fbpx
ქვეყნის საჭიროება

ა(ა)იპ-ები – ქვეყნის საჭიროება თუ მუნიციპალიტეტებში დასაქმების წყარო?

ავტორები: სალომე გაზდელიანი და ნინო მირიანაშვილი

ივლისში პრემიერი ღარიბაშვილი ცაგერში და ლენტეხში ჩავიდა, სადაც ხალხს შეხვდა. ორივე შეხვედრისას წინა რიგებში ერთი და იგივე ადამიანები იდგნენ და პრემიერს მადლობას უხდიდნენ. მთელს სოციალურ ქსელში ამ ადამიანების ფოტოები ვრცელდებოდა. ხალხი წერდა, რომ ისინი ცაგერში მოქმედი ა(ა)იპ-ის თანამშრომლები იყვნენ.

ა(ა)იპ-ად, იგივე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად ორგანიზაციის რეგისტრირება შეუძლია როგორც მოქალაქეებს, ასევე მთავრობას ან ადგილობრივ თვითმმართველობას. სახელმწიფო სექტორში ფართოდ არის გავრცელებული ა(ა)იპ-ები, ძირითადად განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში.

საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, ა(ა)იპ-ები ადგილობრივი მთავრობისთვის მოსახლეობის დასაქმების კარგი საშუალებაა. ზაფხულში ცაგერში ჩვენც ვიყავით და მოსახლეობასთან ინტერვიუების დროს, ადგილობრივებმაც ეს დაგვიდასტურეს.

ახლა ბიუჯეტის ხარჯზე ცაგერში 17 ა(ა)იპ არსებობს, რომელთა შენახვაზე ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ამ ორგანიზაციებში, ჯამში, 800 ადამიანზე მეტი მუშაობს, მაშინ როცა მთლიანად ცაგერში (სოფლების ჩათვლით) 7,700 ადამიანიღაა დარჩენილი.

ცაგერში მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი მთავრობის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებშია დასაქმებული.

კოკა კიღურაძე “მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის” დამფუძნებელია. მისი თქმით, ასეთ პრაქტიკას ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებშიც შევხვდებით, როცა ა(ა)იპ-ებში საჭიროზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ.

“არ მეგულება საქართველოს არცერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მსგავსი შემთხვევა არ ხდება. მაგალითად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში კულტურის ა(ა)იპ-ს 205 თანამშრომელი ჰყავდა, სპორტისას კი 105. ეს რაოდენობები ყოველთვის პრობლემა იყო.

როცა კერძო სექტორში დასაქმება შესაბამის დონეზე არ არის, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობისთვის დასაქმების წყარო მოძებნოს,” – გვეუბნება კიღურაძე.

ადგილობრივი მთავრობის გავლენა და ინტერესი ა(ა)იპ-ების საქმიანობის ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელს მერი ნიშნავს და ათავისუფლებს.

“აღნიშნული პროცესის სპეციფიკა და კრიტერიუმები კანონმდებლობაში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, რაც აჩენს საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს,” – წერია idfi-ის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში. idfi არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყანაში ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის საკითხებს სწავლობს. ორგანიზაცია წლებია იკვლევს, ა(ა)იპ-ების საქმიანობას და მათზე დახარჯული თანხების ეფექტიანობას.

ცაგერში ყოფნისას გადავწყვიტეთ, დაგვეთვალიერებინა ქალაქში მოქმედი ა(ა)იპ-ები და გვენახა, რა პირობებში მუშაობდნენ და რამდენი ადამიანი იქნებოდა ადგილზე სამუშაო საათებში.

ცაგერის ა(ა)იპ-ების მდგომარეობა

ა(ა)იპ “ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი” დანგრეული საავადმყოფოს შენობის უკანა ნაწილში იყო. აქ 28 ადამიანი მუშაობს და მათი დაფინანსება წელს 119 ათას ლარამდე იყო. ადგილზე 6 ადამიანი დაგვხვდა. საუბრისას გვითხრეს, რომ მთავრობა რამდენჯერმე დაჰპირდა შენობის შეცვლას, თუმცა ამ დრომდე მოლოდინის რეჟიმში არიან. არადა, აქ ვაქცინები ინახება, რომლისთვისაც შენახვის პირობების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

აიპის შენობა
ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობა

“ვინმეს დასაქმების წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ შტატები გაბერილია. ყველას უნდა რაღაც საარსებო ჰქონდეს. წლებია ასეა, ბოლო პერიოდში, კოვიდის დროს, მხოლოდ ერთი ადამიანი მივიღეთ სამსახურში. 2007-08 წლებში დაიწყო ეს პრაქტიკა, 2010 წლამდე ემატებოდნენ და ემატებოდნენ თანამშრომლები,” – გვეუბნება ამ ორგანიზაციის დირექტორი თეა გურგუჩიანი.

მისი თქმით, ა(ა)იპ-ში საჭიროზე მეტი თანამშრომელია, თუმცა ამ საკითხს დამოუკიდებლად ვერ წყვეტს. “დაავადებათა კონტროლის მიერ გადმოცემული გვაქვს სარეკომენდაციო მასალა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. მისი მიხედვით, ცაგერის “ჯანდაცვის ცენტრში” თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ცაგერში 10,000 ადამიანამდე ცხოვრობს. ჩვენთან დასაქმებულ პირთა რაოდენობა იმ სარეკომენდაციო მასალაში მოცემულ რაოდენობას აჭარბებს,” – ამბობს თეა გურგუჩიანი.

ასევე ვიყავით ა(ა)იპ “ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ცენტრში.” იქ მისულებს სრულიად ცარიელ ოთახში ხუთი თანამშრომელი დაგვხვდა. გვითხრეს, რომ აქ ახალი გადმოსული იყვნენ და ინვენტარი ჯერ არ ჰქონდათ. მათ გარდა ამ ცენტრში კიდევ 6 თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა, ისინი ადგილზე არ დაგვხვდნენ. როგორც მასპინძლებმა გვითხრეს, ცენტრში წინა წლებში 180 ადამიანი მუშაობდა. თუმცა, რეორგანიზაციის შედეგად, მხოლოდ 11 თანამშრომელი დარჩა.

ცაგერში ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია 2022 წელს მოხდა. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ამ საკითხის პრობლემურობას ხაზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც გაესვა. აუდიტის სამსახურმა ამ შემთხვევაში იკვლია, რამდენად ეფექტიანი იყო მუნიციპალიტეტების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების საქმიანობა და მათზე დახარჯული თანხები.

“ა(ა)იპ-ებზე დაფინანსება გაცემულია ზოგადი დაგეგმვის საფუძველზე, განსაზღვრული არ არის კონკრეტული მიზნები და პროგრამის შესრულების შეფასების ინდიკატორები, მუნიციპალიტეტები არ ზომავენ სუბსიდიებზე დახარჯული თანხების ეფექტიანობას,” – წერია აუდიტის ანგარიშში.

ამ დროს მთავრობის მთავარი ფუნქცია, რომ მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემები გადაუჭრას და ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები შეუქმნას, სათანადოდ ვერ სრულდება. ცაგერში ყოფნისას ოცამდე ინტერვიუ მაინც ჩავწერეთ, ხალხს ვეკითხებოდით მათი ყოველდღიური პრობლემების შესახებ. ბუნებრივი აირისა და გზების უქონლობა თითქმის ყველა ინტერვიუს დროს მწვავე პრობლემად სახელდებოდა. გამოკითხულთა ნაწილმა ისიც გვითხრა, ბუნებრივი აირი რომ იყოს, იქნებ ხალხიც კი გაჩერებულიყო მუდმივად აქო.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ნეპოტიზმის კვლევა, გახდით ჩვენი სპონსორი

ეფექტიანია თუ არა ცაგერის ა(ა)იპ-ების მუშაობა?

ცაგერის მუნიციპალიტეტში 58 სოფელია. 2020 წლის მონაცემებით, ყველა ამ სოფელსა და ქალაქ ცაგერში 9 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მათი მედიანური ასაკი 51 წელია. ეს რიცხვი გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდები ამ ტერიტორიას ტოვებენ და უფრო დიდ ქალაქებში მიდიან ხოლმე. მთიანი სოფლების მოსახლეობისგან და განსაკუთრებით, ახალგაზრდებისგან დაცლა მხოლოდ ცაგერის პრობლემა არაა. ასე ხდება საქართველოს ბევრ მხარეში და ამას ხელს უწობს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, აუცილებელი სერვისების არარსებობა, იმედისა და მომავლის უქონლობის განცდა.

არადა, ადგილობრივ ბიუჯეტებში, რომლითაც პატარა ქალაქებში ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და მოსახლეობას საჭირო სერვისები მიეწოდოს, ფული არის. იმდენი მაინც, რომ აუცილებელი სერვისები დააფინანსონ. ეს ფულიც ხშირად უმიზნოდ და არათანმიმდევრულად იფლანგება, პასუხს კი ამაზე არავინ აგებს. შესაბამისად, მოსახლეობაც შედეგს ნაკლებად ხედავს.

გაერომ, რომლის წევრი საქართველოცაა, 2015 წელს შეიმუშავა მდგრადი განვითარების 17 მიზანი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობისთვის მეტი სარგებლის და სიკეთის მოტანას ემსახურება. ამ მიზნებიდან ერთ-ერთია დასახლებების და ქალაქების ქცევა მდგრად, უსაფრთხო გარემოდ, სადაც ყველას ექნება ხარისხიანი და აუცილებელი მომსახურებები. 2015 წლიდან საქართველოც იზიარებს ამ მიზნებს, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა. თუმცა, პროექტები, რომელსაც მთავრობა ბიუჯეტიდან აფინანსებს, ამ მიზნების მიღწევას ხელს ვერ უწყობს.

ამ ფონზე ცაგერში 2017 წლიდან მოქმედებს ა(ა)იპ “ახალგაზრდობის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პერსპექტიული დაგეგმარების ცენტრი,” რომელშიც ახლა 69 ადამიანი მუშაობს და ორგანიზაციას წლიურად 348,000 ლარი სჭირდება. ამ ა(ა)იპ-ს მიზანი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა და შესაბამისი პირობების შექმნაა.

ცენტრი აწყობს კონცერტებს, კულტურულ ღონისძიებებს, ფილმის ჩვენებებს და ა.შ. ადგილზე მისულებს 8 ადამიანი დაგვხვდა. გვითხრეს, სხვა თანამშრომლები სოფლებში გვყავს განაწილებული და იქაურებს ეკითხებიან, როგორი ღონისძიებების ჩატარებას ისურვებდნენო. საუბრისას მოსახლეობა სულ იმას გვიმეორებდა, რომ მუნიციპალიტეტში სულ უფრო და უფრო ნაკლები ახალგაზრდა რჩება. შესაბამისად, ამ ცენტრის სერვისების მომხმარებელიც სულ უფრო ნაკლები ადამიანია.

“რაც ახლა ხდება, სრულიად კანონიერია. შეიძლება უსამართლო, არაეფექტურია და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, მაგრამ კანონთან კონფლიქტი არ არსებობს. ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა რაოდენობის ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის,” – გვეუბნება თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი კოკა კიღურაძე.

მას ვკითხეთ, რა იქნებოდა ამ სიტუაციიდან გამოსავალი. კიღურაძის მოსაზრებით, გამოსავალი ისეთი საკანონმდებლო და პოლიტიკური სისტემის შემოტანაა, რომელიც მუნიციპალიტეტს მსგავს თავისუფლებას არ მისცემს. გამოსავლად ასევე თვლის იმასაც, რომ საკრებულოებმა და მოქალაქეებმა ასეთ შემთხვევებზე მეტად მკაცრი რეაქცია იქონიონ. “გამოსავალი კანონმდებლობის და პოლიტიკური გარემოს ცვლილებაშია,” – გვეუბნება კიღურაძე.

ცაგერში ყოფნისას თვალშისაცემი იყო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაკლებობა და პასიურობა. გვინდოდა, გაგვერკვია, როგორ აკონტროლებენ ისინი ადგილობრივი მთავრობის საქმიანობას. ამ კვლევის პროცესში აკაკი მეშველიანს შევხვდით. ის 2021 წლის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიის, “საქართველოსთვის” რიგებში იყო. მასთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ 2019-2021 წლებში ა(ა)იპ “ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ ცენტრში” ექსპერტის პოზიციაზე მუშაობდა, თუმცა თვითონ გვითხრა, რისი ექსპერტი ვიყავი და რა მევალებოდა, მეც არ ვიცოდიო.

მერია
ცაგერის მერიის შენობა

სამსახურიდან 2021 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დაუსახელეს. თავად კი თვლის, რომ პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს. მერიასთან ამ საკითხზე საუბრის საშუალება არ მოგვეცა, რადგან არც ჩვენს წერილობით კითხვებს უპასუხეს და არც ინტერვიუზე დაგვთანხმდნენ.

როგორც მეშველიანმა გვითხრა, ა(ა)იპ-ში მუშაობის ყოველდღიურად ისიც არ დადიოდა სამსახურში, საშტატო სიებში კი ისეთი ხალხი ეწერათ, რომელიც სამსახურში არასდროს ჰყავდა ნანახი. მის ორგანიზაციაში მაშინ 180 ადამიანი მუშაობდა. “ყველა ა(ა)იპ არის ზედმეტი ხარჯი ბიუჯეტისთვის, ქვეყნისთვის და რაიონისთვის. არამგონია, რომ ვინმე დაგელაპარაკოთ ამაზე, ისეთ გაჭირვებაშია ხალხი, რომ ის ორი კაპიკიც მნიშვნელოვანია, მაგას არავინ დაკარგავს,“ – გვითხრა მეშველიანმა.

მასალის გამოყენების პირობები

FNF

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურის თემებზე მუშაობა, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ომის დანაშაულების გამოძიება: მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა
დანაშაულის გამოძიება

ომის დანაშაულების გამოძიება: მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა

ჟურნალისტის თვალი რომ არა, ომის დანაშაულები შეუმჩნეველი დარჩებოდა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share