელსაც მიტროპოლიტი გრიგოლი აწერს. დოკუმენტზე მჩუქებლისა და საჩუქრის მიმღების გასწვრივ მიტროპოლიტის ხელმოწერაა.
2. 74 კვ.მ ბინა საბურთალოზე, რომელიც 2008 წლის სექტემბერში დედამ გადაუფორმა.
3. 600 კვ.მ. მიწა ლისის ტბასთან, რომელიც 1999 წელს აუქციონით 5,000 ლარად შეიძინა.
მიტროპოლიტი გრიგოლი ხელმძღვანელობს საპატრიარქოსა და საკუთარი ინიციატივით დაფუძნებულ შვიდ არაკომერციულ და ერთ კომერციულ ორგანიზაციას:
• ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი
• საქართველოს საპატრიარქოს ფოთის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი
• ფოთის წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარია
• კავშირი ფოთის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყვლის სახელობის სასულიერო სემინარია
• ახალი საქართველოს უნივერსიტეტი
• საქართველოს საპატრიარქოს ფოთის წმინდა ნიკოლოზის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა
• ფოთისა და ხობის ეპარქიის განვითარების ფონდი (დააფუძნა მიტროპოლიტმა)
• შპს “ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა”
მიტროპოლიტის შვილი, რომელსაც არც ბიზნესი აქვს და არც ინდ. მეწარმის სტატუსი, ფლობს 2014 წელს წყნეთში 225 ათასი დოლარად ნაყიდ 403 კვ.მ. მიწას 160 კვ.მ. სახლით.
შვილის სახელზეა რეგისტრირებული 33 კვ.მ. ფართის სასტუმროს ნომერი ბათუმში, ორბის კორპუსში, რომელშიც 2014 წელს 29,871 ლარია გადახდილი.
საჯარო რეესტრის დოკუმენტები იხილეთ ამ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/11iV0UpQbwbeNYCGg_ML7gJtTkJC7N1St?usp=sharing