fbpx
სკოლა მორიგი კრახი

წყალაფორეთის სკოლა – მორიგი კრახი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაში 

ავტორი: შორენა ლაღაძე 

ხარაგაულის ოთხი სოფლის ოცდაათამდე მოსწავლე უკვე მესამე წელია სკოლის განახლებას ელოდება. იქამდე კი მეზობელი სოფლის სკოლებს შეეხიზნნენ – ჯერ ვარძიას, შემდეგ თეთრაწყაროს. 

თეთრაწყარომდე, ყოველდღე, 9 კილომეტრის გავლა უწევთ და როგორც მშობლები გვიყვებიან, პირველკლასელებისთვის ეს გზა მარტივი არ არის – ზოგი იღლება, ზოგი მგზავრობისას ცუდად ხდება და გაკვეთილებზე დასწრება უჭირთ. 

“ძალიან შორია. სწავლა ათზე ეწყებათ, მაგრამ ცხრაზე გადიან აქედან და 8-ზე იღვიძებენ. გზასაც ხომ დრო უნდა? მძღოლებიც სულ უცდიან პატარებს, ვერ იღვიძებენ დაწყებითების მოსწავლეები… “; “თითქმის ხარაგაულის ძირში უნდა მივიდნენ”; “ერთ ბავშვს მგზავრობის პრობლემაც აქვს და ამის გამო სულ წინ უზით,”- შემოგვჩივლეს მშობლებმა, რომელთაც შვილები, დროებით, თეთრაწყაროს სკოლაში დაჰყავთ.

არავინ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ მოსწავლეებს ამ დისკომფორტის ატანა, რადგან ძველი სკოლის ეზო ნანგრევებითაა სავსე და ახალი შენობის საძირკველიც კი არ ჩანს. 

სკოლა ფოტო 13 ნოემბერი 2023
სკოლის შენობის ნანგრევები, ფოტო: 13 ნოემბერი, 2023 წელი

ეს იმის ბრალია, რომ 2020 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალაფორეთის სკოლას ჯერ უბრალოდ არემონტებდა, შემდეგ აღმოაჩინეს, თურმე შენობა უვარგისი და დასანგრევი ყოფილა. ამ ქაოსმა კომპანიას დავალება გაურთულა, ხელშეკრულების ვადები გადაწიეს და საქმეც გაეწელათ. საბოლოოდ, სკოლის დემონტაჟმა კი წარმატებით ჩაიარა, მაგრამ შენება ჯერ არ დაუწყიათ. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მგფ-თვის ეს ჩვეული პრაქტიკაა. ადრეც გიყვებოდით, როგორ გაიწელა ტყიბულის, ხონის და ქუთაისის სკოლების რეაბილიტაცია, უთავბოლოდ დაგეგმილი სამუშაოების ახლა კი მათ ბედს წყალაფორეთის სკოლა იზიარებს. ამბის “მოქმედი გმირები” უცვლელია, დამკვეთი – მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროექტების ავტორი – შპს “ინდუსტრია.”

რამ შეაფერხა წყალაფორეთის სკოლის სამუშაოები? 

მგფ-მ სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 2020 წლის აგვისტოში გამოაცხადა. შესყიდვაში გაიმარჯვა სს “სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა”, რომელსაც ხელშეკრულება 20 ოქტომბერს გაუფორმეს. კომპანიას დაევალა შენობის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, საინჟინრო ქსელის, წყლის, გათბობის, ვენტილაციის და ელექტრო ქსელების მონტაჟი. სამუშაოების ჯამური ღირებულება კი 1,5 მილიონი ლარი იყო. 

მუნიციპალური განვითარების ფონდი აანონსებდა, რომ სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობოდა და შშმ პირებისთვის სრულად იქნებოდა ადაპტირებული; საკლასო ოთახების გარდა რეაბილიტირდებოდა საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. 

ეს სამუშაოები ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, გზადაგზა გეგმები და ვადები შეიცვალა. სამუშაოების დაწყებისას აღმოჩნდა, რომ სკოლის საძირკველი და მზიდი კედლები იმდენად იყო დაზიანებული, შესაძლოა, რემონტს აზრი არ ჰქონოდა. ამიტომ, უფრო ჭკვიანური იქნებოდა მისი დანგრევა და ახლიდან აგება. მშენებელმა კომპანიამ საინჟინრო ექსპერტიზა დაუკვეთა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს. საბოლოოდ, შენობის რეაბილიტაცია მათაც არალოგიკურად მიიჩნიეს. 

სკოლის ძველი შენობა 2014 წელს ფოტო სკოლის ფეისბუქი
წყალაფორეთის სკოლის ძველი შენობა, 2014 წელს, ფოტო: ფეისბუქი

“შენობის შემდგომი ექსპლუატაცია მოცემული სახით საფრთხისშემცველია. საჭიროებს წინასწარ შედგენილი პროექტის მიხედვით კაპიტალურ აღდგენა-რეაბილიტაციას, კონსტრუქციული ელემენტების გამაგრების გათვალისწინებით. თუმცა, შენობის არსებული მდგომარეობის და ფიზიკური ცვეთიდან გამომდინარე, მისი რეაბილიტაცია არარენტაბელურად მიგვაჩნია,”- ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

ამის შემდეგ სკოლის დანგრევა-არ დანგრევის საკითხი მარტივად და სწრაფად მაინც არ გადაწყვეტილა. მგფ, განათლების სამინისტრო, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და თვითონ სკოლის ადმინისტრაცია ამ ამბავს ხუთი თვის განმავლობაში არკვევდნენ.

„…ეს არის კომპლექსური, როგორც გეოლოგების, ისე არქიტექტორების და კონსტრუქტორების ნაწილია ჩართული. დასკვნის შემდეგ მივიღებთ გადაწყეტილებებს და ვიმოქმედებთ შესაბამისად. დაინტერესებული ვართ, ეს საკითხი რაც შეიძლება სწრაფად შევისწავლოთ,”- ამბობდა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში მგფ-ს იმჟამინდელი დირექტორი გიორგი შენგელია.

პროცესი დროში გაიწელა იმის გამოც, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ მგფ-სგან მოითხოვა ამ ადგილის გეოფიზიკური კვლევა. სურდათ დაედგინათ, ძველი სკოლის ტერიტორია იყო თუ არა ვარგისი ახალი შენობის ასაშენებლად. 

სააგენტოს დაკვეთით 2022 წლის თებერვალ-მარტში სამშენებლო ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა სს “ხურომ” 16 ათას ლარად ჩაატარა. სკოლის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტი კი ლ.გოგაძემ მოამზადა. 

სამუშაოების ცვილების შესაბამისად შეიცვალა თანხაც. რადგან სკოლის რემონტი გადაიფიქრეს და მისი დემონტაჟი გახდა საჭირო, სს “იმერეთის” ხელშეკრულების თანხა შემცირდა და 217 ათასი ლარი გახდა. 

2022 წლის ივნისში სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ წყალაფორეთის სკოლის რემონტის ნაცვლად, სრულიად ახალი შენობა უნდა აეგოთ.

ძველი შენობა აქედან ათი თვის შემდეგ, 2023 წლის აპრილში დაანგრიეს და ახლის ასაშენებლად შესყიდვის პროცესი ივლისში დაიწყეს. ეს პირველი ტენდერი ჩავარდა, მეორე კი ჯერ არ გამოუცხადებიათ. 

როდის აიგება წყალაფორეთის სკოლა?

სკოლის შენობა უკვე შვიდი თვეა დანგრეულია და ჯერჯერობით, უცნობია, ვინ ან როდის დაიწყებს მის შენებას. 

2023 წლის ივლისში, წყალაფორეთის ძველი სკოლის ტერიტორიაზე 60 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობის ასაგებად 3.4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. ამჯერად, შემსყიდველი არა მგფ, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იყო. 

ტენდერში ერთადერთი მონაწილე შევიდა, შპს “მანე ლუქსი”. თუმცა, დროულად ვერ წარმოადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ამგვარად, სკოლის მშენებლობის შესყიდვა ჩაიშალა. 

შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიას ქუთაისში “ოქროს ჩარდახის” რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოებიც ევალება

სკოლა
შენობის ნანგრევები, ფოტო: 13 ნოემბერი, 2023 წელი

მუნიციპალური განვითარების ფონდში ოფიციალურად მოვიკითხეთ, როდის იგეგმება წყალაფორეთის სკოლის მშენებლობა. გვიპასუხეს, ამ დროისთვის დამტკიცებულ პროექტებში აღნიშნული სკოლის მშენებლობა გათვალისწინებული არ გვაქვსო.

რადგან არშემდგარი ტენდერი “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსი” იყო, ამ სკოლის ამბავი მათაც ვკითხეთ. ისიც გვაინტერესებდა, როგორ და რატომ გადაწყდა, რომ ამ შენობის აგება მათ გადაიბარეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წერილზე პასუხისთვის კანონით განსაზღვრული ვადა ამოიწურა, საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ. პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ იციან ჩვენს განცხადებაზე ვადაგადაცილების შესახებ და მივხედავთ ამ საკითხსო. თუ ინფორმაციას გამოგვიგზავნიან, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ. 

სანამ სახელმწიფო უწყებები დუმან და გეგმაც არ აქვთ, როდის დაიწყება სკოლის აგება, წყალაფორეთელი მოსწავლეები და მათი მშობლები გაურკვევლობაში არიან. მათ ინფორმირებაზე რომ არავის უზრუნია იმითაც ჩანს, რომ გვეუბნებიან, სკოლას დასანგრევი არაფერი სჭირდაო. 

“რომ დაშალეს, კედლები იდგა ორი წელი, გაუძლო წვიმასაც, თოვლსაც, ქარსაც… რეალურად, ეგ სკოლა დასანგრევი არ იყო, შეიძლებოდა პატარა რაღაცა რემონტი. ურემონტოდაც იქნებოდა, ნორმალური სკოლა იყო. რა უნდა ვქნათ, ვის უნდა ვუთხრათ, სად უნდა წავიდეთ?”; “შარშან კი დადეს ფეისბუქზე პროექტი და ისე ლამაზი შენობა იყო, თანამედროვე სტანდარტებით. მერე ხმა გავარდა, ვითომ აღარ შენდებაო, ვითომ ყველამ უარი თქვაო, არ ვიცი რა ხდება, ასე ჭორის დონეზე ვიცით ჩვენც.”- გვეუბნებიან აქაური მოსწავლეების მშობლები, რომელთაც სახელის და გვარის საჯაროდ გამხელა არ ისურვეს. 

“გადამიტანს მაგ სკოლის დარდი თან, რომ გავივლი-გამოვივლი დანგრეულ შენობასთან, ლამის გული გამისკდეს, მაგრამ რა უნდა ვქნა? ოფიციალურად იმას ამბობენ, რომ ტენდერი ჩავარდა ერთხელ და ახლა გამოცხადდება მეორედ და დაიწყება… გავიდა ამასობაში ოთხი წელი… ,”- გვითხრა გიორგი გველესიანმა, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა და ამ სკოლის ყოფილმა დირექტორმა.

სკოლა 1
შენობაის ნანგრევები, 2023 წლის 13 ნოემბერს

როდის აიგება ახალი შენობა, ამის თქმა წყალაფორეთის სკოლის ამჟამინდელ დირექტორსაც უჭირს. ნათია დვალმა გვითხრა, ტენდერს ველოდებით, სხვა ინფორმაცია არ მაქვსო. 

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურაზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

რას გვეუბნება სკოლის რეაბილიტაციის პროექტი?

მთელი ეს დავიდარაბა არ იქნებოდა საჭირო, სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ავტორ “ინდუსტრიას” რომ ჭკვიანურად ემუშავა და მგფ-თვის სკოლის დემონტაჟის საჭიროებაზე თავიდანვე ეცნობებინა.

მათ 2020 წელს წყალაფორეთის სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი 16,200 ლარად მოამზადეს. დოკუმენტში წერდნენ, რომ 1965 წელს აგებული ორსართულიანი შენობის საძირკვლები დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მაგრამ ცუდ მდგომარეობაშია და გამოსაცვლელია ხის და მეტლახის ფილებით მოპირკეთებული იატაკი, მეტალო-პლასტმასის და ხის ფანჯრები, ასევე თუნუქის ფენილიანი სახურავი და ცენტრალური ჭიშკარი. საბოლოო პროექტში არსადაა ნახსენები, რომ სკოლის შენობას სერიოზული დაზიანებები ჰქონდა და დასანგრევი იყო. “ინდუსტრია” მიუთითებდა მხოლოდ სანიტარული კვანძის (გარე ტუალეტის) და ავტოფარეხის დემონტაჟზე.

“საჭიროა არსებული საძირკვლის ორმხრივი გაშიშვლება გრუნტისაგან, ორმხრივი შეჯავშვნა ლითონის ელემენტებით, გაფართოების მიზნით ორმხრივი შებეტონება წყალუჟონადობის დაცვის პირობით… საჭიროა ორივე სართულზე კედლების გასუფთავება ძველი ნალესისაგან, კედლების, ღიობების ზღუდარების, სარტყელების შეჯავშნა ლითონის ელემენტებით… კედლების ორმხრივი შელესვა მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ხსნარით, მოპირკეთება და შეღებვა არქიტექტურული გადაწყვეტის საფუძველზე,”- ვკითხულობთ სამეცნიერო-საპროექტო ტექნოლოგიური საწარმო “ინდუსტრიას” მიერ მომზადებულ პროექტში. 

ფოტო პროექტიდან
სქრინშოტი “ინდუსტრიას” პროექტიდან

ამ დოკუმენტის ავტორებისთვის გვსურდა გვეკითხა, როგორ მოხდა, რომ შენობის მდგომარეობა და ტერიტორია იკვლიეს და ვერ მიხვდნენ, დასანგრევი რომ იყო. ასევე გვაინტერესებდა, რატომ არ დაემთხვა ერთმანეთს მათი და სამხარაულის ექსპერტების აზრი და ხომ არ მიუციათ მგფ-სთვის შენობის დემონტაჟის რეკომენდაცია, ზეპირსიტყვიერად მაინც.

ვცადეთ “ინდუსტრიას” აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლოზ ფაშიაშვილთან დაკავშირება. მან არც ზარებზე გვიპასუხა და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე. 

შეგახსენებთ, რომ ამ კომპანიამ მოამზადა იმერეთის კიდევ 13 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. მათ შორის არის გორდის სკოლა, რომლის რემონტიც წლობით გაჭიანურდა. კომპანიამ საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შემდეგ თქვა, სამშენებლო უბანი და შენობის საძირკველი კარგ მდგომარეობაშიაო. არადა, თურმე, ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაში იყო. 

სწორედ ამ გაუგებრობამ შეაფერხა სამუშაოები, ახლა კი მსგავსი სცენარი გვაქვს ხარაგაულშიც. ისეთი პირი უჩანს, რომ მოსწავლეები ამ ზამთარშიც მეზობელი სოფლის სკოლებში ივლიან.

მასალის გამოყენების პირობები

მასალაში გამოყენებული წყაროები 

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურაზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
რატომ გვირთულდება თბილისის ავტობუსებით მგზავრობა? – პრობლემები და გამოსავალი
თბილისის ავტობუსი და სატრანსპორტო კომპანია

რატომ გვირთულდება თბილისის ავტობუსებით მგზავრობა? – პრობლემები და გამოსავალი

თბილისის ავტობუსების შეფერხების და არაკომფორტულობის მიზეზები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share