fbpx

შეზღუდული და უკანონო იარაღი: ომის დანაშაულებების გამოძიება

იარაღი ომის დანაშაული

მასალის ინგლისური ვერსია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

2018 წელს, როცა სირიაში რეჟიმის ჯარმა მეამბოხეების მიერ კონტროლირებული ქალაქი დუმა გაანადგურა, მიწიდან გადაღებულ ვიდეოებში აპოკალიპტური სანახაობა იშლებოდა. ციდან ცეცხლის წვიმა მოდიოდა. უწყვეტი დაბომბვისაგან გაქცევის სურვილი მშვიდობიან მოსახლეობას მიწისქვეშეთისა და ბნელი სარდაფებისაკენ მიერეკებოდა, სადაც ვერტმფრენებიდან გადმოფრქვეული მოყვითალო-მომწვანო აირი ხუთავდა.

ზოგიერთ, მაგალითად, ცეცხლგამჩენ და კასეტურ იარაღს, მკაფიო ვიზუალური ხელწერა აქვს.

გარშემო შემზარავი საშინელება სუფევდა, თუმცა აუცილებელი იყო ყველა დეტალის აღრიცხვა, იარაღის ტიპისა და გამოყენების ფორმების დადგენა, რათა გამოვლენილიყო ომის დანაშაულის პოტენციური ფაქტები.

იარაღი იქმნება ადამიანების დასახოცად და ობიექტების გასანადგურებლად. მისი ზემოქმედების შედეგია სიკვდილი, დასახიჩრება და მოუშუშებელი ჭრილობები. იარაღის ფუნქციებისა და კატეგორიების ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტში იარაღით მიყენებული ზიანის გასააზრებლად.

ერთ-ერთი უმთავრესი შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტმა შეიძლება დასვას შემდეგია: ჩადენილია თუ არა დანაშაული? ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ან, სულ მცირე, მასთან დაკავშირებული ფაქტორების გასააზრებლად, ასევე მნიშვნელოვანია იმ კანონების ცოდნაც, რომლებიც არეგულირებს, როგორ და როდის გამოიყენება იარაღი და როდის არის შეზღუდული ან აკრძალული.

შეიარაღებული კონფლიქტის წარმოება უამრავი განმარტებით, წესითა და პრინციპით რეგულირდება, რომლებიც, სხვა უფრო სპეციფიკურ შეთანხმებებთან ერთად, განსაზღვრავს, რომელ გარემოებებში რომელი იარაღის გამოყენება შეიძლება ან არ შეიძლება. თეორიულად ყველა ტიპის იარაღის გამოყენება ისედაც იზღუდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (ცნობილი, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის ან ომის სამართალი), ასევე, ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის  პრინციპებით.

ზოგიერთი ტიპის იარაღის – სახმელეთო ნაღმების, კასეტური ან ცეცხლგამჩენი იარაღის (როგორიცაა, მაგ. ნაპალმი) – გამოყენება რეგულირდება და იზღუდება გარკვეული შეთანხმებებით ან ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. ზოგიერთი იარაღი შეიძლება პირდაპირ აკრძალული იყოს ამ შეთანხმებათა ფარგლებში, დანარჩენებს კი გამოყენების არეალი შეეზღუდოთ, მაგალითად, იმ სავარაუდო ზემოქმედების გამო, რომელიც შესაძლებელია მოჰყვეს კონკრეტულ გარემოებებში მათ გამოყენებას.

ზემოხსენებული შეთანხმების შესრულება ევალება ყველა ხელმომწერ  სახელმწიფოს. თუმცა, ზოგჯერ სპეციფიკური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული არაერთი სამართლებრივი ვალდებულება და აკრძალვა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმად „ყალიბდება“, როცა ისინი მასშტაბურად და რეგულარულად სრულდება სხვადასხვა სახელმწიფოში, შემდეგ კანონის ფორმას იძენს და, ამგვარად, ისედაც უნივერსალურ პრაქტიკად იქცევა. „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს“ აქვს იმ გარემოებათა აღმწერი მონაცემთა ბაზა, რომელთა პირობებშიც შეიძლება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების გამოყენება.

იარაღის გამოყენების მარეგულირებელ შეთანხმებათაგან არც ერთს არ აწერს ხელს მსოფლიოს ყველა სახელმწიფო. თუ სახელმწიფო არ ეთანხმება კონვენციას ან შეთანხმებას, მაშინ არც არაფერს არღვევს ამ კონკრეტული შეთანხმებით რეგულირებული იარაღის გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული წესი საერთაშორისო კონვენციური სამართლის ნორმად ჩამოყალიბდება და, ამდენად, მაინც საყოველთაო ვალდებულებად იქცევა.

მაგალითად, კასეტური იარაღის შესახებ კონვენციის ხელმომწერთა შორის არ არიან აშშ და რუსეთი. ამასთან, კასეტური იარაღის გამოყენებას საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის რომელიმე სპეციფიკური ნორმაც არ კრძალავს. შესაბამისად, არახელმომწერ სახელმწიფოებს არც ეკრძალებათ კასეტური იარაღის მომარაგება-გამოყენება, თუკი სხვა მხრივ არ არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით გათვალისწინებულ პრინციპებსა და შეზღუდვებს.

აქვე, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კასეტურმა იარაღმა, სტრუქტურისა და ზემოქმედების ფორმებიდან გამომდინარე, შეიძლება თავისთავად ხელყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის პრინციპები, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება, პრაქტიკულად, იკრძალება შემთხვევათა უმრავლესობაში.

გაუმჯობესების სწრაფი და უწყვეტი პროცესის წყალობით იარაღი მუდმივი განხილვის თემაა, რაც მოიცავს, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შეიარაღების სისტემებში. ზოგიერთ, მაგალითად, უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების (UCAV) შემთხვევაში, სადავო ხდება კონკრეტული სისტემების გამოყენების კანონიერება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს არა მაინც და მაინც თავად ამ სისტემის სპეციფიკური ზემოქმედება, არამედ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ტერიტორიაზე ძალის გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებული წესები.

იარაღის იდენტიფიცირებისა და მისი გამოყენების კანონიერების დადგენისას ჟურნალისტისთვის ყველაზე ფასეული ინსტრუმენტი იარაღის სპეციალისტის/ექსპერტის აზრის მოსმენაა.

წესებისა და პრინციპების დიდი სიმრავლე შეიძლება ხშირად დამაბნეველი აღმოჩნდეს მათთვის, ვინც არ იცის სხვადასხვა კანონი ან ძალის გამოყენების ფორმა. მართლაც, ამ წესების კარგად მცოდნე ხალხსაც კი (მაგალითად, იურისტებსა თუ სამხედროებს) შეუძლია მიიღოს და იღებს კიდეც ზემოხსენებულ ნორმებსა და პრინციპებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებებს.

წინამდებარე თავი არ აჯამებს იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლის ნორმებს; სანაცვლოდ, აღწერს კონკრეტულ პრინციპებსა და შეთანხმებებს. ამასთან, განხილულია ფოსფორის გამოყენების შემთხვევები, რომლებიც მოიცავს როგორც ცეცხლგამჩენი, ისე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების იდენტიფიცირებისა და კანონიერების დადგენის მაგალითებს.

იდენტიფიცირებისათვის საჭირო რესურსები

იარაღის იდენტიფიცირება შეიძლება ხანდახან გართულდეს: ხანდახან სხვადასხვა ფეთქებადი საშუალება ერთნაირად გამოიყურება. თუმცა, ზოგიერთ იარაღს, როგორებიცაა ცეცხლგამჩენი და კასეტური საბრძოლო მასალა, მკაფიო ვიზუალური ხელწერა აქვს.

იარაღის არაერთი ტიპი შეიძლება იდენტიფიცირდეს მორჩენილი ფრაგმენტების საშუალებით, რომელთა შეგროვება-აკრეფაც არ შეიძლება, თუმცა ფოტოებზე – განსაკუთრებით კი, სერიული ნომრების ამსახველ კადრებზე – დაყრდნობით სავსებით შესაძლებელია იარაღის ტიპის განსაზღვრა. 

ექსპერტები

იარაღის იდენტიფიცირებისა და მისი გამოყენების კანონიერების დადგენისას ჟურნალისტისთვის ყველაზე ფასეული ინსტრუმენტი იარაღის ექსპერტის ჩართვაა. ზოგიერთ მედიაორგანიზაციას უმართლებს და რედაქციაშივე ჰყავს ასეთი ექსპერტი, თუმცა ხანდახან საჭიროა გარე ექსპერტის მოძიება საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად – განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე გვაქვს იარაღის შედარებით იშვიათ და გასაიდუმლოებულ სისტემებთან.

კონტექსტის გათვალისწინება

ნაკლებსავარაუდოა, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა მოახერხებს, სათანადო დრო დაუთმოს იარაღის იდენტიფიცირების მიზნით მისი ზემოქმედების შედეგებისა თუ ნარჩენი ფრაგმენტების შესწავლას, თუმცა მაინც სასარგებლოა სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირების ვიზუალური ხელწერის შესწავლა.

ცეცხლგამჩენი ან კასეტური შეიარაღების მსგავსი გამორჩეული მახასიათებლების მქონე იარაღების შემთხვევაში ნამდვილად შესაძლებელია მათი თავდაპირველი ვიზუალის აღდგენა მაშინაც კი, თუ საჭიროა ექსპერტი, რომ ასეთი საბრძოლო მასალის გამოყენება დაგვიმოწმოს.

CAT-UXO-ს მსგავსი ვებგვერდები იარაღის ვიზუალის შესწავლისათვის შესანიშნავ რესურსს წარმოადგენს. ამასთან, ისეთი ანგარიშები, როგორებიცაა „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council) Breaking Aleppo („ალეპოს აღება“) და Breaking Ghouta („გუტას აღება“), გვაწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყურება სხვადასხვა საბრძოლო მასალის ზემოქმედების შედეგები.

როგორ რეგულირდება იარაღის გამოყენება?

არსებითად, ყოველგვარი იარაღის გამოყენება იზღუდება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში გაწერილი ნორმებით, მათ შორის, გამიჯვნისა (იგულისხმება სამოქალაქო და სამხედრო პირთა გამიჯვნა / განსხვავება)  და პროპორციულობის პრინციპებით, ასევე, ზედმეტი ტანჯვისა და ჭარბი ზიანის მიყენების აკრძალვით.

ახალი იარაღის კვლევის, შემუშავების, შესყიდვისა და ათვისებისას ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ იარაღის გამოყენებით არ დაარღვიოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპები. 2014 წლიდან მოყოლებული 113 სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული „იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება“ არეგულირებს ამ ქვეყნების მიერ  იარაღით ვაჭრობას, გადაზიდვას და ექსპორტს.

ზოგჯერ იარაღის ლეგალურობა დამოკიდებულია მისი გამოყენების ფორმაზე. მაგალითად, „მოაბი“ (MOAB) – საჰაერო აფეთქების ზემძიმე ბომბი GBU-43/B ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კონვენციური იარაღია, რომელიც კი ოდესმე შექმნილა და აფეთქების ძალზე დიდი რადიუსი აქვს. კონვენციური ომის დროს შუა უდაბნოში ოპერატიული დანაყოფის თავშეყრის არეალზე მისი დამიზნება, დიდი ალბათობით, იარაღის კანონიერ გამოყენებად ჩაითვლებოდა. 

თუმცა, თუ საჰაერო აფეთქების ზემძიმე ბომბი გამოიყენება მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებული ქალაქის შუაგულში ლულიდან დასატენი მუშკეტით შეიარაღებული კაცის მოსაკლავად, მაშინ, ცხადია, თითქმის გარდაუვლად დაირღვევა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გაწერილი ნორმები – მაგალითად, პროპორციულობის პრინციპი. ასე ვთქვათ, ყველანაირი იარაღის გამოყენება გარკვეული ხარისხით მაინც თავისთავად იზღუდება ამ პრინციპებით.

აფეთქების ზემძიმე ბომბი

აშშ-ის საჰაერო აფეთქების ზემძიმე ბომბის („მოაბის“), GBU-43-ის მოდელი, მაკალისტერის სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი ქარხნის (McAlester Army Ammunition Plant) მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკლაჰომაში. სურათი: Shutterstock

სპეციფიკური შეთანხმებები

ქვემოთ მოცემულ შეთანხმებათა ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, თუმცა მოიცავს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითს. 

  • ოტავის კონვენცია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კონვენცია „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების, დაგროვების, წარმოების, გადაცემის აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ“.

მოცემული შეთანხმება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, დაგროვებას, წარმოებასა თუ გადაცემას (ტრანსფერს) და წევრ სახელმწიფოებს აკისრებს მათ ტერიტორიებზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისა და დანაღმული რაიონების გაუვნებელყოფის ვალდებულებას, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ განალაგა ეს ნაღმები. კონვენციას 133 ხელმომწერი (რაც პოლიტიკურ მხარდაჭერას მიანიშნებს) და 164 მხარე სახელმწიფო (სახელმწიფოები, ვისაც ხელშეკრულება სამართლებრივ ვალდებულებას უწესებს) ჰყავს.

კონვენციის თანახმად, „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი ისეთ ნაღმს აღნიშნავს, რომელიც ფეთქდება მიახლოების ან უშუალოდ შეხების შედეგად. მასთან, აზიანებს, ასახიჩრებს ან კლავს ერთ ან რამდენიმე ადამიანს.“ კონვენცია არ არეგულირებს სატრანსპორტო საშუალებების საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას.

რეგულარული გამოყენების გამო, ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო სახმელეთო ნაღმების გამოყენებას.

მოცემული შეთანხმება არეგულირებს კონვენციური იარაღის გარკვეული ტიპების, მაგალითად, სახმელეთო ნაღმების, მახე-ნაღმების, ცეცხლგამჩენი იარაღისა და დამაბრმავებელი ლაზერების გამოყენებას. საგულისხმოა, რომ ეს კონვენცია კი არ კრძალავს, არამედ ზღუდავს ასეთი იარაღის სახეობათა უმრავლესობის გამოყენებას. მას ოთხი ხელმომწერი და 126 მხარე ჰყავს.

საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ფარგლებში ვრცელდება შეზღუდვები სახმელეთო ნაღმების, მახე-ნაღმების, ცეცხლგამჩენი იარაღისა და დამაბრმავებელი ლაზერების გამოყენებაზე.

ნაღმი ალ ქაიდა

ქაბულში, ალ-ქაიდას კუთვნილ ერთ-ერთ სახლში, ნაპოვნი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. შენობაში ასევე აღმოაჩინეს ქიმიური ფორმულებით სავსე ქაღალდები, იარაღი და ფრენის ინსტრუქციები. სურათი: ფოტოსთვის მადლობას ვუხდით რონ ჰავივს

კონვენცია კრძალავს კასეტური შეიარაღების გამოყენებას, გადაცემას, წარმოებასა და დაგროვებას. მას 108 ხელმომწერი და 110 მხარე სახელმწიფო ჰყავს.

კონვენცია კასეტურ საბრძოლო მასალას განმარტავს, როგორც „კონტეინერის ან დისპენსერის მომცველ იარაღს, რომლისგანაც ფართო არეალზე იფანტება ბევრი მცირე ჭურვი ან ბომბი.“ უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციაში მითითებულია დამატებითი, უფრო სპეციფიკური განმარტებებიც.

საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი სპეციფიკურად არ ზღუდავს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კასეტური იარაღი შეიძლება განისაზღვროს, როგორც „თვისებრივად არაგანმარჩეველი საბრძოლო მასალა“, მაშინ იგი თავისთავად აკრძალულიცაა.

ეს კონვენცია არეგულირებს დაავადების გამომწვევ ორგანიზმებს ან ტოქსინებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანების, ცხოველებისა თუ მცენარეების დაზიანებისა თუ განადგურების მიზნით. კონვენცია ცალსახად კრძალავს ბიოლოგიური ან ტოქსიკური იარაღის შემუშავებას, წარმოებას, შეძენას, გადაცემას, დაგროვებასა და გამოყენებას. მას ჰყავს 185 მხარე სახელმწიფო და ოთხი ხელმომწერი ქვეყანა.

გაეროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ბიოლოგიურ და ტოქსიკურ იარაღს შემდეგნაირად განსაზღვრავს: „ვირუსის, ბაქტერიის ან სოკოსებრი მიკროორგანიზმები ან ცოცხალი ორგანიზმების მიერ ნაწარმოები ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც იწარმოება და ვრცელდება ადამიანში, ცხოველსა თუ მცენარეში დაავადების გამოწვევის ან მათი მოკვდინების მიზნით.“

საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი კრძალავს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას.

მოცემული კონვენცია მხარე სახელმწიფოებს უკრძალავს ქიმიური იარაღის შემუშავებას, წარმოებას, შეძენას, დაგროვებას, შენახვას, გადაცემასა და გამოყენებას. მას 165 ხელმომწერი და 193 მხარე სახელმწიფო ჰყავს. გაეროს წევრებიდან მხოლოდ ოთხი სახელმწიფო არ არის შეთანხმების მხარე: ეგვიპტე, ისრაელი, ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ სუდანი.

მოცემული შეთანხმება შემდეგნაირად განსაზღვრავს ქიმიურ იარაღს: „ტოქსიკური ქიმიკატები და მათი რეაგენტები… სამხედრო აღჭურვილობა და მოწყობილობები, რომლებიც სპეციალურად გამიზნულია ტოქსიკური ქიმიკატების მომწამვლელი თვისებების გამოყენებით სიკვდილის ან სხვა ზიანის გამოსაწვევად… ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია ზემოაღნიშნული სამხედრო აღჭურვილობისა და მოწყობილობების მოქმედებისას უშუალო გამოყენებისათვის.“

საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი კრძალავს ქიმიური იარაღის გამოყენებას. ზოგიერთი ქიმიური აგენტის, მაგალითად, ცრემლსადენი გაზის, გამოყენება შეიძლება კანონიერი იყოს ზოგიერთ შემთხვევაში – დავუშვათ, საჯარო არეულობის კონტროლის მიზნით. თუმცა დაუშვებელია ცრემლსადენი გაზის ომის წარმოების მეთოდად გამოყენება.

თამიშიდან

1991 წელი – 54 წლის ქალს ჰალაბჯას ქალაქ თამიმში (ერაყი) მიღებულ ჭრილობებს უმუშავებენ. ქალს ნაიარევი 1988 წლიდან მოჰყვება, როცა ერაყის არმიამ მიმდებარე ტერიტორიებზე იპრიტი („მდოგვის გაზი“) გააფრქვია, რაც ომის ისტორიაში მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ პუნქტზე ქიმიური იარაღით თავდასხმის ყველაზე მსხვილმასშტაბიან შემთხვევად ითვლება. სურათი: ფოტოსთვის მადლობას ვუხდით ედ კაშის, VII.

წინააღმდეგობრივი იარაღი

თეთრი ფოსფორი

პრაქტიკაში ზემოხსენებული კონვენციების მოქმედების შემთხვევათა საილუსტრაციოდ, მოცემულ თავში განხილულია თეთრი ფოსფორის გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების ანალიზი. თეთრი ფოსფორი ომისა და კონფლიქტის დროს სხვადასხვაგვარი ფორმით გვხვდება.

თეთრი ფოსფორი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ჟანგბადთან ურთიერთქმედებისთანავე ალდება, წარმოქმნის უაღრესად მწველ ალს და დიდი მოცულობის სქელ, თეთრ კვამლს. სხეულთან შეხებისას იწვევს მძიმე დამწვრობას და რთულდება ცეცხლის მოშორება ან ჩაქრობა.

ფოსფორის გამოყენების აღწერისას მკაფიოდ იკვეთება ხოლმე ამა თუ იმ სპეციფიკური იარაღის აკრძალვისა თუ შეზღუდვის პირობებისა და მიზეზების მწირი ცოდნა. ფოსფორის სხვადასხვა ალოტროპი შეიძლება (წითელი, თეთრი, შავი) გამოიყენებოდეს საკვამლე ან მანათობელ ჭურვებში, რაც თავისთავად არ იზღუდება. ფოსფორს, როგორც ცეცხლგამჩენ საბრძოლო მასალას, არეგულირებს „გარკვეულ კონვენციურ იარაღთა შესახებ კონვენცია“;

ასევე, ძალზე სპეციფიკურ კონტექსტში ქიმიურ იარაღად კლასიფიცირდება და რეგულირდება „ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციით“. ამდენად, მეტად სასარგებლო იქნება იმ შემთხვევების შესწავლა, რომლებიც აჩვენებს, რა დროს როგორი ფოსფორის გამოყენებაა დასაშვები ან აკრძალული.

უაღრესად რთულია, დადგინდეს თეთრი ფოსფორის ქიმიურ იარაღად გამოყენების ფაქტი.

თეთრი ფოსფორი, რომელიც ჯერჯერობით სამხედრო შეიარაღებაში ფოსფორის ყველაზე გავრცელებული ტიპია, როგორც წესი, კვამლის ფარდის შექმნის მიზნით გამოიყენება. ფოსფორი ძალზე სქელ კვამლს წარმოქმნის, რომელიც არამხოლოდ მხედველობის არეს ზღუდავს, არამედ ინფრაწითელი სიხშირისათვისაც დაუძლეველია, რაც ნიშნავს, რომ თერმული ოპტიკა მასში ვერ გააღწევს. ღია ფერის ალის გამო თეთრი ფოსფორი განათების საშუალებადაც გამოიყენება.

ორივე შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ყველა სხვა პრინციპი დაცულია და მიზანი მხოლოდ და მხოლოდ კვამლის ფარდის ან განათების ეფექტის მიღწევაა, მაშინ ფოსფორის გამოყენება სავსებით ლეგალურია.

მთავარი პრობლემა თეთრი ფოსფორის ცეცხლგამჩენ იარაღად გამოყენებაა. ცეცხლგამჩენი იარაღი „გარკვეულ კონვენციურ იარაღთა შესახებ კონვენციით“ განიმარტება, როგორც „ნებისმიერი იარაღი ან საბრძოლო მასალა, რომელიც, თავისი არსით, მიზნად ისახავს ობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდებას ან ადამიანებისათვის დამწვრობის მიყენებას სამიზნეზე ნივთიერების ქიმიური ზემოქმედების შედეგად გამოწვეული აალების, გადახურების ან ამ ორის კომბინაციის საშუალებით.“

თუკი ასეთი იარაღის მომხმარებელი „კონვენციური იარაღების შესახებ კონვენციის“ წევრია, მაშინ სწორედ ეს კონვენცია არეგულირებს თეთრი ფოსფორის გამოყენებასაც. „კონვენციური იარაღების შესახებ კონვენცია“ კრძალავს ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენებას შემდეგი მიზნებით:

  • მშვიდობიან მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა;
  • საჰაერო ხომალდიდან ცეცხლგამჩენი იარაღით მშვიდობიანი მოსახლეობის კონცენტრაციის წერტილში არსებულ სამხედრო ობიექტზე თავდასხმა;
  • მშვიდობიანი მოქალაქეების კონცენტრაციის წერტილში მოქცეულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე ცეცხლგამჩენი იარაღით არასაჰაერო თავდასხმა, გარდა იმ შემთხვევისა:
    • როცა სამხედრო ობიექტი აშკარად გამოცალკევებულია მოქალაქეთა კონცენტრაციის წერტილიდან; 
    • როცა მიღებულია სიფრთხილის ყველა შესაძლო ზომა იმისათვის, რომ ცეცხლგამჩენი იარაღის ზემოქმედება შემოიფარგლოს სამხედრო სამიზნით (ობიექტით);
    • როცა თავდასხმისას უზრუნველყოფილია მოქალაქეთა სიცოცხლის, მოქალაქეთა დაშავების ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანების უნებლიე შემთხვევების არიდება ან მინიმუმამდე შემცირება;
  • ტყის ან მცენარეული საფარის მიზანში ამოღება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი გამოიყენება მებრძოლების ან სხვა სამხედრო ობიექტების დასაფარად, დასამალად ან შესანიღბად (კამუფლაჟი), ან თვითონ წარმოადგენს სამხედრო ობიექტს.

საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის 84-ე წესის თანახმად: „ცეცხლგამჩენი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რათა არიდებული და, სულ მცირე, მინიმუმამდე დაყვანილი იქნას მოქალაქეთა სიცოცხლის უნებლიე ხელყოფა, მოქალაქეების დაშავება ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანება.“

როგორც ასეთი, თეთრი ფოსფორის ცეცხლგამჩენ იარაღად გამოყენებას „კონვენციური იარაღის შესახებ კონვენცია“ და „საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი“ უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში უშვებს. თუმცა, ომის რეალობაც სწორედ ისაა, რომ მასიური ბრძოლების უმეტესობა დასახლებულ ცენტრებსა და ცენტრებს გარშემო ტერიტორიაზე წარიმართება. ამდენად, ნაკლებ სავარაუდოა (თუმცა არა შეუძლებელი), რომ ცეცხლგამჩენი იარაღით თავდასხმა გამართლდეს „კონვენციური იარაღის შესახებ კონვენციით“, „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით“ ან „საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით.“

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოცემული განმარტებები შეიძლება შედარებით ცალსახა ჩანდეს, არსებობს შემთხვევები, როცა იარაღის გამოყენების კანონიერება ბუნდოვანია. მაგალითად, 2017 წელს, ვიდეომასალამ აჩვენა, როგორ გაისროლეს აშშ-ის კოალიციურმა ძალებმა თეთრი ფოსფორის საბრძოლო მასალა ერაყის ქალაქ მოსულის ურბანულ ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით დაირღვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გარჩევის (განსხვავების) პრინციპი და, ასევე, „კონვენციური იარაღის შესახებ კონვენცია“, კოალიციის ოფიციალური განმარტების თანახმად, საბრძოლო მასალა კვამლის ფარდის შესაქმნელად გამოიყენეს, რათა მოქალაქეები „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან დაეცვათ, რომლებიც თავს ესხმოდნენ გაქცეულ მოსახლეობას.

„ჰუმან რაითს უოჩმა“ (Human Rights Watch), ასევე, აღნიშნა, რომ ამ ინციდენტში „ჭურვები მიწასთან ძალიან ახლოს აფეთქდა, რაც მიანიშნებს ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მცდელობაზე.”

ამ შემთხვევაში რთულია გამოვარკვიოთ, რა ფუნქციით გამოიყენებოდა თეთრი ფოსფორი, თუ არ ვიცით სიტუაციის ყველა დეტალი და სამიზნეზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით მეთაურის განზრახვა. ამ ფაქტორების დადგენა აუცილებელია, რათა განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა ფოსფორის კონკრეტული გამოყენება ომის დანაშაულს ან სხვა მოქმედი კანონების ხელყოფის აქტს.

ერთი შეხედვით, მოცემული შემთხვევა პირდაპირ არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლის ისეთ პრინციპებს, როგორებიცაა პროპორციულობა და გამორჩევა (განსხვავება), ასევე, თავად „კონვენციური იარაღის შესახებ კონვენციას“. თუმცა, თუკი კოალიციის მტკიცება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ შეიძლება ვითარებისა და სხვადასხვა შეთანხმების გათვალისწინებით, დასაშვებად ჩაითვალოს თეთრი ფოსფორის გამოყენება კვამლის ფარდის შესაქმნელად.

თეთრი ფოსფორი, თეორიულად, შეიძლება გამოყენებული იქნას ქიმიურ იარაღადაც. „ქიმიური იარაღის კონვენცია“ ქიმიურ იარაღს განმარტავს, როგორც „ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც განზრახ გამოიყენება ტოქსიკური თვისებების საშუალებით დაზიანების ან მოკვლის მიზნით.“

ფოსფორი თავისთავად საკმაოდ ცუდი ნივთიერებაა, მაგრამ მაშინაც კი, როცა ცეცხლგამჩენ იარაღად გამოიყენება, მაინც და მაინც ქიმიურ იარაღს არ წარმოადგენს. „ქიმიური იარაღის კონვენციით“ გაწერილი განმარტება ფოსფორზე ვრცელდება, როცა ეს უკანასკნელი ზემოქმედებს უშუალოდ ტოქსიკური თვისებების გამოყენებით.

მაშასადამე, უაღრესად რთულია დადგინდეს თეთრი ფოსფორის ქიმიურ იარაღად გამოყენების ფაქტი. პირველ რიგში, საჭიროა მეთაურის განზრახვის ცოდნა. მეორე: ფოსფორს ბრძოლის ველზე უამრავი დანიშნულება აქვს და გამოიყენება, როგორც კვამლის ფარდა, განათების ან ცეცხლგამჩენი საშუალება.

ფოსფორი განსხვავდება ისეთი ნივთიერებებისაგან, როგორებიც, მაგალითად, ქლორი და ზარინია. ამ ორს ბრძოლის ველზე მხოლოდ ერთადერთი – ქიმიური იარაღის ფუნქცია აქვს. ამრიგად, რთულია თეთრი ფოსფორის ზემოქმედების შედეგების გამოცალკევება და იმის დადგენა, გამოიყენეს თუ არა უშუალოდ ტოქსიკური თვისებების გამო.

თეთრი ფოსფორის გამოყენების „კონვენციური იარაღის შესახებ კონვენციით“ რეგულირების მკაფიო მაგალითია წერილობითი ბრძანების გაჟონვის შემთხვევა, როცა დასტურდება, რომ მეთაურმა უბრძანა დანაყოფს, მიწისქვეშა გვირაბების ქსელში კვამლის შეშვება მტრის მებრძოლების დახოცვისა თუ გარეთ გამოდევნისთვის. ასეთ შემთხვევაში, ცხადია, რომ ფოსფორი გამოიყენეს არა განათების, ფარდის ეფექტის ან ცეცხლის გაჩენის მიზნით, არამედ ტოქსიკური თვისების გამო, რომელიც სამიზნის მწყობრიდან გამოყვანისა და მოკვლის საშუალებას იძლევა.

უპილოტო საფრენი აპარატები (UCAV)

უპილოტო საფრენი აპარატები (UCAV) ანუ შეიარაღებული დრონები იმავე წესებს ექვემდებარება, რომლებსაც ყველა სხვა სახის იარაღი. ამჟამად არ არსებობს რაიმე სპეციფიკური საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც კონკრეტულად უპილოტო აპარატების გამოყენებას არეგულირებს; არც კანონი ასხვავებს პილოტირებულ და უპილოტო პლატფორმებს. პილოტირებული F-16-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმა, რომელიც კლავს 10 მოქალაქეს ქორწილში, სამართლებრივი თვალსაზრისით, არსებითად იგივეა, რაც თავდამსხმელი დრონის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომელიც იმავეს ჩადის.

ნაკლებსავარაუდოა, რომ ათასობით მილის მოშორებით პილოტის ყოფნა-არყოფნის ფაქტი კანონზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას მოახდენს, თუმცა შესაძლებელია კანონში არსებობდეს პილოტის დასაცავად საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული პირობები.

ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად, ირანი, თავს არიდებს შეიარაღებული დრონების გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებულ დავას… რადგან უბრალოდ არ აღიარებს, რომ ასეთ თავდასხმას ახორციელებს.

დრონების გამოყენების თვალსაზრისით მთავარი სამართლებრივი წინააღმდეგობა უკავშირდება არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებს ან სამიზნეზე რეალურ ზემოქმედებას, არამედ დრონების გამოყენების ფორმასა და ადგილს იმ საერთაშორისო კანონების გათვალისწინებით, რომლებიც არეგულირებს ძალის გამოყენებას სახელმწიფოებს შორის. გაეროს ქარტია კრძალავს მეორე სახელმწიფოს „ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მუქარას ან ძალის გამოყენებას“, რაც შეიძლება მოიცავდეს დრონებით იერიშსაც. ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის ტერიტორიაზე დრონების გამოყენება ჩაითვლება ქარტიის  პრიმა ფასიე (ერთი შეხედვით) დარღვევად.

აშშ-მა არაერთხელ გამოიყენა მოიერიშე დრონები პაკისტანსა და იემენში იმ საბრძოლო კამპანიების დროს, რომლებსაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. აშშ-მა ასეთი თავდასხმები გაამართლა იმ პრინციპის საფუძველზე, რომ დრონების დარტყმები ემსახურებოდა „გარდაუვალი საფრთხის“ განეიტრალებას, როცა სახელმწიფო, სადაც სამიზნე მდებარეობს, ეთანხმება შესაბამისი ძალის გამოყენებას ან „არ სურს და არ შეუძლია“ მიიღოს შესაფერისი ზომები ამ საფრთხესთან გასამკლავებლად.

მეტწილად გაუგებარია, როგორ შეაფასა აშშ-მა, რა წარმოადგენდა „გარდაუვალ საფრთხეს“, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ თავდასხმებთან დაკავშირებული ინფორმაციის დიდი ნაწილი კვლავ გასაიდუმლოებულია.

პრედატორი საჰაერო ძალები

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი „პრედატორი“ დრონი ფრინდება ერაყის ქალაქ ბალადში მდებარე ავიაბაზიდან. 2008 წლის 12 ივნისი. სურათი: Shutterstock

ზოგიერთი სახელმწიფო, მაგალითად, ირანი, თავს არიდებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე შეიარაღებული ან კამიკაძეებად მოდიფიცირებული დრონების გამოყენების კანონიერებასთან დაკავშირებულ დავას, რადგან უბრალოდ არ აღიარებს, რომ ასეთ თავდასხმებს ახორციელებს.

დრონებთან დაკავშირებით ბევრი ფიქრობს, რომ კანონმდებლობა ჩამორჩა ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს; სხვები მიიჩნევენ, რომ საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს, როგორ იმოქმედებს არსებული კანონი ასეთ შემთხვევებზე. მიუხედავად იმისა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების უნიკალური შესაძლებლობების აშკარად სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს წარმოშობს, ჯერჯერობით არ არსებობს მათი გამოყენების ამკრძალავი ან შემზღუდველი სპეციფიკური საერთაშორისო შეთანხმება.

შემთხვევების ანალიზი

ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვისას თეთრი ფოსფორის გამოყენება

ლონდონში მდებარე საგამოძიებო ჯგუფს სახელწოდებით Forensic Architecture (FA), რომელიც სამოქალაქო საზოგადოების პრობლემებს სამეცნიერო მიდგომებით იკვლევს, 2012 წელს დაევალა გამოეძიებინა ისრაელის არმიის მიერ თეთრი ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენება პალესტინაში, ღაზას ტერიტორიაზე 2008-2009 წელს მიმდინარე კონფლიქტში. სამგანზომილებიანი მოდელირებისა და ვიდეოანალიზის საშუალებით FA-მ დაადგინა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები რეგულარულად იყენებდა თეთრი ფოსფორის შემცველ ჭურვებს ქალაქის მოსახლეობის წინააღმდეგ და ამ გზით ავიწროვებდა და ატერორებდა მოქალაქეებს, რომლებიც იძულებულები ხდებოდნენ მთლიანი უბნები დაეტოვებინათ.

მას შემდეგ, რაც უარყოფის თავდაპირველ მცდელობებს ვიდეოსამხილები დაუპირისპირდა, ისრაელმა აღიარა ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენება, თუმცა ამტკიცებდა, რომ მიზანი მხოლოდ კვამლის ფარდის შექმნა იყო. საბოლოო ჯამში, FA-მ ანგარიში წარუდგინა როგორც კონვენციური იარაღის შესახებ გაეროს კონვენციას, ისე ისრაელის უზენაეს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის სამხედრო ძალები კვლავ ეჭვქვეშ აყენებდა კვლევის შედეგების სანდოობას, 2013-ში გამოაცხადეს, რომ თეთრ ფოსფორს ურბანულ და დასახლებულ ზონებში აღარ გამოიყენებდა.

აშშ-ის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმა და მასიური სამოქალაქო მსხვერპლი

2021-ში New York Times-მა გამოაქვეყნა დეტალური გამოძიებების სერია, რომელიც აღწერდა, როგორც ვერ შეძლო აშშ-ის სამხედრო ძალებმა დრონებით თავდასხმის განხორციელებისას მასშტაბური სამოქალაქო მსხვერპლის არიდება. The New York Times-მა მოიპოვა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ფარული მასალა, რომელშიც დოკუმენტურად იყო აღწერილი, 2014 წლიდან მოყოლებული, საჰაერო თავდასხმები და მათი ზემოქმედება ახლო აღმოსავლეთში. ამ არქივებში დაცული იყო თავად სამხედრო ძალების მიერ შეფასებული მსხვერპლი: დაახლოებით 1,300 მოკლული ან დაჭრილი მოქალაქე ერაყში, ავღანეთსა თუ სირიაში, როცა ამ დროის განმავლობაში პენტაგონი საჯაროდ ამტკიცებდა, რომ თითქმის არ არსებობდა ინფორმაცია დრონების საშუალებით ზუსტი დამიზნებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავებული მოქალაქეების შესახებ.

New York Times-ის გამოძიებამ, რომელსაც 2022 წელს მიენიჭა პულიცერის პრემია ნომინაციაში „საერთაშორისო რეპორტაჟი“, ფარდა ახადა ე.წ. ტერორისტული სამიზნეების იდენტიფიცირების პროცესში ორგანიზაციაში გამეფებულ დაუდევრობას და იმ სამხედროთა მასშტაბურ დაუსჯელობას, რომლებმაც დოკუმენტებში აღწერილი შეცდომები დაუშვეს და ამით უდანაშაულო ქალების, კაცებისა და ბავშვების სიკვდილი გამოიწვიეს.

Screenshot 2024 01 18 at 09.58.31
კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში და რატომ არის ეს საგანგაშო?
ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში

როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში და რატომ არის ეს საგანგაშო?

მთავრობა კანონმდებლობას არღვევს და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share