ავტორი: თამუნა ქიმაძე
თებერვალში იმერეთს სტიქიამ გადაუარა. ქარბუქის და უხვი ნალექის გამო წყალი ჩავიდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ორ ტაძარში. შედეგად, შუა საუკუნეების მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრობა მორიგ ჯერზე დაზიანდა.
მარტში გელათს მხატვრობის ბრიტანელი სპეციალისტები ეწვივნენ – მდგომარეობის შესაფასებლად, კრიტიკულ ადგილებზე პირველადი ჩარევების დასაწყებად და მომავალი სამუშაოების დასაგეგმად. ახლა, მათი მიზანიც გელათის დაზიანებული ფრესკების გადარჩენაა.
12 მარტის დილას ლიზა შეკედე და სტივენ რიკერბი გელათის ეზოში შეკრებილი ქართველი ჟურნალისტების კითხვებს თარჯიმნის დახმარებით პასუხობდნენ. როგორც კი შანსი მოგვეცა, ჩვენ ორივე მათგანს გამოველაპარაკეთ, მათ მისიაზე რამდენიმე კითხვა დავუსვით, რაზეც მოკლე და ნეიტრალური პასუხები შემოგვაგებეს. არადა, მათთან ვრცელი ინტერვიუ გვინდოდა, რადგან გელათის ამბავს 2020 წლიდან ვაშუქებთ და ძეგლის ახლანდელ პრობლემებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაგვიგროვდა.
[წყლის კვალის გაუარესების დინამიკა, ფოტო: გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ანგარიში]
ამ თხოვნაზე, რომ მოგვიანებით ვრცელი ინტერვიუს ფორმატში შევხვედროდით, შეკედემ და რიკერბიმ გვითხრეს, ეს დამოკიდებულია მამა კირიონზე, ჩვენ მას ვუსმენთ და თუ ნებას დაგვრთავს, წინააღმდეგი არ ვიქნებითო.
კირიონ ონიანი გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ის ასევე დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი და საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეა.
2023 წლის აპრილიდან სწორედ კირიონ ონიანი ჩაუდგა სათავეში გელათის პრობლემების მოგვარებას და პირობაც გაისმა, რომ საპატრიარქო პროცესს მაქსიმალურად გამჭვირვალეს და ღიას გახდიდა.
ჩვენსა და ბრიტანელ სპეციალისტებს შორის გელათის ეზოში გამართულ ამ ხუთწუთიან საუბარს კირიონ ონიანი თვალს იქვე, 20 მეტრში მდგომი ადევნებდა. ბრიტანელების შემდეგ საუბარი მას გავუბით.
ნახევარსაათიანი დიალოგის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მამა კირიონი ინფორმაციის გაზიარების წინააღმდეგი არ ჩანდა. ისიც გვითხრა, ახლა მარხვის მძიმე დღეებია, ცოტა მოგვიანებით შემეხმიანეთ და ვრცელი ინტერვიუც ჩავწეროთო.
ამ დათქმით, მას სამი კვირის შემდეგ დავუკავშირდით. მამა კირიონი ჩვენს ზარებს აღარ პასუხობდა. შემდეგ მეილი გავგზავნეთ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტთან და ვთხოვეთ, ბრიტანელ სპეციალისტებთან ინტერვიუს დაგეგმვაში დაგვხმარებოდნენ.
“…ბატონმა სტივენმა და ქალბატონმა ლიზამ ვრცელ და ინდივიდუალურ ინტერვიუებზე თავი შეიკავეს… თვლიან, რომ მათ არ სურთ წარსულ ჩარევებზე საუბარი და ამჟამინდელ გამოწვევებზე არიან ორიენტირებული. ისინი ღია არიან ჟურნალისტებთან ერთობლივ-საჯარო ინტერვიუზე, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი 12 მარტს…”, – მოგვწერეს კომიტეტიდან.
ეს ამბავი უჩვეულოდ გვეჩვენა. ამიტომ, სტატიის გამოქვეყნებამდე, ბრიტანელ სპეციალისტებს პირად მეილზეც მივწერეთ და ჩვენი კითხვები წერილობით გავუგზავნეთ. ორ დღეში საპასუხო წერილიც მივიღეთ:
“გელათის რეაბილიტაციის პროექტზე სასაუბროდ დრო და ადგილი არსებობს. მოხარული ვიქნებით გიპასუხოთ, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება, მაგრამ არ ვაპირებთ არასასურველ კითხვებს იმეილით გავცეთ პასუხი. ამიტომ, გთხოვთ, ამ ფორმით აღარ დაგვეკონტაქტოთ.”
ამას კი მოაყოლეს, გამჭვირვალობისთვის, ამ მიმოწერის ასლი მამა კირიონს და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს გავუგზავნეთო.
არ ვიცით, რა გამჭვირვალობას გულისხმობენ ბრიტანელი სპეციალისტები, ალბათ, საპატრიარქოსთან მათი ურთიერთობის გამჭვირვალობას. ჩვენთვის კი გელათთან მიმართებით სიტყვა გამჭვირვალობის გამოყენება ისეთივე აბსურდულია, როგორც ის კადრი – გელათის სახურავზე გადაფარებული ლურჯი ტენტი; რადგან ამ ოთხ წელში, რაც ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, გელათის შესახებ ბევრი რამ არ ყოფილა და არის გამჭვირვალე.
მაშინ როცა გელათის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს ებარა, კითხვებს ისინი არ პასუხობდნენ და არც საჯარო ინფორმაციას გვიზიარებდნენ. ახლაც, როცა გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ გადაიბარა, ბევრი უპასუხო კითხვა რჩება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად ჟურნალისტებს დიდი ძალისხმევა გვჭირდება.
შესაბამისად, არაა ბოლომდე გამჭვირვალე, რა მდგომარეობაშია შუა საუკუნეების მხატვრობა ახლა, კონკრეტულად რას აკეთებენ ან აპირებენ ბრიტანელი სპეციალისტები მის გადასარჩენად და რამდენად წარმატებული იქნება მათი მცდელობა.
ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ამ საკითხების გარშემო შეგვეკოწიწებინა ინფორმაცია სხვადასხვა დოკუმენტური წყაროდან და აზრი გვეკითხა ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტებისთვის. ყველა დეტალს, რაც ამ სტატიაზე მუშაობის შვიდთვიან მონაკვეთში მოვაგროვეთ, ქვემოთ გიზიარებთ.
2024 წლის 11 ივლისის მდგომარეობით
ამ კვლევის პროცესში მხოლოდ ჩვენ მოვახერხეთ საუბარი იტალიელ სპეციალისტებთან, რომლებიც გელათში 2021-2022 წლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მუშაობდნენ.
ჩვენ ოთხსაათიანი ინტერვიუ ონლაინ ზარის საშუალებით ჩავწერეთ “ჯოვანი სეკკო სუარდოს” ასოციაციის ოთხ წარმომადგენელთან. მოგვიყვნენ, როგორ ჩამოვიდნენ გელათში, რა ვითარება დახვდათ, რა გააკეთეს და შემდეგ როგორ მოუწიათ 2022 წლის სექტემბრის ბოლოს გელათის სასწრაფოდ, სრულიად გაურკვეველ ვითარებაში დატოვება.
მათი წასვლიდან ამ წლის გაზაფხულამდე მხატვრობას მხოლოდ აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ და მის გასამაგრებლად სამუშაოები არ მიმდინარეობდა. არადა, ინტერვიუს დროს იტალიელებმაც გვითხრეს და ამ აზრს ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ, რომ ამ განვლილ პერიოდში გელათის მხატვრობას სჭირდებოდა აქტიური ზრუნვა და არამხოლოდ დაკვირვება.
ახლა, ბრიტანელი სპეციალისტები არ ეხებიან იმ სცენებს, რომელზეც მათი წინამორბედი, “სუარდო” მუშაობდა. არქიმანდრიტმა კირიონმა გელათის ეზოში საუბრისას გვითხრა, რომ ის მხატვრობა ბოლომდე უნდა დაზიანდეს, დაინახონ სრული რეგრესი და მერე ჩაერევიან.
“21 ლოკაცია მონიშნეს პრობლემურად, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადაუდებელი ჩარევა განხორციელდება ახლა. დაზიანების კერად მონიშნულია [“სუარდოს” ნამუშევრებიც], მაგრამ მაგათ არ ეხებიან, იმიტომ რომ უარესი გამოვა… სანამ ის არ დასტაბილურდება თავის რეგრესში და დაგანახებს, რომ აი, უკვე აქ გავჩერდი და აქედან დამიწყე მკურნალობა… ჩვენ გვინდა ჩქარა, ადამიანურად, მაგრამ ის [სპეციალისტი] გიხსნის – ნახე რა მოხდება? დასტაბილურებაში შეიძლება დაგრჩეთ ფრესკის 40 პროცენტი და მე თუ ახლა რაღაცებს დავიწყებ, დაგიყვანო 5-ზე, 10-ზე…”, – გვითხრა არქიმანდრიტმა კირიონმა.
“რეალურად, კრიტიკული მხოლოდ 21 ადგილი არ არის. კრიტიკულია მთელი კედლის მხატვრობა და მათ შორის მოზაიკა. ჩვენ ისეთ დღეში დაგვხვდა ეს მხატვრობა, რომ ასე სხვას არავის დახვედრია… საქმე ძალიან ცუდად იყო, კამარებიდან პირდაპირ ცვიოდა ეკლესიის კედლის მხატვრობა, ამიტომ დავიწყეთ მათი კონსერვაცია, მიმაგრება და გადარჩენა. კულტურის სამინისტრო გვიკვეთავდა სასწრაფო, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას და ალესანდრო მასარი ნაბიჯ-ნაბიჯ იკვლევდა ყველა შესაძლო სამომავლო ჩარევას,” – გვეუბნებიან “ჯოვანი სეკკო სუარდოს” სპეციალისტები.
[დასავლეთ მკლავის მხატვრობიდან ჩამოცვენილი თაბაშირის ფენა, ფოტო: 2021 წლის სექტემბერი, “სუარდოს” ანგარიში]
“ჩვენი ძირითადი ფოკუსი არ არის დასავლეთ მკლავის კამარაზე [‘სუარდომ’ დასავლეთ მკლავზე იმუშავა] …ამ ეტაპისთვის ასეა. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაშია სამუშაო და ეტაპ-ეტაპ ყველაფერი მოუწევს. მთავარია, ჯერ გადახურვის პრობლემა აღმოიფხვრას. ყველაფერში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, არც აჩქარება ღირს და არც დაუფიქრებელი აქტივობები… როგორც მამა კირიონმა ახსენა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ხდება [სუარდოს ნამუშევარზე საკონსერვაციო ჩარევა], გარდა მარილების ზედაპირული მოხსნისა…,” – გვითხრა მარიამ საღარაძემ. ის კედლის მხატვრობის და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სპეციალისტია. გელათში სამუშაოდ კი საპატრიარქომ მოიწვია.
“რას ნიშნავს, არ აპირებენ? თუ რესტავრატორი ხარ, რას ელოდები? ფული გამოიყოფა იმისთვის, რომ გადაარჩინო მხატვრობის ის ნაწილი თუ ფრაგმენტები, რაც წვიმის ჩამოსვლამ დააზიანა და რაც შემორჩა, ის მაინც დააკონსერვო. თუ ამას არ აკეთებ, შენი ამოცანა რა არის? ვინმემ ამიხსნას… უყურებ, როგორ სცვივა მხატვრობა და ამაზე აფიშირებ? ესაა მათი ძირითადი ამოცანა?“ – ბრაზს ვერ მალავს მერაბ ბუჩუკური, რომელიც იტალიელებთან ერთად გელათის მხატვრობაზე 2021-2022 წლებში მუშაობდა. ის უმაღლესი კატეგორიის მხატვარ-რესტავრატორია და თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის კათედრას ხელმძღვანელობს.
ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალიაც ღელავს იმ ფაქტზე, რომ ბრიტანელები “სუარდოს” ნამუშევარზე ხელის ხლებას არ აპირებენ. მისი აზრით, ეს მხატვრობის ამ მონაკვეთების დაღუპვას ნიშნავს, რაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის პასუხისმგებლობა იქნება.
“ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ თქვა ხელს არ ვახლებო და ყველაზე ცუდი გელათისთვის და ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, არის რეალური რისკი, რომ იქნება დანაკარგი და მხარეები ერთმანეთს დააბრალებენ… აქ არის კომიტეტის პასუხისმგებლობა, იმ რგოლის, რომელიც პროექტს მართავს. თუ რაც ჩამოსაცვენია უნდა ჩამოცვივდეს, მაშინ რად გვინდა ამხელა ჩართულობა? შეიძლება, ახალმა ჯგუფმა არ ჩათვალოს მიზანშეწონილად, რომ ხელი ახლოს სხვების ნამუშევარს. თუმცა, ქართული მხარის ვალდებულებაა, რომ დეტალური დასაბუთება მოითხოვოს და იფიქროს გამოსავალზე. ამისთვის, მინიმუმ, არსებობს საერთაშორისო საბჭო.”
ეს ქიშპობა გელათის უნიკალური მხატვრობისთვის, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. არსებობს რისკი, რომ ნაწილობრივ დავკარგოთ მე-16 საუკუნის სცენები: “ფერხთა ბანა”, “საიდუმლო სერობა” და “ქრისტე კაიფასთან”/”მაცხოვარი იუდეველ მღვდელმთავართა წინაშე”
“სუარდოს” ხანა გელათში – როგორ იმუშავეს მხატვრობაზე იტალიელებმა?
2021 წლის ივნისში კულტურის სამინისტრომ გელათის მხატვრობის გადასარჩენად იტალიელი სპეციალისტების ორი ჯგუფი მოიწვია.
“რესტრუერეს” გელათის სამონასტრო კომპლექსის სტრუქტურის და არქიტექტურის პრობლემებზე უნდა ემუშავა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა იუნესკოს მიერ მოწვეული, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორი უგო ტონიეტი.
ასოციაცია “ჯოვანი სეკკო სუარდო” – ეს ჯგუფი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და კონსერვაციაზე 1991 წლიდან მუშაობს. იტალიის გარდა, პროექტები ჰქონიათ ევროპის, აზიის და ამერიკის ქვეყნებში. ასოციაცია გელათის დაზიანებული მხატვრობაზე სამუშაოდუგო ტონიეტის რჩევით მოიწვიეს.
ამ ჯგუფში იყო ექვსი კონსერვატორ-რესტავრატორი, ჰიგირომეტრიის ექსპერტი, კონსერვაციის მეცნიერ-ქიმიკოსი, პეტროგრაფი და ხელოვნების ისტორიკოსი. იტალიელებს და მათ მიერ მოწვეულ ქართველ სპეციალისტებს (მერაბ ბუჩუკურის ჯგუფს) ხელმძღვანელობდა მარიო პულიერი.
ბმულზე ნახავთ “ჯოვანი სეკკო სუარდოს” გუნდის წევრების რეზიუმეებს. ისინი ასოციაციამ თავად გამოგვიგზავნა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ “ჯოვანი სეკკო სუარდოსთან” 2021-2022 წლებში სულ 6 ხელშეკრულება გააფორმა. მათ დაავალეს კედლის მხატვრობის ფერწერული ფენების, ნალესობის და მარილების გამოკვლევა, არასტაბილური ადგილების სატესტო გამაგრება, მიკროკლიმატის მონიტორინგის დაგეგმვა, ზოგადი სიტუაციის შეფასება და სამომავლო რეკომენდაციების გაცემა. “სუარდოსთან” ერთად მუშაობდა ქართველი რესტავრატორების ჯგუფი მერაბ ბუჩუკურის ხელმძღვანელობით.
“ჯოვანი სეკკო სუარდომ” იმუშავა მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის ოთხ სცენაზე:
გარდა ამისა, იმუშავეს “ლოცვა გედსამანიის ბაღში” სცენის ნაწილზე და კამარის ზედა ნაწილში გამოსახული ჯვრის მიმდებარე არეალზე.
“გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდა სცენების იმ მონაკვეთებზე, სადაც მოხატულობის ფრაგმენტები გადაუდებლად ითხოვდა შველას – ჩარევას. ასე რომ, არც ერთ კომპოზიციაზე საკონსერვაციო სამუშაოები ბოლომდე არ დასრულებულა. ჩვენ რაც მოვასწარით, ვიმუშავეთ მარტო დასავლეთი მკლავის 20 პროცენტზე, მთელი ტაძრის, ალბათ, 5 პროცენტზე. დანარჩენ კედლებს არ შევხებივართ,” – გვითხრა მერაბ ბუჩუკურმა.
ფოტო: მერაბ ბუჩუკური
მათი მუშაობა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფმა შეაფასა. იტალიელთა ნამუშევარს და მეთოდოლოგიას აფასებდნენ ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრი, საპატრიარქოს მოწვეული და სხვა საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, იუნესკოდან.
იუნესკოს მრჩეველმა ორგანომ, იკომოსმა 2022 წლის თებერვალში გელათში “ჯოვანი სეკკო სუარდოს” მისიის სამუშაოები დადებითად შეაფასა. მოიწონეს მათ მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია და მუშაობის გაგრძელებაც ურჩიეს. ამავე დასკვნის შესახებ კულტურის სამინისტრო ფეისბუქ გვერდზე წერდა:
“იკომოსი საქართველოსგან მოითხოვს, რომ იტალიელმა სპეციალისტებმა გააგრძელონ მუშაობა; აცხადებს, რომ ეთანხმება ამ ექსპერტთა რეკომენდაციებს, რომლებიც ემყარება ზიანის გამომწვევი მიზეზებისა და ლაბორატორიულ კვლევებს, მით უფრო, კედლის მხატვრობის ძალიან კრიტიკული მდგომარეობის ფონზე. რეკომენდაციას აძლევს საქართველოს, რომ იდენტური საექსპერტო შეფასებები ტაძრის კედლის მხატვრობის სხვა ყველა დანარჩენ ნაწილზე განახორციელოს,” – წერდა სამინისტრო 2022 წლის 10 თებერვალს.
იკომოსის ეს დასკვნა ჩვენ თავად იტალიელებისგან მივიღეთ. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის საიტზე ეს დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თითქოს, არც არსებობს.
სამაგიეროდ, გამოქვეყნებული აქვთ ის დასკვნები, რომლებიც “ჯოვანი სეკკო სუარდოს” ასოციაციას აკრიტიკებს. მაგალითად, 2023 წლის ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის, საპატრიარქოს მიერ მოწვეული ექსპერტებისა და გელათში ახლა მომუშავე ბრიტანელი სპეციალისტების – შეკედესა და რიკერბის 2021 წლის დასკვნები.
ამ დოკუმენტებში წერია, რომ “სუარდოს” მეთოდოლოგია მცდარი, ნაადრევი და საერთაშორისო სტანდარტებთან აცდენილი იყო, შერჩეული მასალები კი მხატვრობის ორიგინალთან არათავსებადი. განსაკუთრებით აკრიტიკებდნენ მხატვრობის ტონირებას, ანუ ფერის აღდგენას აკვარელით.
“…ორიგინალ ბათქაშზე რესტავრატორების ჩარევა, მათ მიერ ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება – არსებითად, მხატვრობის ფალსიფიკაციას წარმოადგენს და აზიანებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სახეს”, – ვკითხულობთ ჩუბინაშვილის ცენტრის 2023 წლის იანვრის დასკვნაში.
საპატრიარქოს მიერ მოწვეული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო იწუნებს იტალიელების მიერ გამოყენებულ “გელათის მხატვრობისთვის არათავსებად” მასალებსადა მეთოდებს – მაგალითად, აკრილს, ნანომასალებს, სილიკატებს, ფოსფატებსა და ოქსალატებს.
“შემოთავაზებული გადაუდებელი ჩარევები შემაშფოთებელია, ეს ეხება დაგეგმილ ჩარევებს – აქერცვლის ფიქსაციის, გამაგრების/კონსოლიდაციის, მარილების შემცირების, ჩასხმის და კიდეების გამაგრების მასშტაბს/მოცულობას და შემოთავაზებულ მასალებსა და მეთოდებს,”- ვკითხულობთ 2022 წლის დასკვნაში.
კრიტიკის ფონზე, კონკრეტულად არაფერს ამბობენ იმაზე, რა ალტერნატიული მასალები და მეთოდები უნდა გამოეყენებინათ იტალიელ სპეციალისტებს გელათის დაზიანებულ მხატვრობაზე მუშაობისას.
“სუარდოს” ნამუშევარს იწუნებს საპატრიარქოს მოწვეული მხატვრობის კონსერვაციის ქართველი სპეციალისტი მარიამ საღარაძეც. მისი თქმით, იტალიელებმა დაზიანებულ მხატვრობაზე გადაუდებლის ნაცვლად, საკონსერვაციო სამუშაოები ჩაატარეს, რაც ნაადრევი იყო:
“გარკვეულ ადგილებზე ტონირებებიცაა და ფერია დადებული, ეს გადაუდებელ ჩარევებში ვერანაირად ვერ შევა… დასავლეთ მკლავის ზედა კამარის დონეზე სრული კონსერვაცია-რესტავრაცია გააკეთეს… რადგან სტრუქტურა ბოლომდე გამომშრალი არ იყო, არ ვიცოდით, როგორ მიმდინარეობდა მარილების კრისტალიზაცია-დნობის პროცესი, ზედაპირზე საკონსერვაციო ჩარევებმა ეფექტი ვერ გამოიღო და უარესი მოხდა… ამ ადგილებში დანაკარგი დღესაც მიმდინარეა, იმიტომ რომ დაზიანების გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ამდენი ხანია.”
იტალიელების სამუშაოები იუნესკოს ერთობლივმა საკონსულტაციო მისიამაც შეაფასა. დასკვნიდან ვიგებთ, რომ 2021 წლის მაის-ივნისში “სუარდოს” ჩატარებულ სატესტო სამუშაოების შედეგებთან პრეტენზია არ ჰქონიათ. თუმცა, 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნებულ მომდევნო დასკვნაში იტალიურ ჯგუფს დაუწუნეს ტექნიკა და საკონსერვაციოდ გამოყენებული მასალები.
მაგალითად, მოიწონეს ნანოკირის გამოყენების იდეა, თუმცა ფერწერის სინთეზური პოლიმერებით გამაგრება სარისკოდ მიიჩნიეს: “შეიძლება გამოიწვიოს ზედაპირზე ან ფერწერის ქვეშ წყალგაუმტარი ფენის წარმოქმნა”.
“სუარდოს” მთავარ შეცდომად პოლიმერების გამოყენებას ასახელებს არქიმანდრიტი კირიონიც. გელათის ეზოში დიალოგისას გვითხრა:
“პოლიმერები და აკრილები [იყო შეცდომა], რაც იხმარეს მასალები, ფენები დაკეტეს. ‘სუარდოს’ და თეას [მინისტრის] შეეშალათ ის, რომ არ უსმენდნენ… [ბრიტანელები] ეუბნებოდნენ – გაჩერდით, ძალიან ჩქარობთ, წარმოუდგენლად ჩქარობთ. შეხვედრებიც იყო ამაზე, შეხვდნენ და დაელაპარაკნენ ადამიანურად სამინისტროს. სამი დღე ჩაატარეს კვლევა და ამ სამდღიანი კვლევაზე დაფუძნებით დაიწყეს ფართომასშტაბიანი გადაუდებელი სამუშაოები”
კრიტიკას მერაბ ბუჩუკური ასე პასუხობს: “ადამიანი რომ იტყვის, პოლიმერების გამოყენება არ შეიძლებაო, კითხეთ – აბა, რისი შეიძლება-თქო? ეს არის საკონსერვაციო სამუშაოებში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მასალა, რომელსაც მსოფლიოში ყველგან იყენებენ. ოღონდ, რესტავრატორი უნდა მიხვდეს, სად რამდენ პროცენტიანი ხსნარი გამოიყენოს… საპატრიარქოში ერთ-ერთ შეხვედრაზე მამა კირიონმა თქვა, ამას ვინღა იყენებსო? 2019 წელს გარეჯში, “დოდოს რქის” მონასტერში [დიმიტრი თესალონიკელის სახელობის XIII საუკუნის კედლის მოხატულობის კონსერვაციისას] იგივე მასალით იმუშავეს ინგლისელებმა [საპატრიარქოს მოწვეულმა], რაზეც არ ვედავები. ოღონდ, არაპროფესიონალურად, მაღალპროცენტულობით ჰქონდათ გამოყენებული”.
“სუარდოს” სპეციალისტებმა გელათის დაზიანებულ მხატვრობაზე მუშაობისას ფერის აღდგენის მიზნით ტონირება გამოიყენეს, ანუ დაკარგული ფერი გამოკვეთეს აკვარელის საღებავით. ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალია გვეუბნება, რომ იტალიური სკოლის არაერთი წარმომადგენლისთვის ეს მისაღებია, მაგრამ ქართული საკონსერვაციო სკოლა და ხელოვნების ისტორიკოსები, ისევე როგორც არაერთი უცხოური საკონსერვაციო სკოლა, ამას სერიოზულ პრობლემად ვთვლითო.
“ამგვარი აღდგენა აშკარად ლახავს მხატვრობის ავთენტურ სახეს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საკითხი, შეიძლებოდა სამუშაოების სულ ბოლო, მხატვრობის პრეზენტირების ეტაპზე დამდგარიყო, და ისიც – მხოლოდ დისკუსიის თემად და მხოლოდ ხელოვნების ისტორიკოსთა ფართო ჩართულობით. მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მათ ეს გააკეთეს თვითნებურად და გაუმშრალ კედლებზე. აშკარა იყო მიზანი, რომ სასწრაფოდ უნდა შელამაზდეს, შეიფუთოს და დაიმალოს დაზიანება, რაც უკვე აღარ არის არათუ კონსერვაცია – რესტავრაციაც კი აღარ არის,” – გვეუბნება ჯანჯალია.
მერაბ ბუჩუკური კი ფიქრობს, რომ ტონირება გელათის დაზიანებული ფრესკების გადარჩენის ან დაკარგვის მიზეზი ვერ იქნება. ეს ერთჯერადი პროცედურა იყო, იტალიელებმა საპრეზენტაციო ნიმუშად, დროებით გამოიყენეს და თქვეს – ტონირების ჩვენეული მეთოდი თუ არ იქნება მისაღები, უმტკივნეულოდ მოვაცილებთო.
“მე მაშინვე ვთქვი, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ამისთვის, რომ ტონირების ეს მეთოდი მიიღოს, მაგრამ საპრეზენტაციოდ რა უშავს-თქო… ეს ნიშნავს დაკარგული და შემდეგ შენს მიერ აღდგენილი შელესილობის ნაწილზე, მაღალი დონის აკვარელის საღებავებით მხატვრულ ტონირებას. ეს პროცესი უპრობლემოდ შექცევადია და დისტირილებულ წყალში გაწურული ტამპონით, ნებისმიერ დროს, უპრობლემოდ შეიძლება მოცილდეს… ესთეტიკური ნაწილია… [ტონირებული მხატვრობის] პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უმტკივნეულოა,”-ამბობს მერაბ ბუჩუკური.
“ადგილზე მყოფმა კონსერვაციის ჯგუფმა განმარტა, რომ ამგვარი დამუშავება ჩატარდა, როგორც ნიმუში, მომავალში მხატვრობის გარჩევადობის უზრუნველყოფის შესაძლებლობების უკეთ გასააზრებლად. აკვარელით განხორციელებული ეს დამუშავება შექცევადია. თუმცა, როგორც ჩანს, ამჟამად ამგვარი ჩარევის საჭიროება, საერთოდ გამოირიცხა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოხატულობაზე ცვლილებების და დაშლის პროცესები. ამგვარი დამუშავების ჩატარება ამ მომენტისთვის არ არის მიზანშეწონილი,” – წერია იუნესკოს ერთობლივი საკონსულტაციო მისიის 2022 წლის 28 ნოემბერი-2 დეკემბრის ანგარიშში. ამ დროს, “სუარდო” გელათიდან უკვე წასულია.
“სუარდო” არ იყო პირველი, ვინც გელათის მხატვრობაზე ტონირების მეთოდი გამოიყენა. ამას მოწმობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით მომზადებული საველე დათვალიერების 2020 წლის აპრილის ანგარიში. ერთ-ერთი ავტორი, მარიამ საღარაძე წერს, რომ 2020 წლის აპრილში, დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელზე ძველი ჩარევების კვალი შენიშნეს:
“…გამომარილება უმეტესად გავრცელებულია წინა ჩარევის დროს გამოყენებულ სარესტავრაციო მასალაზე (შევსებასა და ტონირებაზე). აღსანიშნავია ნაცრისფერი შევსების გამომარილება, რომელიც იწვევს მასალის ცვენას,” – ვკითხულობთ ანგარიშში.
რას პასუხობს “სუარდო” კრიტიკას?
ჩვენ “ჯოვანი სეკკო სუარდოს” გუნდს 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის ივლისში ვესაუბრეთ. მათ დეტალურად გვიამბეს, რა სიტუაციაში დახვდათ გელათი, რა ზომები მიიღეს მხატვრობის გადასარჩენად, როგორ ურთიერთობდა მათთან ქართული მხარე – საპატრიარქო და სამინისტრო. ლანფრანკო სეკკო სუარდომ, მარკო პულიერმა, ალესანდრო მასარიმ და ლორენცო ბუდელომ მათ წინააღმდეგ კრიტიკაზე თავისი არგუმენტებიც გაგვიზიარეს.
გვიყვებიან, რომ გელათის მხატვრობის გადასარჩენად ისინი საგანგაშო სიტუაციაში მოიწვიეს, სასწრაფოდ ჩამოდიოდნენ ხოლმე და გადაუდებელი ჩარევები ევალებოდათ. ამიტომ, არასწორი ჰგონიათ აპელირება იმაზე, თითქოს, ისინი იქ სრულ კონსერვაციას ატარებდნენ და მხატვრობას აფუჭებდნენ.
“ჩვენი მისიები ძალიან ხანმოკლე პერიოდს მოიცავდა… ეს იყო, ფაქტობრივად, “ემერჯენსი” ჩართვები, იმიტომ რომ საქმე იყო გადარჩენაზე და არა კონსერვაციასა და ხანგრძლივ პროექტზე. ამის შესაძლებლობა არ გვქონდა…”, – გვითხრა კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტმა მარკო პულიერმა.
“ჩვენ უკვე ვემზადებოდით წყნარი, ხანგრძლივი პერიოდისთვის, რომელიც 10-წლიანი საკონსერვაციო პროექტი იქნებოდა, რომ მოგვცემოდა ამის დრო და საშუალება… მაგალითად, ლეონარდოს საიდუმლო სერობის რესტავრაცია 20 წელს გრძელდებოდა, არადა, მხოლოდ ერთი სცენაა და გელათი ორი-სამი ჩამოსვლით ვერ გაკეთდებოდა”, – ამბობს “სუარდოს” ასოციაციის პრეზიდენტი, ლანფრანკო სეკკო სუარდო.
2023 წლის აპრილიდან, ანუ მას შემდეგ, რაც გელათის რეაბილიტაციის პროცესი საპატრიარქომ ოფიციალურად გადაიბარა, ტაძრის დაზიანებული მხატვრობის რეგულარული მონიტორინგი და კვლევები დაიწყეს. ამ პროცესს საპატრიარქოს დაკვეთით, ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი წარმართავდა. მათ 2023 წელს მხატვრობის მონიტორინგისა და კვლევების შვიდი ანგარიში მოამზადეს.
დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავზე, ანუ იქ, სადაც “სუარდომ” იმუშავა, მხატვრობის დაზიანება გრძელდება და არსებობს ცვენის რისკები.
“დაზიანების დინამიკა მხატვრობას დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს… ასეთი მონაკვეთები იკვეთება როგორც 2021– 2022 წლებში განხორციელებული საკონსერვაციო ჩარევის არეალებში, ისე დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთ მკლავების იმ ნაწილებში, სადაც სავარაუდოდ ბოლო წლებში ჩარევა არ მომხდარა. ამ მონაკვეთებში დაზიანებულია, როგორც ნალესობის, ისე ფერწერული ფენა…“ – წერია კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესახებ საპატრიარქოს დაკვეთით მომზადებულ 2023 წლის აპრილი-მაისის მონიტორინგის ანგარიშში.
მერაბ ბუჩუკური არ იზიარებს “სუარდოს” მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას, რომ თითქოს მხატვრობის დაზიანების გაუარესებაში ბრალი მათაც მიუძღვით. რესტავრატორის თქმით, პრობლემაა ის, რომ “სუარდოს” წასვლიდან ბრიტანელების მოსვლამდე, ანუ წელიწადნახევრის განმავლობაში, ანუ წელიწადნახევრის განმავლობაში, საპატრიარქოს მიერ მოწვეული ქართველი რესტავრატორები დაზიანებულ მხატვრობას მხოლოდ აკვირდებოდნენ და მათ გადარჩენაში ფიზიკურად არ ჩარეულან:
“ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რა დავტოვეთ, როცა გამოვედით და პასუხს ვაგებთ იმაზე, რაც გავაკეთეთ. პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებ, მონიტორინგის დროს თუ რამე ზიანდებოდა კიდე, რატომ არ ატეხეს განგაში, იგივე ჩვენს ნამუშევარზე? კედლები რომ მშრალი არ იყო, ამაზე ვთანხმდებით. სარესტავრაციო მეთოდოლოგიაც საბოლოო შედეგს ვერ მოიტანდა, რადგან კედლების გაშრობის შემდეგ დამატებითი ჩარევა იყო საჭირო… მონიტორინგი არ ნიშნავს, რომ დააფიქსირო – როგორი არაპროფესიონალები იყვნენ ქართველი რესტავრატორები -ბუჩუკურის ხელმძღვანელობით და იტალიელი რესტავრატორები. ამ დროს, შენ იქ იმიტომ ხარ, რომ დააფიქსირო – ეს ზიანდება, მაგრამ მე მას არ გავაკეთებ.”
“სუარდოს” სპეციალისტებს გელათში მუშაობა სუფთა ფურცლიდან არ დაუწყიათ. როგორც იხსენებენ, მათ დაზიანებულ მხატვრობაზე დახვდათ ძველი ჩარევების კვალი, რისი გამოსწორებაც მოუწიათ.
“ძველი ჩარევების კვალი აღმოვაჩინეთ თაღთან და ჯვართან – ხელახლა შელესილი და ინტენსიურ ლურჯად გადაღებილი ფრაგმენტები. მსგავსი ჩარევები ზოგან დაფარული იყო საშინელი, მხატვრობასთან შეუსაბამო ბათქაშით. ორიგინალი ფერწერა მის ქვეშ იყო მოქცეული და ჩვენ მოვახერხეთ მისი დღის შუქზე დაბრუნება…”, – მოგვწერეს “ჯოვანი სეკკო სუარდოს” ასოციაციიდან.
ბოლო 6 წლის განმავლობაში გელათში “სუარდოს” გარდა სხვა ჯგუფებიც მუშაობდნენ. მაგალითად, 2021 წელს გელათის დაზიანებულ მხატვრობაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მუშაობდა მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრი “ბეთანია”.
ცენტრს ხელოვნებათმცოდნე ნანა კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. მათ სატესტოდ გაამაგრეს კრიტიკულად არასტაბილური არეალები – “წმინდა მარინეს ეკვდერის” მცირე ფრაგმენტი,“ფერხთა ბანის” და “საიდუმლო სერობის” სცენების ნაწილები. ამ უკანასკნელ ფრესკებზე “სუარდომაც” იმუშავა.
გელათში მონიტორინგზე და გამოკრისტალებული მარილების მოშორებაზე 2020-2021 წლებში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჯგუფიც მუშაობდა. ამ საქმეში ჩართული იყო კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტი მარიამ საღარაძეც.
“ძირითადად, ვაკვირდებოდით მარილების ციკლს, ანუ როდის იშლებოდა, როდის კრისტალდებოდა და ეს შლა და კრისტალიზაცია როგორ იწვევდა პერიოდიზაციის თვალსაზრისით კედლის მხატვრობის ცვენას,” – გვეუბნება მარიამ საღარაძე სატელეფონო ინტერვიუში.
რა ვითარებაში დაატოვებინეს “სუარდოს” გელათი?
“ჯოვანი სეკკო სუარდოს” სპეციალისტების გუნდს დაზიანებულ მხატვრობაზე მუშაობა ნაადრევად, 2022 წლის 30 სექტემბერს შეაწყვეტინეს.
“აი, ფაქტთან” ინტერვიუსას “სუარდოს” ჯგუფმა ზედმიწევნით გაიხსენა გელათიდან გაძევების სცენა. როგორც გაირკვა, ისინი არქიმანდრიტმა კირიონმა და საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ გაუშვა. ამ დროს საპატრიარქოს პროცესში ჩარევის უფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდა, რადგან სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობდა.
“არქიმანდრიტი და ერთი მღვდელი ამოვიდნენ ხარაჩოებზე… დაგვიწყეს ჩხუბი, ბუჩუკური შეეცადა მათ დამშვიდებას, მაგრამ ყვირილს აგრძელებდნენ. არც უცდიათ საქმეში გარკვევა, არც ვინმეს აზრი მოუსმენიათ. მერე ვიღაც კახამ [კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე] დარეკა და თქვა, რომ სამუშაოები უნდა შეგვეწყვიტა. შუადღე იყო და მეგონა, მეორე დღეს მაინც გავაგრძელებდით, თუმცა მას შემდეგ იქ აღარ მივსულვართ…“ – იხსენებს ლორენცო ბუდელო.
“ისე გაგვაგზავნეს აეროპორტში, ბარგი, ხელსაწყოები და ვერაფერი ვერ ავიღეთ… მერე გამოგვიგზავნეს… გზაში დაგვაწიეს იმეილი, რომ ამ ეტაპისთვის სამუშაოები შეჩერდაო, იუნესკოს იმ ცნობილი ანგარიშის მოლოდინში. ისე გაგვაქცუნეს აეროპორტში, თითქოს ჩვენი საქართველოში ყოფნაც საშიში იყო”, – გვიყვებიან “ჯოვანი სეკკო სუარდოს” სპეციალისტები.
“ეს ფაქტი შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ იტალიელებისთვის, ჩვენთვისაც… მამა კირიონი და ჯაღმაიძე იყვნენ მოსულები – ვინ მოგცათ მუშაობის უფლებაო? მე ვუთხარი, რომ შეთანხმება მოხდა საპატრიარქოში შეხვედრის დროს. ეკლესიამ რატომ არ იცოდაო?მე ვუთხარი, რომ მიმდინარე სამუშაოების საქმის კურსში იყო პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო და რომ მას გავუგზავნე ფოტოდოკუმენტები. ასევე ვუთხარი, რომ ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი სამჯერ იყო ჩამოსული -მეთქი… მერე გავიგეთ, რომ მამა კირიონისა და მამა ანდრია ჯაღმაიძის ამოსვლაც მეუფე შიოს კურთხევა იყო… და შევწყვიტეთ მუშაობა… 4-თვიანი კონტრაქტი ორ თვეში გაგვიწყვიტეს. ნახევარი სამუშაოც არ იყო გაკეთებული…,” – ასე იხსენებს 30 სექტემბრის ამბავს ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, მერაბ ბუჩუკური.
როგორც ჩვენ გავარკვიეთ, გელათიდან “სუარდოს” გაშვება საპატრიარქოს ყველა ჯგუფის და კულტურის სამინისტროს ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
იტალიელი სპეციალისტები გააძევა არქიმანდრიტმა კირიონმა და ანდრია ჯაღმაიძემ. თუმცა, ეს არ სურდა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს, რომელსაც მიტროპოლიტი დავით (აბბა) ალავერდელი ხელმძღვანელობს.
“იმათმა რომ სამუშაო დატოვეს, ეს ჩვენთან [საბჭოსთან] არც შეთანხმებულა… საპატრიარქომ გასცა ეს ლოცვა-კურთხევა, ბრძანება, რომ სამუშაოები უნდა შეჩერდეს. საპატრიარქოში და მთელ მის ტერიტორიაზე, მსგავს საკითხებზე მსჯელობა ხდება მხოლოდ საბჭოსთან შეთანხმებით. რადგან ჩვენთან არ მოხდა შეთანხმება, პასუხიც ნათელია – ჩვენ [გადაწყვეტილებას] არ ვეთანხმებოდით და ამიტომ… ორჯერ იყო გაერთიანებული საბჭოს შეხვედრა მოსაყდრესთან და ქალბატონ მინისტრთან [წულუკიანთან] ერთად. იქ ვერ გაირკვა პოზიციები და მერე საბჭო ამ საკითხში არ ჩარეულა…” – გვითხრა სატელეფონო საუბრისას მიტროპოლიტმა დავით (აბბა) ალავერდელმა.
იტალიელების მისიის პერიოდში, ალავერდელი მიტროპოლიტი გელათში არაერთხელ იყო ჩასული, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და როგორც ირკვევა, პრობლემური არაფერი შეუმჩნევია.
“საპატრიარქოსთან პირდაპირი კომუნიკაცია არასოდეს გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ეს გვსურდა და რამდენჯერმე ვითხოვეთ. ერთადერთი, 2022 წლის 27 ივლისს შეგვხვდა მიტროპოლიტი დავითი [ალავერდელი], რომელიც ჩვენი სამუშაოებით სრულიად კმაყოფილი იყო,” – მოგვწერეს “ჯოვანი სეკკო სუარდოს” სპეციალისტებმა.
“მეუფე დავითი გელათში სამჯერ იყო ამოსული, იტალიელებს თარჯიმანთან ერთად ესაუბრა, ამომწურავი პასუხები მიიღო და კმაყოფილიც წამოვიდა,” – ადასტურებს დავით (აბბა) ალავერდელის გელათში ყოფნის ამბავს მერაბ ბუჩუკურიც.
“სამჯერ ვიყავი ხარაჩოზე ასული… მე მეთოდოლოგიაზე რა კითხვები უნდა გამჩენოდა? რასაც მიყვებოდნენ, საუბრის დროს გაჩენილ კითხვებს ვუსვამდი, ისინიც შესაბამისად მპასუხობდნენ. ასე რომ, ეჭვი, რომ იქ რაღაც ცუდად კეთდებოდა, არ გამჩენია,” – გვითხრა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
გვინდოდა თავად “სუარდოს” გაძევების მოქმედი პირებისგან მოგვესმინა, რატომ მიიღო საპატრიარქოს ერთმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად.
არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს, ანდრია ჯაღმაიძემ კი “ვოთსაფით” მოკლე პასუხები მოგვწერა და დეტალებისთვის ისევ კირიონ ონიანთან გადაგვამისამართა:
“ზოგადად, ყველა გზა იქნა გამოყენებული საუკეთესო არჩევანის გასაკეთებლად… გელათში ვიყავი, ეს შემთხვევა იყო, იქ იმ წუთას არ გადაწყვეტილა მათი გაშვების საკითხი. ეს გაცილებით რთული და ღრმა დასკვნების შედეგია… მოვთხოვეთ სამუშაოების შეჩერება, რადგან კედლები არ იყო გამომშრალი და რიგი ექსპერტების დასკვნით, ამ სიტუაციაში საღებავების ხმარება არ იყო რეკომენდებული.”
რა ბედი ელის გელათს საპატრიარქოს ხელში?
კვლევის პროცესში კიდევ ერთი დამთხვევა ვიპოვეთ. 2022 წლის 30 სექტემბერს, ერთდროულად მოხდა ორი ამბავი. პირველი – ანდრია ჯაღმაიძე და არქიმანდრიტი კირიონი გელათის ტაძრის ხარაჩოზე ავიდნენ და იქედან “სუარდოს” სპეციალისტები გააძევეს.
მეორე – პატრიარქმა ილია მეორემ წერილი გაუგზავნა იუნესკოს დირექტორს და იკომოსის პრეზიდენტს, რომელთაც გელათის პრობლემების საფუძვლიანი შესწავლა სთხოვა. აქედან, დაახლოებით, ორ თვეში გელათში სიტუაციის შესასწავლად ჩამოვიდა იუნესკოს ერთობლივი საკონსულტაციო მისია. მათ “სუარდოს” სამუშაოები შეაფასეს, ნაწილი მოიწონეს, ნაწილი – არა და გასცეს რეკომენდაციები სამომავლო სამუშაოებზე – როგორც გელათის ტაძრის გადახურვის, ისე მხატვრობის მიმართულებით.
მერაბ ბუჩუკურის აზრით, იუნესკოში წერილს თავად პატრიარქი არ გაგზავნიდა, კულტურული ძეგლის კონსერვაცია-რეაბილიტაციაში ამ ფორმით არ ჩაერეოდა და ხელისუფლებას გვერდს არ აუვლიდა:
“არ ვიცი, რა მოუყვნენ მის უწმინდესობას და რაზე დაითანხმეს, მაგრამ იმის დაშვებაც კი შეუძლებელია, რომ სრული რეალობა სცოდნოდა და ილია მეორეს იუნესკოსთვის მიეწერა წერილი… კარგად ვიცნობ, ამ სიტუაციაში არ ჩაერეოდა, იმიტომ რომ პატრიარქი კანონს პატივს სცემს. კანონში პირდაპირ წერია, რომ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ნებართვის გაცემაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე ეკლესიაა.
ამ ამბიდან ხუთ თვეში, 2023 წლის აპრილში სამთავრობო უწყებები გელათში პრობლემის მოგვარებას ჩამოშორდნენ და ეს საქმე საპატრიარქოს გადაულოცეს.
“სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს…”, – თქვა წულუკიანმა 2023 წლის 25 თებერვალს და დაამატა, რომ ამ პროცესის პოლიტიკისგან გამიჯვნა გელათს წაადგებოდა.
2023 წლის მარტში საპატრიარქომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი შექმნა. მისი თავმჯდომარეა პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, მოადგილე – საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონ ონიანი.
კომიტეტის შემადგენლობაშია ბიურო, მონიტორინგის ჯგუფი და სათათბირო ორგანო, რომელშიც ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოებია. როგორც თვითონ ამბობენ, კომიტეტის მიზანია გელათი განადგურებისგან დაიცვან, ამისთვის კი სარეაბილიტაციო, საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოებს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით წარმართავენ.
ეროვნული საბჭოს წევრი, ხელოვნებათმცოდნე ეკატერინე გედევანიშვილი გვეუბნება, სიტუაციის შესაბამისად, ძალიან ხშირად ვიკრიბებით და შრომატევადი საქმე გვაქვსო. თუმცა, მედიისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის უცნობია, კონკრეტულად რას განიხილავენ ისინი.
“სხვათაშორის, არ არის ადვილი საქმე… ვეცნობით ტექსტებს, სახლშიც ვმუშაობთ და ძალიან პროდუქტიული, ქმედითი საქმეა. ეს არ არის ფორმალური… პრაქტიკულად, ეროვნული საბჭოა პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც აქ ხდება. იმის ლაპარაკი, რომ გელათში რაღაც დამალულია, დახურულია… ასე ნამდვილად არ არის,”- გვეუბნება ეკატერინე გედევანიშვილი.
რეაბილიტაციის კომიტეტი საბჭოების სხდომის ოქმებს არც საიტზე ტვირთავს და არც წერილობით მოთხოვნისას გვიგზავნის. საბჭოს განხილვები რომ დოკუმენტირებული და საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის, ამაზე წუხს ამავე საბჭოს ყოფილი წევრი, ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალია.
“არ აქვს მნიშვნელობა, საბჭოს წევრები რას საუბრობენ ერთმანეთში, არაფორმალურად. მნიშვნელოვანია არსებობდეს დოკუმენტები, სადაც გამოჩნდება მათი პოზიცია მთელ პროცესზე, კონკრეტულ პროექტებსა და სამუშაოებზე. როცა საქმე ეხება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, დოკუმენტები ან საიტზე უნდა იდოს, ან მოთხოვნის შემთხვევაში აუცილებლად გასაჯაროვდეს,”- გვიყვება მზია ჯანჯალია.
საპატრიარქო გვპირდებოდა, რომ საზოგადოებისთვის მათი ყველა ნაბიჯი გამჭვირვალე იქნებოდა და განაახლებდნენ კონსერვაციის გენერალური მართვის გეგმასაც. როგორ შესრულდა ეს დაპირებები?
კონსერვაციის გეგმა
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი 2006 წელს დაარსდა და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ცენტრის ხელოვნებათმცოდნეები გელათის სამონასტრო კომპლექსის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აქტიურად იკვლევენ, სამუშაოებს აფასებენ და რეკომენდაციებსაც გასცემენ.
ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის ექსპერტების თქმით, მათ არ უნახავთ გეგმა, რომელშიც კომიტეტი არგუმენტირებულად ასახავდა დაგეგმილ სამუშაოებს, მათ რიგითობას და მხატვრობის გადარჩენის კონკრეტულ ღონისძიებებს. ასევე, დეტალურად დაასაბუთებდა დაზიანებების გაუარესების და დანაკარგების მიზეზებს.
“არ გასაჯაროებულა მხატვრობის კონსერვაციის გეგმა, სადაც გაწერილი იქნებოდა კონკრეტული ეტაპის/მისიის მიზნები და ამოცანები [საუბარია ბრიტანელი ექსპერტების მარტის მისიაზე]არ გასაჯაროებულა არც პროექტი, სადაც არგუმენტირებულად იქნებოდა წარმოდგენილი სპეციალისტების შერჩეული მეთოდოლოგია და მასალები”, – წერდნენ ხელოვნებათმცოდნეები მზია ჯანჯალია და მაკა ბულია 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში. ისინი გელათში სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს დაწყების დღიდან აქტიურად ადევნებენ თვალს.
მარიამ საღარაძე გვეუბნება, რომ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ახლანდელ სამუშაოებზე საკონსერვაციო გეგმა მომზადებული კი აქვს, თუმცა საჯაროდ არ დევს, რადგან მუდმივად განახლებადი დოკუმენტია. იმის გამო, რომ საიტზე ატვირთულია მხოლოდ 2023 წლის, ძალიან ზოგადი ხასიათის საკონსერვაციო გეგმა, საღარაძეს ჩავეკითხეთ, თუ აქვთ ისეთი დოკუმენტი, სადაც ზედმიწევნითაა გაწერილი სამომავლო ჩარევები და მხატვრობის დაზიანების რისკებიც. ამაზე ასე გვიპასუხა:
“თქვენ რაც თქვით… ჯერ საკონსერვაციო ჩარევის მეთოდოლოგიის განვითარების ეტაპზე ვართ. ჯერჯერობით, რეცეპტი არ გვაქვს. პირველი ეტაპი იყო მარტში, მას მერე იმ ჩარევებს ვაკვირდებით და ახლა ავტვირთავთ მაისი – ივნისის ჩარევების მონიტორინგის შედეგებსაც… ვიფიქრებთ მაგაზე, რა ფორმით შეიძლება აიტვირთოს საიტზე…”
ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალია პრობლემას ხედავს იმაში, რომ ამდენი ხანია უცნობია საკონსერვაციო გეგმა, რაც მართვის რგოლის მუშაობაზე ბევრ კითხვას აჩენს:
“საკონსერვაციო გეგმა რომ ცნობილი არ არის, ამაზე საჯაროდ დეკემბრიდან ვსაუბრობთ. მას შემდეგ, იანვარში, ჩუბინაშვილის ცენტრში შეხვედრაზე კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დოკუმენტი ვებგვერდზე რამდენიმე დღეში დაიდებაო. თუმცა, დღემდე არ ჩანს. არ ვიცი, მონაწილეებს აქვთ თუ არა თავისთვის კონსერვაციის გეგმის სამუშაო ვერსია, მაგრამ მთავარია, არსებობდეს დასრულებული და საჯარო დოკუმენტი,რომ შესაძლებელი იყოს მასზე მსჯელობა… საჯარო უნდა იყოს ამ გეგმის საერთაშორისო საბჭოს მიერ განხილვის შედეგებიც”.
გამჭვირვალობა
საპატრიარქო გვპირდებოდა, ფარულად არაფერს ვიზამთ, ყველა ნაბიჯს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე გავასაჯაროვებთ, რათა მოქალაქეებმა მათ მიმართ ჩვენი პატივისცემა იგრძნონო.
წმინდა გიორგის ტაძარში
საიტი www.gelatirehabilitation.ge კი შეიქმნა, მაგრამ იქ გელათის რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვან ყველა დოკუმენტს ვერ ნახავთ. ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ისეთი დოკუმენტები, რომელიც კულტურის სამინისტროს არასდროს გამოუქვეყნებია – მაგალითად, “ჯოვანი სეკკო სუარდოს” ანგარიშები და გელათის საარქივო მასალები.
თუმცა, მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ საპატრიარქო აქვეყნებს მხოლოდ იმას, რაც აწყობს. მაგალითად, საიტზე ვერ ვპოულობთ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის 2024 წლის მარტის დასკვნას. ის საპატრიარქოს რეაბილიტაციის კომიტეტს აკრიტიკებს წმინდა გიორგის ტაძარზე უყურადღებობის და მხატვრობაზე არასრულყოფილი მონიტორინგის პროცესის გამოც.
“ტაძარში არაერთგზის იყო შემჩნეული მოხატულობის მცირე ზომის ნაწილების ცვენაც… მიუხედავად ამის, მონასტრის მთავარი ტაძრის მხატვრობასთან შედარებით, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობას გელათის რეაბილიტაციის კრიზისის დაწყებიდანვე, ნაკლები ყურადღება ეთმობოდა და ასეა ახლაც”, – ვკითხულობთ ჩუბინაშვილის ცენტრის 2024 წლის მარტის დასკვნაში.
საიტზე ატვირთულია უფრო ძველი, 2023 წლის იანვრის დასკვნა, რომელიც “სუარდოს” სამუშაოებს აკრიტიკებს.
საპატრიარქომ კულტურის სამინისტროს გზიდან გადაუხვია და ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომას არ გვიზღუდავსო, ვერ ვიტყვით. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ინფორმაციის დამალვას ხან კონფიდენციალურობით გვიხსნის, ხან – სამუშაოების მიმდინარეობით.
მაგალითად, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა არ მოგვაწოდა საპატრიარქოს მიერ მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან (სტივენ რიკერბი, ლიზა შეკედე, რობერტო ნარდი, ანდრეინა კონსტანცი კობაუ, გერჰარდ ვოლფი) გაფორმებული ხელშეკრულებები და ინფორმაცია მათი ანაზღაურების შესახებ.
საპატრიარქოს მმართველობის პირობებში, ბურუსით მოცული გახდა, კონკრეტულად რა სამუშაოებზე იხარჯება გელათის გადასარჩენად გამოყოფილი მილიონები. როცა რეაბილიტაციისპროცესს სამინისტრო უძღვებოდა, სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ტენდერებს მაინც ვნახულობდით.
ვიგებდით მსგავს დეტალებს – სპეციალისტების გასამრჯელოს ოდენობას, მათი ფრენის ბილეთის ფასს და კვების ხარჯებსაც კი. ახლა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
2023 წლის დეკემბერში გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს მოვთხოვეთ ფინანსური ანგარიშები ბიუჯეტიდან გადმორიცხული და დახარჯული თანხების შესახებ. მოგვწერეს ზოგადად – “დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიონი ლარი, რომელიც ჯერ სრულად არ არის ათვისებული.”
ეს თანხა მოხმარდა მხატვრობის მონიტორინგისთვის და კონსერვაციისთვის საჭირო ინვენტარს, დოკუმენტაციას, პროექტებს და გეგმებს. თანხის ნაწილი დაიხარჯა საიტის შექმნაზე. ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებიდან რომელი რა დაჯდა, ან ვის რამდენი გადაუხადეს, უცნობია. საპატრიარქომ ხარჯები დაჯამებულად მოგვაწოდა.
მოგვწერეს, ფინანსურ ხარჯებს, ყოველწლიურად, ივლისის თვეში, საიტზე ავტვირთავთო. ახლა უკვე აგვისტოს შუა რიცხვებია და მსგავსი მონაცემები საიტზე განთავსებული ჯერაც არაა.
ყოფილ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის 2024 წლის მარტის განკარგულებით, საპატრიარქომ ბიუჯეტიდან კიდევ 7.5 მილიონი ლარი მიიღო გელათში საკონსერვაციო, სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოების გასაგრძელებლად. განკარგულებაში თანხების მიზნობრიობაზე მეტი დეტალი არ წერია.
რა ხდება ახლა გელათში?
გელათის უნიკალური ძეგლის გადარჩენა და დაზიანებული მხატვრობის შენარჩუნება ერთ წელზე მეტია საპატრიარქოს უშუალო საზრუნავია. თუმცა, ფაქტია, რომ იტალიელების გაძევების შემდეგ, ანუ 2022 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტამდე გელათის მხატვრობის გადაუდებელი სამუშაოებისთვის ხელი არავის უხლია.
მერაბ ბუჩუკური გვეუბნება, რომ ეს წელიწადნახევრიანი პაუზა ტაძრის დაზიანებული მხატვრობისთვის კატასტროფული შედეგების მომტანია, რადგან ამ პერიოდში მხატვრობა შრებოდა და აუცილებელი იყო სიტუაციის გაუარესებაზე მუდმივი დაკვირვება:
“შარშანდელი ზაფხული ძალიან ცხელი იყო. ამ დროს აქტიურად იწყება შელესილობის და მხატვრობის ფენის გამოშრობა, მოსალოდნელია საღებავის აქერცვლის გააქტიურებაც. მაშინაა საჭირო პროფესიონალების იქ ყოფნა, რომ ყოველ დილა-საღამოს ნახონ, ხომ არაა ცვლილება, გადაიღონ ფოტო. ამ დროს იქ არავის უმუშავია… მონიტორინგი კი არ ნიშნავს, უყურო როგორ კლავენ ადამიანს, უნდა მიეხმარო, რომ გადაარჩინო… თუ პროფესიონალი ხარ და დაინახე, რომ მოხატულობა იწყებს დაზიანებას, უნდა ჩაერიო და მიიღო შესაბამისი ზომები… მე არ ვიცი, რა იყო მათი ინტერესი, დაემტკიცებინათ თუ როგორ გააფუჭა “სუარდომ” მოხატულობა და თვითონ თავი იმართლონ?“.
ამ ბრალდებაზე პასუხი ვთხოვეთ საპატრიარქოს მიერ მოწვეულ მხატვრობის კონსერვაციის ქართველ სპეციალისტ მარიამ საღარაძეს. ის ადასტურებს, რომ “სუარდოს” წასვლის შემდეგ, 2022 წლის შემოდგომიდან 2024 წლის მარტამდე, დაზიანებულ ფერწერაზე მხოლოდ მონიტორინგს და დეტალურ კვლევებს ატარებდნენ. ამას ასე ხსნის – ფიზიკურ ჩარევებს სრულყოფილი ინფორმაციის გარეშე ვერ დავიწყებდით და იუნესკოც ამას გვირჩევდაო.
“იუნესკოს რეკომენდაცია იყო – ჯერ აღწერეთ მთელი ტაძრის მდგომარეობა, [მხატვრობის] ტექნოლოგია, ნალესობის ფენები, ფერწერა, შრეების დაზიანებები… დღემდე არ ვერევით იმ ადგილებში, ისეთი შეუქცევადი და რთული დაზიანებებია, რომ ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რომ არ მივაყენოთ მინიმალური ზიანი. [მარილები] აბსოლუტურად რომ შევაჩეროთ, ეს არ არსებობს ბუნებაში… ყველაფერი წარმავალია და რაღაც დონეზე ყველაფერი განადგურდება, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს რაც შეიძლება მინიმალურად მოხდეს,”- ამბობს მარიამ საღარაძე.
იუნესკოს დასკვნაში, რომელსაც საღარაძე იშველიებს, წერია, რომ 2022 წლის ზამთრიდან გელათის დაზიანებულ მხატვრობაზე გადაუდებელი ჩარევებიც აუცილებელი იყო. 2024 წლის მარტამდე ეს დაუყოვნებელი ჩარევა არ მომხდარა.
“დაუყოვნებელი მოქმედებები ფოკუსირებული უნდა იქნას სტაბილიზაციის გადაუდებელ სამუშაოებზე. კონსერვაციის სამუშაოები უნდა ჩატარდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტრუქტურები, კედლის მხატვრობა და მოზაიკა მთელი ძეგლისთვის განსაზღვრულ საფუძვლიანად შემუშავებულ და მთლიანობაში ჩასატარებელ სახელმძღვანელო საკონსერვაციო პროგრამაში იქნება ჩართული და გამყარებული სისტემატური მონიტორინგით, კვლევით და დოკუმენტაციით,” – ვკითხულობთ იუნესკოს ერთობლივი საკონსულტაციო მისიის 2022 წლის ნოემბერ-დეკემბრის ანგარიშში.
ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალია კი პრობლემას ხედავს ზოგადად რეაბილიტაციის პროცესის მართვაში და კონსერვაციის გეგმის დაგვიანებაში:
“ჩემთვის საკითხი ასე არ დგას, რატომ დაგვიანდა მხატვრობაზე ფიზიკური ჩარევა. მთავარი ისაა, რომ დაგვიანდა კონსერვაციის გეგმა. კითხვებს აჩენს რეაბილიტაციის ყველა კომპონენტი, მათ შორის, მხატვრობის ნაწილში. კითხვებს აჩენს მოზაიკის მდგომარეობის რისკების შეფასებაც. გაუგებარია ისიც, როგორ მიმდინარეობს გელათის ტაძრის ინტერიერში გარემოს მართვის კომპონენტი და კიდევ ბევრი რამ არის გაუგებარი.“
[დაზიანება “საიდუმლო სერობის” სცენაზე. ფოტო: საპატრიარქოს მოწვეული ექსპერტების 2023 წლის ანგარიშიდან]
2023 წლის თებერვალში საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებაში ამბობდა, რომ იტალიელების მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით ჩანაცვლება გადაწყვიტეს:
“ჩვენ არ შევდივართ კონსერვაცია – რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას… მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა!”
ამ განცხადებიდან ერთი წლის თავზეც კი გელათში მხატვრობის გადაუდებელი, საკონსერვაციო ან გამაგრებითი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. 2023 წლის ზაფხულიდან მოწვეული ბრიტანელი სპეციალისტები გელათის მხატვრობის მდგომარეობას ჯერ კიდევ იკვლევდნენ.
ლიზა შეკედესა და სტივენ რიკერბისთვის გელათის ამბავი უცხო არ იქნებოდა, რადგან 2021 წელს, კულტურის სამინისტროს დაკვეთით, “ჯოვანი სეკკო სუარდოს” სამუშაოები კრიტიკულად შეაფასეს. თუმცა, მათ პროფესიონალიზმში ეჭვი შეაქვთ იტალიელ და ქართველ სპეციალისტებს.
“სამწუხაროა, რომ ჩაერივნენ ექსპერტები, რომელთა კომპეტენციაც ვერ გავიგეთ. ვერ გავიგეთ ვერც არგუმენტები და ვერც ის – საერთოდ, რომელ მხარეს წარმოადგენენ. ამ ექსპერტებმა რაღაც ტერმინების ბრახუნით ატეხეს ერთი ამბავი, რამაც ჭიქაში ქარიშხალი გამოიწვია. თუ ამ ექსპერტების მიზანი ისაა, რომ გადაიბარონ სამუშაოები და მერე თვითონ გააკეთონ, ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან მათ მაღალ პროფესიონალიზმს ვერ ვხედავთ,” – გვეუბნება ლანფრანკო სეკკო სუარდო.
შეკედესა და რიკერბის კომპეტენციას იწუნებს “სუარდოს” პარტნიორი ქართველი სპეციალისტი მერაბ ბუჩუკურიც. მისი თქმით, ბრიტანელების ამ ჯგუფმა დავით გარეჯში, “დოდოს რქის” მონასტრის მე-13 საუკუნის მხატვრობის რესტავრაციაზე ორიგინალთან შეუსაბამო მასალებით იმუშავა, რამაც ფერწერის დაზიანების რისკი გააჩინა:
“გარეჯში მშრალი ჰავაა, ამიტომ, ძირითადად, გაჯს იყენებენ. იგივე მასალა გვხვდება კაპადოკიაშიც. ეს დასავლეთის ქვეყნებში შელესილობისათვის უცნობი მასალაა. ამიტომ, [ბრიტანელები] რომ ჩამოვიდნენ, უცხო მასალა უნდა გამოეკვლიათ. თქვეს, კვლევა იმიტომ არ ჩავატარეთ, რომ გამოცდილება გვქონდაო. სინამდვილეში, მათ გაჯით შელესილ საფუძველზე შესრულებულ მხატვრობაზე არ უმუშავიათ… პირდაპირ კირზე დამზადებული ხსნარით დაიწყეს ფრესკების გამაგრება… აცდენილები არიან საერთოდ, შეუძლებელია მათ კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეიტანო”.
ჩვენ ამ საკითხზეც გვინდოდა ბრიტანელ სპეციალისტებთან ვრცლად საუბარი, თუმცა, ჩვენი ინტერვიუ ვერ შედგა. ისე, როგორც გელათში მიმდინარე სამუშაოები ვერ გახდა გამჭვირვალე.
ახლა საერთოდაც, თავად გელათის სამონასტრო კომპლექსიც დაიხურა, საპატრიარქოს თქმით, 2024 წლის 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე. მიზეზი ისაა, რომ გერმანული კომპანიები,“ქუადრექსი” და “ლეიერი” მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე მუშაობენ.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი დროებითი გადახურვის კონსტრუქციის პროექტს არ ასაჯაროებდა იქამდე, სანამ ამ ამბავზე მედია და ხელოვნებათმცოდნეები არ ახმაურდნენ. თუმცა, სპეციალისტების თქმით, 1 აგვისტოს გამოქვეყნებული დოკუმენტიც არ არის სრულყოფილი.
ჯერ კიდევ უცნობია, რა ჯდება ეს სამუშაოები, რადგან შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებული არ არის. ეს კითხვები კომიტეტს გავუგზავნეთ, მაგრამ საპასუხო წერილი ჯერ არ მიგვიღია.
ბუნებრივია, კითხვები გვქონდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. მისი ხელმძღვანელის პრესსამსახურს დავუკავშირდით და ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვეთ. კითხვები მეილზეც გავუგზავნეთ, მაგრამ მათი მხრიდან რეაგირებას ისევ უშედეგოდ ველით.
სტატიის გამოქვეყნებამდე, კირიონ ონიანთან გასაუბრება არაერთხელ ვცადეთ, მაგრამ ტელეფონის ზარებზე არ გვპასუხობს. 11 ივლისის დილას გელათშიც ავედით, იმ იმედით, რომ არქიმანდრიტი დაგვხვდებოდა, მაგრამ მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა დავით უმანკოშვილმა გვითხრა – აქ არ არის და არ ვიცი, როდის ჩამოვაო.
სტატიაზე მუშაობდნენ: მანანა ღოღობერიძე (რედაქტორი); ნინო ბაქრაძე (მთავარი რედაქტორი)
მასალაში გამოყენებული წყაროები